პლეხანოვი უბანს ერქვა
რუსი რევოლუციონერის სახელობის გარდა, რომელიც მარქსის მოედნიდან იწყებოდა და მუშტაიდის ბაღთან მთავრდებოდა - უბანს ეკუთვნოდა მისი პარალელური და გადამკვეთი ქუჩები ქვევით მტკვრამდე და ზევით რუსულ ეკლესიამდე. უბანიცა და გამზირიც ორად იყოფოდა, აქეთა და იქითა პლეხანოვად, ანუ ვორონცოვად - კარლ მარქსიდან მარჯანიშვილამდე და უბრალოდ პლეხანოვად - მარჯანიშვილიდან კინოსტუდიის ძველ შენობამდე. კინოსტუდიიდან მუშტაიდამდე არსებულ მონაკვეთს გოსკინპრომად მოიხსენიებდნენ. აბრევიატურა Uჯცრბყგჰჯვ ქართულად სახკინმრეწვს - სახელმწიფო კინომრეწველობას ნიშნავს და რაკი წარმოსათქმელად უფრო იოლია, ამიტომაც იყენებდნენ სახელად. ამ დაყოფის ავტორები, რა თქმა უნდა, ქუჩის ბიჭები იყვნენ, ოღონდ ვინ და რომელი თაობის - აღარავის ახსოვს...
პლეხანოვის გამზირი ერთ ქუჩაზე წიგნების მაღაზიების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო ქალაქში. რომ წამოხვიდოდი კომუნალურ საცხოვრებლად ქცეულ ვორონცოვ-დაშკოვის სასახლიდან მარჯანიშვილის მოედნისკენ, პირველი აბრა წარწერით - "წიგნები" ვარციხის ქუჩასთან არმისულს შეგხვდებოდა. ეს იყო საშუალოზე ოდნავ დიდი ოთახი, რომელსაც მზიე დღის არცერთ მონაკვეთში არ ადგებოდა და სადაც ქართულ და რუსულ გამოცემებთან ერთად ნოტების კრებულებიც იყიდებოდა. მუსიკის ანბანი "სოლფეჯიო" და ზონრებიანი სანოტო ჩანთა, რომლის ტარებაც ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ძნელად ასატან სირცხვილს მგვრიდა, აქ მიყიდა დედამ. გააგრძელებდი გზას კინოთეატრ "კოლხიდისკენ", გაივლიდი ორას-სამას მეტრს და მიადგებოდი კიდევ ერთ მაღაზიას, ოღონდ უფრო ვრცელს და რაც მთავარია, სხვა მაღაზიებისგან განსხვავებულს. წიგნების დათვალიერება და არჩევა მარტო ამ უბანში კი არა, მთელ თბილისში, მხოლოდ აქ შეიძლებოდა. საჭირო არ იყო ლურჯხალათიანი გამყიდველი ქალის შეწუხება, ეს წიგნი მანახეთ, ახლა კი - ესო. გამყიდველი იჯდა თავისთვის შემოსასვლელთან, პატარა მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილი, თავად კი დადიოდი კედლებზე აყოლებულ თუ ჩამოკიდებულ თაროების გასწვრივ და შენს გემოზე, რამდენი ხანიც გინდოდა, ფურცლავდი წიგნებს. ამ მაღაზიაში ნაყიდი წიგნებიდან დღემდე შემომრჩა ჯონ ჰანტერის "კუმაონის კაციჭამიები". ჯონ ჰანტერი პროფესიონალი მონადირე იყო და იმ მტაცებლებს დასდევდა, ადამიანებს რომ ერჩოდნენ. თხუთმეტი წლის ასაკში, სწორედ აქედან გამოსულს ამიხირდნენ ქუჩის ბიჭები, რამაც ხანგრძლივ მტრობას ჩაუყარა საფუძველი და ეს მტრობა დასრულდა იმით, რომ შევიგნე - მოწინააღმდეგეს მუდამ უნდა დაუტოვო უკანდასახევი გზა.
