ანატორელის ჩანაწერები
"ხევსურეთში, ჭირიანობის დროს, დაავადებულები ანატორის აკლდამებში შედიოდნენ და ერთად ელოდებოდნენ სიკვდილს. აკლდამები და ადამიანების ჩონჩხები დღემდეა შემორჩენილი."
*
შავ-თეთრი სოფელი მაქვს.
*
მეც სიკვდილი ვარ
ფანდურითა და არყით ხელში.
*
სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,
მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.
*
გარეთ დავტოვე ცხენი.
სახლი.
ჩემი ბავშვობა.
*
გაღმასოფელში ასკილი ყვავის.
*
სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან
და შემობერილ ნიავს
თვალებით ეფერებიან.
*
სარკმლის გარეთ ჰაერია,
შიგნით - სიჩუმე.
*
სიცოცხლის მძევლად
ჩემი ცოლი დავტოვე სახლში.
*
ჩემი შვილებიც აქ არიან.
მე აღარ ვსუნთქავ,
რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.
*
მკვდარი რწმენა ვარ.
*
ამ წვრილ სარკმელში
ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.
*
მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და
ძილი არ გვეკარება.
*
დედა ტიროდა:
"ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო..."
*
ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.
*
შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით.
*
მე - ორჯერმკვდარი.
*
სხედან სიკვდილშეყრილი ქალები,
ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ.
*
ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა - "ღმერთო".
ჩავაცვით.
*
წყალგაღმა მოჩანს საფლავების
თეთღი ლოდები და მათი ჩრდილი
აკლდამაშიც გვწვდება და გვფარავს.
*
მკვდრებიც სუნთქავენ.
*
უსაფლავოდ ვარ დარჩენილი.
*
დედის ტკივილით გაჟღენთილი ღამეებია.
*
ჩვენთან ცოლები სახალხოდ ქმრებს ვერ იტირებენ,
ეძებენ ადგილს ბნელს, მივარდნილს.
*
მაინც მომაგნო,
ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.
*
მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.
*
რა სიჩუმეა,
სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.
*
ქალაქისოდენი ღამეა.
*
ჩემს სახლს ასტკივდა
კედლები და ღია ფანჯრები.
*
ვცდილობ ფეხი არ დავაბიჯო
მკვდარსა და ცოცხალს.
*
მკვდრებიც დგებიან და წვებიან,
როგორც ჩრდილები.
*
ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და
არ სუნთქავს.
*
ყვავილები არ საუბრობენ.
*
აქ გაღმერთებაც შეიძლება,
ოღონდ მოვკვდები.
*
"იხმაურეთ" - ასე ვარიგებთ ბავშვებს,
ბეღურებივით შემოსახლებულებს,
სიკვდილშეყრილებს.
*
ჩემი მარტოდყოფნის ღმერთი.
*
ვწევარ და სიკვდილს ველოდები,
როგორც გაღვიძებას.
*
შენ გამაჩინე, დედაჩემო, -
შენი ტკივილი.
*
სიზმარში ვხედავ გაღმადარჩენილებს,
მოდიან და სახეზე მკოცნიან, მეფერებიან.
*
აღარ იტიროთ-
ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.
*
ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი
აკვანს არწევს - იქ კი გოგოა
წინა ზაფხულს დაბადებული.
*
სიკვდილის მძევლები ვართ.
*
სიკვდილში ვდგავარ-
სიცოცხლეში?!
ვეღარ გავიგე.
*
ჩემი სიმშვიდე -
უძირო ტბაში კლდესავით ჩაყუდებული.
*
წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა
ცოცხალი დამიტირა.
*
დღეს მგონი ვკვდები.
ვეღარ ვსუნთქავ,
ვეღარც ვიცინი.