გოთუა ლევან
გაზიარება

ცხოვრება იწყება წყალდიდობით 

იმ დღის განთიადი, სხვა განთიალებისაგან არაფრით არ განსხვავდებოდა. ალბათ, არც გაზაფხული იყო სხვაგვარი.

მტკვრის ხეობაში საამო ნიავი ჰქროდა. გაღმა-გამოღმა ჩაყოლილ ქედებს ცა მწვანე, უსწორმასწორო ჩარჩოში ჩაესვა. მათ გადაღმართში კი უკვე მზე იგრძნობოდა. უჩინარი სხივების მოგვირგვინებული ნაშუქი ბაციფრად გაჰკროდა ღრუბლებს, ნისლს, მდინარეს...

არწივმა დაასწრო მნათობს. მზე თითქოს მის ფრთებზე ამოდიოდა.

საარმაზოში, ღრმად ჩაჭრილ მტკვრის ტყიან მოსაბრუნებში, ჯერ ღამის ჩრდილი იყო. ჭოტის ხმა ისმოდა, მაგრამ უკვე ყიოდა ხოხობიც.

აქ, ვიწრობში, ყველაფერი ჩასწვრივ შერეულად და ერთი-მეორეში გადასულად მიილაკნებოდა – რკინიგზა, გზატკეცილი, მავთულების ქსელი, მდინარე, მთები, შემორჩენილი ტყე და ჭალა.

ლიანდაგის ახლოს, ყრუდ და ბიამანად მირჩენილ ჭალიანში დიდი ბერტირიფი იდგა. მისი ღრუმრავალი ტანი მტკვარზე ჯერ გადაწოლილად, მერმე აკუთხულად აზიდულიყო. თავისი ახალნაყარებითა და ძირზე ნაზარდებით უეცარი უღრანი შეექმნა, ხოლო მის ირგვლივ მთელი სატირიფოს სამყარო შეყუჟულიყო.

სულ მაღლა, ღრუში, თავდადი ბუ იჯდა. თავის ბახალებს ფრთებს უფრატუნებდა და იძახოდა, გაჰკიოდა გაუკითხავად.

კენწეროს ჩხაში, მოშლილ ბუდესთან, გახევებულად ატუზული წერო ქანდაკებას უფრო ჰგავდა.

ქვევიდან მოფრენილი ყვავიც ტირიფზე შემოჯდა და სატირიფოს გადასჩხავლა. ბუმ აღმამრულელ ახედა მჩხავანას და შეუტია:

- ყვანჩალავ! არ გათეთრდა შენი ჯიში.. რა დღეს გვითენებ! რას დაგვჩხავი?.. ნუ გვაშფოთებ საბუეთს!

- არც შენ ხარ თეთრი, ბნელეთის ბაიყუგო! – ახლა აქეთ მოაჩხავლა ყვავმა. – ყველას რომ თავისი ჰგონია ქვეყანა! ნამდვილი პატრონი კი ჯერ არსად ჩანს!.. ეს კი სატირიფოა და არა საბუეთი! ყვა, შე ყვავის ლუკმავ!

- ლუკმადაკარგულო! თეთრი ბუ კიდევ არის, თეთრი ყვავი კი აბა სად გაგონილა ამ შევიწროვებულ ქვეყანაში? დიადაც ბუ ვარ! და არც სხვაზე ნაკლები ფრთოსანი! გახლავართ დაბრძენებული – ღამეში გაძევებული!.. ამიტომ ბოროტად და მზაკვარ მტაცებლად მთვლიან.

- ჰოდა, არა თუ?

- ნამდვილად კი დედამიწაზე ორი დიდი მტაცებელია – არწივი და ადამიანი! სხვებიც არიან, ამათ მე დღე წამართვეს. მაგრამ შენისთანები, აბა, რაღა სახსენებელია, შავრეგვენო!

- ხეობაში მე ყველაზე უხუცესი ვარ! აქ წინათ სხვა, უფრო დიდი და ახოვანი ტირიფი იდგა. ტყეც უღრანი იყო. ეს ოქროს ღელეც უფრო ლაღად სჩქეფდა. არც ლიანდაგი ჰკვეთავდა არეს... გესმის, თვალებცეციავ!

მატარებლის გუგუნმა და ელმავლის საყვირის ხმამ გაბმით გადაუარა სატირიფოს.

- მესმის! – ყბამრუდედ გაეპასუხა ნაწყენი ბუ. – მზე რომ არწივს ამოაფრენს, ამ ღრუში შევძვრები და აქედან შეშფოთებით ვუმზერ ქვეყანას. კიდევ კარგი, რომ ამ ჩვენს ბუნაგს ადამიანმა ჯერ არ მიაქცია ყურადღება. მხოლოდ არწივი გვძალავს. შეხედე წეროს, ჯერაც ვერ მოუგლოვებია ბუდის მოშლა!

- ეჰ, მეც ასე ვარ. მარტოხელად დავეხეტები! აბა, ხეირი ნახეთ! ყვა! ყვა! მეც მყუდრო კუთახეს დავეძებ და ვერ მიპოვნია! – ყვავი აფრინდა და მტკვრის დენას ისევ აჰყვა.

მზე გადმოადგა ქართის მთას. ქედებზე გასხლიტა დილის სხივი. ქვევით ხეობაშიაც უწვდინა. შეაღვიძა მტკვრის ნაპირიც.

შეხმიანდა ჭალა. ძირობებში აკაკანდნენ და ამზეურდნენ ფეხწითელა კაკბები. სატირიფოსთან, კლდის შუროში, უღარო წყაროს თავთან, ყივილით აფრინდა ხოხობი, ტირიფის ტოტზე შეხტა და თავბოლო კოპწიად მოიღერა.

- დილა მშვიდობისა, სატირიფოვ!.. თქვენც წერო-ბუებო, ბატ-კვატებო!

ტირიფის გამოშიშვლებულ ფესვების ბოლათში აჭყუმპალავდნენ გარეული იხვები. თავ-ტანი ჩაიბანეს, ბრტყელი ნისკარტებით ჩაივარცხნეს ფრთა-ბოლოები და აყიყინდნენ:

- კვატ-კვატ! გამარჯობათ!

- ვაშა და გამარჯობა! – დაბურულ ღვიას წიწვნარიდან გამოჭახჭახდა შაშვი, კლდეს გადმოევლო და სურომორეულ ხეზე შეჯდა. – აქა მშვიდობა და კარგად ყოფნა, ყველას ერთობლივ! – ჩხიკვ-კაჭკაჭებო! დღეს რაღაც გაგიტკბათ ძილი? ყვავმა კი დაგვასწრო, დაგვჩხავლა და გაგვეცალა!

- შავჩოხოსანს ჩხი და გამარჯობა! – მიაძახეს სუროდან და ბროწლიანიდან გამომძვრალმა ჩხიკვებმა, ზედაც ერთი ჩხივილი და მიფრენ-მოფრენა შექმნეს.

- დახე მაგასა! მე ოფოფი მეგონა! ეს კაჭკაჭელა თავისი კაჭკაჭუნებით არ ჩამოგვისახლა სატირიფოში!

- ჩხი! ჩხი! მაგას აქ რა ხელი აქვს! ხილს ქვევით არის საკაჭკაჭო!

- აღარ არის, თორემ აქ რა მინდოდა?! – თავი ჩაჰღარა დედა-კაჭკაჭმა.

- თქვენ იქაც ვინ რას გერჩით, ან ვინ რას დაგაკლებთ?!

- მეზობელო, ლმობიერო! ძლივს გამოვასწარით. თქვენი ხიზნები ვართ! შეგვიწყნარეთ! თქვენც ხომ არწივები, ან ადამიანები არა ხართ! რაღას მაკაჭკაჭებთ?! – აკაპასდა კაჭკაჭი და თავის დაფრენილ ბარტყებს ბოლო გადააფარა.

- ჩავლილ ელექტრომავლის ხმას გაღმიდან ხარირემი გაეპასუხა. ყველამ მტკვრისაკენ მიიხედა. ჩხიკვი კი სულ ნაპირა ტოტზე გადაჯდა:

- - იმ უბედურს თავისი დაკარგული ცალი ჰგონია!

- კი არ ჰგონია, აგონდება!.. ამ მატარებელმა არ მოუკლა! ჯერ შუბით დააბნია, მერმე გასრისა! – ამოიგმინა ბუმ. – რას არ მოიგონებს ადამიანი!

გაღმიდან ირემი მოცურავდა. ბქურჩხა რქებს მოარწევდა. ერთ-ერთ როკზე შოშია შემოჯდომოდა და ფრთებს იქნევდა.

- არიქა, ირემო! შენც მომეხმარე... ფეხები აფხაკუნე, თორემ დაგაგდებ და გაგიფრინდები! მერმე იკითხე! დახრჩობას თუ გადარჩი, ხიდსქვევით ჩაგვიტანს. მერმე ნახე, როგორ გაგატყავებენ, რქებს დაგაცლიან, საყასბოში ჩამოგკიდებენ!

- მერმე შენ რა იცი, სად არის საყასბო?

- ხიდსქვევით არის, ქა! ხიდსქვევით!

- ჰოდა, დაგეხმარები რაც შემიძლია! ცოტა სული მომათქმევინე, სატირიფომდე გავატან. შენც გაგიყვან!

ზემოდან მტკვარ-მტკვარ, გარეული ბატი მოფრინავდა. მას უეცრად გაჩენილი არწივის ჩრდილი დაედევნა.

- ჰაიო! არიქა! ჰაერში არწივი!.. არწივი! – აკრიახ-ჩაკრიახდნენ ფრინველები. ყველა შეეფარა და გაინაბა.

ჰატმა ჰაერშივე წაიგრძელა კისერი, ფრთები მოჰყარა და ტირიფის ახლო, ჩრდილდაკრულ მტკვრის ტალღას მიაშურა, ჩაჰყვინთა.

არწივმა ჩამოუქროლა, ჭვანგი გაჰკრა წყალს და გაწბილებული ისევ ამაღლდა, წყლის წვეთები აიყოლა.

- გადარჩა! გადარჩა! – გულზე მოეშვა ყველას.

ახლა ჩხიკვები და კაჭკაჭები ჰაერში აჰყვნენ არწივს. მტაცებელმა კი უეცარი ირაო დაჰკრა, ჰაერშივე შეტრიალდა, ჩხიკვ-კაჭკაჭები მოიგერია და ტირიფის ჩრდილში განაბულ იხვებს დაეცა. ერთ-ერთს გაჰკრა კლანჭი, აიტაცა. ქარმა მთელ სატირიფოს მოსდო იხვის ბუმბული და განწირული ხმა.

ჭალაში შეიქნა ფოთოლთ შრიალი და ჩქამი. წყაროს თავზე, კლდის შუროში, დათვი გადმოდგა.

- წაიღო?

- კიდევ წაიღო!.. გაიტაცა! – აყიყინდნენ გადარჩენილი იხვები. – ვინ დაგვიხსნის ამ მტაცებლისგან?!

გადარჩენილმა ბატმა კი თავი ამოჰფო და ტირიფის ფესვებთან ამობაჯბაჯდა. მღელვარებისაგან ვერც სიტყვა ამოიღო, ვერც ასისინდა.

მალე წავიც ამოძვრა წყლიდან... ბეწვი გაიბერტყა და ბატს გადარჩენა მიულოცა:

- ბატ-ბატონო! შენცა და მეც ახლად დაბადებულად უნდა ჩავთვალოთ თავი!

- სო... სო... სო... სწორია! – ძლივს ამოისისინა გულშემოყრილმა.

ბუმ ყური მოჰკრა მათ საუბარს, ღრუდან ფრთა დაუქნია:

- შე წყალმძრომელავ, წუხელ ისევ ქვევით წახვედი?!

- ხიდზე ვიყავ, ადამიანების ხიდზე! რა და რა რკინის მხეცები და ბუნაგები არა ვნახე!

- აბა შენ თუ ხაფანგში არ მოხვდე! გირჩევნია, შენს ტყავში დაეტიო! შენს კვალზე ჩვენც არ მოგვაგნონ! საერთო თავსატეხია!