გამოსცდებოდი "კოლხიდას", გაუსწორდებოდი ოცდამეთორმეტე სკოლას და შემოგხვდებოდა სახელმოწერო გამოცემების მაღაზია. ამ მაღაზიის თაროებზე მხოლოდ მრავალტომეულები ეწყო, საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში გამოცემული რუსულენოვანი ლიტერატურა, კლასიკურიც და თანამედროვეც. მკაცრი ცენზორების მიერ გადარჩეულ სასურველ წიგნებზე ხელმოწერა რომ გაგეფორმებინა, გრძელ რიგში უნდა მდგარიყავი დილიდან საღამომდე და ცოტაოდენი იღბალიც უნდა გქონოდა, ცხვირწინ რომ არ მოგხურვოდა ნიკელის სახელურიანი შემინული კარი. ბედმა ორჯერ გამიღიმა - ერთხელ ჯეკ ლონდონის ოთხტომეული მოვიპოვე და მეორედ "<ბ,კბჯნტრფ გჰბრკ.ხტყბქ". კინოსტუდია "დეფას" მიერ ინდიელებზე გადაღებული ფილმების გაშვება რომ დაიწყეს ერთიმეორის მიყოლებით, ფენიმორ კუპერი უკვე წაკითხული მქონდა და თანაკლასელებისაგან განსხვავებით ოდნავადაც არ მიჭირდა სწორად წარმომეთქვა სიტყვა - ჩინგაჩგუკი...
სანამ გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკთან, მოკლედ და პლეხანოვურად - გორკის ბაღთან მიხვიდოდი, გვერდს ჩაუვლიდი მთავარ ფოსტას და მიხეილის (Vბ[ფბკჯდ) საავაადმყოფოს, რომლის ფასადს მაღლა, სახურავის გასწვრივ საშუალო სიმაღლის რამდენიმე შპილი გასდევდა. გორკის ბაღი, ნავთლუღში მდებარე საავიაციო ქარხნის კლუბთან ერთად ის ადგილი გახლდათ, სადაც დაწყებიდან ნახევარ საათში აღსაკვეთად განწირულ კონცერტებს მართავდნენ იატაკქვეშეთში მყოფი გრძელთმიანი მუსიკოსები. აქ, საზაფხულო კინოთეატრის სცენაზე ასრულებდნენ ბითლზების "შგტ. Pეპპერ’ს ლონელყ ჰეარტ ცლუბ ბანდ"-ს ვალერი კაჩაროვი და დათო შუშანია და ადგილზე აცეკვებული გოგო-ბიჭების გასაგონად პირველად აქ გაისმა შემდგომში ანეკდოტად ქცეული ფრაზა, - აფციაური, უფროსმა თქვა, რიგებს დაუარე, ფაია ("Fირე") იწყებაო.
მარჯანიშვილის მოედნამდე ორი ღირშესანიშნაობისკენ გაგექცეოდა თვალი. ქორეოგრაფიული სასწავლებლისკენ, რომლის წინ დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადაეყრებოდი განგან გადგმული ნაბიჯებით მოსიარულე გაჩხინკულ გოგონებს და მეჩნიკოვის ქუჩის გადაჭრის შემდეგ - თევზის მაღაზიის ვიტრინისკენ, საიდანაც კარგად ჩანდა, როგორ ალამუნებდნენ ტუჩებს აკვარიუმში ზანტად მოცურავე სარკისებრი კობრები.
მარჯანიშვილის მოედანს ადრე "კიროჩნი" ერქვა. ეს სახელი იმ დროიდან მოდიოდა, როცა აქ გერმანელების მიერ აშენებული ეკლესია - კირხა იდგა. რუსული "ღბჰჯხყსქ" ქართულად კირხისას ნიშნავს. კომუნისტებმა ეკლესია, რა თქმა უნდა დაანგრიეს, ხოლო მოგვიანებით კი მოედნის დიდ ნაწილს, თითქმის ორ მესამედს სტალინური არქიტექტურის ტიპიური ნიმუში - კოშკურებითა და თაღოვანი აივნებით დამშვენებული სახლები შემოარტყეს...
ამ სახლების პირველ სართულებზე განლაგებულ მაღაზიებს შორის ყველაზე მდიდრული საკონდიტრო გახლდათ. მასიური სვეტებით სექციებად დაყოფილი, მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული დარბაზი, სადაც ფეხის შედგმისთანავე ვანილისა და ყავის მოტკბო, არომატული სურნელი დაგახვევდა თავბრუს. თავბრუდახვეულს კი ბროლის ვაზებზე გორებად დაწყობილი კანფეტები - ნიგვზის გულიანი შოკოლადები, ხილის გემოს მქონე კარამელები, შაქარმოყრილი მარმელადები და მიწის თხილით დატენილი ნუგები მოგტაცებდა თვალს...
