უძილაური ელგუჯა
გაზიარება

მოძმისა მოძმე ვიქნები ექსკლიუზივი

მზე დასალიერს მისჯარდა,
მიდგა გორის ფხის პირადა,
მაუხმობს სხივთა კრებულსა,
წასულთ ცა-ქვეყნის მზირადა.
სალი კლდის მძლავრი მხარ-ბეჭი
წყალზე გადმოდგა ჩრდილადა,
მუდამ პირქუში, მდუმარი,
სტუმრის დამხვედრი ცივადა.
კლდე მარტო არწივსა სწყალობს,
სამკვიდრო მისცა ბინადა,
დღემუდამ ერთად არიან,
ერთფერნია და იმადა.
მაგათთან ცუდად ხუმრობა
ბევრს დასჯდომია ძვირადა,
ბევრ თავხედს, მათთან მებრძოლსა,
სისხლი სდენია წვიმადა.
შენ გახარებას, არწივო,
ხმა მამცნე შენის გულისა,
ფილფო მასსწავლე, თუ ძმა ხარ,
ომისა შენებურისა.
გულმკერდი დამაკორტნინე
მომხდურის, მტრადმოსულისა,
ნუმც გაუზდავის დედასა
მოძულე ჩემის რჯულისა.
მტერს როგორ მივცა სამშობლო,
უფლისად შენავედრები,
ვიტ შვილი თავის დედასა,
ვლოცავ და თავზე ვევლები.
ვცდილობ, არ ვავნო მამულსა
ჭკვა-გონთა გაუმეცრებით,
სჯობს, მოვკვდე, თუკი სიცოცხლე
მექნება დასაყვედრები.
ატასი ჯურის მგელ ტურა
ჩემს მამულს სამტროდ ეხვევა,
ჩემი ცა-ქვეყნის სიტურფე
თვალებში ეკლად ეხვევა.
ბოროტს კეთილი ამარცხებს, -
ჩვენ, კაცნი ვიტყვით ბევრჯელა,
მაშ, რად არ მოკვდა ბოროტი,
რით ვერ მაისპო ერთხელა?
ვეღარც მე შავძლე იმდენი,
ჩემი ქვეყნისთვის მეშველა.
ვერ შავძლე, ვერ მაურჩინე
მტრისგან დაჭრილი იარა,
ვერ მოვკალ მამულის მტერი,
რისხვით ვერ მივწვდი იარაღს.
კაცს ომიც უნდა შეეძლოს,
მარტო ლაყბობა კი არა.
აი, ამ გრძნობით ვიზარდე,
ასე მოვედი დღემდინა,
ბევრჯელ უვიცი მოძმისგან
ნაავკაცარი მეწყინა,
მაგრამ მაცდურმა სამტროდა
დანა ვერ ამაღებინა.
მზად ვიყავ, უფლის შიშითა,
არმოსათმენი მეთმინა.
ამ გრძნობით ვივლი მუდამა,
ცუდს არ გავივლებ გუმანსა,
წაღმა სვლით უნდა ვაჯობო,
სოფლის უკუღმა ბრუნვასა.
მოძმისა მოძმე ვიქნები,
მტრულად დავხვდები დუშმანსა,
პირნათელ მივესვენები
სამუდმო თავსსთუმალსა.

??????