- მეც საერთოზე დავალ ბრძენ-ჭოტო, გადასახვეწის ძებნაში ვარ! აი, ვერა ხედავ? არ გესმის?

ისევ გუგუნი და მატარებლის საყვირის ხმა გადაევლო სატირიფოს.

- ჩაიარა მატარებელმა!..

- კიდევ კარგი, რომ ჩაიარა. აქეთ არ გადმოუხვია, როგორც არწივმა! – აყიყინდა ბატი, ფრთები ჩაიწმინდა, ოქროს წინწკლები ჩამოიყარა. – მე კი, დაფეთებული, ისევ ოქროს ლამში მოვხვდი.

ბუმ ხელად ყური სცქვიტა:

- არწივის ბრჭყალებს ახლა ეგ გერჩიოს. მაგრამ მიხვეტ-მოხვეტე აქაურობა, ნიშანი რამ არ დაგრჩეს!.. მატარებელი აქ რას გადმოუხვევდა, თავის ლიანდაგზე მიდის, ოქროს ლამი კი ისევ წყალში ჩაჰყარე, თორემ თუ მოაგნო ადამიანმა – დედა-ბუდიანად გადაგვთხრის!

სატირიფოში ისევ შოშმინი ჩამომყარდა. ბატმა ოქროს ლამი ფრთებით ისევ წყალში გადაჰხვეტა და უკვე ღაღანა ხმა ამოიღო:

- ეჰ, ყველა რომ თავის ლიანდაგზე დადიოდეს, რა გვიჭირს! ყველას ეყოფოდა ადგილი, ქვეყანაზე არ იქნებოდა ამდენი უბედურება და ძალაობა!

ტირიფთან, ნაპირ-ნაპირ, მელამ ამოიარა. ბატმა თვალი მოჰკრა და წყალში გაერიდა. მელამ მეტისმეტად იწყინა:

- არა, ბატ-ბატონო! თავს ნუ მარიდებ, თავი ნუ მომიკვდება! როგორ გეკადრება! განა შინაური ბატები ცოტაა, შენ რომ არ შეგაწუხო?.. აგერ, სულ ახლო, არმაზში, ვეება საქათმეა გაშენებული!

- მერმე, შე მსუნაგო, შინაური და გარეული, მით უფრო შეჭმის დროს, რამ გაარიგა? – ხიდან გაუჯავრდა ხოხობი.

მელია კუდიანად დაიგრიხა:

- ჩემო კეკლუცო, შენც თუ ფიქრობ, რომ ცხოვრებაში შეჭმა არის მთავარი? გადაგვარდა სახოხბეთიც? მე ზნეობის დამცველი ვარ და გულს ნუ გამიტეხ, შენი ჭირიმე, ანჩხლი თვალით ნურც გადმომხედავ!

- აი შე კუდბაწარავ! დახე, როგორ მელიზღვება კიდევაც! – გაინაზა და გაკეკლუცდა ხოხობი.

ტირიფის კენწეროზე გაშეშებული წერო უცბად შეირხა და ყელი წაიგრძელა:

- ხმა გაიკმინდეთ, ბედკრულებო! რაღაც ხმა ისმის!

ყველა სმენად იქცა, სწორედ ამ დროს თავისებურ კვესკვესით შემოფრინდა კოდალა, ტირიფის ტანს მიასკუპდა და ნისკარტი აარაკრაკა.

- კოდალავ, იქაც შენ იყავ? – ჩამოეკითხა წერო.

- არა, იქ ვიღაც დიდი კოდალაა!.. ხმა-რაკრაკიც სხვანაირი აქვს!

ნადირთ ბილიკით შემოვარდა დაფეთებული კურდღელი:

- ვიღაცა მოდის! მოხმიანობს... მოილაჯება! ტყიურის ხმას არა ჰგავს, არა!

- სულ ასეთ გულის ხეთქვაში უნდა ვიყოთ? – ისევ ყელამდე წყალში ჩადგა ირემი. გაღმა გასაცურად მოემზადა. ყველა გაინაბა, გაფაციცდა წეროც.

- ვგონებ, სულ დაიღუპა ჩვენი სატირიფოს მყუდროება!

ბუმ ფრთა დააფარა თავის ბახალებს, ღრუში ჩააძვრინა, ხმადახშულად, მაგრამ სხვების გასაგონადაც, ჩურჩულით იქადაგა:

- ახლა ალღო იკრიფეთ! ალღო! არ წავაგოთ თავიცა და სატირიფოც! მოდგმას გაუფრთხილდით, თქვენ-თქვენ მოდგმას! ქვეყანაზე ყველას თავისი სურვილი აქვს! ბოროტების გარდა – ყველა დასანანია!

განაბულ სატირიფოში გაისმა ცულის ჩეხვის ხმა.

- ხეებს სჭრის, ჰკაფავს ვიღაცა! – ყურები წინ წამოჰყარა ირემმა.

- ეს უკვე ადამიანია! – შეშფოთდა და ყველა შეაშფოთა ბუმ. – ტყუილად კი არ დაგვჩხავლა ყვავმა!

ფერდის ძეძვნარში რაღაც მოძრაობა შეიქმნა. ვიღაცა კაფვა-კაფვით მოიკვალავდა სავალს. მომდგარი ძეძვების ალყას გამოატანა, ჭინჭრები გამოთელა, მისხეპ-მოსხეპა. მზეზე ალაპლაპებული მოქნეული წალდის ნასხივმა თვალები დაუბასრა ჩადარაჯებულ ტყიურთ. მერმე ბიჭი გამოჩნდა. უკაფ-ნაკაფში გამოაღწია და ძეძვების ჯაგნარს დაერია, მუსრი გაავლო.

განაბულ სატირიფოში კი შეშფოთებამ იმატა. წალდის ყოველ მოქნევაზე, ახალ ძეძვის მოჭრაზე, უფრო დაბლა, მიწაგაკრულად იბნიდებოდნენ მიჩიხული ჭალის სულიერნი.

მელიამ გაბედა, თავი გამოჰყო, უფრო ახლოდან დაზვერა და დაყნოსა ვითარება. ცოტა გული მოიხალვათა, სხვებსაც იმედმოცემულად გადაუჩურჩულა:

- მოზარდია, ტანპატარა ჩანს! ვგონებ, არც ისე დიდია საფრთხე.

- პატარა ადამიანი – პატარა უბედურებაა, დიდი ადამიანი – დიდი უბედურება! – ისევ აბუბუნდა ბუ.

- გვაცალე! ადრევე გულს ნუ გვიხეთქავ! შენ ყველაფერს ღამის თვალით ჰხედავ. ჯერ მხოლოდ ძეძვებს ჰკაფავს! ეკალ-ბარდს გვაშორებს, - ირემი ისევ ამოვიდა წყლიდან და უფრო ახლოდან გაჰხედა მოსულს.

- ჰო, ჰო! ეგრე იწყება. ჯერ ძეძვები, მერმე ძეწნები! ჯერი ამ ტირიფზედაც არ მოდგეს! – დარდიანად ადუღდუღდა ღამის ფრინველი.

- აბა, სმენა და სიფრთხილე! გამოჩნდება, რაცა სწადს! როცა ძალა არ გაგაჩნია, მაშინ მოთმინება ყველაზე უმჯობესი იარაღია! – წერო უფრო ქვევით ჩამოდაბლდა და ხშირ ფოთოლნარში შეიმალა.

მოზარდმა კი ძეძვნარში გააფართოვა სავალი. ახლა კარგად გამოუჩნდა სვანური ქუდით ვერჩაფარული ხუჭუჭი თმა და დიდი შუბლი.

ბოლოს ძეძვის ბუჩქი სულ ერთიანად ამოჰკაფა ბიჭმა. ძირიც მოუთხარა.

- რა შავყამირა მიწაა?! – ხელით მოაფხვიერა გაჩენილი ორმო. ძირები და ნაკაფი მტკვარში გადაჰყარა და გავიდა ტირიფთან.

- ამას დამიხედე, როგორ გადაწოლილა მტკვარზე! დედასავით არ გადაჰფარებია!

ტირიფს ძირებში გაუძვრა, მოუსინჯა.

- ეჰ, ფესვები მოლპობია!

ახლა ტირიფის გადაწოლილ ტანზე შედგა ფეხი. ხავსი მიწმინდ-მოწმინდა. სოკო და ეკალი გააცალა, ამოსული ტოტები გადაუზნიქა და მტკვარს თავზე გადაადგა.

- რა ადგილია! აი ბუნების მყუდრო კარი და კუთხე! ჩემია! არავისი იყო! ვიპოვნე და ჩემია! – ფეხი დაჰკრა ტირიფს. თითქოს მთელი სატირიფო შეზანზარდა. განაბულ-განრთხული ფრინველ-ცხოველები შეძრწუნდნენ და ტირიფის თავ-ღრუში მიმალულ ბუს შეჰხედეს. მანაც თავის ქნევით გადმოიხედა.

- ჰმ, ჯერ ხეირიანად არც მოსულა და უკვე იჩემებს!

მოზარდმა კი ისევ წალდი ამოიბრუნა, ტოტები მისწი-მოსწია, განზე გაიხედა, წყარო-ნაკადი დაინახა.

- ეჰე, წყაროც ყოფილა! მართლაც, ზღაპარივით ადგილია! ჩემია და მხოლოდ ჩემი!

- დახე! დახე! წილსაც არ გვიდებს! – ჩურჩულმა ჩაირბინა განაბულთ შორის.

მლზარდმა კი ხელები დაიკაპიწა და ტირიფის ძირზე ამოსულ ერთ-ერთ კარგ ნაყარს თვალი დაადგა.

- ფრთხილად, ჩიტო-გვრიტო! ვგონებ, ეს პირდაპირ ტირიფიდან, შენი ბუდიდან იწყებს ყველას ბუდის შლას!

ჩიტი-გვრიტი უფრო გაინაბა თავის ბუდეში, ჯერ ყვითელნისკარტა ბარტყებს გადაეფარა. მთელი სატირიფო ახლა მას უმზერდა და ღელავდა.

მოზარდმა კი წალდი შემოჰკრა ნაყარს. ერთი-ორი მოუნაცვლა. ნაფოტები პირდაპირ მტკვარში ცვიოდა. ახლა თევზები ააფორიაქა.

- აქ თევზიც ბლომად ყოფილა! – გაეხარდა ყმაწვილს, ახლა სხვა მხრივ ჩასჭრა ნაყარი და ხმელეთისკენ გადააწვინა.

ჩიტი-გვრიტი შეძრწუნებულ ზიავით გადაფრინდა, ბარტყები კი უმწეოდ გადმოცვივდნენ.

- ჰაიო! ჰაიო! – უეცრად მრავალხმიანად აგნიასდა სატირიფო.

ბიჭი შემობრუნდა. ყველამ ხმა ჩაიკმინდა, გარდა აჭრიახებულ ჩიტი-გვრიტისა.

- ეს რა მიქნია! – ჩამოვარდნილი ბარტყები შენიშნა ბიჭმა, მივარდა, ხელში აიყვანა. ტირიჭის მოჭრილ ნაზარდზე ბუდე შეამძნია, დაუზიანებლად მოაშორა. ახლა უფრო დიდ ნაყარზე გადაიტანა, ჩაამაგრა და აჭყივლებული ბარტყები შიგ ჩასვა. თავად კი ისევ მოჭრილ ნაყარს სწვდა, ტოტები ზომიერად შეუსხეპა და ნაძეძვარ ორმოში მაგრად ჩასვა. წყაროს წყალიც ზედ მიუშვა.

- საირმეთს ვფიცავ, აქ რაღაც სხვა ამბავია! – წაუჩურჩულა რქოსანმა გრძელყუროსანს.

- ბუს ვკითხოთ! მაგან უფრო იცის აზრის ამოხსნა!

- სხვა ამბავი?! დაღუპვის პირია და ეს არის!

- მოიცა! მოიცა!.. ბუ-ჯიუტავ, ვერა ჰხედავ, ბუდე ახალ ადგილზე გადაუტანა! – ჩამოსძახა წერომ.

