ბრილიანტი
ტანადი კაცი იყო ლავრენტი თოდუა, სადღეგრძელოს წარმოთქმისას ჭიქას რომ აწევდა, ერთ შეხედვად ღირდა (ფოტოგენურიც გახლდათ და ყველა სურათში ჭიქით ხელში იყო გამოსახული, რასაც ისე მიეჩვია, რომ ფოტოაპარატის დანახვისას მაშინათვე ჭიქისკენ იწევდა). თავის ძაღლს, "გრაფსაც" ძალიან კოხტად უბაკუნებდა ფეხებს, როცა უწყრებოდა, მაგრამ ულვაშები სრულიად უვარგისი ჰქონდა - რაღაცნაირი მოდუნებული, ბებერი ქალის ძუძუებივით ჩამოდღლეზილი, თითქოს ეზარებოდა იმ მისიის შესრულება, რისთვისაც გაზარდეს, ანუ პატრონის სქელი ტუჩების დაფარვა.
მაღალი კაცი იყო ლავრენტი, თავის უფროს ბიჭზეც ერთი თავით მაღალი, რომელიც თავის მხრივ ნახევარი თავით მაღალი იყო თავის უმცროს ძმაზე, რომელსაც, იქიდან გამომდინარე თუ როგორ ეძახდა თავის ნახევარი თავით მაღალ ძმას, მივაკერე მეტსახელი, მერე ჩემდამოულოდნელად ძალიან პოპულარული რომ გახდა მთელს ჩვენს ქუჩაზე, ანუ "ბრატანკოტე" (თან ბრატანკოტეს, როცა თავის უფროს ძმას "ბრატან მოი კოტეს" ეძახდა, ვერ შეატყობდი ირონიული იყო ამ დროს, თუ ზომიერად ალერსიანი). ხოლო თვითონ კოტე - ისიც ულვაშა როგორც მამამისი და უმცროსი ძმა, ბრატანკოტე - მაგარი მექალთანე გახლდათ, კარგი ქალის დანახვაზე, შეიძლება ითქვას რომ, თავს კარგავდა, შეხედვა არ მოგინდებოდა. ისე კი კარგი კაცი იყო, უცოლო (როგორც მისი უმცროსი ძმა) და ამასთანავე განათლებულიც, ქალაქის ბანკში მსახურობდა, თეთრ შარვლებს ატარებდა, თეთრ პერანგებზე უცნაურად მოხატულ ჰალსტუხებს იკეთებდა, რომელსაც მე "მწვავესიუჟეტიანებს" ვუწოდებდი, ხოლო რაც შეეხება მის ცხვირაპრეხილ თეთრ მაკასინებს, ლავრენტიმ მათ "ნე ვეშაი ნოსა" და "ზადირაი ნოს"-ი შეარქვა.
ლავრენტი თავის შვილებზე ამბობდა, ჩემი ცუდი კარიკატურები არიანო, შვილებმა კი საპასუხოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მათი დედა ლავრენტის ბიბლიური სახელით, იროდით მოიხსენიებდა, მამას "ირორდი" შეარქვეს, რაც მეგრულად "შენ ყოველთვის იყავის" ნიშნავს. ისე კი სამივენი - მამაცა და მისი ვაჟები კარგები იყვნენ. მამაჩემი ამბობდა, ირორდი და მაგის ბიჭები რობინზონ კრუზოსავით დაუსახლებელ კუნძულზე რომ მოხვდნენ, საკვებსა და სასმელ წყალზე ადრე ქალების ძებნას დაიწყებენ და დარწმუნებული ვარ იპოვნიან თუ მაშინვე არა, მომავალ პარასკევს მაინცო. მე კი მიმაჩნდა რომ თოდუები იმიტომ იყვნენ კარგები, რომ ჩემთან მეგობრობას არ უკადრისობდნენ, და ეს მაშინ, როცა მე მთელი ჩვიდმეტი წლით ვიყავი უმცროსი ირორდის უმცროს ბიჭზე და ორმოცდაექვსი წლით თვითონ ირორდიზე.
ჩვენს ქუჩაზე ვასოც ცხოვრობდა, არც თუ უსაფუძვლოდ თავდაჯერებული კაცი, დაახლოებით ორმოცი წლის და ირორდის ბიჭებისაგან განსხვავებით ცოლიანი გახლდათ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს "ირორდიევიჩების" მსგავსად ქალებში ევლო. იმდენად, რამდენადაც ჩვენი განუმეორებელი (ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვაცხადებ) და დაუვიწყარი ვასო არა მარტო გულიანი, არამედ ფულიანი კაციც იყო. სანამ სამსახური არ დაკარგა, მისთვის ქალების მოხიბვლა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა. მაგრამ იმ წელს ვასოს ერთბაშად ორი უბედურება შეემთხვა - სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ერთ-ერთმა მისმა ქალთაგანმა საშუალო სიმწვავის ვენერიალური დაავადებით "დაასაჩუქრა".
