ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის... 

გედის ნამღერი არ გაიშვა! რაის მომღერალია გედი! - ვერც - მხოლოდ ერთხელ და ვერც - ათასჯერ - გედი ვერაფერს იმღერებს!
არადა, რა ლამაზია ეს უპატრონო!
მერე რა, რომ ვერ მღერის და ვერც ვერასოდეს იმღერებს! ასე მშვენიერი რომაა, არ კმარა?
სიმღერა ისეთი უნდა, მ ო ნ ა ლ ი ზ ა ჯ ო კ ო ნ დ ა ს ცქერისას რომ ჩაგვესმის! ეს ყოველი მშვენიერების თვისებაა საერთოდ - იგი მღერის კიდეც, ცეკვავს კიდეც, დუმს კიდეც... გეფერება, გეხმარება, გაიმედებს, განგაწყობს სიცოცხლისათვის... ამიტომ... გედიც მღერის!
ჩვენ რომ ვნახეთ და მოვუსმინეთ, უსიამოდ ყრანტალებდა, მაგრამ აბა მაშინ ნახეთ, როცა, სიკვდილის წინ, გალობს ღვთაებრივად, დიდებულად, არნახულად და არსმენილად...
ჩვენ, უბრალოდ, არ გავიმართლა! - ვერ შევესწარით იმ ერთ, ერთადერთ წამს! მერე რა! ვიღაც ხომ შეესწრო, ვიღაცეებმა ხომ ისმინეს ეს სასწაული...
ასე იქმნება ლეგენდა. ზღაპარი. მითი. იგი სჭირდება ადამიანს სტიმულად, იმედად, საბუთად! მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ და საბედნიეროდ, ეს ლეგენდა, ეს ზღაპარი, ეს მითი ორგვარია: ერთი - კაცობრიობის წინსვლას უწყობს ხელს, მეორე - უკან ექაჩება, ტყუილს ამრავლებს, ჭეშმარიტ ღირებულებებს უპირისპირდება, კულტურას ამახინჯებს, თეთრს და შავს ერთმანეთში ურევს, აქცენტებს მცდარ ორიენტირებზე აკეთებს...
კაცმა რომ თქვას, რა საჭიროა მაგალითი, მთელი ცხოვრება მაგალითი არაა?
გვარს არ დავასახელებ, მხოლოდ ჯილდოებს ამოვიწერ ერთი პიროვნების ბიოგრაფიიდან:
კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, სახელმწიფო კაპელის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი, სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სსრკ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, იუნოსკესთან არსებული საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ოქტომბრის რევოლუციის, ლენინის ორი, შრომის წითელი დროშის ორდენების კავალერი, სტალინური პრემიის სამგზის ლაურეატი, ლენინური პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
სხვათა შორის, გადმოწერისას რაღაცეები გამოვტოვე...
არ ვაპირებ უარყოფას: კი ბატონო, ნიჭიერი კომპოზიტორი იყო, კარგი ნაწარმოებებიც აქვს დაწერილი, მათ შორის ქართული (ძირითადად მეგრული) სიმღერები, მაგრამ მისი ტიტულები, ჩინ-მედლები და წოდებები უბირ მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოცარტის მერე მხოლოდ ეს პიროვნებაა მთავარი ფიგურა მუსიკალურ სამყაროში.
აი, ასე თხზავდა თავის დროზე ლეგენდებს მთავარი იმიჯმეიკერი - საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური სამსახურები.
იცოდა კომპარტიამ, რასაც აკეთებდა.
ეს, ცხადია, არ ეხება მხოლოდ მუსიკას!
...
საწყენია - ლეგენდის ოსტატები დღესაც თავისას მიერეკებიან.
მადლობა ღმერთს, მათი ლუსტრაცია დაწყებულია...

??????