აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

პენტავდა ქარი... 

პენტავდა ქარი თოვლს და ღრუბელს, და საპენტელა
მგლებს მილალავდა საცხოვარში, ცხოვარს სამგლეში,
თავს იანგლებდა მასხარასთან ვიღაც ბენტერა _
იმ მასხარაზე უფრო ყბედი და უანგლესი.
მზეს კი, _ თითქოსდა დედამიწას გადაემტერა, _
დავიწყებოდა გაზაფხულის ბოლო ანდრეზი,
ბნელ ნასაყდრალთან მიმჯდარიყო სოფლის ტერტერა
და დევის ქალთან ნებივრობდა ვირი ტანტრესი.
ვინ დაგიდევდათ მზეს და მნათობს: ბევრიც გეძებნათ,
კვარს ვერ ნახავდით დედამიწის წასაქეზებლად;
ან ვის ახსოვდა მოძმის შველა და გზა უვალი,
მხოლოდ ზეცაში _ ყოვლის წიაღ, ღრუბლის ჩრდილობთან, _
ჩამომჯდარიყო გულშეძრული მამა-უფალი
და, დაღვრემილი, დედამიწის დახსნას ცდილობდა...

??????