ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

იყო არაბეთს 

როდესაც დავიზაფრები,
მართობენ კალამბურები,
ცხენებთან ერთად - ზღაპრები
მშველიან - არაბულები.
და როცა გავეჯიბრები
უცხოს და არა ჩვენიანს,
ზღაპრებზე მეტად - ციფრები
არაბულები - მშველიან.
ვუსმენ რიონისპირელი -
როგორც გელათის მეზარე,
მეთამაშება პირველი,
მეალერსება მესამე.
გავყურებ ალავერდიდან:
პაექრობს აღმოსავლეთი:
ათასთან - ათასერთი და
მეცამეტესთან - ცამეტი.
სარკეში ვათვალიერებ
მეათე სამოციანელს:
გვიწვევენ ბატალიები
საომარ-სამოსიანებს:
ვერ შევაჩერეთ - ტიალი
ჩარხის უკუღმა ტრიალი,
გადავაგორეთ მეოცე -
ე-ჩემის-თვრამეტიანი.
გზებიღა შემოგვრჩენია -
ვერსიან-მილიანები,
სამაგიეროდ - ჩვენია
ვარსკვლავთა მილიონები.

??????