კაი ყმა
არც ერთ არ გაიწურთნება!
მგელი არ მოშლის მგლობასა,
კაი ყმა - მამაცობასა,
არწივი - არწივობასა,
მთის ყურეთ თამაშობასა...
მგელი გაივლის მთაზედა -
ნამ გაბერტყილი დარჩება,
დაიხულუზნებს არწივი -
საჯიხვეებში გაჩნდება,
დასწვდება შუნის თიკანსა,
სადმე სადილად დაჯდება,
გულ-ღვიძლს ხომ შაშჭამს თვითონ და
ლეში - ყვავ-ყორანს დარჩება...
კაი ყმა, მგელი, არწივი -
არც ერთ არ გაიწურთნება!