ლუკას რუკა
მოუტანა მამამ ლუკას
საქართველოს დიდი რუკა.
უთხრა: რამდენიმე ფერით
აქ ხატია ყველაფერი.
დაიხსომებ, იოლია, –
თეთრად – კავკასიონია,
ლურჯი ფერით – შავი ზღვა და
ტბები, წყლები დაიხატა,
მწვანედ არის დაბლობები,
ყავისფერად – დიდი მთები,
ეს წრეები, ეს ლაქები –
სოფლები და ქალაქები.
გადასწია თავი უკან
და უცქერის რუკას ლუკა.
თვალი კარგად გააყოლა,
მერე მკლავი დაატოლა,
გააკეთა ბოლოს დასკვნა:
– არ მჯეროდა, მაგრამ, რა ვქნა,
მართალია, აბა რაა –
საქართველო პატარაა!