* * * გადმოვიარე ქედები
გადმოვიარე ქედები,
სალი კლდეები, ფრიალო.
ნეტავი, უსასრულო გქნა
წუთისოფელო, ტიალო.
მინდა, თავნება ნისლივით
მთასა და ბარში ვიარო.
სიამე უკვდავებისა
მეც მინდა გავიზიარო .
თორემ მოკლეა სიცოცხლე,
როგორც სიზმარი ღამისა,
მალე იქცევა ლეგენდად
ლაღი სიცოცხლე კაცისა.
მინდა, მათრობდეს მუდამა
სუნთქვა ლამაზი ქალისა ,
მაყრული წეროების და
მთებში ქუხილი ზვავისა.