გოთუა ლევან
გაზიარება

ჭიანჭველები 

წიორას ცხოვრებაში ახალი დიდი გარდატეხა მოხდა. სულ უბრალო შემთხვევამ კი გამოიწვია – ჭიანჭველები დაინახა! ჩვეულებრივი, წვრილი ბაციფერა ჭიანჭველები.

ერთი მოზრდილი და ძველთა-ძველი ბეჭის ძვალი ნახა გველეშაპის ხევში. ქაღალდივით თეთრი იყო და გაწმენდილი. ხელში აიღო. სწორედ მის ქვეშ ჭიანჭველებს ჰქონდათ ბუდე. აირივნენ. ზოგი ბეჭზედაც შერჩა. ესენი წვრილად ნაწერ ასოებად ამოეხატა ანბანმოწყურებულს. ბუდის ჭიანჭველებმა კი ერთ ბწკარზე გაბმულად იწყეს სხვაგან გადასვლა.

ეს პირველი იყო წიორას ცხოვრებაში. თვალები რომ გამოუსაღდა, ამას კი გრძნობდა, მაგრამ ჭიანჭველების დანახვამ საოცარი შინაგანი ძალა და რწმენა შეჰმატა, ახლა ანბანსაც სრულკეთილად დაინახავდა... პირველყოვლისა, ბეჭის ძვალი წამოიღო და ირგვლივ ყოველ წვრილმანს დაუწყო ჩაძიებული ჭვრეტა... ჰოი, რამდენი რამე აღმოაჩინა! ათასგვარი მუმლი და ქინქლა, ფუმფლათა მთელი სამყარო... ჭიამაიებს ხალები შეაუნიშნა ფრთებზე, ჯოჯოებს – ხორკლები და ორკაპა ენა... ახლა ბნელაშიც სცადა თვალი: ღრმა ლაკაში მზეწვიას ბარტყი ჩავარდნოდა. უმალ თოკჩაბმული კათხა ჩაუშვა და გადაარჩინა. მეტი ვეღარ მოითმინა. დროც იყო, საჭმელი წაუღო და ვეფხის ქვაბს მიაკითხა.

ამბას ქვაბის სიღრმეში დიდი ნიში გამოჰყავდა.

- სამხარი მოგართვი...

- მომართვი, თორემ ირმის ბეჭი არ იყოს! – დაღლილ-აღრენილად და თავგაბეზრებულად შემოუტია ამბამ.

ჭაბუკს არც მიუქცევია ყურადღება. ფიქრარეულად უპასუხა:

- ირმის რძე კია დამატებით... ენამ გიყივლა – ბეჭიც არის... ცოცხლებს კი თვალის ჩინივით ვუვლი! – ახლა წიგნს გადაჰხედა, იქაც ასოები ჭიანჭველებივით ჩამწკრივებულად, სტრიქონ-სტრიქონ, თითქოს ბუდიდან ბუდეში გადადიოდნენ!

- აცლა შენი სამადლოცა და დასაცინიც გავხდი! – ძვალი დაინახა ამბამ. – ამ წერაქვზე არ წამომეგო!

მაგრამ ჭაბუკს დღეს თვალშიშიანობა გაუქრა და რაღას შეეპუებოდა. მიეტანა, წერაქვზე ხელი შეჰბედა:

- აბა, დაპურდი. წერაქვი კი აქეთ მომე. ეს ქვაბიცა და ეს წიგნიც განა მარტო შენია! აქ ძმობაა ყველაფერში!

ამბა სახტად დარჩა. შეუბღვირა, წერაქვს კი ხელი უშვა:

- შენ თავს შემომაკლავ, ბიჭო! – მერე თვალი დაატანა წიორას მუშაობას. განიდან შემოჰკარ, განიდან! კლდეში ვართ. განა გარეთ! წიაღური-მეთქი.

ნაწიბურევი ყბით ერთ ლანდზე გადაყლაპა საჭმელ-სასმელი და ისე დასჭყივლა წიორას, ქვაბმა ბანი მისცა.

- შენ კითხვა არ იცი ჯერა და წერაქვს ეპოტინები? – არც ეს აკმარა, ვეება მუშტი ხელნაწერს დაჰკრა. – მთელი გარეჯის ბერობა ფეხაკრეფით მოდის და ჩურჩულით კითხულობს! შენ ერთადერთი არა ბერი ხარ, არც ცოდვილი და წიგნს რომ იჩემებ, ირმის კიკოს ხომ არ უნდა წააკითხო?

წიორამ წერაქვი გააგდო. წიგნთან შუქზე წამოდგა...

- ვერ ვხედავდი. ვეღარ მასწავლა მამამ! ახლა ვხედავ და ვნახოთ! ყველგან ანბანი მელანდება! ჭიანჭველებივით მესევიან!..