ქალები ჩვენთვის, ზღვისპირელთათვის ორ ტიპად იყოფიან: 1 - სარაფნიანი ტურისტები, რომელთაც სარაფნისა და ლიფის ბრეტელებს ქვემოდან გაურუჯავი და ისეთი თავბრუდამხვევად თეთრი კანი მოუჩანთ, რომ ყოველი ზღვისპირელი თავს ვალდებულად თვლის, მას საკუთარი ხელით შეეხოს და, 2 - ყველა დანარჩენი. ტურისტი ქალებიც ორ ტიპად იყოფიან: პირველები გამოუცდელობის გამო ზღვისპირა ქალაქში ჩამოსვლის პირველასავე დღეს მზის აბაზანების გადაჭარბებული დოზით მიღების გამო პამიდვრებივით წითლდებიან, კანი წყლიანი ბუშტუკებით ეფარებათ და ადგილობრივების რჩევით ტანზე ორმოც კაპიკად ნაყიდ მაწონს ისვამენ; ხოლო მეორენი, მზის აბაზანების მიღებისას ზომიერებას იჩენენ და ცხვირზეც კი გაზეთის ნაჭერს იფარებენ, რომ არ აექერცლოთ და ორმოცკაპიკიან მაწონს მხოლოდ დანიშნულებისამებრ ხმარობენ, ანუ შაქარს აყრიან და ისე ჭამენ. რაც შეეხება ზღვისპირელ მამაკაცებს, ისინიც ექვემდებარებიან გარკვეულ კლასიფიკაციას და ორ ტიპად იყოფიან: პირველები, ანუ ახალგაზრდები, უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილ ტურისტ ქალებს, გაზეთისაგან კოხტად გამოჭრილ სამკუთხედებს რომ იმაგრებენ სათვალეზე ცხვირების დასაცავად; ზღვისპირელ მამაკაცთა მეორე ტიპს, ანუ ასაკოვნებს ძალიან სიამოვნებთ თავიანთი ბანჯგვლინი მკერდის გამოუცდელ ტურისტ ქალების სხეულზე წასმული მაწონით გასვრა. ჩვენი ვასო ზღვისპირელ მამაკაცთა მეორე კატეგორიას განეკუთვნებოდა და იმდენად რამდენადაც საქმე გამოუცდელ ქალებთან ჰქონდა, დიდად არ იწუხებდა თავს უსაფრთხოების ზომების მისაღებად, ანუ რეზინის "კომბინიზონებს" არ ხმარობდა.
ტურისტი ქალები სიცოცხლისმოყვარული და მხიარული ხალხია - ეჩვენებათ, რომ ზღვისპირული ცხოვრება მხიარული რამაა და თანაც უბრალო. ამბობენ დიდი ქალაქების დაძაბულმა რიტმა დაგვღალა და სმოგით მოგვწამლა, სიმშვიდე და ყველაფერი ნატურალური მოგვანატრაო და რატომღაც ფეხებს არ იპარსავენ, მართლა სჯერათ, რომ ტრიფოლიატის პატარა ყვითელი ნაყოფი ველური ლიმონია, რომ ამ ქალაქში მართლა დაბრუნდებიან, თუ წასვლის წინ ზღვაში მონეტას ჩააგდებენ, რომ, მართლა დედოფლებს თუ არა მაჰარაჯების რჩეულებს მაინც გვანან, როგორც მათ ულვაშა ფოტოგრაფი არწმუნებს, სანატორიუმში კაცის სიმაღლე ჭადრაკის ფიგურებით თამაშისას რომ იღებს და რომ მეეშმაკისბორბლე ასევე ულვაშა ძიას, მკლავზე სვირინგი რომ აქვს "ნე ზაბუდუ მატ როდნუიუ", მართლა ძალიან უყვარდა დედა, რომლის სიკვდილიც სინამდვილეში მანვე დააჩქარა იმით, რომ ახალგაზრდობის ნახევარი ციხეში გაატარა.
