პირადი ფასეულობები
ისე გაიზარდა ჩემი სავარცხელი;
მაგიდასაც - ტილოს მაგიერ -
თითქოს აფრა აფარია, -
არ მემეტება პურის საჭრელად;
ლამისაა ქოთნებიდან გადმოცვივდნენ -
ყვავილები ვერ ხედავენ რას ვხატავ,
რას ვწერ. მზის კვერცხი სარკმელს
დავახალე, გავაცხელე ტაფად -
ნახევარი საუზმე მზად გვაქვს.
ღრუბელს კათხა შევუშვირე,
ბროლის ჭიქაში ჩაეტია.
ძირს - მტვერია თუ მარგალიტები? -
ბურთულებზე ფეხი მისხლტება.
არ გადავფერთხავ. გადავფერთხავ:
ყავისფერ ქუდებს, ქოლგებს
უქუდო და უქოლგო ყავისფერსაც -
ხალიჩიდან წვიმა ჩაიტანს. მე შემოვალ
და ყველაფერს კარგად აგიხსნი:
ეს არ არის ჩიბუხი, და არც მაგრიტი.