შენ არ იყავი სიტყვის კაცი- ნათქვამი სიტყვის,
ქაღალდზე მკრთალად დაწერილი სიტყვა იყავი.
"ლექსის კაცი."
...
ისხდნენ კაცები და წერდნენ ლექსებს-
მწუხარე სახის რაინდები, ფერმკრთალ ხელებით
და ლაქასავით აჩნდებოდა თეთრ ფურცლებს კვალი-
თავად ღმერთია სიყვარული და რა მაცდური
აცვია კაბა მავან ქალს და...
თუმც სეზონურად
ბევრი მოდის და
ბევრიც წავა-
ჩვენ ნებით ვუშვებთ
მორიგ "ერთადერთს".
თავად ღმერთია მარტოობა.
(და რა ტკბილია
უფლის სახელით მიტოვებაც-
როცა ვცხონდებით
მიძინებული სინდისის და სოფლის წინაშე!)
და მთავარია, ყველაფერი დაწერო ისე-
არ აკლდეს სიგრძე - განი, ზომა, ფერი, თუ ხორცი.
შეზავებულად - სინანული, სინდის-ნამუსი.
რომ შორ წარსულში ერთმა ქალმა,(ან ბარე- ორმაც),
ვერ დაგვინახა, ვერ გაგვიგო...
და ეს სამშობლოც,
რა უცნაურად არეული გვერგო მასალა-
რომ უნდა იჯდე-
წერო... წერო... ბოლომდე წერო.
სანამ შავდება ვიღაცისთვის დღეცა და ღამეც,
შენი-
თეთრდება თმაცა და წვერიც.
და რომ მძიმეა უსამართლოდ წუთისოფელი,
შენც მოიხრები და იცხოვრებ ცხოვრების ყველა
დაუწერელ, თუ დაწერილი კანონის დაცვით
და შეეცდები შენს ეზოშიც დარგული იყოს
რამე მცენარე.
სახლი - სავსე.
ვაჟი.
და
ნაცად
ხერხით ვიღაცას მკლავს თუ მოჭრი-
ეგ არაფერი.
სათნოებასაც იყიდი და ხურდაც დაგრჩება,-
პური იყიდო,
დაღლილ სახით ყუა მოტეხო...
რაც მთავარია ფონი უნდა გახვიდე ფრთხილად-
ცეცხლის, თუ ქალის.
რომ არცერთი!
ერთი ნაკაწრიც!
არ აჩნდეს წარსულს ლაქასავით.
და თუ ლაქაა-
მხოლოდ თეთრი და პოეტური,
როგორც ნახატი,
წაშლა, რომლისაც (დავიჯერეთ), არც კი გვიცდია...
ჩვენ ვართ კაცები-
ჩვენ ლექსად ვწერთ, რაც ვერ შევძელით.