მე და ჩემი კლასელი ირაკლი იაკობაშვილი, მეტსახელად იაქე, სკოლიდან რომ გამოვიპარებოდით ხოლმე, თითო ნუგას ვიყიდდით და სანამ კინოთეატრ "კომკავშირელის" სულ ბოლო რიგში მოვკალათდებოდით, აუცილებლად შევივლიდით მეტროს სადგურის გვერდით მდებარე "ხელოვნებაში", რომლის პირველ სართულზე სამხატვრო ალბომები და საყოველთაოდ ცნობილი ტილოების რეპროდუქციები, ხოლო ანტრესოლში კი, სადაც დახვეული კიბით უნდა ასულიყავი - წიგნები იყიდებოდა. მარკ ტვენის "უფლისწულს და მათხოვარს" ახლახანს გადავაწყდი ჩემი ბიბლიოთეკის ქექვისას და გამახსენდა, რომ ეს წიგნი, დასურათებული ჯემალ ლოლუას მიერ, იაქემ მაჩუქა მორიგ შატალოზე ყოფნისას და იქვე, მაღაზიაში წამიწერა - "სახსოვრად ზალიკოს ირაკლისაგან". ავტოკალამი, რომლითაც ეს სიტყვები იწერებოდა, პასტის იყო, ოთხფერიანი და არ მეგულებოდა ჩვენი თანატოლი, რომელიც არ ოცნებობდა იმ დროისთვის ასეთ უცხო და არაჩვეულებრივ ნივთზე... აქვე მაქვს ნაყიდი ლუი ანრი ბუსენარის "ჩხუბისთავი კაპიტანი", ყველაზე კარგი საკითხავი წიგნი ინგლის-ბურების ომზე და ბურების ევროპელი თანამემამულის, ვან-გოგის რეპროდუქცია "მზესუმზირები", რომელიც გასული საუკუნის ბოლომდე ეკიდა ჩემი სახლის ნესტისგან გამობერილ კედელზე...
ჩვიდმეტი თუ თვრამეტი წლის წინ ავი წინათგრძნობით შეპყრობილმა კომუნისტებმა პლეხანოვის გამზირს დიდი მეფის - დავითის სახელი უწოდეს. მერე და მერე სახელები შეეცვალათ კალინინის და კლარა ცეტკინის, კამოს და შეროზიას, ოცდახუთი თებერვლის და ხენინგერის ქუჩებს. ტყვიავის, ნინოშვილის, პასტერის, კიევის, კლდიაშვილის, ბაქოს და ვარციხისა დარჩა და უნდა დარჩენილიყო. უნდა დარჩენილიყო წიგნის მაღაზიებიც, მაგრამ ისინი, რომლებიც გავიხსენე, აღარ არსებობენ და ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ ვეღარავინ იტყვის, - ეს გამზირი ჩემს ბავშვობაში წიგნის მაღაზიების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო ქალაქშიო...
სონეტი
უცნობ მეგობარს
კარანდაშას ამბავს გიგი მიყვება - სულაკაური. ვსხედვართ მასთან, საბურთალოს ქუჩის სახლის აივანზე, უფრო სწორად, მშენებარე, ბეტონის ბლოკებით და გრძელი ფიცრებით სავსე ლოჯიაში, ვსვამთ ნალექიან ყავას, ვეწევით სიგარეტს და ხან წიგნებზე ვლაპარაკობთ, ხან ცხოვრებაზე. მე და გიგი ძველი მეგობრები ვართ, წიგნებზე და ცხოვრებაზე საუბრები ორმოცი წლის წინ დავიწყეთ. ერთიმეორისგან ასეულობით თუ არა, ათეულობით ისტორია გვაქვს მოსმენილი და ზოგიერთი მათგანი გიგის ლექსად და ნოველად და მე მხოლოდ ნოველად მაქვს ქცეული. გიგი ჩემზე უკეთესი მთხრობელია, ჩემგან განსხვავებით არც ჭარბსიტყვაობა ახასიათებს და არც ზედმეტი ემოციურობა. ჰყვება დაბალი ხმით, ნელ ტემპში...
