ყველა სიცოცხლეს ერთი აქვს ბოლო,
ძნელს თუ უდარდელს,
ადამის მოდგმას ძრწოლა და ბრძოლის
ჟინი მუდამ სდევს.
მე გულს ოცნების ლამაზ ნაფლეთთა
კონას მივუტან,
მათი დაჭკნობა ვეღარ გაბედა
ჟამმა ჯიუტმა.
დაგვცქერის ზეცის გუმბათი მყიფე -
სამოთხის ზღურბლი;
მე ცისარტყელას ხალიჩად ვიფენ,
რომ შევწვდე ღრუბლებს.
თუგინდ დამღალოს ძნელმა აღმართმა -
არ დავბრუნდები,
რაგინდ შორს იყოს წმინდა მამათა
ნავსაყუდელი.
და თუ წავხდი და ვიწვნიე მარცხი,
ჩემსას გავიტან -
მარადისობა კვლავ ბევრჯერ მაცლის
ვცადო თავიდან.