ტურისტ ქალებს ძალიან უყვართ მწვადები, შამფურზე შემწვარი წიწილები, ბუნების წიაღში, გუმისთის პირას შამპანურის წრუპვა და ისიც რომ ადგილობრივი მამაკაცები მათ "მოი ციპლიონოჩეკს" ეძახიან, სახლებში დაბრუნების წინ როცა თავიანთ ადგილობრივ კავალრებს მისამართს უტოვებენ მათგან წერილების მისაღებად რატომღაც იმ სართულსაც უთითებენ, რომელზეც ცხოვრობენ და იმასაც, მათი ბინა ლიფტიდან ხელმარჯვნივაა თუ ხელმარცხნივ. გარდა ამისა ზოგჯერ თავიანთ ზღვისპირელ საყვარლებს მოსაგონრად რესტორნებში დაგროვილ ვალებს გარდა უფრო მნიშვნელოვანსა და ღირსახსოვარ რამეს უტოვებენ - ვენერიალურ დაავადებებს.
ზღვისპირელი მამაკაცები კი ზოგჯერ იმდენად გაუფრთხილებლად იქცევიან, რომ აღნიშნულ დაავადებებს თავიანთ ცოლებსაც გადასდებენ ხოლმე, ეს უკანასკნელნი კი რატომღაც ერთი და იგივეს ამბობენ.
- ქმარმა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მომაყენა! - ამბობენ თვალცრემლიანი ზღვისპირელი ცოლები. "წარმოუდგენელი შეურაცხყოფა" ზღვისპირულ ქალურ ენაზე ქმრისაგან გადადებულ ვენერიალურ დაავადებას ნიშნავს.
ვასოს ცოლმაც, იამზემაც, მკლავზე ბავშვობისდროინდელი აცრების ორი კი არა სამი, ჩვეულებრივზე ღრმა ნაკვალევები რომ აჩნდა ორმოებივით, "ქმარმა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მომაყენას" შემდეგ წარმოსათქმელი მეორე ტრადიციული ფრაზაც მოაყოლა, რომელსაც ჩვეულებრივ მაღალინტელექტუალური და გოგოლწაკითხული ქალები ამბობდნენ.
- ჩემმა ქმარმა ცოცხლად დამმარხა! - განაცხადა იამზემ. - მე ახლა გულმოკლული მოარული გვამი ვარ!
ამის შემდეგ იამზე თავჩახრილი დადიოდა. სხვა ქალები იამზეს როგორც კეთროვანს ისე უყურებდნენ და ბავშვებს მასთან მიახლოებას უკრძალავდნენ. მაგრამ იამზემ, რომელსაც აგერ უკვე შვიდი წელი იყო, შვილს ვერ აჩენდა და ძალიან უყვარდა ბავშვები, მათთვის კამფეტების ჩუქება და თავზე ხელის გადასმა არ მოიშალა.
ვასო კი ირორდისთან რჩევის საკითხავად მოვიდა. მე იმ დროს ირორდისთან ვიყავი.
- მე პადლეცი ვარ! - მანერულად განაცხადა ვასომ და ამრეზით შემათვალიერა.
- ხუთ წუთში მოვალ, - ვთქვი მე და ირორდის თვალი ჩავუკარი ისე, რომ ვასოსაც ენახა.
- Пассажир с нашего вагона!.. Я ручаюсь! - ამაყად განაცხადა ჩემზე ლავრენტიმ და მხარზე ხელი დამკრა.
- Я мигом! - არ ჩამოვრჩი მეც და ირორდის ჭიშკრისკენ გავქანდი.
ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ ირორდის სახლში დავბრუნდი სამლიტრიანი დოქით ხელში, მამაჩემის მარნიდან მოპარული ადესის ღვინით რომ იყო სავსე.
ირორდის ძალიან უყვარდა, როცა მამაჩემის ღვინით პირთამდე გაალიცლიცებდა ჭიქას, მაღლა ასწევდა და მზეს გახედავდა, სწორედ ისე, როგორც მზის დაბნელებას შევსცქეროდით ხოლმე ბავშვები ელექტროშემდუღებელი ნიკოლაი ლუცენკოს ნიღბის დაბურული მინით. ერთი სიტყვით, ნიკოლაი ლუცენკოსა და ირორდის სახლები ერთმანეთს შეჰყურებდნენ. ჰოდა, ირორდი, ბრატანკოტე და ვასო სმას რომ შეუდგნენ, ნიკოლაიმ თავისი წითელსახურავიანი სახლის მეორე სართულის აივნიდან ძალიან გაკვირვებული მზერით შეათვალიერა თავისი კარის მეზობლებიცა და მათი სტუმარიც. ბრატანკოტემ, როგორც ყოველთვის მწყურვალი ნიკოლაი ლუცენკოს მზერა ზურგით იგრძნო.
