ხალხური
გაზიარება

ნაცარქექია 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ცისმარე დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა.

ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა.

კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, - ეუბნებოდნენ ყოველდღე, - ადექი, გაისარჯე, იქეთ მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო.

მაგრამ ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გამოუშვებდა. მობეზრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აჰკიდეს, ხელში ჩხირი მისცეს, ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს:

ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი, აქ არ დაგიგულოთ, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებთო.

კარგითო, - უთხრა ნაცარქექიამ, - ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო, - და გაუდგა გზას.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა, - იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო.

თურმე ეს მდინარეცა და ადგილიც ცხრათავიანი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე მოადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხვრეპა.

დაინახა ნაცარქექიამ და ხაფი ხმით გასძახა:

ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო!

დევს ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლია და ეს ჭინჭრაქა რის პატრონია, ამას რომ მიბედავსო, და გამოსძახა: ვინა ხარ, რა სულიერი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედავო?

ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაცს გორის მდრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გასძახა დევს:

აი, შე ქინქლავ, შენა! ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი, ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შე ბრიყვო და ბაბაყურო, ხაბირიკა არ გაგიგონია, ნაცარყლაპია, ჩხირით მებრძოლი? მე სწორედ ისა ვარო! არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცას შევტყორცნი და ნაცარ-მტვრად ვაქცევო. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ! შენ მანდ აიღე ქვა, მე აქ ავიღებ, მოვუჭიროთ ორივემ ხელი და, ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო.

აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა.

დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა.

გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო?!

აბა, ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, - გასძახა ნაცარქექიამ, - გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ – და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადენს, ბიჭიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო!

გაძუნძულდა დევი იქითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერ აადინა. რიყის ქვებს ან რა მტვერი აუვიდოდა!

ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნკულდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი ააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა.

შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, - თქვა გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა, მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა, როგორც იქნა, გაუბედა და ჰკითხა:

ბატონო, ხაბირიკავ, ნაცრიყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო, ასეთი ღონის პატრონი, როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო.

რაო? მსუბუქიო? ხა, ხა, ხა, - გადაიხარხარა ნაცარქექიამ, - შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. რაკი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავი თოკით ვუჭერივარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო.

დევს ეჭვი შეეპარა, ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო, და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა:

აბა, ასძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი, მინდა შენი სიმძიმე გავიგოო.

ღმერთო მწყალობელო, აბა, ცოტათი მოუშვი თოკი, რომ ამ ბრიყვსა და ავყიას ენა დავამოკლებინოო! – ასძახა ცისკენ ნაცარქექიამ, ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჩხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა, მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშინებულმა, მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო, ხვეწნა დაუწყო:

შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს, ისევ აგწიოს, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლიაო.

მოაშორა ნაცარქექიამ ჩხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში.

ახლა ხომ დარწმუნდი, რა სიმძიმეც მქონიაო? – ჰკითხა ნაცარქექიამ.

მართლაც მეტისმეტად მძიმე ყოფილხარო, - უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა:

თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე ტყეში წავალ და სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო.

დევი წავიდა. ხმიადს ცალი გვერდი რომ დაებრაწა, ნაცარქექიამ იფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო, და დაუწყო საკეცით წვალება. წვალება-წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ხვნეშის, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ უშვრება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა.

მოვიდა დევი და, ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა, - რა დაგმართნიაო?

რა უნდა დამმართნოდა? – შეუტია ნაცარქექიამ, - ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო.

დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა.

ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამაში დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო.

მანდ რას აკეთებო? – ჰკითხა დევმა.

რას ვაკეთებ და, აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო, როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო?!

ღმერთო, ეს ვინა ყოფილა?! – გაოცდა დევი, ამოდენა თავხე მე ძლივს ბოძებზე ავიტანე და ეს კი წკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება, რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებიო. – დაჰკრა დევმა ფეხი და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა.

დევის სახლ-კარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა, წავიდა, ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა:

ძმებო, მუქთახორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ, სულ იმას მაყვედრიდით, ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი, ახლა ჩემს წილად ეს სახლ-კარი და ქონება-ცხოვრება შემომაქვს, ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია, ოღონდ ლუკმაპურს ნუღარ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო.

გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს, თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

??????