ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

* * * აქ რა რომანი უნდა დაწერო 

"აქ რა რომანი უნდა დაწერო, არაფერი ხდება!" - წერს ერთი მაღალნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი!
"ცხოვრებაში ნამდვილად არაფერი ხდება, დასაწერად რომ ღირდეს!" - წერს მეორე მაღალნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი.
"აქ" ესე იგი - საქართველოში! საქართველოში თურმე არაფერი ხდება, და რაკი არაფერი ხდება, რომანიც ვერ დაიწერება.
კიდევ უფრო რთულადაა საქმე მეორე მწერლის შემთხვევაში - იქ არა მხოლოდ საქართველოზე, მთელ ცხოვრებაზეა ლაპარაკი! - არც ცხოვრებაში ხდება თურმე არაფერი ისეთი, დაწერად ღირდეს!
კარგია, არა? ნამდვილად საინტერესო!
მართლა ასეა საქმე? მართლა არაფერი ხდება საქართველოში? ქვეყანაში, სადაც დირექტორი კი არ შეცვლილა, ფორმაცია შეიცვალა! აქ თუ არაფერი ხდება, სად ხდება მაშინ რამე! შეიძლება, ომზე - არაფერი ხდებაო, თქვა? შეიძლება, ამდენი გაუბედურებული ლტოლვილის დანახვაზე - არაფერი ხდებაო, თქვა? შეიძლება, ამ მასშტაბის ტრეფიკინგის მაცქერალმა - არაფერი ხდებაო, თქვა? შეიძლება, ამდენი მძევლის მაცქერალმა - არაფერი ხდებაო, თქვა? ამოდენა კორუფციის ქვეყანაში თუ არაფერი ხდება, სად ხდება მაშინ რამე!
თუმცა მეორე მწერალი ხომ აზუსტებს, სხვათა შორის, არც სხვაგან ხდება რამე ისეთი, დასაწერად ღირდესო!
ეტყობა, ისლანდია გამონაკლისია და მხოლოდ იქ ხდება რაღაც საინტერესო ამბები! თორემ არა მგონია, კარგ მწერალს (სხვათა შორის, ნობელიის პრემიის ლაურეატს) ჰალდორ ლაქსნესს სხვებისგან გადაეწეროს თავისი რომანები!
ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებულის მოხდენა არაა საჭირო და აუცილებელი, ის რ ა ღ ა ც ა უნდა მწერლის ტვინში მოხდეს, მან უნდა შექმნას, დადგას, გამოიგონოს, შეთხზას! საამისოდ მას სჭირდება ორი რამ: ნიჭი და გამოცდილება! - იგულისხმება, რომ მან - მწერალმა - მსოფლიო მწერლობის გამოცდილება საკუთარ გამოცდილებად აქცია: არაფერი აუცილებელი არაა, XXI საუკუნეში ცეცხლი ხახუნით გააჩინო!
ახალგაზრდა ბუნინი მაესტროს იასნაია პოლიანაში ეწვია თურმე რამდენიმეჯერ. ერთხელ ტოლსტოისთვის შეუჩივლია, არ მ ე წ ე რ ე ბ ა ო! ეს დაწერეო, უთქვამს ახალი თემის აღმოჩენით გახარებულ ტოლსტოის: რომ არ გეწერება, ამაზე დაწერეო!
მართლა ასე ფიქრობთ? რომ - არაფერი ხდება, რომ - მთელ ქვეყანაზე საინტერესო აღარაფერია?
ეს დაწერეთო, გირჩევდათ ალბათ ტოლსტოი!
მე ვინ ვარ, მაგრამ მეც ეს უნდა გირჩიოთ! - დაწერეთ იმაზე, რომ წერა, უბრალოდ, აღარ ღირს!
გარწმუნებთ, ეს საინტერესო იქნება!

??????