- არც ტირიფი მოსჭრა! პირიქით, ახალი ნერგი დარგო! – კოდალა ბერ-ტირიფიდან ახალდარგულზე ღიად გადაფრინდა და თავისებურად მიუკაკუნა.

- საღია! ძირებს გაიდგამს, დაფესვიანდება!

- ეგ უფრო ეშმაკი რამე ჩანს, - კეფა მოიქექა ბუ-ჯიუტამ. – ძეძვი კი მოსჭრა, მაგრამ ჯერ არა მჯერა, ისევ ამოიყრის. რაც ძეძვია ბუნებაში, ის ადამიანია ცხოვრებაში!

- შენ სულ ეგრე იცი, უჯერ-მაჯერავ! – აყიყინდნენ ბატ-კვატები.

ბიჭმა კი ახლა წყაროს მიაშურა, პირი მოუწმინდა, ჟვერო გადაჰყარა, ლაქაშები გაუგლიჯა. შემხმარ ხეს ქერქი გააცალა, ღარად დაუდო, ზედ დაადინა, შესვა და სული მოითქვა.

- ოქროს წყარო ყოფილა!

- ოქროსიო?! ოქროსიო?! – ჩურჩული ჩაიკლაკნა ტყიურთ შორის. – იგრძნო? გემოთი მიხვდა?! ეს რა გრძნეული გული ჰქონია!

- რაღა იყნოსა! მაგას ჩემზე უფრო გრძელი კუდი უნდა ჰქონდეს! აბა, ერთი გამასინჯეთ! – გამოცოცდა მელია.

ბუმ უფრო დააცეცა თვალები:

- სხვამ არავინ ამჟღავნოს თავი! მაშინ რაღა გვიხსნის!.. შენ კი გაიტყუე სადმე, ვითომ დაჭრილი ხარ!

მელია მიწაზე გახოხდა, წყაროსთან ბალახებში შეძვრა და კუდი აბზიკა, გამოაჩინა. ბიჭუნამ დაინახა, აუჩქარებლად მობრუნდა:

- რომელი ხარ? კუდს ვხედავ და მელას ვერა!

მაგრამ ამ დროს მიწას ისევ დიდფრთიანმა ჩრდილმა გადაუარა.

- ფრთხილად! ჰაიო-.. – წამოიძახა წერომ. – ყველამ ჩვენ შემოგვიტია: ციდან არწივმა და მიწიდან ადამიანმა! ნეტა უარესთ შორის რომელია ჩვენთვის უმჯობესი?

- გამოაჩენს, საქმე გამოაჩენს! – ასძახა ირემმა.

არწივმა კი ისევ ჩაუქროლა სატირიფოს. ხიდან გადაფრენილ ხოხობს გაედევნა, მაგრამ ხოხობმა წყაროს მიაშურა, იქვე მაყვლის ბუჩქში შეძვრა. არწივმა ახლა ბალახებიდან ამოწეული კუდი შენიშნა, მას გაჰკრა ჭვანგი და მელია ამოატრიალა.

- ჰეჰეი, არწივო, რა ხელი გაქვს?! – მოზარდმა ქვას დასტაცა ხელი და გამეტებით სტყორცნა. – აქეთ აღარ დაგინახო! აქ ყველაფერი ჩემი სამფარველოა, ხოხობიცა და მელაც! გაიგე?!

არწივმა ქვა აიცდინა, თვალბრიალად ჩამოჰხედა ბიჭს.

- კრა! კრა! შენ ვინღა გამოჩენილხარ?! როდის გამოიჩეკე? კრა! კრა! კიკო! კიკო!

- კრა, კრა კი არა, ბაკურ, ბაკური ვარ და აქედან გამეცალე- ახლა ჯოხს დასტაცა ხელი და შესტყორცნა შემობრუნებულ არწივს. ვერც ის უწვდინა, და გაგულისებულად მიაძახა: - დახე ამ მტარვალსა! როგორ დათარეშობს!

ბიჭი დამფრთხალ ხოხობსა და მელას მიუბრუნდა. არწივმა კი კლდეს მოუარა და ახლა ზურგიდან შემოუტია მოზარდს.

- ჰაიო! არწივი! ბაკურ-კიკო! – ბუმ პირველმა ასტეხა ყივილი. მერმე ყველა აჰყვა.

ბაკურმა მოასწრო შემობრუნება და დროზე წახრა. არწივმა კლანჭი გაჰკრა და ჭვანგებში მხოლოდ ბაკურის ქუდი შერჩა. ბიჭმა კი ქვევიდან მოასწრო წალდის ამოქნევა. ნიღრი ფრთის ბოლოში მოსდო, ბუმბული გააყრევინა.

- გაჰკენწლა! გაჰკენწლა! – აჟრიამულდნენ ჩხიკვ-კაჭკაჭები.

არწივმა ერთიც დააბორიალა ფრთადიდი და სატირიფოში ქარი ააყენა. ბაკურს ჯიქურად შემოუტია.

- ჰაიო! მოვიდა! არიქა! – ახლა უკვე მთელი სატირიფო ახმიანდა და საფრებიდან გამოიშალა. ბაკურთან ყველაზე ადრე წერო და ირემი მივარდნენ და წინ გადაეფარნენ. კლდეზე ატოტილი დათვიც გადმოდგა. წავი ფეხებში გაუძვრა ბაკურს და მის დასაცავად მოიზიდა. ფრინველები ჰაერში შევარდნენ და ჭრიახ-კრიახით რკალად დაუარეს ბაკურს. ბუც კი გადმოძვრა ღრუდან და ფრთები აასავსავა.

- ბაკურმა წალდი შეამზადა და მედგრად დახვდა არწივს.

- - ქუდი დამიბრუნე, თორემ სულ ერთია, მოგაგნებ! მიწაზე ხომ ჯდები სადმე!

არწივი ჰაერში შედგა, შემაღლდა და ყივილით გადმოსძახა:

- დამაცადე, მიწახოხიავ! ქუდს კი არა, თავსაც დაჰკარგავ! გიტირებ დედ-მამას!

- ვნახოთ, ბოროტო! დედ-მამას კი ვეღარ მიტირებ, აღარა მყვანან!...

არწივმა მაღალი ირაო დაჰკრა და სატირიფოს ცას შორს გასცილდა. ბაკურმა თვალი გააყოლა. თავი რომ დახარა, ირგვლივ შემომდგართ შეჰხედა, დინჯად შეათვალიერა.

- თქვენ საიდან გაჩნდით?! ახლა თავებს ვხედავ და კუდებს ვერა- თუ ეს სატირიფოს ზღაპარია?! თქვენც მებრძვით?!

ტირიფქვეშ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

- არა, ჩვენ არავის არ ვებრძვით! კრუ! კრუ! ჩვენ კი ყველა გვებრძვის, გვჩაგრავს! არწივი კი ყველაზე უფრო!.. შენი კი, კიკო-კიკო, ბაკურ-კიკო, შენიც გვეშინია! – ტირიფიდან ყველას მაგიერ, გადმოსძახა ბუმ.

- ეგ არის თქვენი ჭალის ბრძენი? ბუ-ბელადი?

- “არა, ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენთვისა ვართ! არც ვინ უფროსი გვყავს და არც ვის ვეუფროსებით! ვის რა აზრი, ნიჭი და მოხერხება გააჩნია, იმითი ვართ! – არეულად და ერთდროულად უპასუხა ყველამ.

- მეც ასე ვარ!.. ტყის მეგობრებო, არავისანნო! არწივისა კი ნუ გეშინიათ, ნურც ჩემი. მე ვიქნები თქვენი მწე, მე მოვერევი არწივს! გავიზრდები და გავხდები სიკეთისათვის მებრძოლი კაცი ომში დაღუპულ მამაჩემივით, და სათნო, როგორც მამის დარდს გადაყოლილი დედა!

- სიკეთისათვის მებრძოლი!.. სათნო!... – აჩურჩულდნენ ტყიურნი და უფრო ახლო მოდგნენ.

- რომ მოვტყუვდეთ? – ფრთხილად ჩააწვეთა ბუმ.

- მე თქვენთვის ჯერ არაფერი დამიშავებია!

- შენმა მოდგმამ დაგვიშავა. შენც ადამიანის მოდგმისა ხარ!

- შენც ბუების მოდგმისა ხარ, მაგრამ, აი, როგორ ეჭვიანად დაბრძანებულხარ?

- ცხოვრებამ გამაფრთხილა, გამომიყვანა!

მეც გამომიყვანს! მე არ მეშინია ცხოვრებისა, არც თქვენთან, არც თქვენს იქით!

- ხიდქვეითაც?! – თათშემოკრულად აწუწუნდა წავი.

- ხიდის ქვევითაც, წავო-წანწალავ! მენდეთ და ნუ ვიქნებით შეშინებულ-გაბუტულები! ეს ოქროს წყარო, მეგობრობის წყაროდ ვაქციოთ!

ოქროს ხსენებაზე ტყიურნი შესჩქვიფდნენ და უკან დადრკნენ. ურთიერთს გადაჰხედეს. მერმე ყველამ ზევით, ბუსაკენ აიხედა. მაგრამ იგი გაბუტულად სდუმდა.

- ამ სიტყვის შიგნით, კრუ, კრუ, ხომ არაფერი იმალება?! – აკრუალდა წერო.

- არა, ისევე, როგორც ამ წყაროს შიგნით. ორივე ანკარაა!

- ანკარა! ანკარა! – უეცრად გადაიხარხარა ბუმ, მას მთელი სატირიფო აჰყვა. ხარხარებდნენ ყველანი ერთად და ცალ-ცალკე, მთელხმიანად ჩაკუჭკუჭებით. გაბმით, კეთილად, გადაფიჩინებით, ასლოკინებით.

- ჰოდა, ასე, ხალისიანად! – ოდნავ გაკვირვებით გადაჰხედა ტყიურთ ბაკურმა და ირემს შეეკითხა: - შენ ურქინ-მარქინო?

ირემმა რქები მიწას გააკრა და ვერდაფარულ ხარხარით უპასუხა:

- მუუ!.. ბაკურ-კიკო! გენდობი! მუუ!..

- შენ, ხოხობო, კუდ-ცისარტყელავ?

ხოხობმა ბოლო უფრო ააფრიალა, მართლაც ცისარტყელას ამსგავსა.

- კო-კო-კო-კო! ბაკურ-კიკო!

- ბატო გენიოსავ?

- რატო გენიოსავ? კრუ, კრუ! – შეეკითხა ბუ.

- სსუ! რატომაც არა! – იწყინა ბატმა. – სიარული ვიცი! – ვიცი! ცურვა ვიცი? – ვიცი.

- ვიცი! – ხმა აუწყეს აქეთ-იქიდან.

- ფრენა ვიცი? – ვიცი! – ხმა აღიმაღლა ბატმა, თავადაც ამაღლდა.

- ვიცი! ვიცი! – უფრო ახმიანდნენ და ახარხარდნენ ტყიურნი.

- ყურყუმალი ვიცი? – უკვე საჩხუბრად გაიწია ბატმა.

- ვიცი!.. იცის... იცის!.. მაინც – არწივი რომ მოსდევს! ყველაფერი იცის გენიოსამ!

- კარგი, კარგი, ჩხუბი კი არ იყოს! – წარბები შეიკრა ბაკურმა და ხელად კლდეზე ააგდო სიტყვა: - დათუნიავ! შენც ხომ არ გეშინია? აქ ჩამობრძანდი!

- მეშინია არა! მოვგორავ და ფეხებში არავინ გამომეჭყლიტოს!

- არა! არა! – ფრინველებმა ძლივს მოასწრეს ხეზე შეფრენა, ცხოველებმა – განზე გახტომა. დათვი გორგლად მოდგა და კლდიდან გორებით ჩამოვიდა, ზედ ბაკურის ფეხებთან მოადინა ზღართანი.

- ჰოდა, მეც აქა ვარ! ნდობითა და პატივითა! დათვური სამსახური მუდამ ჩემზე იყოს!

- შენც მელა-ჯორავ-კუდ-ბომბორავ! თავით-ბოლომდე დამენახვე! კუდს მოგჭრი, თუ ამიერით კბილს რამე ბუმბულიანს გააკარებ!