ამბამ უეცრად შეაჩერა:

- მოიცა... მოიცა! ვინ იყო მამაშენი? სადაური ხარ?

წიორა გაჩერდა. მაგრამ გაჩუმდა კიდევაც. მოაგონდა წინამძღვრის მკაცრი აკრძალვა – “მამაშენი არ გაამხილო!”

- წიორა ვარ, მორჩილი, და მორჩა!

ჭაბუკი სხივში იდგა. მხარვიწრო და, მართლაც, კისერწიორა. ამბა უმზერდა და თითქოს პირველად ჰხედავდა. შვილი საოცრად ჰგავდა მამას. ამბამ იგრძვნო, როგორ მოაწვა სისხლი საფეთქელს, მერმე უკან დაიძრა, ახლა კიდურებში გაჰკრა...

- არ თქვა! – თითქმის უხმოდ აღმოხდა და წიგნს ეცა. ფურცლა, რჩევით იკითხა. მერმე მიყოლებით ცხვირში იბუბუნა, ვიდრე გული არ დაიცხრო. ბოლოს ისევ წიორას მიუბრუნდა: - მე ვინა ვარ – ეს იცი მაინც?

- ამბა და მორჩა! – ხელში ბეჭის ძვალი მიაჩეჩა ბიჭმა და კისერი მუდარით წაუგრძელა. ამბამ ავად გამოსტაცა:

- ბედი გქონია და მე რას დაგაკლებ? წერა-კითხვა რომ არ იცი, ისეც მკვდარი ხარ! მერმე მაინც მოგკლავ! აქ დაეგდე, ამ შენი ბედის წიგნთან! – ვეება, ქერა ბუსუსებიანი ხელი სტაცა და დასვა, მერე შავი გედის ფრთის კალამი აიღო, კბილზე შეისწორა, ახლა სამელნე გამოაჩინა, კალამი ამოაწო და ბეჭზე მხედრული ასოები ჩამოუწერა: - აჰა, წერე და შალე, იზეპირე! ირმის ბეჭით დაიწყე და ვეფხის წიგნზე გადადი! მოკვლით კი მაინც მოგკლავ!

მერე ისევ წერაქვს დაავლო ხელი და კლდეს ახალი ძალით შეებრძოლა.

- ვხედავ! დიდებულად ვხედავ! – აღმოხდა წიორას და თვალები ცრემლმა დაუნისლა, ამოიწმინდა და ისევ ყოველი ასო მკაფიოდ გაარჩია, მნიშვნელობაც თითქმის ყოვლისა უკვე ახსოვდა. ხუთიოდ ასო შეეკითხა დამატებით. მერე წერა და იმეორა, ვიდრე სულ არ აავსო ბეჭი. ახლა ლაკვასთან გაიქცა, წყალი ამოიღო და ბეჭს ასხურა, ქვიშით გაუხეხა ცალი მხარე, ასოები გადმოიწერა, თან ხმამაღლა იმეორა. ახლა მეორე მხარე ხეხა და წერა, ვიდრე უმცდარად არ დაიზეპირა, ბოლოს სულ წაშალა და პირველ სიტყვად “ჭიანჭველა” დასწერა, მერმე – “მზეწვია”, “ირემი” და “გარეჯულა”. ახლა კი ამაყად წავიდა ვეფხის ქვაბში.

წიორას, მამის წერილისა არ იყოს, “სწორედ საოცარი მეხსიერება” აღმოაჩნდა. ზეპირად იმახსოვრებდა ერთხელ წაკითხულს. კითხვაშიაც მალე ჩამარცვლა და აერთა სიტყვანი. წიგნის ირგვლივ თავისებურად შემეგობრდნენ მოწაფე და მასწავლებელი, მაგრამ ხშირად დაობდნენ კიდევაც. ზეპირად ნათქვამში, თითქმის ყოველთვის, მოწაფე სჯობდა. ამბა წყრებოდა და ისევ მოკვლის მუქარით წამოეტოტებოდა, მაგრამ მოწაფე წიგნს იყენებდა მოწმედ და მსაჯულად... და ისევ ცოცხალი რჩებოდა.

ერთხელ წინამძღვარი წააწყდა მათ ჩხუბიან კითხვას. მისი შესვლა ქვაბში არც კი გაუგიათ ვეფხის წიგნის მოჩალიჩეთ. აღარც წინამძღვარს უმჟღავნებია თავისი აქ ყოფნა. “უკეთუ ის ნაკრძალი წიგნი ასე “გზად და ხიდად” დადგა შურისმაძიებელ გვართა შორის, დაე, მე ხელს არ შევუშლი!” – ხელები ერთმანეთს შეაშმუშნა და გარეთ გავიდა. – “დიდება, შენდა, ღმერთო! არც ხელს ვუმართავ, მაგრამ არც ვებრძვი! ხანდახან უდიდესი სიბრძნეა თვალის დახუჭვა!

??????