ქელეხიძე ნანა
გაზიარება

ფურცლებიდან არდაბრუნებულებს 


                      შენ არ იყავი სიტყვის კაცი- ნათქვამი სიტყვის,
                     ქაღალდზე მკრთალად დაწერილი სიტყვა იყავი.
                                                                                                                                                                          "ლექსის  კაცი."

...

ისხდნენ  კაცები  და  წერდნენ  ლექსებს-

მწუხარე  სახის  რაინდები, ფერმკრთალ  ხელებით
და  ლაქასავით  აჩნდებოდა  თეთრ  ფურცლებს  კვალი-

თავად  ღმერთია  სიყვარული  და  რა  მაცდური
აცვია  კაბა  მავან  ქალს  და...
თუმც  სეზონურად
ბევრი მოდის  და
ბევრიც  წავა-
ჩვენ  ნებით  ვუშვებთ
მორიგ  "ერთადერთს".

თავად  ღმერთია  მარტოობა.
(და  რა  ტკბილია
უფლის  სახელით  მიტოვებაც-
როცა  ვცხონდებით
მიძინებული  სინდისის და  სოფლის  წინაშე!)

და  მთავარია,  ყველაფერი  დაწერო  ისე-

არ აკლდეს სიგრძე - განი, ზომა, ფერი, თუ  ხორცი.
შეზავებულად - სინანული, სინდის-ნამუსი.
რომ შორ  წარსულში ერთმა  ქალმა,(ან ბარე- ორმაც),
ვერ დაგვინახა, ვერ  გაგვიგო...
და ეს სამშობლოც,
რა  უცნაურად  არეული  გვერგო  მასალა-
რომ უნდა იჯდე-
წერო...  წერო... ბოლომდე  წერო.
სანამ  შავდება ვიღაცისთვის დღეცა  და  ღამეც,
შენი-
თეთრდება  თმაცა და  წვერიც.
და  რომ  მძიმეა  უსამართლოდ  წუთისოფელი,
შენც  მოიხრები  და  იცხოვრებ  ცხოვრების  ყველა
დაუწერელ, თუ დაწერილი  კანონის  დაცვით
და  შეეცდები  შენს  ეზოშიც  დარგული იყოს  
რამე მცენარე.
სახლი - სავსე.
ვაჟი.
და
ნაცად
ხერხით  ვიღაცას  მკლავს  თუ  მოჭრი- 
ეგ  არაფერი.
სათნოებასაც  იყიდი  და  ხურდაც  დაგრჩება,-
პური იყიდო,
დაღლილ  სახით  ყუა  მოტეხო...

რაც  მთავარია  ფონი  უნდა  გახვიდე  ფრთხილად-

ცეცხლის, თუ ქალის.
რომ არცერთი!
ერთი ნაკაწრიც!
არ აჩნდეს  წარსულს ლაქასავით.
და თუ ლაქაა-
მხოლოდ თეთრი და პოეტური,
როგორც  ნახატი,
წაშლა, რომლისაც (დავიჯერეთ), არც  კი  გვიცდია...

ჩვენ  ვართ  კაცები-
ჩვენ ლექსად  ვწერთ, რაც  ვერ  შევძელით.

??????