ბუღაძე ლაშა
გაზიარება

ბოლო ღამე 

1942 წელი.
ფოთი. შუაღამე.
იაფფასიანი სასტუმროს ერთ-ერთი ოთახი.
რკინის საწოლები, კედელზე - რადიო, კედელზევე - შავი ტელეფონი. სკამები, მაგიდა და ა.შ.
მარჯვნივ, სავარაუდოდ, საპირფარეშო. მარცხნივ - ფანჯარა.
ოთახში წითელპომადიანი ქალი შემოდის, აქეთ-იქით დადის, ვერ ისვენებს. ჩართავს რადიოს, მაგრამ მარტო შიშინი გაისმება.

რეკავს ტელეფონი. ქალი შეხტება. ყურმილს აიღებს.

ქ ა ლ ი . ხო... ხო, გენაცვალე... კი... არ მინდა... გასაგებია... ჩანთა რატო წამართვით?.. არა, შენი ჭირიმე, არ გემდური... გამხდის, თუ მე თვითონ უნდა გავიხადო?.. ბებერია?.. არა, გენაცვალე, როგორ გეკადრება!.. ალო!.. არ ისმის... ალო!..

ყურმილს დაკიდებს. საწოლზე წამოწვება - საწოლი აჭრიალდება.
კვნესას დაიწყებს, ვითომ აგზნებულია. ჩაახველებს.

აუ, დღეს რაღაც ვერ ვარ ხმაზე... / ისევ ჩაახველებს, უფრო ხმამაღლა დაიწყებს კვნესას / შენი ვარ, ბიჭო... შენი ვარ, შენ შემოგევლე...

კარზე კაკუნია. ქალი თავქვეშ ამოიდებს ხელებს.

ღიაა!

კარი გაიღება და ოთახში სამხედრო ლაბადაში გამოწყობილი, თავზე ქუდჩამოფხატებული სტალინი შემოვა. ქალი შეჰკივლებს:

ვაიმე!

და გული წაუვა.

სტალინი სწრაფად გაიხდის ლაბადას, მოიხდის ქუდს. მივარდება ქალს და სილას გააწნის. ქალი გამოფხიზლდება.

