ნინოშვილი (ნამდვილი გვარი ინგოროყვა) ეგნატე თომას ძე, 17. II. 1859. სოფ. ყელა, ახლანდ. ლანჩხუთის რ-ნი - 12. V. 1894. სოფ. ჩიქვეთი). ქართველი მწერალი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი (1872). 1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1978 წელს "მგლის ბილეთით" გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის. 1879 - 1981 წლებში მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში (1884), მოხელედ სოფლის კანცელარიაში (1886) და სხვ. 1886 წ. გაემგზავრა საფრანგეთში. დაბრუნდა 1887 წ. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის ნავსადგურში, ხოლო შემდეგ შავ მუშად როტშილდის ქარხანაში. ეგ. ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "კვალი", "მოამბე", "თეატრი") და სხვ. ცალკე წიგნად გამოიცა მისი რამდენიმე მოთხრობა, "სიმონა" და "ქრისტინე" (1892). თავის პუბლიცისტურ სტატიებსა და მხატრულ თხზულებებში მწერალი მშრომელთა ყოფის მხატვრად, ჩაგრულთა თავდადებულ ქომაგად, მათი უკეთესი მომავლისათვის მებრძოლად წარმოგვიდგა. მოთხრობებში: "გოგია უიშვილი", "განკარგულება", "პალიასტომის ტბა", "ჩვენი ქვეყნის რაინდი" - ნინოშვილმა მშრომელი გლეხობის უსასოო ყოფას, უკიდურესს სიდუხჭირეს, მოხელეთა ძალმომრეობისა და თავგასულობა გამოხატა. გურულ გლეხთა აჯანყების ამბები დაგვიხატა ნაწარმოებში "ჯანყი გურიაში". ნინოშვილის თხზულებები მრავალგზის არის გამოცემული. 1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული. 1920 - სამტომეული, 1925 - თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული და სხვ. მძიმე ცხოვრებისაგან ტანჯული მწერალი, ჭლექით დასნეულებული გარდაიცვალა. ამ დღეს საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებმა ოფიციალურად გამოაცხადეს "მესამე დასის" დაფუძნება.