- ეს ჩათლახი რომ არ დავპატიჟოთ სლოკინი მოგვკლავს! - თქვა ბრატანკოტემ და ნიკოლაი ლუცენკო ხელით მოიპატიჟა.
ნიკოლაი ლუცენკომ ჩვენთან მოსვლამდე ლურჯზოლებიანი თეთრი პერანგი გადაიცვა, რომლის ღილებიც ჩვენთან მოსვლის შემდეგ შეიკრა. მერე ონკანს მოუშვა, რკინის სავარცხელი დაასველა და თმები გადაივარცხნა. უყვარდა ხოლმე თმების გადავარცხნა სველი სავარცხლით.
- Пассажир с нашего вагона!.. Я ручаюсь! - თქვა ირორდიმ თავის კარის მეზობელზე.
- ძალიან ბევრი მგზავრი ყოლია თქვენს ვაგონს! - შენიშნა ვასომ და ნიკოლაი ლუცენკოს წითელ ცხვირს მიაჩერდა. - მატარებელში სტოპ-კრანებსაც წითლად ღებავენ, ასე არ არის?
ნიკოლაი ლუცენკომ ირორდის წაბაძვით იზაბელით გალიცლიცებული ჭიქიდან შეხედა მზეს და პირთან მიიტანა.
- ჲриллиант!.. ჲриллиант и все тут! - თქვა ნიკოლაიმ, როცა ჭიქა გამოცალა და მაგიდას დაჰკრა ხელი.
- უ ტებია, ჩტო, ბელაია? - უთანაგრძნო ბრატანკოტემ კარის მეზობელს.
- ვასომ ცოლს ბრილიანტი უნდა უყიდოს და დარწმუნებული ვარ, იამზე მაშინვე შეურიგდება, ის კი არადა პერანგებსაც გაურეცხავს და წინდებსაც და ასე ძალიან არ ყარდეს იქნება ეს კაცი! - მიუგო ნიკოლაიმ. - ქალები ბრილიანტის დანახვაზე ყველა წყენას ივიწყებენ... საკუთარი ძმის გამოცდილებიდან ვიცი. ვასოსნაირი ცოდვა ცხონებულმა ჩემმა ძმამ თავისი ცოლისაგან ბრილიანტის ბეჭდით გამოისყიდა, მაგრამ მერე უფრო საშინელი რამ მოხდა!
- მეორედაც ხომ არ "დააჯილდოვა"? - ჰკითხა ირორდიმ.
- უარესი. აღმოჩნდა, რომ მართლა კი არ "დაუჯილდოვებია", უბრალოდ მოეჩვენა, რომ "დააჯილდოვა", მაგრამ ჩემს რძალს ბრილიანტის ბეჭედი მაინც არ დაუბრუნებია!.. ქალები ნაჩუქარ ბრილიანტს არ აბრუნებენ, წესი აქვთ ასეთი!
ამ სიტყვების შემდეგ მე, ბრატანკოტემ და ირორდიმ ერთდროულად ამოვიოხრეთ და ვასოს შევხედეთ.
- ვასოს ცოლი ვასოსგან ერთ რაღაცას მოელის... მოელის, რომ ვასომ იმაზე უფრო დაიმციროს თავი ხალხის წინაშე, ვიდრე დაამცირა თავისი ცოლი. მოკლედ იამზე ელის, რომ ქმარმა მუხლებზე სახალხოდ დაჩოქილმა ითხოვოს პატიება, ხოლო სახალხოდ მუხლებზე დადგომის საუკეთესო საშუალება ცოლისთვის ბრილიანტის ყიდვაა. უკეთესი იქნება თუ ბრილიანტი ორი იქნება, ანუ, ბეჭედი კი არა, არამედ საყურეები! - თქვა ნიკოლაი ლუცენკომ.
- რატომ ორი! - აღშფოთდა ვასო. - საიდან მოვიტანო მე, სამსახურდაკარგულმა კაცმა ბრილიანტის საყურეების საყიდელი ფული?
ამის შემდეგ სუფრაზე სიჩუმე ჩამოვარდა. ორი ჭიქის შემდეგ კი ნიკოლაი ლუცენკო ისევ ალაპარაკდა.
- ფული უნდა იშოვო! - გათამამდა ნიკოლაი. - მეზობლები ავკრიფავთ და გასესხებთ... მე პირადად ოც მანეთს ჩამოვალ!