- არა, ბაკურ-კიკო-ბატონო! ამიერით შენი მონა ვარ და ფაფიჭამია!

- მე მონა არ მესაჭიროება, მით უფრო ქლესა და მლიქვნელი! – ახლა სხვებს მიუბრუნდა ბაკური: აბა, თქვენც ჩხიკვ-კაჭკაჭებო, კოდალ-კაკბებო, კურდღელ-მაჩვებო, სხვა ტყიურნო! ყველა ძველებურად, სიკეთით ჩვენ-ჩვენთვის ვიყოთ, მაგრამ ბოროტებას კი ერთობლივ ვებრძოლოთ! ვიყოთ თავისუფლად, პატიოსნად და ბედნიერად!

- აბა, ერთდროულად ეს რომ არ გამოდის. არა! – თავი ჩაიქნია ბუმ. – შენ მეზღაპრე და მეოცნებე ყოფილხარ!

- ჩვენ გამოვიყვანოთ, ვცადოთ!

- პირველი წყალდიდობა ყველაფერს წალეკავს და ხიდს ქვევით ჩაიტანს!

- კეთილი! პირველ წყალდიდობამდე იყოს!

მზე უკვე მაღლა ცაზე ასულიყო. მდინარის თავზე ნავლი ზეობდა. გაღმა კლდე თითქოს კაბას იხდიდა. ღვიაჩაყოლილ ნაკვთებს აყენდა. კლდის უხილავ თავიდან რაღაც ხმა გამოდიოდა. ლოდები მოგორავდა. ქვა-ღორღი პირდაპირ მტკვარში ცვიოდა და ერთი დგაფან-შხუილი იდგა.

- რა ამბავია? – იკითხა ბაკურმა.

- არწივი ჯავრობს, შენი გაკენწლილი ფრთით კლდეს ლეწავს. ჩარბსა და კლანჭს ილესავს.

- გამოეცალეთ ყველანი! არავინ დამარცდეთ!

- გამოეცალეთ, მუ! გამოეცალეთ! ხმა გაღმა უწვდინა ირემმა.

გაღმიდან ირმის ჯოგი ჩამოდგა წყალში. მას სხვა ნადირ-ფრინველიც აჰყვა. გუნდ-გუნდად მოფრინავენ კაკბები, შაშვები, მოლაღურები, მელეღვიები, მწყრები, შეხუნზლეს ბერტირიფი. სატირიფო აივსო მათი ხმიანითა და სტვენა-ჟღურტულით.

- რა ბედნიერებაა აქ, თქვენთან ყოფნა! ეჰ, ერთი თქვენსავით ფრთებიც მქონდეს! ამ ირწივსაც სულ ადვილად დავამარცხებდი!

- ფრთები? – შეეკითხა ბუ. – კიდევ რად გინდა?

- მთელ ქვეყანას მოვინახულებდი, სიკეთისათვის უკეთ ვიბრძოლებდი.

- შენ მთავარი არა თქვი, არა!

- მაინც რაა მთავარი?

- ტოლ-ფარდს, დიასახლისს უფრო მალე იპოვნიდი!

- მე რად მინდა დიასახლისი?.. სახლი არა მაქვს და კარი, ბუდე და სორო! მეგობრებად კი თქვენც მეყოფით!

- იჰ, არ გეყოფით, არა! – უეცრად აღელდა წერო. – შვილ-ძირი და ოჯახი ყველა სულიერს ასულიერებს... უმდაბლესსაც კი... – აზრი აღარ დაამთავრა, წყაროსთან მიდგა და ცრემლიანი თვალები მოიბანა.

- მაგალითად?

- მაგალითად, ადამიანს, ორფეხა მცოცავებს და ჩვენც – ფრთოსნებს! – მაინც გაჰკენწლა ბუმ.

- განა თქვენა ხართ ბუნების რჩეულნი?

- იქნებ ადამიანები გგონიათ? თქვენ რომ ურთიერთის დამონება და ომი იცით? ოჯახის მიგდება და ღალატი? ბუნებაში არც ერთ ჯიშსა და ჯილაგს ასეთი უგუნურება და ბოროტება არ ახასიათებს! არწივიც სხვას ანადგურებს, თორემ არწივეთში კი მშვიდობა არის!

- ახლა ნუ მარცხვენთ – მე რომ ადამიანი ვარ, ისიც მოზარდი და არა დაბრძენებული ბუ!.. ტოლ-ფარდსა და დიასახლისს კი არ დავევებ!

- ზღაპარია! ის თავად გეპოვნინება, ან ახლავე, ან ხიდქვევით – დიდ ცხოვრებაში!.. – ისევ აღელვებულად წამოვარდა წერო.

- მე სულ აქ ვრჩები – ამ ზღაპარში!..

- ზღაპარი... და პირველ წყალდიდობამდე! ახლა ჩყვენ ყველა ჩვენ-ჩვენ ოჯახებს მივხედავთ და შენ რას იზამ?

- მე აქ წყაროსთან დავრჩები, “დედაენა” მაქვს საკითხავი.

- “დედაენა”! – გაიკვირვა წერომ. – ჩემი ოჯახი გამინადგურა არწივმა. მეც აქ, შენთან დავრჩები...

- “დედა ენა!.. – ხელად გაიმეორეს, გაამრავლეს აქეთ ჩხიკვებმა, კაჭკაჭებმა, იხვებმა და სხვა ფრინველებმა, იქით ირემმა, მელამ, დათვმა, წავმა და სხვათა. და დიდხანს, დიდხანს სატირიფოში გაისმოდა ათას კილორხეულად ნამეორები ჯადოქრული ძალის სიტყვა “დედაენა”.

- კი, მაგრამ მეც “ხომ “დედაენა” ვარ? – აიბუზა ბუ და მართლაც “დედაენაში” დახატულ ბუს დაემსგავსა.

- მეც! მეც! ჩვენც! – ახალი შეძახილი შეიქნა სატირიფოში.

- არა, შენ, თქვენ... ერთიბლივ ყველა – “მამა-ბუნება” ხართ, მე კი დედა-ენისა და მამა-ბუნების შვილი მინდა დავრჩე ხიდს ზევითაც და ხიდს ქვევითაც!. – ბაკური მობრუნდა და წაყროს მიაშურა. – აბა, ჩვენ-ჩვენ საქმიანობას მივყოთ ხელი. მე აქ წყაროსთან ქოხს დავიდგამ... აი, აღარც არწივის ბობოქრობა ისმის.

- მით უარესი, ახლა სავერაგოდ ლესავს ჭვანგებს. წავად, მოვნახავ... აი, უკვე ჩემი დროც დგება!.. ბუს დრო!

მზემ კი დიდი ხანია გადაუარა სატირიფოს, ახლა დასავლეთით აქლემის ყელის მთას ცაწითელა კამარად დაადგა.

ბაკური ტოტების ქოხმახის დადგმას შეუდგა. ყველამ შველა მიისცა, წერო ხუროთმოძღვარი გამოდგა. დათვმა ხეები მოუთრია, სარები ჩაურჭო, ტოტებით ჩაუღობა. წვავმა ისლი მოუჭრა, კონებად შეუკრა, ირემმა რქები ორთითებად გამოიყენა, კონები მაღლა, თავანზე შეუყვრა. კაკაბ-ხოხბებმა და ჩხიკვ-კაჭკაჭებმა ქოხი ისლით დაუხურეს. მელამ შინ და გარეთ მიუხვეტ-მოუხვეტა. კურდღელმა და კოდალამ შესავალთან ხის ანატკეჩი დაუკიდეს, სარაკუნა გაუკეთეს.

ბაკურის ქოხიც გასრულდა და ბუც მოფრინდა, თავანზე ჩამოჯდა და ფიქრიანად აათვალიერ-ჩაათვალიერა.

- კრუ, კრუ, ვნახე! ვიპოვნე არწივი! ლიანდაგის თავზე, წოწოლა მთაზე წამომჯდარა. ქურუხად სდუმს. შენი ქუდიც იქა აქვს!

- შუაღამემდე შენ უდარაჯე, მერმე შეგეცვლები! აბა, ღამე მშვიდობისა, ახალო მეგობრებო!

- ძილი ნებისა! ძილი ნებისა! – ახმიანდნენ ტყიურნი და წყვილ-წყვილად წასვლა-წამოსვლა იწყეს.

ბუმ ბახალები სათითაოდ გადაჰკოცნა და სადარაჯოზე გაფრინდა. ბაკური ქოხში შევიდა და ბალახზე წამოწვა, წერო სარაკუნასთან, თავანზე ცალ ფეხზე შედგა და ისე გაშეშდა.

სატირიფოს ცაზე ახალი მთვარე ამოინამგლა. ბულბულებმა ღამის ჰანგები დაჰკარგეს და დათაფლეს. მტკვარი თითქოს შავსპილენძა ჯავშანში ჩაჯდა. მდინარის დაყოლებით ერთმონაბერა ქარმა გადაინავარდა, დაჩქამა და ააგნიასა ჭალის ნარჩენი.

ახლა სხვა, გარეგუგუნი შემოიჭრა, დაეუფლა ყველაფერს.

ელმავლის წინა შუქმა ვეება მაკრატელივით გასჭრა და გადაუარა სატირიფოს ბინდს. ერთ წუთს მთელი ჭალა თავისი ბერ-ტირიფითა და წოწოლა ქიმით გაღმა კლდეზე ლანდად გამოიხატა, შემოძრავდა და უკუღმა სვლით გაუჩინარდა. მალე თვით მატარებელიც, მწკრივში ჩამდგარ ციცინათელებივით, ხეობის ვიწროში ჩაიგრიხა, ქართის მთას დასახსრულ ცეცხლის ქამრად შემოეჭდო და ჩაუარა.

უკარო ქოხში, თვალდახუჭულად განაბულ ბაკურს ყურთან წავი მიუჯდა და ტყიური ხმაურის მნიშვნელობა წვრილად აუხსნა:

- ვიცი, მაინც არ გძინავს!.. ძილ-ფხიზლობა მეოცნებესათვის უბედნიერესი წუთებია! სატირიფოსაც აქვს თავისი “დედაენა”. ეს, ალერსიანად მსუნთქავი ხმა – ქარშრიალია! ზენაა! ხვალ დარი იქნება! ეს კი თქვენებური ხმაა. მგორავი ზვავქუხილა “ჭალიჭამია”. აი, რკინის გველწყვილაზე რომ მოგრუხუნობს! ესეც, ალბათ, მისი “დედაენაა?”

- საყვირია და არა “დედაენა!” “ჭალიჭამია” კი, ვგონებ, მართლა არის.

- ეს კი ირმის ბოხია! აბა, მოუსმინე!.. ჯერ კიდევ მოელის პასუხს!..

უეცრად სულ სხვა ხმა გადაეხირა ირმის ბღავილს.

- ეს კი ისევ კლდის ნგრევის ხმაა! მაგრამ არა მტკვრის მხრიდან! რაღაც მოჭედილზე ეცემა ქვა და ლოდი! ნეტავი, რა უნდა იყოს?

ამ დროს აქოშინებული ბო მოფრინდა ფრთადაფეთებით. წეროსთან მიიჭრა.

- არიქა! არიქა! წერო-ქალბატონო! სარაკუნა აახმიანე! ყველა შეჰყარე დღისა და ღამის ფრინველები და ცხოველები!

- რა იყო, რამ დაგაფეთა? – ფრთის ქვევიდან თავი ამოიღო წერომ, ორივე ფეხზე ჩამოდგა: - ვიწვით?!

- ვიწვითო?! – შეფთქიალდნენ ახლომახლო ხოხბები და კაკბები.

- არა!

- წყალდიდობაა? – მიმოიხედა წერომ და ნისკარტი სარაკუნას წაავლო.

- წყალდიდობა! აჩხავლდნენ ჩხიკვები და კაჭკაჭები.

- არა, უარესი!

- გამჟღავნდა ჩვენი საიდუმლო?

- ადამიანები მოდიან! – ახმიანდნენ ბატ-კვატები და სხვანი.

