იათაშვილი შოთა
გაზიარება

შემრყევი და დამცემი 

მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ
სასტიკად შემარყია,
მაგიდაზე ყოველდღე
სირჩას ვიდგამ არყიანს.

თუ პურიც მაქვს, ხო კარგი,
მით უმეტეს - თუ ძეხვიც,
და ჩემს მსგავსად შერყეულ
ძველ მეგობარს ვეძახი.

ვზივართ ერთად, ფანჯრიდან
რტოს გავყურებთ შერხეულს,
გულს ვიშუშებთ, წარსულის
ბასრ ეკლებზე შეხეულს.

შეგვრჩა ერთმანეთისთვის
ჭიქა არყის დასხმაღა,
კაცი ვიყავ, მეგონა,
გამოვდექი მასხარა.

ასეთია ცხოვრება,
შემრყევი და დამცემი.
ვზივართ, და ბოთლს შევყურებთ
დაღუპული კაცები.

??????