ირორდიმ თქვა, რომ ოცდაათი მანეთის სესხება შეეძლო, ოღონდ ერთი კვირის შემდეგ, როცა ჰონორარს აიღებდა თავისი სტატიისათვის სათაურით "კოლმეურნეობაში მხოლოდ მოწინავეები მუშაობენ", რომელიც საქალაქო გაზეთში დაიბეჭდა, სადაც ის სოფლის მეურნეობის კორესპონდენტად მუშაობდა. ბრატანკოტემ კი განაცხადა, დარწმუნებული ვარ ჩემი ძამიკო კოტე ამ საქმისთვის ორმოცდაათი მანეთის სესხებაზეც კი არ იტყვის უარს, რომლის ნახევარს, ანუ ოცდახუთ მანეთს ჩემს მაგივრად ჩამოვა და შენც, ჩემო ვასო, მე დამიბრუნებ ჩემს წილ ვალსო.
- მე ვერაფერს გასესხებთ ვასო ბიძია, კაპიკი არ მიდევს ჯიბეში, - ვუთხარი მე ვასოს. - სამაგიეროდ კიდევ ერთ დოქ ღვინოს მოგირბენინებთ ახლავე!
ნიკოლაი ლუცენკომ და ბრატანკოტემ მოწონების ნიშნად ერთდროულად დამკრეს მხარზე ხელი. ირორდი და ვასო მხოლოდ მზერით მომეფერნენ.
სამი დღის შემდეგ ვასომ ირორდის უთხრა, რომ საიუველირო მაღაზიასთან ერთი კაცი გაეცნო, რომელიც მოპარული ბრილიანტის სამკაულებით ვაჭრობდა და ორას მანეთად ისეთ საყურეებს ყიდდა, როგორიც საიუველირო მაღაზიაში ზუსტად ოთხას სამოცი მანეთი ღირდა. მეოთხე დღეს ვასო, ირორდი და ბრატანკოტე ნიკოლაი ლუცენკოს ყვითელ "მოსკვიჩში" ჩასხდნენ და ვასოს მიერ გაჭირვებით ნასესხები ასოთხმოცდაათი მანეთით კერძო პირისაგან სწორედ ისეთი ბრილიანტის საყურეები იყიდეს, როგორიც საიუველირო მაღაზიაში ოთხას სამოცი მანეთი ღირდა.
მეხუთე დღეს ირორდიმ (მთელს ქალაქში დაფასებულმა პოეტმა და ჟურნალისტმა, რომელიც ყავას დღეში ექვსჯერ სამ სხვადასხვა კაფეში მიირთმევდა) საგანგებოდ შეკრებილი მეზობლების თვალწინ მხნედ შეაღო ვასოს ეზოს ჭიშკარი და ოჯახის დიასახლისს დაუძახა. იამზე სტუმარს თავჩაქინდრული გაეგება, მდუმარედ მოისმინა მისგან ცნობა იმის შესახებ, რომ მისი ქმარი მზად იყო თავი მოეკლა "მაუზერით", თუკი იამზე მისგან მორთმეულ საჩუქარს არ აიღებდა. იამზე მაშინაც დუმდა, როცა ირორდიმ აუხსნა, პატიების ბრილიანტის საყურეების საშუალებით თხოვნა მუხლზე დადგომის ტოლფასიაო, რის შემდეგ ჯერ თავის ნაღვლიანთვალება ბებერ ბულდოგს გადახედა, მერე მეზობლებს და სალაპარაკოდ მოემზადა.
- ვინ იცის, რამდენი ასეთი საყურეები აჩუქა ჩემმა ქმარმა თავის საყვარლებს... ჰოდა, წამდაუწუმ მუხლებზე დაჩოქებას რომ გადაეჩვევა, მერე მოვიდეს ჩემთან! - თქვა იამზემ.
ირორდი ასეთ საქმეებში შუამავალ კაცად ითვლებოდა, "ირორდის სიტყვა მიწაზე არ დაიგდებაო", ამბობდნენ მასზე, ჰოდა, გასაკვირიც არ იყო, ირორდის საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შექმნოდა, დიასახლისს მისგან ბებერ ბულდოგზე რომ გადაჰქონდა მზერა, ეს ერთგვარ ირონიულ მინიშნებად ჩათვალა და ძალიან გაბრაზდა.
- ჰოდა, ის საყვარლები, იმის შემდეგ, რაც გაიგეს, ვასოს ცოლი სახლში არ უშვებსო, სულ გახარებულები დადიან რომ იცოდე!.. - უპასუხა მაშინ ირორდიმ და თითქმის მაშინათვე შერცხვა თავისი საქციელის.
იამზემ ცრემლები გაჭირვებით შეიკავა და სახლში შებრუნდა.
