ჭელიძე თორნიკე
გაზიარება

პეპლის ეფექტი 

აანთებ ლამპას,
ერთი სხივიც არ დარჩა მზიდან
და კალიები სამაროვან სიჩუმეს კრეფენ,
ჯერ კიდევ მოვალ,
რომ თვალებით - თვალები ვზიდო
შენი...
და ღრუბლებს დავუტოვო ცის ლურჯი კეფა.
დგას საფრთხობელა მინდვრის ბოლოს -
ნამდვილი დენდი,
სიოა, როგორც რიტმით სუნთქვა,
ჰაერს აქვს სურდო,
ყოველი წამი, უშენობის,
ფუჭია, მენდე,
მე სამი დღით ვარ მიწაზე და
სწორედ ეს მსურდა.
ახლა, ფინიშთან მიმავალი
მეტია შანსი,
სახლის რიკულებს ჩამოვეყრდნე
საღამოს ბინდად,
შენ ოთახში ხარ და ფანჯრიდან
ჩურჩულით მავსებ,
მე მშვიდად გისმენ,
ხდება ზოგჯერ, ტირილი მინდა,
რომ სიყვარული ჩემშია და
წვეთებად ჟონავს,
რომ ყველაფერი, უკვე დროა,
ფილმივით მორჩეს.
მე ფარვანა ვარ,
ფრთებს მიხატავს ღმერთი და...
მონეს
სტილია მუდამ.
დამტვრეული მოვირგე ჩარჩო.
გრძელი ყორე ჰგავს ძველი ციხის
ალაყაფს, თითქმის,
სოფელს ნაპირთან ჩამოუდის
პატარა ღელე,
აქ ყველაფერი თვალებით და
უსიტყვოდ ითქმის,
შენ იბუტები,
მე, დასჯილი ბავშვივით, ვღელავ.
ორი დღე დამრჩა,
ახლა მცირე აზრი აქვს წუხილს,
მთელ ზეცას ფერი გაუხუნდა
და დილა კრთება,
ჩემი სიცოცხლის ათვლა იწყეს
წამებმა წუხელ,
აანთე ლამპა,
მინდა შუქზე დავიწვა ფრთები. 

??????