რატო მცემ, ამხანაგო? / თვალებს გაახელს / გადავირიე, ხო? მეჩვენებით, არა? არ ხართ თქვენ ნამდვილი... არ მჯერა...
ს ტ ა ლ ი ნ ი . / შარვალზე ღილებს იხსნის / ეხლა დაიჯერებ.
ქ ა ლ ი . / ფეხებზე მოეხვევა, ქვითინით / არა!.. თქვენ არა... თქვენ ვერ მოგცემთ!.. მამა ხართ ჩვენი!.. ამას რას მოვესწარი, კაცო!..
ს ტ ა ლ ი ნ ი . / მოიშორებს, ჭიდაობას დაუწყებს, საწოლზე მიაგდებს და ზედ დააწვება / ბოზი ხო ხარ?.. ფული ხო მოგცეს?
ქ ა ლ ი . / არ ნებდება / არა... ჯერ არა... არც ავიღებ!.. თქვენგან არ ავიღებ!.. რა უნდა სტალინს ბოზებში!.. არ ხართ თქვენ სტალინი!
ს ტ ა ლ ი ნ ი . მე არა ვარ კაცი? მე ქალი არ მინდა?! ყვერები მაქ დასიებული.
ქ ა ლ ი . დედა, ჩემი სიკვდილი, ეს რა მესმის!..
ს ტ ა ლ ი ნ ი . ნუ მეჭიდავები... გული ამომიჯდა... პატარა კი არ ვარ...
ქ ა ლ ი . / ტირილით / არა... არა!.. ჩემი ღმერთი ხართ თქვენ... თქვენთან ვერ ვიკადრებ!..
ს ტ ა ლ ი ნ ი . ეხლა გიტირებ ყოფის დღეს! / შარვალს ჩაიხდის, დიდი, თეთრი ნიფხავი აცვია /
ქ ა ლ ი . არა!.. მეც გორელი ვარ!.. კეკე მამიდას კალთაშიც ვარ ნაჯდომი... თქვენი ბავშვობის მეგობრის, იაშა ჯიოშვილის ქალიშვილი ვარ, მაყვალა...
ს ტ ა ლ ი ნ ი . / შეწყვეტს ჭიდაობას / რომელი იაშასი, კოჭლის?
ქ ა ლ ი . ცალხელასი.
ს ტ ა ლ ი ნ ი . ხო კოჭლობდა?
ქ ა ლ ი . კი, კოჭლობდა... მერე მარჯვენა თვალიც დაკარგა.
ს ტ ა ლ ი ნ ი . ცოცხალია?
ქ ა ლ ი . დახვრიტეს.
ს ტ ა ლ ი ნ ი . ასეც ვიცოდი... / ჩაფიქრდება / კი ვაფრთხილებდი ბავშვობაში, იაშა, ჭკუით მოიქეცი-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა...
მ ა ყ ვ ა ლ ა . / ტირილით / შარვალი აიწიეთ, ბელადო.
ს ტ ა ლ ი ნ ი . რა ბედი მაქ, ამის დედა ვატირე! ვიწვალე, ვიტანჯე... მოსკოვიდან ფოთში გადმოვფრინდი და რა შემრჩა - ჩემი ფეხები!
მ ა ყ ვ ა ლ ა . ამ გაგანია ომის დროს, ქალების გამო ჩამოხვედით ფოთში? რა, მოსკოვში ბოზები დაილია?
ს ტ ა ლ ი ნ ი . / შარვალს აიწევს / მაგი არაა შენი საქმე. ჯანდაბა... მაინც და მაინც იაშას შვილი დამახვედრეს!..
მ ა ყ ვ ა ლ ა . მე არ გახსოვართ?
ს ტ ა ლ ი ნ ი . / უკმეხად / არა.
მ ა ყ ვ ა ლ ა . მაგრამ იაშასი გერიდებათ, ხო? იმიტო არ მეჭიდავებით... კეთილი კაცი ხართ, ძია სოსო, ჩვენი მამა ხართ თქვენ...
ს ტ ა ლ ი ნ ი . მამაშენმა იცოდა?
მ ა ყ ვ ა ლ ა . ჩემი ამბავი?.. როგორ გეკადრებათ!.. მანამდე მოკვდა.
ს ტ ა ლ ი ნ ი . სხვა საქმე ვერ ნახე? ამისთანა რა გაგიჭირდა!
მ ა ყ ვ ა ლ ა . მომატყუეს... გამაბრიყვეს, ბელადო. დიდი ამბავია. რო დავიწყო, ვერ გავჩერდები. ისე, საწუწუნო ბევრი არაფერი მაქვს. იმოტოლა ხალხს ვხვდები, რო ვერც ვიჯერებ ზოგჯერ... ყველაფერი ვიცი. ყველაფერს ვიგებ. იმასაც ვხვდები, ფოთში რატო ჩამოხვედით.
ს ტ ა ლ ი ნ ი . მითხარი, აბა...
მ ა ყ ვ ა ლ ა . მე კი არა, ბავშვმაც კი იცის, რო ცოტაც და მეორე ფრონტი გაიხსნება, ფოთში ინგლისური გემები შემოვლენო. ამიტომაცაა აქ ასეთი თავპირისმტვრევა! ის მსუქანი კაციც ჩამოსულა ინგლისიდან და მალთაყვაში დაუსახლებიათ. ზუგდიდელი გოგოები აუყვანიათ ერთი კვირის წინ, სქელი კია, მარა იმისთანა მოქნილია, სული ამოგვხადა, დილით ფეხზე ვეღარ ვიდექითო... თქვენ რა გენაღვლებათ, სოსო ბიძია, კაცებს... ჩვენ ვიკითხოთ, თორე... რა გვარია, კაცო!..
ს ტ ა ლ ი ნ ი . ჩერჩილი?
მ ა ყ ვ ა ლ ა . კი, გენაცვალე, ჩერჩილი!.. იმას რო ეწევა!
ს ტ ა ლ ი ნ ი . მაგ ზღაპრების გჯერა, ხო?
მ ა ყ ვ ა ლ ა . ამ ქვეყნად არაფერია ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით... ზოგი, მაგალითად, ფულს მარტო ლაპარაკში გვიხდის... ბოდიში თქვენთან და, რო მივცეთ, არც აიღებს... მსმენელი უნდა, ქალის სითბო... რეებს აღარ გვიყვებიან, რეებს აღარ გვიკაკლავენ...
ს ტ ა ლ ი ნ ი . რას გიყვებიან ამისთანას?.. მითხარი ერთი, რა ხალხი შენთან?
მ ა ყ ვ ა ლ ა . გვარები გაინტერესებთ, არა? ვერ გეტყვით.
ს ტ ა ლ ი ნ ი . / გაიცინებს / რა უნდა ჩერჩილს მალთაყვაში!
მ ა ყ ვ ა ლ ა . რაც თქვენ გინდათ, ის უნდა მაგასაც!
ს ტ ა ლ ი ნ ი . ბოზები?
მ ა ყ ვ ა ლ ა . ბოზებიც!.. მაგრამ, პირველ რიგში, მეორე ფრონტი!
ს ტ ა ლ ი ნ ი . ვიღაც ზუგდიდელ ჩათლახებს უჯურებ და მე არა, ხო?!
მ ა ყ ვ ა ლ ა . მთელი ღამე გაათენეს, თქვენ შემოგევლეთ, იმ კაცთან ერთად და მოელანდათ?!
ს ტ ა ლ ი ნ ი . ბერიას იცნობ?
მ ა ყ ვ ა ლ ა . ბერია ჩვენ არ გვკადრულობს, ინტელიგენტების ცოლებს ერჩის. დღეს რო მითხრეს, დიდ კაცს უნდა შენი ნახვაო, არ დაგიმალავთ, ბერიაზე ვიფიქრე. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, სოსო ბიძია, რო თქვენ მოხვიდოდით... ხშირად დადიხართ ქალებში?
ს ტ ა ლ ი ნ ი . თვეში ერთხელ.
მ ა ყ ვ ა ლ ა . ქალებს ხშირად იცვლით, არა?
ს ტ ა ლ ი ნ ი . კი, ორჯერ ერთი და იგივე ქალთან არასდროს მივდივარ.
მ ა ყ ვ ა ლ ა . გეშინიათ, არ შეეჩვიოთ?
ს ტ ა ლ ი ნ ი . მკვდრები არ მიყვარს.
მ ა ყ ვ ა ლ ა . სოსო ბიძია, მკვდრები რა შუაშია?
ს ტ ა ლ ი ნ ი . ქალებს დილით ხვრეტენ ხოლმე. ან, საღამოს. გააჩნია, როდის ვნახულობ.
მ ა ყ ვ ა ლ ა . რო არ თქვან, სტალინთან ვიყავითო?
ს ტ ა ლ ი ნ ი . დიახ, გენაცვალე.

