ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

სუპერმანიფესტი 

სამოცდაათი მილიარდი მიცვალებულით
დამძიმებული დედამიწა ბრუნავს და ბრუნავს!
რამდენი გმირი! მოღალატე! კახპა! ველური! _
დამძიმებული ცოდვა-ბრალით _
პლანეტა ბრუნავს!

ადექით ფეხზე! მე გპატიჟებთ! ისევ! თავიდან!
მე ყოველ თქვენგანს ვაპატიე დანაშაული!
ადექით-მეთქი! და აავსეთ ისევ, თავიდან
ქალაქი! დაბა! სრა! სასახლე! ციხე! აული!

თქვენი გვარები! ჯილდოები და ტიტულები!
თქვენი ქალები, მშვენიერი თქვენი ქალები!
თეთრი მიხაკი! თეთრი ვარდი! თეთრი ტულიპი!
ოქრო! ობოლი მარგალიტი! ლალები! ლალები!

ჩემო ბიჭებო! გოგოებო! ჩემო ბავშვებო!
დამღალეთ ისევ, გამაბრაზეთ თქვენი ხმაურით!
გრენადერებო! რაინდებო! კოხტა პაჟებო!
თქვენც, თქვენს მკვლელებსაც გეპატიათ დანაშაული!

დავემგვანები მე ყველაზე ბედნიერ სარდალს,
თქვენს დიდ არმიას გამწკრივებულს თუკი ჩავუვლი!
აბა, ყოჩაღად! აბა, მკვირცხლად! ღიმილით! მარდად!
სიცოცხლისა _ კენ! გეპატიათ დანაშაული!

??????