ყვავილთა ქალღმერთო ექსკლიუზივი
რამდენი ხანია, ტრფობისას გიმღერი,
უძილოდ მთეველი ოცნების ღამეთა.
ყვავილთა ქალღმერთო, მაგ თვალთა გიშერი
მზის შუქად მიჰყვება მქუხარე ჩანჩქერთა.
ამ დღეთა ფერხულში შენზე ფიქრს გადავყვე,
ქარაფთა უბეში ჩაშლილან ზვავები,
ამ მთების სამოთხეს თავს ვეღარ დავაღწევ,
გპოვე და მაგ თვალთა მახეში გავები.
მიდიან ნისლები, ეს ჩუმი მგზავრები,
ცა მკერდზე დაიფენს სასტუმროდ მისულებს,
არ ვიცი, ნისლივით რაისად დაგყვები,
მაგ თვალთა მეხოტბეს უარით მისტუმრებ.
ეს გული რით არი სხვის გულზე ნაკლები,
ან მამკალ, ქალავ, და ან ცოლად გამამყევ,
ამ მთებში უკვალოდ ნუ დამეკარგები.