* * * ყველა სიცოცხლეს ერთი აქვს ბოლო (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
ძნელს თუ უდარდელს,
ადამის მოდგმას ძრწოლა და ბრძოლის
ჟინი მუდამ სდევს.
მე გულს ოცნების ლამაზ ნაფლეთთა
კონას მივუტან,
მათი დაჭკნობა ვეღარ გაბედა
ჟამმა ჯიუტმა.
დაგვცქერის ზეცის გუმბათი მყიფე -
სამოთხის ზღურბლი;
მე ცისარტყელას ხალიჩად ვიფენ,
რომ შევწვდე ღრუბლებს.
თუგინდ დამღალოს ძნელმა აღმართმა -
არ დავბრუნდები,
რაგინდ შორს იყოს წმინდა მამათა
ნავსაყუდელი.
და თუ წავხდი და ვიწვნიე მარცხი,
ჩემსას გავიტან -
მარადისობა კვლავ ბევრჯერ მაცლის
ვცადო თავიდან.