კარანდაშას დედა რუსი ჰყოლია. წასულა ეს ქალი რუსეთში თავისიანების სანახავად. ერთი თვე აპირებდა დარჩენას და სამი თვე დარჩენილა. ამ ხნის მანძილზე უსვამს და უსვამს კარანდაშას გადაბმულად, დღე რომ დღეა, ისიც არ ჩაუგდია. არც მანამდე აკლებდა ხელს, სულ ნასვამი დაიარებოდა, თანაც მშიერი... რა უნდა ეჭამა? რასაც შოულობდა თვითონ - საბავშვო ბაღის ყარაულობით და დედამისი იმავე ბაღის დამლაგებლობით, სულ შუქის და გაზის გადასახადებში მიდიოდა. ბავშვებს მორჩენილი ბრინჯის ფაფა და ტყუილი სუფი იყო მათი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც. დაბრუნებულა ქალი რუსეთიდან და შვილი ისეთ "ზაპოიში" დახვედრია - ლოგინიდან ვეღარ დგებოდა. არაყი თავთან ედო თურმე, ხელის ერთ გაწვდენაზე, ზედმეტი მოძრაობების აღარც თავი ჰქონია, აღარც სურვილი. მისწოლია გვერდით, ჩაუკრავს გულში. ცივი ყოფილა ცივი - ყინულივით. ვერ გაუთბია. ცოტა ხნის მერე კარანდაშას უთქვამს - ჩაი დამალევინეო. ამდგარა ქალი და დაუდგამს ჩაიდანი "პლიტაზე". დაუყენებია ფერი, ჩაუყრია ჭიქაში შაქარი და დალოდებია წყლის ადუღებას. რომ მიბრუნებულა საწოლთან, შვილი მკვდარი დახვედრია. ეტყობა, იგრძნო უბედურმა, რომ იბრიდებოდა და ხელში რომ არ ჩაკვდომოდა დედას, ჩაის დალევის მომიზეზებით დროზე გაარიდა იქაურობას...
გიგის არ ვეკითხები, რა ერქვა კარანდაშას და რა გვარი იყო. მეტსახელი და ამბავი, რომელიც მოვისმინე, სრულიად საკმარისი მგონია იმისათვის, რომ მხოლოდ მისი გარეგნობა კი არა, ხასიათიც წარმოვიდგინო. ალბათ ტანმორჩილი, მოუსვენარი, მხიარული ბიჭი იქნებოდა ბავშვობაში, ალბათ ათასნაირ ოინებს იგონებდა ამხანაგები რომ გაეცინებინა - იმანჭებოდა, კოჭლობით დადიოდა, ცხოველებს ბაძავდა ხმით. ამის გამო შეარქმევდნენ კარანდაშას, ლეგენდარული რუსი კლოუნის სახელს, რომლის აფიშებსაც, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც აკრავდნენ ჩემი სტუდენტობისდროინდელ თბილისში.
რომ წამოიზრდებოდა, ალბათ ქუჩის ბიჭი გახდებოდა. ქუჩის ბიჭი თუ არა, ისეთი ვინმე, ვისაც ქუჩის ბიჭები თავისიანად მიიჩნევენ. მხიარულება დიდი რამეა. მხიარული ადამიანები, როგორც წესი, გამბედავები და საიმედოები არიან. ამ თვისებებს კი ქუჩის ბიჭებზე გაცილებით სერიოზული ხალხიც აფასებს. ჰოდა, კიდევ უფრო რომ მოემატებოდა ასაკი და მისი თაობა სერიოზულ ხალხად ჩამოყალიბებას რომ დაიწყებდა, კარანდაშასთვისაც მოიძებნებოდა ადგილი მზის ქვეშ. ვიღაცა ფულის კეთებას შეუდგებოდა, ვიღაცას რაღაცის უფროსად დანიშნავდნენ, წაიყვანდნენ ეს ვიღაცეები თავიანთთან ბავშვობის მეგობარს და ლუკმა-პურის ფულს და ცოტა უფრო მეტს, არ დააყვედრიდდნენ.
ცხოვრება ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში აერეოდა. იმ დროინდელ სახალხო მღელვარებაში ალბათ არ ჩაებმებოდა, მრავალათასიანი მიტინგებისა და მანიფესტების მონაწილე არ გახდებოდა. თუმცა, გაგრის და ლიძავის დასაცავად, სადაც თითქმის ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ყირაზე
გადასასვლელად, უეჭველად წავიდოდა. ყოფილ ქუჩის ბიჭებთან ერთად ისიც წაიკრავდა თავზე ბენდენას, ავტომატის მჭიდეს ლურჯ ლეიკოპლასტირს გადაახვევდა და მუხლების კანკალის გარეშე აუყვებოდა სოხუმისკენ გასაფრენად გამზადებულ "ტუ-104"-ის ტრაპს.