- სუ! ჩუმად! არც ასეა! ლიანდაგზე კლდე ჩამოანგრია არწივმა. გათენებისას კი სახალხო მატარებელი ჩამოივლის!

- იჰ! სულ ესაა?! “ჭალიჭამია” ჩამოივლის, მხეც-ბოროტა ადამიანებით სავსე მატარებელი?! ლეში, მართლაც, ბევრი იქნება! – თვალები დაჭუტა მელამ.

- ისინი თუ მხეცები არიან, ჩვენც ხომ არ უნდა გავმხეცდეთ?! – სულ გაკაპასდა ბუ, - შიგ ბაკურ-კიკოსთანა მოზარდებიც ბლომად იქნებიან!

წერომ სარაკუნას შემოჰკრა, დაახმიანა. მთელი სატირიფო შეჰყარა.

- გადავარჩინოთ, მაგრამ როგორ? როგორ გავაჩეროთ მატარებელი?!

- არიქა! მატარებელი მალე ჩამოივლის! უნდა მივუსწროთ! – ახმიანდნენ ტყიურნი და ბაკურის ქოხს მიესივნენ.

... და ჰა, მიჰქრის ირემი, ზედ ბაკურ-კიკო ზის, ბიჭუნას მხარზე ბუ შეუსკუპებია. ისიც ფრთის მიმართულებით გეზს აძლევს.

უკან მოსდევენ, ფრენითა თუ სრბოლით, სატირიფოს ტყიურნი. დღისა და ღამის ფრინველები და ცხოველები... ნამგალა მთვარის შუქზე გალანდულან მათი მოძრავი ჩრდილები. ჭალა თითქოს გაცოცხლებულა და ზუზუნ-ჭრიალი გააქვს.

ლიანდაგზე, კლდის ძირში კი ქვების ცვენაა. შეუწყვეტელი გრიალია. არწივი სულ ჰყრის და ჰყრიის ლოდებს.

- კლდეზე! – ყურში ჩასძახა ბაკურმა და ირემი ფრიალო კლდისაკენ მიუშვა.

შიბიდან შიბზე, სულ აღმა-აღმა ნახტომებით მიჰქრის ირემი, რქებში ჩაჭიდებულ ბაკურს მიაფრენს.

ბუ კი ჩამოვარდა, ვეღარ დამაგრდა მხარზე. ისევ ფრენით დაეწია.

- აი, იქ – ზევით! იქ უვალი კლდეა – ირემიც ვერ ავა! ფრთებია საჭირო, ფრთები!

- წეროვ და ჩხიკვ-კაჭკაჭებო!

- აქა ვართ! აქა! – ფრენა-ფრენით შემოადგნენ წეროც და ჩხიკვ-კაჭკაჭებიც.

ბაკურმა ხელი გაჰკრა, ფიქალი აუშალა კლდეს. ქვები ჩამოურიგა ფრინველთ.

- აფრინდით მაღლა კლდეზე და არწივზე მაღლა! ბნელაში ვერ დაგაზიანებთ! ქვები დააყარეთ ზევიდან! გააფრთხეთ არწივი!

ირემი მიუვალ ფრიალოს მიასკდა და შედგა. ფრთოსნები კი გაეფარნენ კლდესა და ღამეს.

აი, წოწოლა წვერო, ზედ არწივი... ჩარბითაც და კლანჭითაც შლის ფიქალს. ბობოქრობს. მოგოროავს ქვის შვავი.

უეცრად თვით არწივს ქვა დაეცა მაღლიდან. ერთი, ორი, სამი... არწივმა ერთიც გასცხო კლანჭები კლდესა და ფრთები გაშალა, ჰაერში წავიდა.

ქვევით ქვებთან ერთად მიგორავს ბაკურის ქუდიც, ლიანდაგამდე გააღწია, ქვებთან ერთად იქვე ჩარჩა.

ლიანდაგზე კი რკინიგზის მცველ-მეისრის ჩრდილი გამოჩნდა. ქანაობს, ბჟუტავს მისი ლიფლიფა და ძლივს ილანდება თავჩახრილი სხეული.

მოულოდნელად ქვების ნაშვავს წაადგა, გაკვირვებით ხელები შეჰყარა. ლიანდაგზე კიდევ რამოდენიმე ქვა ჩამოგორდა, ფოლადის რონებს ნაპერწკლები გააყრევინა. მეისრე სულ დაფეთდა, წინ წადგა და შუა ლიანდაგზე ქუდი იპოვნა, აიღო, ლიფლიფას შუქზე დაათვალიერა. უეცრად მთავარი ნაშვავი და ჩამონგრეული კლდე შენიშნა.

- ვაი დედა! – საათს შუბი მიუნათა. – გათენების ხუთი საათია, მალე სახალხო მატარებელი ჩამოივლის! მეისრემ ლიანდაგზე დადგა ლიფლიფა, წითელი შუქი უმარჯვა. თავად კი ქვებს ეცა, ზოგი გადააგორა, ზოგი ვერც დასძრა, გული და ძალა შეალია.

ჩამობრუნებული ბაკური და ტყიურნი ზედ წაადგნენ მეისრეს. გაინაბნენ.

- მეისრეა! უნდა მივეშველოთ!.. – შემკრთალ ტყიურებს წასჩურჩულა ბაკურმა.

მეისრეს არც არავინ შეუმჩნევია, თავგზააბნეულმა თავადაც ხედი აიღო მარტოხელა, ამაო ცდაზე.

- მაშველი, მხოლოდ მაშველი მანქანები და მუშები თუ მოერევიან ამ კლდეს! – მეისრემ შვავის წინ წითელი მაშხალა აანთო, დამატებით, წითელშუქნიშნიანი ლიფლიფაც და თავისი ჩანთაც ლიანდაგზე დასტოვა, მხოლოდ ნაპოვნი ქუდი წაიღო და ლიანდაგ-ლიანდაგ თავის ჯიხურისაკენ გაიქცა.

- ახლა კი ჩვენი რიგია! აბა, ყველა ერთად! – ბაკური პირველი შევარდა ლიანდაგზე, ქვას სწვდა და მიღმა გადააგორა. ტყიურთ კი წერო და ირემი წაუძღვათ. ყველა შვავს შეესია. მცირე ქვები და მიწა ფრინველებმა გადაჰყარეს. უფრო დიდი ლოდები, ბაკურმა, ირემმა, მელამ და წავმა დაითრიეთ. მაგრამ შეხვდათ ისეთებიც, რომლებსაც ძვრა ვერ უყვეს.

- არიქა, დათუნია! მისი თათია საჭირო, მისი თათი! - შესძახა ბაკურმა.

წერო და კოდალა გაფრინდნენ, კლდის ხაროში დათვის ბუნაგში შეიჭრნენ, ახმიანდნენ.

- არიქა, მალე! მატარებელი ბოდის! ბაკური გეძახის, ბაკური!

- დამაცალეთ! რა ყოფაში ხართ! მეძინება! “ჭალიჭამია” კი სულ მიდის და მოდის, ვიდრე ჩვენც არ გაგვსრესავს და შეგვჭამს!

მაგრამ ძილი ვინღა აცალა. კოდალა შუბლზე მიუჯდა და დაუკაკაუნა. წერომ კი თათებში დასცხო გრძელი ნისკარტი.

- მალე, შენი თათია საჭირო! ქვა ვერ დავძარით! ბაკურ-კიკომ გვაფრინა!

- ჰოო! თუ ასეა, მოვალ! არა, მაინც ხომ არ მატყუებთ? მარტო კოდალას არ დავუჯერებდი, მაგრამ წერო-პატიოსანი!.. აბა, ჰე! თქვენ გაგისწრებთ! მეტი რაღა გზა მაქვს!

ლიანდაგზე კი გაშმაგებული შრომა გრძელდებოდა. მაშხალა წითლად იწვოდა და მის შუქზე ტყიურთ მამითადი ოფლში იწურებოდა.

- უკვე მოდის! მესმის! მესმის!

იქვე ცუცქად მჯდარი მელა შეელიზღვა:

- მე აგერ შენს გვერდით ვარ. საალერსოდ გეჩურჩულები და ჩემი არ გესმის, ასე შორს კი გაიგონე?!

- უიმე, არცა სჯერა!.. ყური დაადე, ყური და არა კუდი!

მელამ დაადო ყური და უმალ წამოვარდა:

- მართლაც ისმის! მოდის, “ჭალიჭამია” მოდის!

ბაკური და ირემი დიდ ლოდს ამაოდ შეეჭიდნენ. სხვებიც მიეშველნენ. ბალახოვან კალთაზე კი დათვი ჩამოგორდა, ლიანდაგზე შეხტა.

- გამეცალეთ! ძილ-ფხიზლად მოვალ! – მივარდა ლოდს, ერთი დააბოყინა და ააგორა, ლიანდაგს იქით გადააყუდა. – აბა, ახლა რა გადავაბრუნო?

- შენ თავად გადადი ლიანდაგიდან! ახლა მატარებელი არ გადააბრუნო! – ბაკურმა მაშხალა ააშორა ლიანდაგს. – გზა ხსნილია! აბა, წერო-პატიოსანო! სატირიფო არ დაგვიწვას ამ შუშხუნამ! მტკვარში გადააგდე!

- ჩემზე იყოს! – წერომ ნისკარტი წაავლო მაშხალას და აფრინდა, მთელი სატირიფო გადაანათა, მტკვარს მიაღწია და მორევში ჩააგდო: შიგ ჩაშრიტა. ბაყაყები დააფრთხო.

- ყი, ყი... ეს ვარსკვლავი ჩამოვარდა?

- სწორედ ქვეყანა იქცევა და ის არის! თავს ვუშველოთ! მაშხალას ახლა ბაყაყებიც გადაჰყვნენ წყალში.

სატირიფოში კი ისევ განთიადის დილაბინდი დამყარდა.

ბაკურმა მეისრის ლიფლიფას წითელი შუქი ყვითლით შეუცვალა, ლიანდაგის გვერდით დადგა.

- გზა ხსნილია!

- გზა ხსნილია! – სხვადასხვა ხმაზე, ჩაყოლებით გაიმეორეს ტყიურებმა.

- თენდება კიდევაც! მატარებელი სადაც არის, მოვა! – აბუტბუტდა და ჩრდილებს მიეკედლა ბუ. ტყიურნი “ჭალიჭამია” – მატარებლის მოლოდინში გაინაბნენ.

ჯიხურის სარკმელში გამოჩნდა მეისრის ხელი. ტელეფონის ზარის აჩქარებული წკრიალი მღელვარედ მოედო ჯიხურის მიდამოს, ზუზუნად მიჰყვა მავთულებს.

მავთულებზე კი ფრინველები სხედან და სთვლემენ. მელეღვიები, ყაპყაპები, შოშიები, მერცხლები. განთიადის სხივიც გაეკრა მავთულებს.

ტელეფონის წკრიალი და მავთულთ ზუზუნი აღწევს ფრინველთ სმენამდე. მათაც აფორიაქებს. მიწყობილად, წყებაწყებად აიშლებიან საგანთიადო ცაში.

- შენ გეუბნები! სასწრაფო! საგანგაშო! – მეისრის ხმა ჰფარავს ყველა ხმას. – არ გამოუშვათ, არ გამოუშვათ! სახალხო... უკვე გამოსულია? მერმე რაღა ეშველებათ?! ლიანდაგი დაზიანებულია! კლდე ჩამოშლილა! კლდე!..

მავთულებიდან კი სულ ფრინდებიან მელეღვიები, შოშიები, ყაპყაპები, მერცხლები.

მატარებელი უკვე ნათლივ ჩანს. მისი შუქურები კიდევ ბასრავენ განთიადშეხებულ ჰაერს.

ბაკურმა შეფერმკრთალებულ ლიფლიფა შემობრუნებულ წეროს მისცა ნისკარტში. თავად ყვითელი ალამ-ნიშანი აღმართა. სხვა ტყიურნი კი ლიანდაგის მახლობლად, მიფარებულ ხევის პირში მიჯდნენ, ოფლი მოიწმინდეს და “ჭალიჭამიას” მოახლოებას კრთომით დაელოდნენ.