პაუზა

მ ა ყ ვ ა ლ ა . მეც უნდა დამხვრიტონ?
ს ტ ა ლ ი ნ ი . აბა, ისე როგორ!

პაუზა

მ ა ყ ვ ა ლ ა . კი მაგრამ, ხო არ მომიცია?
ს ტ ა ლ ი ნ ი . მერე რა, ხო მნახე!
მ ა ყ ვ ა ლ ა . იაშას გამო არაფერი მაკადრეთ და დახვრეტა უარესი არ არის?
ს ტ ა ლ ი ნ ი . ის უფრო ეწყინებოდა.

პაუზა

მ ა ყ ვ ა ლ ა . სოსო ბიძია, ეს ჩემი ბოლო ღამეა?

სტალინი თავს დაუქნევს.

ესე იგი, ყოველთვე, თქვენს გამო, თითო ქალი კვდება?
ს ტ ა ლ ი ნ ი . კაციც. თანაც, ბევრად უფრო მეტი.
მ ა ყ ვ ა ლ ა . დედა, ჩემი სიკვდილი!.. კაცებსაც...
ს ტ ა ლ ი ნ ი . არა, არა!.. ომს ვგულისხმობ, ომს! კაცები ომში კვდებიან ჩემ გამო.
მ ა ყ ვ ა ლ ა . რას გვერჩით, სოსო ბიძია? რა დაგიშავეთ! მთელი კავშირის მასშტაბით თეთრმეტი მილიონი ქალი ვმუშაობთ... საქართველოში, სულ, სამი ათასი ვართ, მაგრამ მთლად გაგვწყვიტა ამ ომმა და რეპრესიებმა... საუკეთესო ნაწილი - კაი-კაი, გემრიელი, პროფესიონალი გოგონები - ომამდე დაგვიხვრიტეთ... ახლა რაღას გვერჩით? თან გჭირდებით, თან არა, ხო?
ს ტ ა ლ ი ნ ი . საიდან, მაყვალა, ეს სტატისტიკა? ვინ გითხრა?
მ ა ყ ვ ა ლ ა . ყველაფერი ვიცით-მეთქი, ბელადო, რო გეუბნებით, რატო არ გჯერათ?!

