უძილაური ელგუჯა
გაზიარება

ძაღლი ყმუოდა, მურია ექსკლიუზივი

ძაღლი ყმუოდა, მურია,
დამბული ბოსლის გვერდითა,
მძინარე წუთისოფელსა
ასძრახებოდა ყეფითა:
რად გავჩნდი, რად დავიბადე
ძაღლი ძაღლური ბედითა,
ვარ მუდამ ჯაჭვზე დაბმული,
კისერზე ტყავის ღვედითა.
ერთი დღეც არ მიცხოვრია
ჩემის ფიქრით და ნებითა,
მეც მინდა გული ვიჯერო
ილტოს ჭალებში რბენითა.
პატრონს გავუმხელ სურვილსა,
ღავ-ღუვი, კუდის ქნევითა,
მაგრამ ვერ სცნობენ მეტყველნი
ნათქომს პირუტყვის ენითა.
ყურს უგდებს ღამე მდუმარი.
ძაღლს თავის ბედზე მტირალსა,
გულჯავრიანი მყეფარი
მთა-ბარს შესჩივის იმადა:
- ზამტარ და ზაფხულ ვდარაჯობ
ჩემის პატრონის ბინასა,
რო სარჩო-საბადებელი
არვინ მაჰპაროს მძინარსა.
ქვეყნად რა დალევს ბოროტსა,
ავის თვალ-გულით მზირალსა?
სიკეთეს არვინ მიფასებს,
დამკვლევენ ავის მზერითა,
ბევრჯელ პანღურით დამსაჯეს,
ბევრჯელ კი ჯოხის ცემითა,
მიდიან ჩემი დღეები,
სიცოცხლით მოსაწყენითა,
რას უშლის ძაღლის ძაღლობა
სიცოცხლეს კეთილგზიანსა?
რით ვერ სჯობია ეს გული
კაცის გულს ღალატიანსა?
ძაღლი ვარ, მაგრამ სიბრიყვით
თემს არ მაუტან ზიანსა,
არ გავხვდი ჩემსა ბუნაგსა
მგლების ხროვასთან ზიარსა.

??????