წიკლაური მამუკა
გაზიარება

ენა, 2002 წელი 

ჩვენ შევესწარით - ენა სულს ლევდა
და ანტიენა ბატონდებოდა.

ენას წაერთვა ძალი და მადლი -
სიტყვები ვეღარ ჭრიდნენ გასაჭრელს
და უბრძოლველად გამორბოდნენ ბრძოლის ველიდან.
ენას წაერთვა ძალი და მადლი -
ხალხი ამ ენით ფიცს ვეღარ დებდა,
ვერც სალოცავში ილოცებოდა
და ვეღარც თავის წინაპრებთან ლაპარაკობდა.

გამოაცალეს ჩვენს ენას რკინა
და ტყუილების თავშესაფრად აქციეს იგი,
კაცჭრიჭინები გამოეფინნენ
და ჭრიჭინებდნენ ანტიენაზე.

... ჩამოიარა პაპაჩემის აჩრდილმა გზაზე,
შეჩერდა, ყური დაუგდო ჭრიჭინს
და ეს იკითხა გაოცებულ-გაკვირვებულმა:
- სად წავიდნენ სიტყვები?
- ვინ დახოცა სიტყვები?
- რა ომი იყო ასეთი ომი?!

??????