ხალხური
გაზიარება

გვრიტი 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი, ცხოვრობდა თავისთვის ერთ ხეზე, იდგამდა ბუდეს, ჩეკდა ბარტყებს და მზრუნველადაც უვლიდა, - ადრე დილიდან მზის ჩასვლამდე ფრთებჩაუკრეფლად დაფრინავდა და შვილებს საზრდოს უზიდავდა. საღამოობით დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი, ჩამოჯდებოდა ბუდის გვერდით და მიდამოს ნელი გვრინით ატკბობდა.

ერთხელაც ბარტყებისათვის საჭმლის საშოვნელად შორს მოუხდა გაფრენა და ბუდეს დიდი ხნით მოშორდა. ერთმა გლეხმა ამით ისარგებლა, ამოსხა ბუდიდან გვრიტის პაწაწინა ბარტყები და შინ წაიყვანა.

დაბრუნდა გვრიტი შორეული მოგზაურობიდან და საზრდოც - ჭიაღუა და მსუქანი მატლები - ბლომად მოიტანა, მაგრამ სადღა არიან ბარტყები? ბუდე ცარიელი დახვდა. დაღონდა გვრიტი, ბუდის გევრდით ფრთებჩამოყრილი ჩამოჯდა და მწარედ ატირდა.

ტირილით რომ გული მოიოხა, ადგა და შვილების საძებნელად წავიდა. ცოტა გზა რომ გაიარა, წინ მამალი შემოხვდა და ჰკითხა:

გვრიტო, გვრიტო, სად მიდიხარო?

შვილების საძებნელადო.

- მოდი, მეც შენი მშველელი ვიქნებიო.

- ძალიან კარგიო, - უთხრა გვრიტმა, - მშველელი და ამხანაგი კაცს სწორედ გაჭირვების ჟამს უნდაო, - და გაიყოლა.

წავიდნენ ორნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს, იარეს და წინ მახათი შემოეყარათ.

- გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? - ჰკითხა მახათმა.

- შვილების საძებნელადო.

- ეგ მამალი რაღად მოგდევსო?

- ჩემ საშველად მოდისო.

- მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.

- ძალიან კარგიო, - მიუგო გვრიტმა.

შეუერთდა მახათიც და გაუდგნენ გზას სამნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მახათი და მამალი მისდევენ, იარეს, იარეს და ახლა ფილთაქვა შემოხვდათ.

- გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? - ჰკითხა ფილთაქვამ.

- შვილების საძებნელადო.

- ეგ მახათი და მამალი რაღად მოგდევენო?

- ჩემ საშველად მოდიანო.

- მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.

- ძალიან კარგიო.

შეუერთდა ფილთაქვაც და წავიდნენ ოთხნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი, მახათი და ფილთაქვა მისდევენ. იარეს, იარეს და ახლა ვირი შემოხვდათ.

გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? - ჰკითხა ვირმა.

- შვილების საძებნელადო.

- ეგ მამალი, მახათი და ფილთაქვა რაღად მოგდევენო?

- ჩემ საშველად მოდიანო.

- მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.

- ძალიან კარგიო.

შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ სოფელში შევიდნენ, დაუგდეს ყური და ერთი სახლიდან პატარა გვრიტების ღუღუნი გაიგონეს. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეზოში და საომრად მოემზადნენ: ვირი სახლის კარებთან აიტუზა, მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვრა და ბუხრის პირას დაერჭო, გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ერდოდან ჩავიდნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჯდა, ფილთაქვა ნაღვერდალში ჩაეფლო, ხოლო გვრიტი გალიასთან მიფრინდა და ბარტყების გამოხსნას შეუდგა.

დედის დანახვაზე ბარტყებმა ერთი ჭყიპინი და კრუშ-კრუში ატეხეს. ხმაურზე კაცს გამოეღვიძა, წამოვარდა ლოგინიდან და, რომ გაეგო, სიბნელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებად მივიდა. გაჩხრიკა თუ არა ნაღვერდალი, ფილთაქვა გასკდა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა, უკან დაიწია და ბარძაყში ახლა მახათი შეერჭო. ამ დროს მაღლიდან მამალმაც დაჰყივლა. კაცს შეეშინდა და გულგახეთქილი გარეთ გავარდა. კარებთან ვირი დახვდა და გვერდებში ისეთი წიხლები უტყუპა, რომ სამი ყირა გადაატარა.

ამასობაში გვრიტმა გალია გახსნა, გამოიყვანა თავისი ბარტყები, შეისხა ფრთებზე და გახარებულმა ბუდისაკენ გააფრინა.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

??????