საგაზაფხულო ალიონი
ცის გარეგნობას გაზაფხული უფრო უხდება.
მზით დატკეპნილი ღრუბლები და
ნისლი მერცხლების,
გაიცრიცება ალაგ-ალაგ თოვლიც ხეებზე,
როგორც მიტკალი, სიფრიფანა,სხივის შეხებით.
გცვივა ტკივილი ნახერხივით სულში, ნოტიო
თვალების შიგნით რომ იგროვებ-მზერის ფასადზე,
და დგახარ ისე, თითქოს მხრები უნდა მოსწიოს
გულმა თავისკენ, უფრო ახლოს,შენ კი საფარდედ
მოჭრილ ალიონს დეპრესიის ნაწილზე ჭმუჭნი,
გარეთ სიბნელე გუდა-ნაბადს თვითონ იკიდებს.
მზეს მოიწველის გაზაფხული ცხრავე ცის ცურით,
(შენ ხომ მანამდეც დაიჯერე ღმერთის სიდიდე )
ჩაიტანიე არეული ყოფა სუნთქვაში.
ფაიფურივით მტვრევადია სუსხი მინაზე.
დგას ალიონი, ჯერ უმზეო-ცივი ბუხარი
და შეშასავით ულაგია სხივის მარაგი.
მთებს მოიღერავს გაზაფხული.ისე უხდება,
რომ დარდებისგან გამორჩენა, ფიქრობ -
რაღა დროს...
და თუ რად გინდა არსებობის ერთი უფლებაც,
დღეს ნაზამთრალმა ბეღურებმა ისევ განახონ.