ხალხური
გაზიარება

მეჩონგურე 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ძლევამოსილი ხელმწიფე და ჰყავდა ერთი მზეთუნახავი ქალი. ქალს გათხოვების დრო რომ მოუვიდა, მამამ გამოაცხადა, ჩემს მზეთუნახავს იმას მივათხოვებ, ვინც უკვდავების ვაშლს მომიტანსო. მიდიოდნენ მთხოვნელები უკვდავების ვაშლის მოსატანად, მაგრამ უკან აღარავინ ბრუნდებოდა.

იმ სახელმწიფოში ერთი სახელგანთქმული მეჩონგურე ცხოვრობდა. ხელმწიფის მზეთუნახავი ასული იმასაც გულში ჩავარდნოდა, მაგრამ თხოვნას ვერ ბედავდა, - უბრალო მეჩონგურეს ხელმწიფე ქალს არ მომცემსო. ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა, წავიდა ხელმწიფესთან და თავისი სურვილი გაუმჟღავნა. ხელმწიფე ჯერ განრისხდა, ამ გლახამ ქალის თხოვნა როგორ გამიბედაო, და თავის მოკვეთა განიზრახა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, - ამისი ცოდო მე რად დავიდოო, სულერთია უკვდავების მცველი გველეშაპი შეჭამსო, და სხვების მსგავსად, ისიც უკვდავების ვაშლის მოსატანად გაგზავნა.

მეჩონგურემ აიღო თავისი ჩონგური და გაუდგა გზას. ბევრი იარა, თუ ცოტა, ცხრა მთა გადაიარა, ცხრა მინდორი გადალახა და მიადგა ერთი სალი კლდის გალავანს. ეს გალავანი სწორედ უკვდავების ვაშლის ბაღს ერტყა გარშემო და ისეთი მაღალი იყო, რომ ქორიც ვერ გადაფრინდებოდა.

შემოუარა მეჩონგურემ გალავანს ირგვლივ, მაგრამ კარი ვერსად უპოვა. ბოლოს გალავნის ძირას ჩამოჯდა, ჩონგური დაუკრა და ზედ ტკბილი სიმღერა დაამღერა. სიმღერის ხმაზე მთელი მთა-ბარი სმენად იქცა, ხეებმა ფოთლის შარიშური შეწყვიტეს და ტოტები დაბლა დახარეს, ტყიდან მხეცნი გამოვიდნენ, ციდან - ფრინველნი, წყარონი გაჩერდნენ და ყველა სიმღერის ჯადოსნური ჰანგით ტკბებოდა, სიმღერამ ბოლოს ქვის ყრუ კედელსაც სიცოცხლე მიანიჭა, - ერთ ადგილას თავისით გაიხნა და მეჩონგურეს უკვდავების ვაშლისაკენ გზა მისცა.

შევიდა მეჩონგურე გალავანში და გაჰყვა ვარდ-ყვავილებით მოფენილ გზას. ბაღის მცველმა პირცეცხლიანმა გველეშაპმა ადამიანის სუნი იყნოსა, დააღო პირი და შესაჭმელად გამოქანდა. მეჩონგურეს წასასვლელი აღარსაითა აქვს, ხედავს, თავდება იმისი სიცოცხლე და მზეთუნახავის სიყვარულიც და თავისი თავიც ოხრად რჩება. ბოლოს გულში თქვა, - მოდი, სიკვდილის წინ ერთხელ კიდევ დავუკრავ ჩემს ჩონგურს, ერთხელ კიდევ დავამღერებ და მერე რაც მომივა, მომივიდესო. ჩამოჰკრა ჩონგურს და ზედ სიმღერაც დააყოლა. ისევ დაიხარა ხეები, დადუმდნენ წყარონი და ნადირ-ფრინველიც ისევ შეიკრიბა. უცბად პირდაღებული გველეშაპიც შედგა, აწეული ყბა ძირს დაუშვა, ნელ-ნელა თავიც ჩამოიღო და ჩასისხლიანებული თვალებიდან ცრემლები ჩამოსცვივდა.

მეჩონგურემ დაასრულა სიმღერა, უკანასკნელად შეათრთოლა ჩონგურის ლარი და დაჩუმდა. დადგა გველეშაპის წინ თავდახრილი და ბედისწერას მორჩილად დაელოდა, გველეშაპმა თვალები გაახილა და მეჩონგურეს დანდობილად შეხედა, მერე შემობრუნდა, მოწყვიტა უკვდავების ვაშლი და გაუწოდა. მეჩონგურე გველეშაპისაგან ამას არ მოელოდა და შეკრთა. გველეშაპმა შიში შეამჩნია და უთხრა:

- ნუ გეშინია, მე შენ აღარას გერჩი. ჩემს სიცოცხლეში ასეთი ხმა არ მსმენია და არც ასე ძლიერად დავმტკბარვარ. აჰა, წაიღე ეს ვაშლი და ეწიე გულის საწადელს. დღეის შემდეგ კაცთა მოდგმას აღარაფერს დავუშავებო.

გამოართვა მეჩონგურემ უკვდავების ვაშლი და გახარებული ხელმწიფის სახლამდე სულ სირბილით მივიდა. მიუტანა ხელმწიფეს უკვდავების ვაშლი და უთხრა:

- დიდო ხელმწიფევ, მე ჩემი მოვალეობა ავასრულე და ახლა თქვენი იცითო.

ხელმწიფე, რა თქმა უნდა, პირს ვერ გადავიდოდა, გამოიყვანა თავისი მზეთუნახავი ქალი და მეჩონგურეს ჩააბარა. ქორწილიც თვითონვე გადაუხადა და ახალი სიძე სასახლის მოსაკრავეთა უფროსად დანიშნა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა,

ქატო - იქა, ფქვილი - აქა

??????