ჩემსავ ძმას განუკურნია ექსკლიუზივი
მე ყველაფერი ჩემი მაქვს,
სამადლო არა მქონდა რა,
კახეთში სახნავ-სათესი,
სამეგრელოში ოდა მაქვს.
ხევსურეთს-საიალაღო,
მამის პატარა კარავი,
შირაქში-პურის ბეღლები,
ყვარელში-ღვინის მარანი.
მე სამთაბარო ჩემი მაქვს,
მე მუდამ ჩემი მზე მელის,
ვარ მისი ერთი მლოცველი,
ერთი თაყვანისმცემელი!
ჩემს ეზო-კარში ვფუსფუსებ
ვუვლი საკუთარ კერიას,
ჩემსავ ძმას განუკურნია
თუკი რაიმე მტკენია.
სიტყვა და წიგნი ჩემი მაქვს
ჩემი მაქვს წეს-წყობილება,
სიყვარულს ვუზღავ ორ-წილად
ვინც გულით მეძმობილება.
ჩემი ჭირი და ლხინი მაქვს,
სხვას არას დავესესხები,
ვიდრე სვანეთი სვანეთობს,
ვიდე მესხეთობს მესხეთი!
ვიდრე აჭარის მთა-ბარში
ცხელი ქართული გული ძგერს..
მ ე მყავს ცოტენ და პაატა
მყავს ცხრა ძმა ხერხეულიძე!
არვის არაფერს შევნატრი
არვის არაფერს ვაწონებ,
მოკეთე მინდა ჩემი მხრის
ჩემი მხრის მინდა საცოლე!
ალერსი მინდა ყოველთვის
მე მშობლიური მთა-ბარის,
იმის ტკივილებს ვეწამლო
ვიყო იმისი საფარი!
ჩემი სიცოცხლით,სიკვდილით,
ჩემი სიმღერით მცირედით,
იმის მადლიან ლაღიან
მიწასაც შევეწირები!