ირორდი დიასახლისს უკან აედევნა, აივნამდე მისდია და საყურეები მაგიდაზე დადო. იამზე კი ისე შევიდა სახლში, რომ ვერავინ მიხვდა, შეამჩნია თუ არა რისთვის აედევნა ირორდი უკან. ირორდიმ, ვასოს ჭიშკარი რომ გამოიარა და მეზობლები შეათვალიერა, მეზობლები მიხვდნენ, რომ ვერც ის მიხვდა, იცოდა თუ არა იამზემ, რომ მან საყურეები მაგიდაზე დატოვა.
ბრილიანტი ქალს აკეთილშობილებს... მე კი "საბჭოთა ენციკლოპედიის" ალუბლისფერყდიან ერთტომეულში ამოვიკითხე და მთელ ჩვენს ქუჩასაც ვამცნე იმის შესახებ, რომ ნამდვილ ბრილიანტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 54 წახნაგისა. ხოლო მეზობელი ქალები იმასაც კი ამტკიცებდნენ, იამზეს ბრილიანტის საყურეები არ უხდება, რადგან დაბალი კისერი და მრგვალი და მიმქრალი თვალები აქვს, თვითონ კი უნიათო ვინმეაო, რის შემდეგაც იამზეს თვალები გამოუცოცხლდა და ძალიან ამაყი ნაბიჯებით დაიწყო სიარული გასტრონომში დღეში ორჯერ და სულაც არ ანაღვლებდა, თუ არავინ იჯერებდა, რომ ის ბოლო დროს იმდენად გულმავიწყი გახდა, რომ დილით გასტრონომში მისულს რაღაც ავიწყდებოდა და
იძულებული იყო, ნაშუადღევსაც მობრუნებულიყო. ბოლოს კი იამზე ისე გაამაყდა, რომ მას მამაკაცები მზერით მიაცილებდნენ ხოლმე. ჰოდა, მაშინ იყო გოგიტა შეროზიამ თქვა, ცხოვრებისგან ისეთი დასკვნების გამოტანა შეიძლება, რომელიც არცერთ წიგნში, თუნდაც ენციკლობედიაში არ წერია, კერძოდ ის, რომ ბრილიანტი ქალს აკეთილშობილებსო.
- ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, მუხლზე დაჩოქების ნიშნად მორთმეული ბრილიანტის საყურეების დაკიდება ქალს რაღაც ერთ კვირაში გავის ისეთ ქნევას ასწავლის, რომ კაცებს თვალებს უფართოვებსო, არ დავიჯერებდი! - შენიშნა ერთხელ ბრატანკოტემ.
- იამზეს გაგებაც შეიძლება, - შეეპასუხა ირორდი. - ხომ უნდა გახეთქოს გულზე მეზობლის ქალები, როგორც კეთროვანს ისე რომ უყურებდნენ!.. წარმოიდგინე იამზეს ადგილას თავი და ყველაფერს მიხვდები!
- ტრიპერიანი ქალის ადგილას შენ წარმოიდგინე თავი თუ კარგია! - აღშფოთდა ბრატანკოტე, მაგრამ მაინც წარმოიდგინა თავი იამზეს ადგილას და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მამამისი სადღაც მართალი იყო.
აი, ნიკოლაი ლუცენკოს კი არავის ადგილას არ წარმოუდგენია თავი, თავისი "მოსკვიჩი" გზისპირა თხრილში რომ გადაეჩეხა, როდესაც ცდილობდა გვერდი აექცია შემხვედრი მანქანისათვის, რომლის მძღოლი იამზეს ცქერით გართულიყო.
უნდა ითქვას, რომ ნიკოლაი ლუცენკო თავის მანქანას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, ის კი არადა, ცოლს იმის უფლებასაც კი არ აძლევდა სახლის დასალაგებლად გამოეყენებინა მტვერსასრუტი "იანტარი", რომელსაც მანქანის სალონის დასასუფთავებლად ხმარობდა.
- გავის ქნევასაც კი აქვს საზღვარი... და საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, დროა ვასომ თვალები გაახილოს! - თქვა მაშინ ნიკოლაი ლუცენკომ.
გოგიტა შეროზიამ კი თქვა, ნიკოლაი ლუცენკოს "მოსკვიჩის" გაბზარული კარტერიდან გამოდენილი ზეთის ნაკვალევი, რომელიც მანქანის სახლში ბუქსირით მითრევის შემდეგ დარჩა კიდევ დიდხანს დარჩება ასფალტზეო. საქმე ის იყო, რომ თვითონ გოგიტაც არცთუ იშვიათად ტოვებდა ხოლმე "სერპანტინებს" ასფალტზე, როცა ღამით უწევდა ჩვენს ქუჩაზე გავლა და პირდაპირ სიარულის დროს იცლიდა შარდის ბუშტს, მეორე დღეს კი ამავ "სერპანტინს" რაღაცნაირი იდიოტური ღიმილით ათვალიერებდა. მოდა იყო მაშინ ასეთი ჩვენს ქუჩაზე.
