ფრიდონ ხალვაშს
„ომრი” - მეომრის წიგნია,
დროსთან რომ ჰქონდა ომი.
დღეიდან დროც არ მგონია
შენი წაქცევის მდომი.
გიცქერის, როგორც თანასწორს,
ხოლო უგვარო მტრებმა -
უღრინონ, არა შენს სახელს,
თავის სრულ გაკოტრებას.
მეც, მახსოვს, ჯეელობაში,
შეგჭიდებივარ ჭარმაგს;
თუმც, შენი ფასი ვიცოდი
სულ და საოხიც არ მაქვს.
მე გესიტყვები ხვალიდან,
შენ შენი გითქვამს გუშინ.
არ მჯერა, ღმერთი არ თვლემდეს
ნაღდი პოეტის გულში.
შენს წიგნებს ბევრჯერ ჩახედავს
დუნია - მემლექეთი.
მე მიყვარს შენი სოფელმთა,
როგორც პარნასი ქედის.
ისევ მაგარი ბიჭი ხარ,
ბევრს დააბერებ კიდევ.
გაჩხრეკ ფიქრების ნაკვერჩხალს,
გულზე ცეცხლს მოგვიკიდებ.
ორად გაყოფილს ტიროდი,
დღეს გავყოფილვართ ასად;
დღეს წასასვლელი ბევრია,
გამოსავალი არსად.
ღმერთო, შენ მოეც ჭკვაღონე
ზემო და ქვემო ქართველს;
ვინც გააცოცხლებს იუდას
სულსაც ის ამოგვართმევს.