ბიჭვინთა ექსკლიუზივი
ეს, რა თქმა უნდა, სიზმარია,
მწვანე სიზმარი...
ნიავი კბილით ჩაფრენია ბურუსის კალთას
(ძალით მიათრევს ფიჭვნარიდან), ხოლო ბურუსი
დიდი ცხოველის გულგრილობით მიჰყვება ნიავს
და ამიტომაც ყველაფერი მწვანეა ირგვლივ:
კედელიც, კიბეც, აივანიც, სკამიც და წიგნიც -
მთელი ღამე რომ ჩიფჩიფებდა (დედაბერივით,
სიკვდილის სუნთქვა რომ უგრძვნია და დაბნეულა,
სწორედ ისევე,
როგორც ერთხელ, დიდი ხნის წინათ,
როცა პირველად გაეხუმრა ქუჩაში კაცი
და უცაბედად დაჩლუნგებულ სახეს შიგნიდან,
როგორც გალიის გადაჭიმულ პრიალა ბადეს,
მოაწყდა ვნება).
ეს, რა თქმა უნდა სიზმარია,
გრძელი სიზმარი...
გამხმარი წიწვის იატაკი ფეხის ხმას ახშობს.
მწვანედ ამოსდის ჩიტებს სტვენა ღია პირიდან
და კი არ გესმის - ხედავ სტვენას, რადგან ბურუსმა
ისიც ჩაახშო, დააკნინა, დაიმორჩილა
და ამის მერე მისცა ნება, რომ ტოტებს შორის
მწვანე ფლოსტებით ესეირნა...
დამფრთხალ კვიცივით,
თავაწეული ყნოსავს ჰაერს პატარა გოგო.
1971