პაუზა

ს ტ ა ლ ი ნ ი . არის მოსაზრება... რომ უნდა დავლიოთ.
მ ა ყ ვ ა ლ ა . რა უნდა დავლიოთ?
ს ტ ა ლ ი ნ ი . / ოთახში დაიწყებს სიარულს, რაღაცას ეძებს / ღვინო... არაყი... ან კონიაკი, მაგალითად... / შეიხედავს საწოლის ქვეშ /
მ ა ყ ვ ა ლ ა . აპ-აპ-აპ!.. ჩემთვის დალევა არ შეიძლება... ჩემნაირ ქალს რო დაალევინებ, ტირილს დაიწყებს და იმდენს ილაპარაკებს, ვერ გააჩერებ.
ს ტ ა ლ ი ნ ი . ილაპარაკე მერე, ვინ გიშლის! განსაკუთრებული ღამეა შენს ცხოვრებაში... მე მნახე... თან სიკვდილსაც აპირებ...
მ ა ყ ვ ა ლ ა . არ ვაპირებ!
ს ტ ა ლ ი ნ ი . რატო დაგემართა ეს ამბავი, მომიყევი. ეგება, შემეცოდო კიდეც... / მივა ტელეფონთან /
მ ა ყ ვ ა ლ ა . უზნეო კაცი ყოფილხართ, ბელადო! თქვენგან არ მოველოდი ამას... ასე რამ გაგამხეცათ ამ სიბერეში!.. ჯერ იყო და, მეცით... ეხლა დახვრეტას მიპირებთ...
ს ტ ა ლ ი ნ ი . არ მოკვდები, ნუ გეშინია. შენი სული უკვდავია, ჩემო მაყვალა.
მ ა ყ ვ ა ლ ა . სულების და იმის არ მჯერა მე!
ს ტ ა ლ ი ნ ი . / ყურმილს ყურთან მიიდებს / გაუნათლებელი რომ ხარ, იმიტომაც არ გჯერა!.. ალო!.. ხო, მე ვარ... კონიაკი სადაა?.. და მაცივარი სადაა?.. რა უნდა ტუალეტში მაცივარს!.. არა... დილით დავიძინებ... შუადღისთვის ვინმე მომინახეთ, ეს ახლობელი აღმოჩნდა... სადაც გინდათ, იქ დახვრიტეთ, ჩემი რა საქმეა!
/ დაკიდებს ყურმილს /
მ ა ყ ვ ა ლ ა . / ისტერიულად / არა, გენაცვალე, არა!.. არ მჯერა!.. რატო უნდა დამხვრიტონ?.. რა დავაშავე!
ს ტ ა ლ ი ნ ი . მოიცა, შენი ჭირიმე, ცრემლებს ნუ დამანახებ... ისედაც ცუდად ვარ. / გადის /
მ ა ყ ვ ა ლ ა . ცოლიც თქვენ მოკალით, ხო?
ს ტ ა ლ ი ნ ი ს ხ მ ა ს ა პ ი რ ფ ა რ ე შ ო დ ა ნ . ვინ მოვკალიო?
მ ა ყ ვ ა ლ ა . ცოლი, ცოლი!
ს ტ ა ლ ი ნ ი ს ხ მ ა ს ა პ ი რ ფ ა რ ე შ ო დ ა ნ . ცოლი არა - იხვი! / გამოდის ბოთლით ხელში, ჭიქებიც უჭირავს. ამ ყველაფერს მაგიდაზე დააწყობს /
მ ა ყ ვ ა ლ ა . ყველას ასე აწამებთ?
ს ტ ა ლ ი ნ ი . ყველას არა... მარტო ბავშვობის მეგობრის შვილებს... / გადაიხარხარებს /
მ ა ყ ვ ა ლ ა . თქვენ ექიმი გჭირდებათ, სოსო ბიძია.
ს ტ ა ლ ი ნ ი . რა გეგონა, აბა! / კონიაკს ჭიქებში ჩამოასხამს / მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გათახსირებული კაცის სტუმარი ხარ ამჟამად!.. გაგიმარჯოს! / გადაკრავს / აუ... ღამეებს რო ვათენებ, წნევა იმიტო მაქვს... / მიაჩეჩებს მაყვალას ჭიქას / დალიე.
/ მაყვალა თავს გააქნევს / დალიე-მეთქი, ქალო!
მ ა ყ ვ ა ლ ა . არ ხართ თქვენ სტალინი!
ს ტ ა ლ ი ნ ი . შენ, შვილო, გიჟი ხო არა ხარ? / ნიკაპში ხელს ჩაავლებს, ჭიქას პირთან მიუტანს / დალიე...
მ ა ყ ვ ა ლ ა . არა...
ს ტ ა ლ ი ნ ი . რატო ხარ, ქალო, ასეთი ჯიუტი!
მ ა ყ ვ ა ლ ა . მეც შემიძლია გმირობა... ჩემნაირს კიდევ ათასს გადავარჩენ...
ს ტ ა ლ ი ნ ი . რაო?
მ ა ყ ვ ა ლ ა . არ ხართ თქვენ ჩვენი სოსო ბიძია!.. / კონიაკის ბოთლს ხელს დაავლებს, მაგიდის კუთხეს ჩამოკრავს, გადაამტვრევს და სტალინს მუცელში გაურჭობს /
ს ტ ა ლ ი ნ ი . / ამოიღმუვლებს / ვის უბედავ, შე შობელძაღლო!..
მ ა ყ ვ ა ლ ა . / აგზნებულია, ხელი სტალინის სისხლითა აქვს მოთხვრილი / არ ხართ თქვენ ნამდვილი სტალინი!.. მოსკოვშია ჩვენი ბელადი!
ს ტ ა ლ ი ნ ი . / ძალა ეცლება, მუხლებზე დგება, ლაპარაკი უჭირს, სისხლი სდის / რა მიქენი ეს?.. ომს ვინღა მოიგებს, შე ვირიშვილო?!
მ ა ყ ვ ა ლ ა . სტალინი!.. სტალინი მოიგებს!.. გოგოებმა მითხრეს, ზუგდიდელებმა, ორეული ჰყავს სტალინსო. მაგათ ყველაფერი იციან... არ ხარ შენ ჩვენი ბელადი!.. სოსო ბიძიას ორეული ხარ!..
/ კივილით / თუკი მართლა სტალინი ბრძანდები, ჩიბუხს რატო არ ეწევი?
ს ტ ა ლ ი ნ ი . / ლაპარაკი უჭირს / ექიმმა ამიკრძალა, ღამე ნუ მოწევო... / ძირს იშოტება, კვდება /

