კითხვა ექსკლიუზივი
საიდან, საიდან დაიწყო რაღაცა...
მე ახლა მარტო ვარ და თრთოლვით ვივსები,
მიწის მდუმარება უსახოდ ბარბაცებს
და ყველა, და ყველა ბრმად მეთავისებით.
ბრმად... ჩემი მიწიდან იწყება ბავშვობა,
ჩემია... ვიბნევი და მაინც ვმთლიანობ,
იციან, დარდობენ და ცრემლებს აშრობენ
რომ თქვენი სინედლე შეიგრძნონ, იანო.
რომ თქვენი ცრემლიდან დაიწყონ ბარბაცი
ხეებმა, რომელნიც სიმაღლით ძალობენ...
როგორ შევიშალეთ, როდესაც გაგვძარცვეს
სინათლედ მოსული მზის ნიაღვარებით,
როდესაც გაგვძარცვეს და ყველა წერტილში
ჩაგვტოვეს დუმილად და მარადისობად,
მე ქვების სურნელიც რაღაცად მენიშნა
და ქვა შევიყვარე შიშველი ღირსებით
და ყველა იმედი საფლავთან დამებნა...
რა მერე, თუ გული ლოდინით ხმიანობს,
მე ალბათ იმიტომ მოვედი ამქვეყნად,
რომ თქვენი სინედლე შემეგრძნო, იანო,
საიდან, საიდან დაიწყო რაღაცა...