მატარებელმა კი გრიალით ჩაუარა ნაშვავარ ადგილს. მიჰქროდნენ განათებული და ჩამქრალი სარკმლები, ფარდიანი და უფარდო, ღია და დახურული.

ერთ-ერთ ღია სარკმელში, რაფაზე გადმოხრილმა მოზრდილმა გოგონამ მიდამო საამო მთქნარებით მოათვალიერა. თავის ტოლ მეისრესა და მის თანმხლებ წეროს დანახვაზე თვალები სჭყიტა. გაკვირვებული ხმა აღმოხდა:

- დილამშვიდობისა, თანატოლებო! ვინა ხართ? – ხელიც მოიბრუნა, მაგიდაზე მდგარ მიხაკის აკოკრილ ნერგს დასტაცა და ქილიანად გადაუგდო მოზარდ “მეისრეს”. შემთხვევით ცხვირსახოციც გადააყოლა ყვავილს.

მატარებელმა შეუფერხებლად ჩაუქროლა ნაშვავარს. აი, მისი ბოლოც ჩასცილდა ბაკურს. ბიჭი მხოლოდ ახლა დასწვდა ქილაშეტეხილ მიხაკს.

- ესეც ჩვენი ჯილდო – ყვავილი!.. მაგრამ ეს რაღა არის? – ცხვირსახოციც აიღო და გაშალა. შიგ მატარებლის ბილეთიც იდო.

- არიქა, დავეწიოთ, მატარებლის ბილეთი გადმოვარდნია გოგოს! დააჯარიმებენ!

ბაკურმა წასულ მატარებელს მიაშურა.

- შენ რას დაეწევი უჩემოდ? – ირემი ამოხტა ხევიდან და ზურგი მიუშვირა.

ბაკურმა მეისრის ნივთები მყისვე დაჰყარა, ყვავილი და ბილეთი აიტაცა, გოგოს ცხვირსახოცი ააფრიალა და ირემს ზურგზე მოახტა.

ირემი გაიწვართა ლიანდაგის გასწვრივ ბილიკზე.

მიჰქროდა მატარებელი და მისდევდა, თანდათან ეწეოდა ირემი და მისი მხედარი. ხმიანობდა მატარებლის საყვირი, პასუხს აძლევდა ირემი და “ირმოსანი”. მათ უკან კი ტყიურნი მიჰქროდნენ, მოფრინავდნენ... მოგნიასობდნენ.

უკვე საკმაოდ ინათა. მგზავრებმა შეამჩნიეს უცნაური მდევარი და მისი ამალა. სარკმლებში გამოჩნდნენ შეშფოთებული, გაკვირვებული, შუშებზე მიკრული სახეები.

ირემი დაეწია მატარებელს... აი, ბოლო, აი, შუაწელი მატარებლისა. გუგუნს ახლა ხალხის ჟრიამულიც შეემატა.

- რა ამბავია? ეს ვინ მოგვდევს? ზღაპარია თუ სინამდვილე? ეს რანაირი ოთხფეხი თანამგზავრია!.. ნახეთ, ნახეთ – უნახავი რამ?!

ღია სარკმლებში გამოჰყვეს თავები ქალებმა, კაცებმა, ბავშვებმა. თითქოს შიშნაკრავ თვალებს, ღია პირებს, გაშლილ ხელებს მიაქროლებს მატარებელი.

აი, ის გოგოგნაც, სარკმელში გადმოხრილა, თითქოს გადმოხტომას აპირებს, დიდი ბაფთა და ხუჭუჭი ნაწნავი ქარზე უფრიალებს.

- არ ჩამოვარდე! არ გადიჩეხო!.. სად მიჰქრიხარ? სად?

- შენთან! ბილეთი გადმოგივარდა!.. ყვავილთან ერთად! – მიაძახა ბაკურმა; ბილეთი და ხელსახოცი აუფრიალა.

- მატარებელმა არ დაგამარცხოს! ბილეთი აღარ მჭირდება, აღარ! მე ახლა ჩამოვდივარ – არმაზში!

- არმაზში!

- არმაზში! არმაზში!.. ყვავილი კი შენ გაჩუქე! შენ!

- მე რატომ?

- მომეწონე... კეთილი ჩანხარ! ირგვლივ საზღაპრო ადგილია და შენც თითქოს ზღაპარი ხარ! ირემოსანო!.. სახელი მითხარი, სახელი!

- - ბაკურ! გაიგე?!

- ბაკურ-კიკო! ბაკურ-კიკო! – ათას სხვადასხვა ხმაზე გაიძახიან წამოწეული ტყიურნი.

- ბაკურ-კიკო! ბაკურ-კიკო! – გაქანებული მატარებლის სარკმლიდან სარკმელში გადადის არანაკლებ ათასხმიანი ძახილი.

- შენ რაღა გრქვია? შენ?! – ახლა ბაკურმა გაბედა შეკითხვა.

- მე კი – ნანა!

- კიკი-ნანა! კიკი-ნანა! – ახმიანდნენ ფრინველები.

ელექტრომავალმა საყვირი აახმიანა. მატარებელი მცირე ხიდზე შეგრიალდა. ირემმა შეანელა სვლა. მერმე ჩადრეკილ ბილიკზე ჩაირბინა. ხევს გადაახტა. იქით ჯაგნარი დახვდა, არცთუ შორი მტკვრის ფლატე. უეცრად მიიჩიხა სავალი.

მატარებელი უკვე შორს იყო. არმაზის ბაქანს უახლოვდებოდა.

ირემი მტკვრის პირზე მიიჭრა და წყალს დაეწაფა. მერმე ტირიფისაკენ გაბრუნდა. ბაკური უკვე ფეხით მიდიოდა და ირემს ეფერებოდა. ტირიფთან მალევე მოგროვდნენ სატირიფოს ბინადარნი. ახლად დარგულ ტირიფთან ბაკურმა ისევ მოთხარა მიწა, გააფხვიერა და ყველას დახმარებითა და თანდასწრებით ნაჩუქარი მიხაკი დარგო.

- სიკეთისა და სიყვარულის ყვავილია! შენი გულის გრძნობასთან ერთად გაიზრდება ეს ყვავილი, ბაკურ-კიკოვ!.. და აბა თუ შენზე დიდი არ გაიზარდოს! – ბუტბუტებდა ბრძენ-ბუ და წეროსთან ერთად ნისკარტით წყალი მოჰქონდა, ყვავილს რწყავდა. და იყო ფრინველთ ბორიალი მტკვრიდან ახალნერგ ყვავილამდე.

ლიანდაგიდან გადმოყრილ ქვებზე კი წრიულად ასხდნენ რკინიგზელები. ხის ტოტები და ჩამომდგარი მატარებელი-სახელოსნო ზღუდავდა სამზერს და ჩანდა წრიულად მსხდომთა მხოლოდ ფეხები. ქალაქული ფეხსაცმელები, სირმიანი შარვლის ტოტები. ჩექმები. წრის შუაში ეგდო ბაკურის ქუდი. იქვე დიდი ქანჩები, წვერმახვილა უროები. ამწეს ყელის ჩრდილი გადასწოლოდა ლიანდაგს.

მათ ირგვლივ კი უვლიდა ცაში მფრინავი არწივის ჩრდილი.

რკინიგზელების საერთო ხმაური დაჰფარა მჭახე ხმამ:

- ბოლოს და ბოლოს, ვინ ჩამოშალა კლდე?

- არ ვიცი! საღამოს პირას კლდის თავზე არწივი იჯდა, რომ ავიარე, ლიანდაგზე არაფერი იყო.

- მე არწივს ვერ ჩავწერ ოქმში! თვალებს ნუ მიხვევ, მეისრევ!

- რომ ჩამოვიარე, ნაშვავი დამხვდა და იქვე ეს ქუდი!

- ვისია, თუ იცი? – ფეხი გაჰკრა ქუდს.

- არ ვიცი! იქნებ ბაკურისა?!

- ბაკური ვინღა არის?!

- უპატრონო, ობოლი... იმას უყვარს კლდე-ღრეში ხეტიალი!

- ქუდი საბუთია! თორემ არწივი ცაში! რამდენი წლისაა ეჭვმიტანილი?

- თორმეტისა.

- ბავშვია?.. იქნებ ისიც დაიღუპა?

- არსად ჩანს... მოვათვალიერე!

- კი, მაგრამ... ვინ გაწმინდა ლიანდაგი? ვინ გადმოაგორა ასეთი ლოდები? ვინ გადაარჩინა ამდენი ხალხი?

- არ ვიცი... სასწაულია!.. მე ვერ დავძარი, - ახლა ხელი დაადო ქვას.

- ოქმში მე სასწაულს ვერ ჩავწერ! შენ ამბობ – ავანთეო, მერმე ვინ ჩააქრო წითელი მაშხალა? ვინ იდგა ყვითელი შუქითა და ალამ-ნიშნით?

- არ ვიცი... სულ დაბნეული ვარ! ჩემთან არმაზში უმცროსი შვილი ჩამოვიდა ამ მატარებლით... გოგონა. ის ამბობს, ვიღაც ირმოსანი მოსდევდა მატარებელსო... სულ ზღაპარია! ხალხი კი გადარჩა! ეს არის მთავარი!

- მე ოქმში ვერც “ირმოსანს” შევიტან. ხალხი რომ გადარჩა, ეს სრულიადაც არ არის საკმაო! სწორი ოქმი არის საჭირო! ზუსტად და სათანადოდ გაფორმებული. გესმის, სათანადოდ და არა შენი ზღაპრები! ბოროტგანმზრახველი კი ამ ქუდში ზის და ჩვენი საქმეც ქუდშია!

უეცრად ფეხების რკალში წეროს მაღალმა ფეხმა გადმოაბიჯა, აკრუალდა, ყელი წაიგრძელა.

ფეხები უნებურად გაწი-გამოწიეს რკინიგზელებმა. წერომ ბაკურის ქუდს დასტაცა ნისკარტი, ერთი რიხიანად აკრუალდა და აფრინდა, ცას გაეკრა, ახლა რკინიგზელთა ქუდები დაცვივდა მიწაზე.

წერო კი გაფრინდა და ბაკურის ქუდიც გააფრიალა.

- ერთადერთი საბუთიც!.. ვისი ბატია?!

- არ ვიცი... ეს წეროა და არა ბატი! მაგრამ ბატსაც ხომ ვერ შეიტანდით სათანადო ოქმში?!

- ვერა... ვერც არწივს, ვერც წეროს, ვერც ბატს... და რა მოვისაწროთ? ბოლოს და ბოლოს, შენა ხარ მეისრე და ისევ შენა ხარ დამნაშავე! ბრძანებით გაძევებ სამსახურიდან!

- მთავარია – ხალხი გადარჩა! მე კი ისევ მანქანის მძღოლად წავალ არმაზის საფრინველოში.

წერო კი მტკვრის დინებას ცა-ცა ჩაჰყვა. სატირიფოს მიაღწია და ბაკურს ზევიდანვე გადასძახა:

- აჰა შენი ქუდი! იქ კი დაგეძებენ, კლდის ჩამონგრევას შენ გაბრალებენ! არწივი კი ახალ ბოროტებას ამზადებს, არმაზის ღელე გადმოაგდო, საფრინველოს გზა აატალახა.

გზისა და ღელის გამყოფი ბელტები გადაჰყარა, კორდი მოარღვია არწივმა. შემღვრეული ღვარი გზა-გზა წამოვიდა და გუბე-გუბედ დადგა. არწივი გადაფრენილ ხოხობს დაედევნა, ბუჩქებში შეაგდო. ახლა წავს მოჰკრა თვალი, შეუტია, მაგრამ იმანაც შეასწრო ბროწეულის ბუჩქში. ქარპირისპირად უფრო ამაღლდა არწივი. მალე კი ისევ ცის ტატნობს გაეკრა და სატირიფოს გადაუარა.

ბაკურმა მუშტი დაუქნია ქვევიდან:

- ჰეჰეი... წუნკალო მტაცებელო! დამაცადე!