პაუზა

მ ა ყ ვ ა ლ ა . დედა, ჩემი სიკვდილი!.. ეგებ არც ყავს ორეული და ნაღდი მოვკალი?! ხო არ დამღუპეს იმ ბოზანდარებმა!..

ისმის ნაბიჯების ხმა. კიბეზე ამორბიან.

რა ვქნა, სად ჯანდაბაში გავიქცე! / გაიხედავს ფანჯრისკენ / გადავხტე? / მიირბენს ფანჯარასთან, გამოაღებს, ტირილით / კისერი არ მოიტეხო, გოგო...

კარებზე აბრახუნებენ. მაყვალა ფანჯრის რაფაზე აძვრება.

რაც არი - არი. ერთი ყოვლად გარყვნილი და გაფუჭებული მამაკაცი ხომ მაინც მოვაშორე ჩემს გაწამებულ კოლეგებს!.. ესეც საქმეა!

კარებს შემოამტვრევენ. მაყვალა ფანჯრიდან გადახტება.
ისმის ფინალური აკორდები პუჩინის "ტოსკადან".

ფარდა



პატრიოტის ამბავი
სამოცდაათ წელს მიღწეულ ვახტანგ მწყერაძეს აქეთ-იქიდან ცოლი, ნათელა ხარებავა და ძმისშვილი, ავთანდილ /ზედმეტსახელად, ათული/ მწყერაძე ამოსდგომიან. ვახტანგს სიარული უჭირს - ნასვამია. თან ცუდადაა. ამ დროს, თავის ასაკთან შედარებით, კარგად გამოიყურება - მხარბეჭიანი და დაკუნთულია.

ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. არ უნდა დაგელია, ვახო... შენ ჯვარი გწერია და, მამაშენიც ღვინომ მოკლა და დედაშენიც... ახლაც ყურში ჩამესმის ეთერი დეიდას ბოლო სადღეგრძელო... /მიმართავს ავთანდილ მწყერაძეს/ თან წნევები აქვს, ათული... პატარა ბიჭი ხო აღარაა!.. რაც ამან ინერვიულა, რაც ამან გადაიტანა...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. კაი, რა... მომეშვი... /სუნთქვა უჭირს/ ჩემი ქვეყნის სადღეგრძელო ითქვას და... არ დავლიო?.. ათული... ხო მაგრა იმღერეს ბიჭებმა?.. ვენაცვალე მაგათ!.. ჩაახუჭუჭეს, არა?.. ეგრე ადვილი არ არი ჩვენი დაჩოქება...
/კედლისკენ მიიწევს. კედელზე ხალიჩაა აკრული. ხალიჩაზე ხანჯალი ჰკიდია/
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა . მოიცა, ვახო...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. მაცალე, რა!.. /ხანჯალს ჩამოხსნის/ შენი ჭირიმე... /აკოცებს, პირჯვარს გადაიწერს/ ღმერთო... არ ვიცი, რა... ჩემი ზაზიკო რო მომიკლეს ხობთან...
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. /ამოიკვნესებს, ტირილს დააპირებს/ რატო ვარ ცოცხალი!..
ვ ა ხ ტ ა გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /ცოლს გაუბრაზდება/ იმიტო კი არ ვამბობ, რო შენ იტირო... თუ ტირილი გინდა, გადი და იქით იტირე!..
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. კაი რა, ვახო ბიძია... დამშვიდდი.
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. ...არ დამიმალეს, პირდაპირ მითხრეს, ზაზიკო მოგიკლეს ხობთანო. პარლამენტში ვიყავი. ნათელას არ უთხრათ, ჩემგან უნდა გაიგოს-მეთქი... გამოვედი პარლამენტში... წარბი არ შემიხრია, არ მახსოვს, რა ვილაპარაკე... მოვედი სახლში... მამაჩემის ნაბადში გავეხვიე და ერთი კვირა ეგრე მეძინა... არც გამიხდია... ამათ რო გონიათ, არ იქნება ისე!.. იმ დღეს, მეუფეს შევხვდი სუფრაზე... ქართულ სულს ვერ იყიდიან-მეთქი, რა... ჩემია ეს გოგლა!.. ჩემია ეს ქალაქი, ე!.. მიდი-მოდიან ეს ლაწირაკები... შვილებო, ვეუბნები, ან დედა ვინ გყავდათ, ან მამა!.. ადათი თქვენ არ იცით, ოჯახი თქვენ არ იცით, წინაპარი თქვენ არ იცით... ვინა ხართ, თქვე შობელძაღლებო!.. ერთი ხე მაინც დაგირგავთ თქვენ ცხოვრებაში?!.. როცა საჭირო იყო, ავტომატიც მეჭირა, კი... მეც და ზაზიკოსაც!.. ქალაქელი... მართლმადიდებელი კაცი ვარ... ვერ წამართმევთ, რა!.. /ჯდება სავარძელში/
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. გუშინ მაგრა გამოვიდაო... აატირა სტუდენტებიო.
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. კი, ნაზიმაც დარეკა.
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. კარგით, რა... ტირილი რო საქმეს შველოდეს... ასე ძნელია, რო შენი ქვეყანა გიყვარდეს?.. ასე რთულია, რო ალალი იყო?..
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. /ამოიკვნესებს/ ვაი, ვაი... რა გვეშველება...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. ათული, ათი წელია მე და მამაშენი ერთმანეთს არ ველაპარაკებით...
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. აუ, კაი რა, ვახო ბიძია...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. მოიცა, კაცო, სხვა რამეს ვამბობ... მე- მე ვარ, მამაშენი - მამაშენია... ქაჯებთან რო იყო მთელი ცხოვრება, იმიტო მოუვიდა ეგრე... მაგრამ ეგ არაა მთავარი...
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. არ გინდა ეხლა...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. სხვა რამეს ვამბობ-მეთქი, რა!.. ათული, მამი, ჩემი მეორე ზაზიკო ხარ შენ...
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. /მკლავზე აკოცებს ავთანდილ მწყერაძეს/ შენი ჭირიმე, დედიკო...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. ჩემი ამბები კი იცი ცოტ-ცოტა... დავბერდით, მამი... კი, ყველაფერი... ისა, ესა... მაგრამ დავბერდით, რა... ხო ხარ ჩემი სისხლი და ხორცი?.. ხარ!.. ჩემი ხარ! ნაღდი ხარ... გულიანი ხარ!.. მწყერაძე ხარ!.. გემრიელი... ლამაზი... ქართველი... თბილისელი ვაჟკაცი ხარ!..
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. ღმერთმა გვიმრავლოს, დედიკო, ქართველებს, შენნაირი ვაჟკაცები...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. გვერდში უნდა ამომიდგე, მამი... აგერ, ნათელა აქაა... სუ მეუბნება, უთხარი, უთხარი... ჯერ წასული იყავი, მერე ჩამოხვედი, მერე ისევ წახვედი... მაგრამ შენი როა აქაურობა, იმიტო ვერ რჩები იქა... შენი სისხლია, შენი მამა-პაპაა... შენი საფლავებია...
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. /კვლავ კვნესის/ საწყალი ჩემი ქვეყანა...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. მარშრუტკის ექვსი ხაზი გვაქ, მამი... მოვკვდი მაგათი დევნით... მარტო საბურთალოზე ოცი მანქანა დამიდის... ის მეუბნება... ის ნაბიჭვარი, ჩამოთესლილი საიდანღაც, უნდა შევკვეცოთო... მეთქი, რა უნდა შეკვეცო, შე პიდარასტო?.. გიომია?.. ერთი წვეთი სისხლი მაინც დაგიღვრია შენი ქვეყნისთვის?..
