*ბიოგრაფია (გ)
XIX საუკუნის 90-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში იგი წარმოდგა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; სტატიებით, საპოლემიკო წერილებით, ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართველ მოაზროვნეთა კონცეფციებს. პირველი ლექსი "ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო" ი. ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიაში" დაუბეჭდა 1893 და მაშინვე მიიწვია მუდმივ თანამშრომლად როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე (იგი პირველი კორექტორი ქალი იყო); ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "მუნჯი", რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები ("გოგია", "იის კონა", "გვირგვინი", "საშინელი ღიმილი", "ურწმუნო ბოშა" და სხვა). პატრიოტული მოთხრობის "მარინეს" გამოქვეყნებისთანავე (1897) აღიარეს, რომ ქართულ მწერლობაში ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი მოვიდა.
განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი "პატარა ერის დიდებულნი ასულნი", "სახალხო ფურცელი", 1926, № 478); მან ერთ-ერთმა პირველმა დაარსა "ქართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა ერთგვარი სალონ-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომის ფრონტზე მყოფთ). სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის თვალსაჩინო მოღვაწეები, მწერლები და პოეტები. განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910, ლექსების კრებული - 1918. ავტორი მათში უმთავრესად წარმოგვიდგება როგორც ლირიკოსი. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა "შეჩვენებული"). აგრეთვე სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი "პოეტი", "დილა", "არა, არ ვსტირი", მე მიყვარს ჩემი სამშობლო", "საცოდავო დედაჩემო", "ნ. ორბელიანს" და სხვა. აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც. თარგმნა ჰ. ჰაინეს, კ. რილეევის, მ. გორკის, ი. ტურგენევის, ა. კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვების ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა 1898-1899 "კვალში", ცალკე წიგნად გამოვიდა 1902 წელს, წიგნის რედაქტორი იყო ი. ჭავჭავაძე. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც; დაწერა მრავალი ორიგინალური და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.