- კრა, კრა! მე არწივი ვარ და არა წუნკალი მტაცებელი.

- შენ ძერა ხარ და არა არწივი! ვინ გაგზარდა ასეთი?

- ასეთმა ცხოვრებამ... კრა! კრა! შე ღლაპო, შენა!

- მერმე დედ-მამას რა პასუხს აძლევ?

- ჩვენ დედ-მამამ გამოგვჩეკა და მთელი ქვეყნის წინაშე ტიტველ ბარტყებად დაგვადო! კრა! კრა!.. დიდხანს ვითმინე შიმშილი და წყურვილი.

- მერმე შენზე უფრო უძლური და-ძმა ბახალები შეჭამე... კრა, კრა!.. არა? გაძერავდებოდი აბა რა მოგივიდოდა! – ნიშნი მოუგო ბაკურმა.

არწივი აირია და უფრო გაწყრა.

- კრა! კრა! მე არც ვაჟკაცობა მაკლია, არც ძალღონე, არც სილამაზე! მაგრამ აბა რა უნდა მექნა ობოლს? ან ახლა რა უქნა? მე ცხოვრება მინდა!

- შენ ბოროტი ხარ და არა ობოლი! უნდა ებრძოლო ავ ცხოვრებას! სიკეთისათვის უნდა იბრძოლო! თუ ბარტყობისას არ გესმოდა – ახლა ხომ გესმის?! ბოროტების გზა ყველაზე ადვილი გზაა! სწორედ დედისაგან გამიგონია! მაგრამ შენ ადვილად ცხოვრება გინდა! შენისთანები უნდა მოისპონ ცაშიაც და დედამიწაზეც! – ბაკურმა ჯოხი სტყორცნა ჩამოდაბლებულ არწივს, მაგრამ არწივმა აიცდინა, ჰაერშივე გაჰკრა ჯოხს ნისკარტი, ჭვანგებში ჩასტეხა და უკან გადმოაყარა ბაკურს.

- შენ ვერ მომერევი მე! ქვეყანა ჩემი და ჩემისთანების არის! შენ ჯერ არც იცი, რა არის ცხოვრება, ყვინჩილავ!.. მოიცადე, თუ გადამირჩი, ხიდს იქით მოხვდები და მერმე ნახავ!

- ბოლოს მაინც მოგერევი, ხიდს აქეთაც და ხიდს იქითაც! იმ ცხოვრებასაც ვნახავ! მამამ მითხრა – ცხოვრება კეთილ გაბედულობით არისო!

არწივი სულ მაღლა-მაღლა აჰყვა ამავალ ქროლვას. უფრო და უფრო გაიშალა თვალსაბრუნავი და გარემოხედი. შორს, ბუღში გაცრილად და მტკვარში არეკლილად გამოჩნდა დიდი ხიდი. მის ირგვლივ და ქვევით, მარჯვენა თუ მარცხენა ნაპირებზე – გზატკეცილები, ლიანდაგები, ანძები, მილები და შენობები.

ხიდი გადმოვლო, გზას აღმა ამოჰყვა სატვირთო მანქანა. ზედ შინაური ფრინველებით სავსე გალიები აწყვია.

ტალახიან გზაზე, შავმღვრიე შხეფები ფრთებად და კალთებად დგებოდნენ და წვებოდნენ. მოსახვევში კი სულ ლაფში მოხვდა მანქანა. შეჩერდა. თვლებმა ზუზუნით აზილეს ტალახი, მაგრამ წინ ვეღარ წაიწია მანქანამ, ზუზუნებდა და გვერდელად ტოკავდა.

გუბიდან ამომძვრალი ბაყაყები და კუები გაკვირვებით შეჰყურებდნენ ცას. ნაშხეფი კი შორს იშლებოდა და უფრო ატალახებდა გზას.

- ბაყა-ყი-ყი-ყი! ტამლახის წვიმა მოდის, ქუხილი კი სხვანაირია! ცაც სულ მოწმენდილი!

- - არა, არა! – თავსა და ფეხებს იქნევდნენ კუები. – ეს ადამიანის მოგონილი “საჭყლეტელაა”... ისიც გუბეში ჩარჩა! დიდი ძალა ჰქონია გუბეს!

- აღარც ჩვენს წუმპეში გვასვენებენ ადამიანები?! – აყიყინდნენ ბაყაყები.

- არა, გზად მიდიოდნენ! ეს ბოროტი არწივის შავი ნასაქმარია! ყველგან ურევს! – თავი გაიქნია დედო-კუმ.

მანქანის თვალი კი ზუზუნებს და ბრუნავს. უფრო და უფრო ეფლობა ტალახში. მანქანის ყუთებში დაფეთებულად კრიახობენ ქათმები, იხვები, ციცრები, ბატისა და ინდაურის ჭუკები, წიწილები.

კაბინიდან გაისმა მესაჭის ხმა:

- ვერ ამოვალთ! ტრაქტორი უნდა მოვიყვანო! ნანა, აქ დარჩი, ჩემს მოსვლამდე წიწილებს უყარაულე!.. – კაბინის კარი ხმაურით გააღო, მამამ მხარზე შეისვა ნანა. სახე არც ერთს არ გამოსჩენია. მზე მხოლოდ გოგონას დიდ ბაფთასა და წითელ მაშიებზე აკიაფდა. მამამ დიდი ჩექმების ფლატუნითა და ჭყაპა-ჭყუპით გადავლო გუბე, შვილი გზისპირა ბექზე დასტოვა, თავად კი გზა განაგრძო.

- გოგონამ ჯერ ყვავილები ჰკრიფა, მერმე გუბის მახლობლად მიჯდა და გვირგვინის წვნას მიჰყო ხელი. მაღლა, ცაში მონავარდე არწივის ჩრდილი კი გარს უვლიდა გზაზე ჩარჩენილ წიწილებიან მანქანას.

ყუთებიდან მზირალ ფრინველებს წყურვილისაგან პირი დაეღოთ და ერთი წიავ-წიავი გაჰქონდათ.

ბუჩქებიდან გამოძვრა მსუნაგად პირდაღებული მელა. მიყნოს-მოყნოსა იქაურობა, ნერწყვიც ბევრი ყლაპა და ენაგაკრულად წყალი სვლიპა გუბიდან.

- რა მოგივიდა, მელაკუდავ, რა ხახა გიშრება? წყალი გწყურია, თუ წიწილების სისხლი და ხორცი?! – გუბიდან თავი ამოჰყო ბაყაყმა.

- უი, ქა... ყიყინავ, შენ ხარ? მე არადა ამ ქათამ-წიწილებს, მართლაც, სწყურიათ! - კუდით მანქანაზე უჩვენა მელამ. - დახე, დახე, რა ხახა დაუღიათ? ეს რა საცოდაობა ტრიალებს! გუბეში იყვნენ ჩარჩენილი და წყალს ვერ სწვდებოდნენ! მე კუდი მქონდეს, თქვენ - წყალი და ესენი ასე იტანჯებოდნენ!

ბომბორა კუდი წყალში ამოავლო, ამოასველა და ყუთებზე შეხტა, კუდი შიგ ჩაუწურა. წიწილები მიესივნენ ნაწურ წყალს.

ნანამ შეამჩნია მელა, შეკრთა.

- შენ მანდ რა გინდა? წიწილები არ დამიფრთხო.

- როგორ გეკადრებათ! მათი ცოდვით დავიწვი... წყალს ვასმევ!

- მელის კუდით ნასვამი წყალი – ყელზე არ დაადგეთ წიწილებს!

- ეჰ, აქაც რომ არ მიფასებენ გულწრფელობასა და სიკეთეს? – მანქანიდან გადმოხტა მელა. – წავალ, ჩვენს ბაკურ-კიკოს შევჩივლებ! აბა, რა გიყოთ წიწილებო?!

- ბაკურ-კიკოს? – ყური სცქვიტა ნანამ, მაგრამ შეკითხვა ვეღარ გაბედა. – მაგათი დარდი ნუ გექნება, მე ვასმევ წყალს! – გოგომ წითელი მაშიები წაიყარა, გუბეში შესტოპა, მანქანიდან კასრი გადმოიღო, გუბეში ამოუსვა. წყალს ერთი ბაყაყიც ამოაყოლა.

- შენ საიდან გაჩნდი?

- გუბიდან... ეს ჩვენი გუბე-წყალია!

მალე სხვა ბაყაყებიცა და კუებიც ამოძვრნენ გუბიდან და გოგონას გარს შემოადგნენ.

- მე შენ არას გერჩი! არც თქვენ! –დანარჩენებსაც მიუბრუნდა: - თქვენც ნუ მერჩით! გაიხარეთ თქვენს გუბეში! – კასრიდან წყალი გადაღვარა, ბაყაყი გადაახტუნა და ახლად ამოიღო წყალი.

- არა, კიკი-ნანა! არა! არ გერჩით! ჩვენ მშვიდობიანები ვართ!

- თქვენ რაღა იცით, ბაკურ-კიკომ მე რომ კიკი-ნანა დამარქვა? – გოგომ ყუთებს ჩამოუარა, ფრინველებს წყალი ყუთებშივე ჩაყოლებულ გეჯებში ჩაუსხა. ბაყაყები კი უფრო თამამად აყიყინდნენ.

- ვიცით! ჩვენ ყველაფერი ვიცით! გზის გუბისანი ვართ! ყი-ყი!..

- ბაკურ-კიკოსაც ვიცნობთ! ჩვენი კეთილის მსურველია! ყი-ყი! ვაყაყა!

- არწივსაც ის ებრძვის, ჩვენი მფარველია! ვა-ყა-ყა-ყა!

არწივის ჩრდილმა კი გუბესაც და მანქანასაც გადაუარა. ყველამ ზევით აიხედა.

- თუმცა მანქანის ეშინია, მაგრამ წიწილები შენიშნა და ახლა არ მოგვასვენებს! ყი-ყი-ყი!

არწივი ფრთადაკრულად დაეშვა და შორიახლოს მდგარ, ძირფუტურო ვერხვის კენწეროზე დაჯდა.

მელამ თვალი მოჰკრა არწივს, მიწას გაეკრა, ისე მიეპარა ხეს და მის ჩრდილში კუდი დროშასავით ასწია.

ბაყაყებმა და ბაყაყუნებმა დაინახეს და ნანა მოახედეს.

- ხედავ! ხედავ! ნიშნად კუდი აუწია! არწივთან მიდის, წიწილებისას ეტყვის რამეს

არწივმა დაინახა თუ არა მელიის კუდი, ფრთები მოსწურა, მაგრამ მელამ დაასწრო, ხის ორმაგ ღრუში შეძვრა, თავი ზევით და კუდი ქვევით გამოჰყო. ასე მოფარებულად გაესაუბრა არწივს:

- დიდო ბატონო! არწივთ-არწივო, საამურ ამბავს გაგიმხელ და ნუ მერჩი!

- კრა! კრა! – დადარაჯდა არწივი და თავ-ნისკარტი მოიღერა. – სად დამემალე?! – ფრთაშეკრულად ჩამოაცხრა, მაგრამ ვერ მისწვდა და ქვედა ტოტზე დაჯდა.

- დიდ გამოსარჩენს მოგახსენებ! შენ არწივის არჩივი, მე შენი სუფრის ნარჩენი! – ფარულ-ხილულად მოუთვალთმაქცა მელამ.

- არ გერჩი, ოღონდ მითხარი! – ფუღუროში ჩასძახა არწივმა.

- არ მერჩი, მაგრამ ვფრთხილობ. შენს ჭვანგებს ფუღუროში ჯდომა მირჩევნია. შენ ქათამი, მე წიწილი!

არწივი უფრო ახლო ტოტზე მიუჯდა და სმენად იქცა.

მელამ კი უფრო გააღიზიანა:

- შენ – რასაც ეცემი, მე ნამცეცები!

- თანახმა ვარ! თქვი და გაათავე! შე ძერის კერძო!

- ყური მომაპყარი, მაგრამ იქით არ გაიხედო... გვი თვალთვალებენ იქ! გუბესთან... მანქანაში... სულ ცოცხალ-ცოცხალი ბუმბულოსნები სხედან და იკვანწებიან!