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. /კვნესა-კვნესით/ ბორდელიც გვაქ, დედა...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. რა ბორდელი, აბანოა რა!.. გლდანში... გემრიელად, მოყუჩებული... ნალჩიკიდან ყოველთვე ახალ-ახალი გოგოები ჩამოყავს ნათელას...
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. სუფთები, ლამაზები... რა ვიცი, ყველანაირად მოწესრიგებულები...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. რა ხალხი დადის, იცი?!..
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. მარტო გოგოები კი არ გვყავს...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. ბაქოდან ორი მეტრაკე ჩამოვიყვანეთ, მაგათი დედა რო მოვტყან!.. დიდი მოთხოვნილებაა მაგათზეც!.. გაფუჭდა, მამი, ქართველი... გათახსირდა, შვილო!..
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. ეხლა გორშიც გვინდა ერთი ბორდელის გახსნა...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. რა აიჩემე ეს - ბორდელი, ბორდელი!.. გაატრაკე საქმე!.. დღე და ღამე სტუდენტებს იმას ვუჩიჩინებ, ქართულად ილაპარაკეთ-მეთქი და ამან აქ არ მომიწყო მთელი ისა!..
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. /ავთანდილ მწყერაძეს/ წელში გავწყდით, დედიკო, მე და ვახო... ვიცი, ნასწავლი, ყველანაირად კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ გაგიჭირდება, ათული, ასე...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. თვითონ ცხოვრებაა, შვილო, ჩათლახური...
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. არც ინერვიულებ, არც არაფერი... შემოვა რაღაც თანხა, მაშინვე გატყდება... ასე ვთქვათ... ჯიგრულად...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. წაიღო რა ტვინი თავისი ჟარგონით!..
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. მალე ცემენტის წილშიც ჩაგვსვამენ, დედა... ვახოს მეგობარია, გივი ჩადუნელი, აკადემიკოსი... ნარკოტიკები შემოქონდა ფოთიდან... ეხლა ცემენტში გადავიდა... მოისვენებ, დედიკო, ამოისუნთქებ... ფული შენ არ მოგაკლდება და პუტანკებიც კი გეყოლება თავზე საყრელად...
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /უხერხულად იცინის/ კი ვიცოდი რაღაც, მამაჩემისგან... მაგრამ...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /გაბრაზდება/ მამაშენზე არ ამალაპარაკო ეხლა!..
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. კაი, ვახო, ნუ გაგიჟდები ხოლმე!.. ათული, მუშაობ, დედა, სადმე?
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /დაბნეულია/ რა ვიცი... არსად...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /ცოლს/ არ იცი, რო არ მუშაობს! რას ეკითხები!.. დღეს მარტო გოთვერნებს და ნაბოზრებს აქვთ სამსახური... ეგეთი დროა!
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. ...ლექსებს ვწერ.
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /გული აუჩუყდება/ შენი ჭირიმე, მამიკო, შენი გაბერილი გულის ჭირიმე... არ უნდა წამაკითხო მერე, არა გრცხვენია?!
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. დიდი არაფერი... ჩემთვის ვმაიმუნობ რაღაცას... /გასასვლელისკენ მიდის/ ხვალვე დაგირეკავთ!.. არა... დღესვე...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /წამოდგება/ შენ ეხლა ნერვიულობას კი ნუ დაიწყებ, კაცო. აწონ-დაწონე, იფიქრე, ისა, ესა... ჩემი რო ხარ, იმიტო გეუბნები, თორე...
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. კი, კი, ვახო ბიძია... უბრალოდ...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. შენთვის ცოტა მოულოდნელი იყო, მესმის... მაგრამ რა გვექნა, მამიკო, მათხოვრობას ხო არ დავიწყებდით!.. აი - ცუდად ნუ გამიგებ, რა - გული მერევა, ხელგაწვდილ ქართველს რო ვხედავ... აი, მეზარება რა ეგეთი ქართველი!..
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. კი... მეც...
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. კაი, ვახო, გაუშვი ეხლა ეს ბიჭი, ნუ მოკალი...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /ძალით იცინის/ გაშვებული არა მყავს, კაცო!
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. დაგირეკავთ... დღესვე...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. ოღონდ, ლაპარაკი და რამე არ გინდა, მამი, ხო ხვდები...
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. რა სისულელეა!.. აბა, რა...
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. შტერი კი არაა!
ა ვ თ ა ნ დ ი ლ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /დაბნეულია, ვახტანგს გადაკოცნის/ ლექსებსაც მოვიტან...
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. მაგარი ბიჭი რო ხარ, იმიტო მიყვარხარ... ოქრო-ბიჭი ხარ... ოქრო!