- იმედი მაქვს ამის შემდეგ მაინც აეხილება ვასოს თავისი ახალშემორიგებული ცოლის მიერ გახამებული პერანგების სიქათქათით დაბრმავებული თვალი! - განაცხადა ირორდიმ, რომელიც ზოგჯერ კერძო საუბრებშიც კი ლიტერატურული ენით მეტყველებდა.
ირორდი ძალიან იშვიათად თუ ცდებოდა - ძალიან დაკვირვებული კაცი იყო და იმიტომ - ერთი შეხედვით შეეძლო განესაზღვრა, თუ როგორ სუფრას გააწყობდა ჟურნალისტის საპატივცემლოდ კოლმეურნეობის თავმჯდომარე: საშუალოს თუ ნაკვერჩხლებზე შემწვარი ფეხზე დამდგარი ციკნით. მაგრამ მიუხედავად ამისა ირორდი ამჯერად შეცდა - ვასოს გახამებული პერანგების სიქათქათით დაბრმავებული თვალები არ ახელია. ვასოს არც მაშინ ახელია თვალები, როცა თავისი ავტომანქანის გაფუჭებული კარტერისა და პატრონის აკარდეონივით დაჭყლეტილი ფრთის გამო ბოღმად ქცეული ნიკოლაი ლუცენკო ყოველი დათრობის შემდეგ ხელში აკარდეონს იღებდა, ანუ ყოველ საღამოს მთელი ხმით ბღაოდა, მაშინ ძალზე მოდურ ალა პუგაჩოვას სიმღერის "ჲез меня тебе любымый мой, лететь одным крылом..."-ს.
- რითი დამთავრდება ეს ისტორია? - ვკითხე მე ირორდის გოგიტა შეროზიას წაქეზებით, რადგან გოგიტას ძალიან აინტერესებდა რითი დამთავრდებოდა მთელი ეს ისტორია.
- ერთი დიდი ავარიით, ვასოს რომ გამოაღვიძებს ისეთით! - მიპასუხა ირორდიმ.
მაგრამ ირორდი, რომელიც ძალიან იშვიათად თუ ცდებოდა, კიდევ ერთხელ შეცდა - ეს ისტორია სულ სხვანაირად დამთავრდა, მაგრამ მანამდე გოგიტა შეროზიამ თავის სენტეციაში შესწორება შეიტანა და გაუჩნდა პრეტენზია, რომ ამ შესწორებით სრულყო ის.
- ბრილიანტი ქალს აკეთილშობილებს, თუ ქმარი ბრმა არა ყავს! - თქვა გოგიტა შეროზიამ.
ნიკოლაი ლუცენკომ, თავისი "მოსკვიჩის" სალონს საგანგებოდა ამისთვის ნაყიდი მტვერსასრუტ "იანტარით" რომ ასუფთავებდა, მანქანის შესაკეთებლად თავის ახალგაზრდობის დროინდელ მეგობრებს მიმართა. ახალგაზრდობის დროინდელმა მეგობარებმა - ავტოშემკეთებელმა ძმებმა ნიკოლაის მარტო კარტერის გამოცვლაში ორმოცი მანეთი მოსთხოვეს, ამის შემდეგ ნიკოლაი ლუცენკომ, წარმოთქვა ფრაზა, რომელმაც იამზეს კუდაბზიკობას წერტილი დაუსვა.
- лучше имет сто фальшивых бриллиантов, чем сто лжедрузей, шоб вы знали! - თქვა ნიკოლაი ლუცენკომ.
ნიკოლაი ლუცენკომ იგივე რამდენიმეჯერ გაიმეორა, ხოლო იამზემ, დარწმუნებულმა იმაში, რომ მისი საყურეების ბრილიანტები ნამდვილი იყო, ნატალია შეროზიასთან კაბის შესაკერად ნაჭერს რომ ყიდულობდა მელარიოკე ნაირას გოგოსთან ერთად ვასოს საჩუქარი იუველირს შეამოწმებინა. აღმოჩნდა, რომ ვასოს ნაჩუქარ საყურეებს ყალბი ბრილიანტის თვლები ჰქონდა. არადა ვასოს, ჩვენს უიღბლო ვასოს ფიქრადაც არ გაუვლია ცოლის მოტყუება, მაგრამ მას არავინ დაუჯერა, თვით ირორდიმაც კი, რადგან ვასომ ვერაფრით მიაგნო იმას, ვისგანაც ბრილიანტები იყიდა.
