მოდებაძე კობა
გაზიარება

ვარძია ექსკლიუზივი

ერუშეთის მხრიდან ცოცავს მტკვარი,
ნაპირიდან კლდესაც ვხედავ ცოცხალს,
ამ წიაღში ცოცხალია მკვდარიც,
ამ შრიალში ყველა სწავლობს ლოცვას.
ზეგნებისკენ ეშურება მგზავრი
და ქალაქთან განშორებით შფოთავს,
აათრთოლებს მზისფერ ფანდურს ქალი,
ვარძიაში ზეიმია როცა.
ჰა, სალბუნებს სულსაგრილოდ წყალი,
ვერცხლის ჩაფი ტუჩს მეკმევა კოცნად,
წყალს ქვაბულში არ წაუვა თვალი,
კლდის შევსებას არ სჭირდება მოცდა.
ფრთები ვკოცნე ანგელოზთა, მკრთალი,
_ უკვდავება ცოდნებია მოკვდავს.
კიბე ვთვალე, ვით გათვლილი რვალი
და დგანდგარი ზარის ვთხოვე მოძღვარს.
საოცარი იყო ექო ზარის,
კლდის გალობა _ შარავანდი დროთა.
თუ წიაღში როგორ ცოცხლობს მკვდარიც,
თუ წარსული როგორ გაიფოთლა,
რომ სისხლისგან დაწმენდილა მტკვარი,
რომ თაღებში კლდესაც ვხედავ ცოცხალს,
ვარძიაში ისევ ცოცხლობს ქალი...
ფეხშიშველი კვლავ აღავლენს ლოცვას.

??????