ნათელა ხარებავა ავთანდილ მწყერაძეს გააცილებს და შემობრუნდება.

ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. ასე რამ შეაშინა!..
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. პირი არ მოაღოს ამ ვირიშვილმა! ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი და ამან არ ჩაიჯვა, კაცო!
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. ხმას არ ამოიღებს... იტყვის რამეს და აქ არაა ანზორი!
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. ჩემი ძმიშვილია, შე შობელძაღლო!.. რა ანზორი, რის ანზორი!
ნ ა თ ე ლ ა ხ ა რ ე ბ ა ვ ა. საწყალი ვენერაც დედაჩემის გაზრდილი იყო, დასავით მყავდა, მაგრამ რო დაჭირდა საქმეს, ხმა არ ამომიღია... პირველია რთული, თორე მერე კი მიდის ჯლიგინ-ჯლიგინით... /ხმა აუკანკალდება, ტირილს დააპირებს/ ჩემი ხელით ვესროლე ცხონებულს!.. /გაბრაზდება/ ოც პროცენტს გთხოვდა, მეტს ხო არა!..
ვ ა ხ ტ ა ნ გ მ წ ყ ე რ ა ძ ე. /სახეზე ხელებს აიფარებს, პათეტიკურად/ რას დაემსგავსე, ქართველო ქალო! ასე რამ გადაგაჯიშა!.. გული მეგლიჯება, რა!.. აღარ შემიძლია!.. ამდენი უსამართლობა როგორ ავიტანო!.. კაცი კაცს აღარ გავს და ქალი ქალს, ე!.. ოდესმე, რამე ეშველება ამ ქვეყანას?!
ფ ა რ დ ა

??????