წაგებული ომიდან სულ სხვა კაცი დაბრუნდებოდა. სიმბოლოსგან, რომელსაც მისი მეტსახელი გამოხატავდა, მხოლოდ ჩია ტანიღა დარჩებოდა. ღიმილი გაუქრებოდა სახიდან. კი არ გაუქრებოდა, გადაეკარგებოდა და სასმელს მიეძალებოდა. ისე მიეძალებოდა, თითქოს ღვინოს ან არაყს ამ დანაკარგის აღმოჩენა და დაბრუნება შეეძლო. თქმა რად უნდა, რომ ვერც აღმოაჩენდა და ვერც დააბრუნებდა. ახალ გალოთებულს ახლობლები ერთხანს აიტანდნენ, საარსებო ფულის მოპოვებას კვლავ არ დააყვედრიდდნენ, მისი დახასიათებისას ახალ სიტყვას - ნაომარს გამოიყენებდნენ და როცა ლოთობა ქრონიკულ ალკოჰოლიზმში გადაეზრდებოდა, ნელ-ნელა ზურგს შეაქცევდნენ, დაივიწყებდნენ... რადგან სერიოზული ხალხისთვის ძნელია, ძალიან ძნელი დიდხანს გაძლოს სიბრალულნარევი თანაგრძნობით აღსავსემ...
სად იცხოვრებდა კარანდაშა?.. თავიდან ალბათ თბილისის რომელიმე ძველ უბანში, ჭადრებით, აკაციებით ან ცაცხვებით დაჩრდილულ, ქვით მოკირწყლულ ვიწრო ქუჩაზე, ორ ან სამსართულიან აგურით ნაშენ სახლში, რომელსაც სადარბაზოდანაც ექნებოდა შესასვლელი და ეზოდანაც, რასაც არაერთხელ გამოიყენებდა კარანდაშა და არამარტო ის - კუთვნილი ანაზღაურების მომლოდინე ტაქსის მძღოლების გასაცურებლად... ქალაქის განაპირას მდებარე ერთ-ერთ მასივში მას შემდეგ გადავიდოდა, როცა მამაპაპისეული ბინისა და ავეჯის გაყიდვის გარდა, ვალებისგან თავის დაღწევის სხვა გზა აღარ დარჩებოდა. ციხის საკნად მოეჩვენებოდა ახალი საცხოვრებელი, რომლის ფანჯრებიდან ვერტიკალური ბარაკების შემზარავი ფასადები გამოჩნდებოდა მხოლოდ...
გარეგნულ პეწს ბოლოსკენ დაკარგავდა, ჩარტყმებს შორის ინტერვალი ნახევარ საათამდე რომ შეუმცირდებოდა, მაშინ. ივლიდა წვერმოშვებული, ნაქსოვქუდჩამოფხატული, ჭუჭყისგან გაპოხილი, ბოლოებშემოძენძილი ჯინსებით და დავიწყებული ექნებოდა, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ მხოლოდ "კენგოლი" უნდა ჩამოეფხატა შუბლზე, ხოლო ჯინსები "ლევი სტრაუსისა" უნდა სცმოდა, აუცილებლად ხუთას ერთი ნომერი...
* * *
P.შ. წიგნიერი მკითხველი იოლად შეამჩნევს შეცდომას, რომელიც შემოთავაზებული ტექსტის დასათაურებისას არის დაშვებული. შეამჩნევს, რადგან კარგად იცის, რომ სონეტის მოცულობის ორ მესამედზე ოდნავ ნაკლები აზრის, ემოციის, სრული სურათის გადმოცემას ეთმობა, ხოლო ერთ მესამედზე ოდნავ მეტი კომენტარს, თემისა და იდეის შეჯამებას. ჩემს მიერ მოყოლილ ამბავში კი პირიქითაა, ხელნაწერში მხოლოდ ოცდაშვიდი სტრიქონი ასახავს სურათს, ორმოცდაათი კი - კომენტარები და განმარტებებია. თუმცა, მგონია, რომ აღნიშნული შეცდომის აღმოჩენა ერთ, ჩემი აზრით მნიშვნელოვან მსგავსებას დაანახებს მკითხველს პოეზიის ამ ჟანრსა და კონკრეტულ ნოველას შორის. ეს გახლავთ მეთოდოლოგიური მსგავსება, რომელიც შეიძლება განისაზღვროს ორი სიტყვით - როგორც სონეტში...