ჭელიძე თორნიკე
გაზიარება

როცა გეძინა 

ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა,
ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან,
შენ კი გეძინა ისევ, მშვიდი სიზმრით, არა და
დილის მზე, უკვე, ყირამალას გადადიოდა...

და გაგეღვიძა, როგორც ქრისტეს - ქვის აკლდამაში,
ქარმა ნისლები, ირიბული წყობით, შენისლა,
ყოველდღიური რიტუალი გაითამაშე
სახლში და ქუჩას ააყოლე, როცა, შენი სვლა,

ქალაქში თოვას გაემართა თეთრი ქორწილი,
თვალს უსწორებდი ტროტუარებს შავი ქოლგიდან,
მერე თამბაქო, ღრუბელივით, მძაფრად მოწიე
და ამინდების, უფრო მეტი, სითბო მოგინდა.

ვეღარ იტევდა ქუჩა ტანზე მავალ მანქანებს
და საყვირების შეკივლებას გრძნობდა გონება,
მდუმარე ზეცა ჰორიზონტზე გადააქანეს,
თოვლს მიიკვლევდი, ლექსებად და მეტაფორებად,

ბინისკენ, სადაც მოგელოდა, ნაცნობ აურით,
ყოველი ნივთი, უშენობით შენაციები,
ქალაქს, მოტივად, გაეჩინა აურზაური,
კედლის საათი შუაღამეს მიაცილებდა.

ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა,
ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან,
შენ კი გეძინა ისევ, მშვიდი სიზმრით, არა და
დილის მზე, დღესაც, ყირამალას გადადიოდა.

??????