ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * ოთახში ისევ ვიღაცა დადის  

                 „ოთახში თითქოს ვიღაცა დადის“
                                    ტერენტი გრანელი

ოთახში ისევ ვიღაცა დადის,
თუმცა მე ისევ ვერ ვარჩევ სახეს
და მისი ხელი, ხელი თუ თათი,
ჩემს უჯრებს ურცხვად ამტვრევს და აღებს.

მე მხოლოდ მიკვირს და მერიდება,
შევხედო კარგად ან ვკითხო რამე.
და მისი ჩრდილი, უშნო და დიდი,
აწყდება საწოლს, მაგიდას, სკამებს...

მე ალბათ დიდხანს მემახსოვრება
მე ახლაც რწმენით და შვებით მავსებს,
რომ ჩემი წილი გზა და ცხოვრება
აინტერესებს ვიღაცას ასე.

მაგრამ ამ საწყალს რა ეშველება,
ვერ გამდიდრდება ჩემი რვეულით,
უბრალო ჩრდილად თუ მოჩვენებად,
თუ გზააბნეულ ქურდად ქცეული.

ჩემი სიმდიდრე და სიღარიბე
არც საეჭვოა არც დასამალი.
და უკვე პირველ სალამს არიგებს
და მთელი გულით ყივის მამალი.

სამაგიეროდ, დრო გაქრა ფუჭად,
დანატრებული სენს ცეცხლს და სურნელს,
ისევ მარტო ვარ და თვალებს ვხუჭავ,
მე უშენობა მტანჯავდა თურმე.

მე თვალებს ვხუჭავ და კვლავ გეხები,
კვლავ მეკარგები და კვლავ დაგეძებ.
დე, იხმაურონ შენმა ფეხებმა
ქვაფენილებზე, იატაკებზე...

გათავდა! ასე თავდება ზუსტად
ხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ძილიც.
და მზეზე როგროც ფერადი ბუშტი,
ცახცახებს მამლის ამაყი ჩრდილი.

1960

??????