ირორდიმ, ბრატანკოტემ და მე გადავწყვიტეთ, ვასო მამაჩემის ღვინით დაგვეთრო და მისთვის სიმართლე დაგვეტყუა. ჩვენ ვასოს დათრობა ორჯერ ვსცადეთ, მაგრამ ვასო რატომღაც არ თვრებოდა, სამაგიეროდ ბრატანკოტე დათვრა ისე, რომ ვასოს ჩვენს ბოროტ განაზრახში გამოუტყდა. ვასო ატირდა და სულ ტირილ-ტირილით გვაგინა დედები. მერე ჩვენც ავტირდით (ძალიან მთვრალები ვიყავით), ბოლოს ვასომ ირორდის და ბრატანკოტეს სთხოვა ოთხას სამოცი მანეთის შოვნაში დახმარებოდნენ, რათა ვასოს ნამდვილი ბრილიანტები ეყიდა და ცოლისთვის ყალბის ნაცვლად შეეტყუებინა და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეემოწმებინა ის იუველირისთვის.
- მიშველეთ, ხალხო, და თქვენზე ვილოცებ! - თქვა ვასომ.
ხოლო ჩვენმა რამაზომ, დიდი გაქანების ბიჭმა, მაგრამ უიღბლომ, თავისი გულკეთილობითაც რომ გამოირჩეოდა, ასე თქვა, კაცი არ ვიყო თუ ყალბი ბრილიანტები ნამდვილით არ შევცვალო პირდაპირ საიუველირო მაღაზიაშიო. რამაზომ დანაპირები ვერ შეასრულა, სამაგიეროდ ვასოს ოთხას სამოცი მანეთი ასესხებინა. ვასომ მადლიერების ნიშნად რამაზოს ყალბი ბრილიანტის საყურეები აჩუქა, ჰოდა, რამაზომ მათი გაყიდვა სცადა, რა დროსაც დაიჭირეს და ყალბი ბრილიანტებით იმ მოვაჭრის ცოდვებიც აჰკიდეს, ვისგანაც ვასომ ყალბბრილიანტიანი საყურეები იყიდა. რამაზოს ციხიდან დახსნაში თითქმის ყველა მეზობელმა მიიღო ფულადი მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არავის სჯეროდა რამაზოს ნათქვამის, ყალბი ბრილიანტის გაყიდვით მიღებული ორასი მანეთიდან ას ორმოცდაათის მიცემას ვასოსთვის ვაპირებდიო. ირორდიმ, ბრატანკოტემ, ნიკოლაი ლუცენკომ და მე გადავწყვიტეთ რამაზო დაგვეთრო და მისგან სიმართლე გაგვეგო. რამაზო დათვრა და თქვა, რომ ვასოსთვის მხოლოდ ორმოცდაათი მანეთის მიცემას აპირებდა. ხოლო ჩემს დაბადების დღეზე მამაჩემის მეგობრებმა ისე დამათვრეს, რომ მე მამაჩემს გამოვუტყდი, ღვინოს გპარავდი, მაგრამ მხოლოდ კეთილშობილური განზრახვით, რათა კეთილ ხალხს გავმასპინძლებოდი და იმათ კეთილი საქმეები ეკეთებინათ-მეთქი. მამაჩემმა ისე შემომხედა, როგორც ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას. მე შემრცხვა, თანაც მეწყინა და ამიტომ ავტირდი. ქუჩაში გამოვედი და ავყვირდი. ვყვიროდი იმაზე, რომ ვასო კარგი კაცია, რომ ვასოს სულაც არ უნდოდა ცოლის მოტყუება და რომ რამაზო ორმოცდაათი მანეთის მიცემას აპირებდა ვასოსთვის, მაგრამ არავინ დამიჯერა, რის გამოც მე კიდევ უფრო საწყალობრივ ავტირდი და მეზობლებს "შაკლები" და "ურწმუნო თომები" ვუწოდე. მეზობლებს ეს ძალიან ეწყინათ და არ დაიჯერეს, რომ ვასოს თუ არა რამაზოს წაქეზებით მაინც არ ვმოქმედებდი. არადა, არავის წაქეზებით არ ვმოქმედებდი და არც არავის დაქოქილი არ ვიყავი, უბრალოდ ყვირილი მინდოდა და ვყვიროდი.