ჰიათ ელმაბქა
შვილები თავიანთ კერას დაუბრუნდებიან.”
შეხინა
შენ მაინც იყო დასაშვები,
თორემ როგორ დავიჯერებ ცხოვრებას,
რომელიც თუ არის, მხოლოდ პეპლის ფრთის დაქნევა,
სხვა არაფერი,
და ისიც მაშინ, როცა არ მაქვს საჭერი ბადე.
იქამდე მისასვლელი ყველა გზა დამავიწყდა,
ან იქნებ დავივიწყე,
შესაძლოა, როგორც ტბას - მდინარეები,
არ უერთდება ქუჩები სასაფლაოს.
მოვალეობის გამო, თორემ უკეთესია სახლში დარჩენა
და, ყველა ღამით, კოშმარები,
რომ ჯერ იყო, საჭრელ ბარებად,
საფლავის მიწაში ხელები გავურიე
და ფესვებივით გაჩნდნენ თითები,
ამოწოვეს შენი მონატრება.
ხოლო ცხადში, როდესაც წავიდა ყველა ობობა და ტარაკანა,
მივხვდით, რომ გვშიოდა და გვწყუროდა.
წყალი კი არ შეუდგა ჩვენს სიზმრებს, ძილშიც ვტიროდით
მაშინ, როცა მიტოვებული სახლის კარივით ჭრიალებდნენ ღამეები.
ჩვენ, როგორც გოდების კედელში - ლურსმნებს, ქაღალდებს,
დაბზარულ სულში ყრუ ტკივილს ვტოვებდით,
რადგან ცაში ვეღარ ადიოდნენ დედაჩემის სველი ლოცვები
და ნესტად რჩებოდნენ იმ ოთახებში,
სადაც ახლა გულაღმა ვაგდივარ და ტანით გინახავ,
როგორც ზღვას - ნიჟარა,
ეს კი ნიშნავს, რომ ისევ მოიქცევი ჩვენამდე.