ტბილისელი დიდვაჭრის სიმღერა
ვარ ვაჭრებში პირველი,
ჩემი საქმე წინ არის:
დილით მტრედი გავყიდო _
საღამოზე შინ არის.
ჩემზე უფრო მდიდარი
ქვეყანაზე ვინ არის:
ღამით ლეკვი გავყიდე,
დილით ლეკვი შინ არის.
ზლოტის, მარკის, მანეთის,
დოლარის და დინარის
მოჩუხჩუხებს მდინარე,
მიყვარს ცქერა მდინარის.
მაგრამ ჩემზე საწყალიც
ალბათ არავინ არის:
ღამით გოგოს გავათხოვ,
დილით გოგო შინ არის.
მაინც ტკბილად მიმღერის
ჩემი ეზოს ჩინარი:
_ რა კარგია, ძვირფასო,
როცა ყველა შინ არის!
როცა მტრედიც _ შინ არის!
როცა ლეკვიც _ შინ არის!
როცა გოგოც _ შინ არის!
როცა ყველა შინ არის!