* * * მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის
მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის,
მარადიული წვის და დუღილის...
ზამთარი _თავის თოვლით და ყინვით,
ზაფხული_თავის ჭექა ქუხილით.
მსურს დაგიტოვო სხვათა ტკივილის
და სიხარულის განცდის უნარიც...
სოფელი_სავსე მამლის ყივილით,
ქალაქი_კედლებს შორის მბრუნავი.
კიდევ გიტოვებ ორ ლამაზ ყმაწვილს:
დღესა და ღამეს_ძილსა და ღვიძილს_
განთქმულს სიკეთით, სიწმინდით, ღვაწლით,
როგორც ქურდობით, კვლითა და სიძვით.
იმ საწყალ გოგოს ცრემლსაც გიტოვებ,
ჩემს მოლოდინში დღემდე რომ ტირის.
დანარჩენს ალბათ ნახავ თვითონვე:
ნაცარს დამწვარი ჩიტის და სტვირის.
ნახავ გალეულ კალამს და ვარსკვლავს,
თავზე რომ ედგა ჩემს ხრიოკ მინდვრებს...
და თუ ანდერძი კაცს მართლა არ კლავს,
ჯერ ნურც შენ მომკლავ... მამყოფე კიდევ.
1974