* * * ღვინოს და ღვინის მასალას
ყიდიან ორი ტარიფით,
ლექსებსაც - ხაშლამასავით -
ჩადგმით და ჩამოტარებით.
არტერია და აორტა,
ჭადარი და ნაჭადრევი,
კაცი და კაცი გაორდა
ჩაყოლითა და ჩათრევით.
თქვენ - თვითონ მოავარაყეთ
სინდისის ნაკარნახევი,
ფეხის ხმას სხვისას არ აჰყვეთ,
გულისთქმას თქვენსას აჰყევით.
თუმცა - დასცინის გვირგვინებს
და ათასების წინაშე
გაორებული ღიღინებს -
გაოცებულის ჯინაზე, -
ღამეში - კელაპტარივით -
ანთია ფაცხა მეგრული,
ფაცხიდან გვებლატავება
ძალიან გასამებული.