ფისო ხვთისოს ჩანთაში
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ჩანთა ასე გაბერილი
რატომა გაქვს, ხვთისო?
ხვთისოს თავი დაუხრია,
იყურება ძირსო…
და გაისმა კლასში ხმები:
_ფისო უზის,ფისო!
აი,გახსნეს ხვთისოს ჩანთა
და იქ,წიგნის ძირსო,
იწვა თვალებმინაბული,
პაწაწინა ფისო.
რა ქნას ხვთისომ…ხუჭუჭა თავს
უფრო დაბლა ხრისო,
მასწავლებლის ჩრდილს უყურებს,
აქსუტუნებს ცხვირსო.
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ცხოველების სიყვარული
კარგი არის,ხვთისო!