- ვიცი, მაგრამ შიგ ადამიანია! თანაც შუშაჰბრჭყვიალა უდგას! თვალს ვერ ვუმართავ!

- იჰ! დიდბაფთიანი გოგონა მარტო ზის, სულ მარტო და კანკალებს... შუშაბრჭყვიალა კი რა სახსენებელია, ბაყაყებსაც არ ეშინიათ! ახლა არის შენი დღე! ოღონდ პირდაპირ ნუ მიხვალ! ფრთა გაჰკარ გოგოს!

- მაშ, მე სუფრა, შენ – ნასუფრალი! – არწივი აფრინდა, მაღალი ირაო დაჰკრა, მანქანას თავს დაუარა.

გუბეში კი ბაყაყები აყიყინდნენ:

- უთხრა, დაასმინა! ახლა არწივი ჩვენ დაგვაცხრება, ყი-ყი-ყი!

- ბაკურ-კიკოს შევუთვალოთ!

- არიქა! თუ მოვასწარით! გზაც სახიფათოა!

- მე წავალ! ფარი მაქვს, მენა განა!.. ვერას დამაკლებს ვერაგი! – კუმ ფეხი დააფხაკუნა.

- ყი-ყი-ყი! ჰე-ჰე... კუმ ფეხი გამოჰყო – მეც ნახირ-ნახირო!

- სანამ შენ მოხვალ, წიწილები, თუ არწივსა და მელას გადაურჩნენ, დაიზრდებიან, დაქათმდებიან, კვერცხებს დასდებენ, დაკრუხდებიან!.. ახალ წიწილებს გამოსჩეკავენ! – აყიყინდნენ, ახარხარდნენ ბაყაყუნები.

- მე წავალ! – თავი წამოჰყო ხვლიკმა. – კურდღლის ბუნაგამდე მივასწრებ. მერმე იმან იცის!

- კარგია! აბა ჰე, ყი-ყი-ყი!

ხვლიკი გასრიალდა და ტალახ-ბალახებში მიიმალა.

მალე მინდორი კურდღელმა გადირბინა, არწივმაც ფრთა იქით მომართა, მაგრამ კურდღელმა ბუჩქებში შეძრომა მოასწრო. იქიდან კი შაშვები და ჩხიკვები აჭახჭახდნენ, აფრინდნენ და სხვადასხვა გზით გაფრინდნენ სატირიფოსკენ. კურდღელიც წვრილი ბილიკით გაძვრა და გაისწრაფა. ჭალაში შეიქნა გნიასი.

- რა იყო?! რა მოხდა! ჩხი და ჩხი!ჭახჭახ და ჭახჭახ!

კურდღელი სატირიფოში შემოიჭრა:

- ბაკურ-კიკო! ბაკურ-კიკო! – ღელვისაგან და სისწრაფისაგან ძლივს გამოსთქვა. – ლაფი მანქანაში ჩავარდა. ბაფთიანი წიწილი არწივს ემუქრება! ნანა-კიკი ყიყინებს!

- შენ მუდამ ურევ, ყურგრძელო და თვალელამა! მაინც გასაგებია! განგაში! განგაში! – ბაკურმა გასძახა წეროს. მანაც უმალ სარაკუნას შემოჰკრა.

არწივმა კი შორიდან მოუარა მანქანას. ტყის მხრიდან წამოუქროლა. ბალახებში ჩამჯდარ ნანას ბაფთას მოჰკრა თვალი. ფრთები მოსწურა, ბაფთას კლანჯი მოსდო და წაჰგლიჯა. ნანაც წააქცია, ლაფში ჩააგდო.

აღშფოთებულმა ბაყაყებმა ერთი ყიყინი შექნეს:

- თავს უშველე! არიქა! არიქა! ჩვენთან გუბეში ჩამოხტი, თუ შეგიძლია!

ბაყაყები ჩახტნენ და ჩაიმალნენ. ნანა წამოვარდა ტალახიდან.

წინ მელა დაუსკუპდა:

- გაიქეცი, კიკი-ნანავ! უკან მოუხედავად გაიქეცი ამ ბილიკით! არწივს მე დავხვდები... არ გამოვუშვებ! თუ საჭიროა, მე მელა-მგელა ვარ, მაშა! ბაკურ-კიკოს მეგობარი! არ მოიხედო, არ მოიხედო!

ფეხშიშველა ნანა ტირილით გაიქცა, ბილიკს გაჰყვა... მელა-კუდა უკან მიჰყვა და მისი კვალი კუდით ფარცხა და შალა.

- უკან არ მოიხედო, არწივია! აი, შე წყეულო! სად მოხვალ! ესეც შენ და ესეც შენ! აბა, რა გეგონა! ჰაიო! – თავის კუდს თავი გაჰკრა და არწივის ნაცვლად “გააბრუნა”. – ბაკურ-კიკოს ყველაფერი ვუთხრათ! ჩემს ამაგსაც ნუ დაივიწყებთ!

ნანა დაბალ ჯაგნარში შეიჭრა და მიიმალა.

არწივი კი წიწილების ყუთს წამოაცხრა, ბაფთა იქვე მიაგდო და ყუთის თავი ამოამტვრია, რამოდენიმე ციცარი აქვე გაბდღვნა, დაჰკორტნა. სხვა ქათმები და წიწილები წიავ-წიავით გადმოფრინდნენ და ბევრი მათგანი უმალ მობრუნებულ მელიას პირში ჩაუვარდა.

- ოჰ, რა ცოდვა-ბრალი ტრიალებს! – აყვირდა “თვალცრემლიანი” მელაკუდა. თან გაუბდღვნელი წიწილები ყლაპა და ყლაპა. ზოგი კი თავწაწყვეტილები იქვე აწყო და კუდი აფარა.

შორიდან კი უკვე გაისმა მომავალთა გუგუნი, ჩხივილ-ჭახჭახი და ძახილი:

- ჰაიო! ჰაიო!

გუბიდან თავი ამოჰყვეს ბაყაყებმა, კუებმა და ხვლიკებმა:

- მოდიან! მოდიან! ბაკურ-კიკო მოდის!

მელიამ თავისი თადარიგი დაიჭირა.

- არწივ-ბატონო! ყუთებს საკეტები გაუტეხე, წიწილები გამოუშვი, მერმე ჩვენია!

- მერმე რაღას ვიპოვნი ამ ბუჩქნარებში!

- მე აქ არა ვარ! დაგიჭერ და მოგართმევ! პირობა პირობაა! ოღონდ შენც სუ და მეც სუ! ბაკურ-კიკოსთან არაფერი წამოგცდეს, თორემ შენ რა გიჭირს, ცას გაეკვრები, მე კი მიწის სოროდანაც ამომიღებს!

- კარგი... ნუ გეშინია!

- ჰოდა, დაჰკარი!.. ბოქლომ-საკეტებს დაჰკარი! ჩვენს წინააღმდეგ არის მოგონილი!

არწივმა, მართლაც, ჩამოუარა ყუთებს და საკეტები ერთიანად დალეწა. მელამ იდროვა და ჩუმად მიიმალა, უხვი ნადავლიც თან წაიღო.

ზედაც ირემი მოაგდო ბაკურმა, კურდღელიცა და წავიც მალევე მოჰყვნენ. ახლა ფრინველები მოფრინდნენ. სულ უკან დათვი მობაჯბაჯდა.

- ეცი და ჰაიო! ეცი და ჰაიო! – შესძახა ბაკურმა და მანქანას მიეტანა, შორიდანვე კომბალი მოუქნია. არწივმა ფრთები გაშალა და შემაღლდა.

- კრა! კრა! – გამარჯვებისა და რიხის ხმა ამოიღო, უცბად დადრიკა ფრენა და აფხორილი ბაკურს ეძგერა, სისხლიანი ნისკარტი მოუქნია.

ირემმა მოასწრო და რქები გადაუფარა. არწივი უკან დადრკა.

- არ მოგშველებოდა რქოსანი, ვნახავდი შენს ძვლებს გაბნეულს!

ბაკურმა ირემსაც უტია, დაქვეითდა, კომბალი ისევ ხელში აიტაცა და ჯიქურად მიეტანა არწივს.

ყველა მოჯარდა და მოჩხუბართ შემოადგა. მელამაც იდროვა, უჩუმრად შეერია მოჯარულთ და ყველაზე ხმამაღალი ყვირილი მორთო:

- უი, ქა! ჩემი კუდის მზემ... ეს რა წიწილუმოწყალობა მომხდარა?!

არწივი და ბაკური ერთმანეთს მიეტანენ. ფრინველიხ მიწა-მიწა წამოვიდა, ფრთებით ქარი ააყენა, მიწა და მტვერი შეაყარა სახეში მოზარდს.

ბაკურმა მოასწრო და კომბალით თუნუქის კასრი აიტაცა, წინ ფარივით იფარა. ზედ მიადგა მტაცებელს.

არწივმა ბრაზით ჩაჰკორტნა კასრის ძირი, ჩახვრიტა, ნისკარტი შიგ გაეჭედა. ბაკურმაც იდროვა და ერთი მაგრად მოსდო კომბალი, არწივი ახლა კლანჭებით ეტაკა ბიჭს, მაგრამ შეეშალა ნახტომი. ბაკურიც სხარტად გაერიდა.

- წალდი გაჰკარ! წალდი! – მიაძახეს სატირიფოელმა მეგობრებმა. არწივმა იკადრა ფრთების გაშლა და აფრენა, თუნუქის კასრიც თან აიტაცა.

- ჩაეჭედა! ჩაეჭედა! შეშინდა! არიქა, ახლა არის ჩვენი დრო! ჩხი! ჩხი! – აჩხივლდნენ ჩხიკვ-კაჭკაჭები და მიესივნენ. ბუმბული გააცალეს არწივს. შეიქნა ჰაერში ერთი ბურხალი.

ბაკური კაბინის კიბეზე ახტა, მანქანაზე დიდი ბაფთა იპოვნა, ააფრიალა.

- ნანას ბაფთა!.. თავად სად არის ნეტავ?..

- აქ იყო, აქ! და არწივმა ჭვანგი გაჰკრა! ძლივს გავაქციე! – ხელად მიუცუცქდა და მიუქლესა მელამ.

- ჰკა მაგას! – შესძახა ბაკურმა და ყველა ფრთოსანი არწივს მიუსია. მაგრამ მტაცებელმა იძალა, ჭვანგით წაიგლიჯა კასრი, დასისხლული ჩარბ-ნისკარტი ააკაპკაპა, დაბორიალდა, შესეული ფრინველები შემოიბერტყა. კასრი კი ქვევით გასტყორცნა, ბაკურს ესროლა, მაგრამ მის უკან ცუცქად მჯდომ მელას მოარტყა.

- ვაი კუდი! მომწყვიტა ამ ბოროტმა! – აკნავლდა მელა და კუდი ფეხებში ამოიძუა.

- უპრიანია! ალალი! ალალი! გეკუთვნის! კი, კი და ყი, ყი, ყი! – აყიყინდნენ გუბის ბაყაყები.

- რატომ? რატომ? – განცვიფრდა და შეფიქრიანდა, თანაც უფრო გამწარდა მელა, კუდი ენით მოილოკა, თათით მოეფერა.

- მერმე ვარკვიოთ! ახლა მანქანა დავძრათ! ტალახიდან გავათრიოთ! აჰა, ბაგირ-სათრეველა! – ბაკურმა მანქანის წინ კაკვებზე დაბმული ბაგირი გაშალა და გზაზე გადააწოდა.- აბა, ერთად, აბა, ერთად!

პირველ უღლად დათვი და ირემი ჩადგნენ, ახლა დანარჩენები ჩაებნენ, ჩაეკიდნენ. ზოგი წინ, ზოგი უკნიდან მოაწვა. ზოგი ჰაერიდანაც კი ექაჩებოდა მანქანას, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს.

მელა უმალ გამოძვრა, ოფლი თვალთმაქცურად მოიწმინდა.

- ყუთები გადმოვტვირთოთ! მანქანა შევამსუბუქოთ!

- მაგას წიწილების “შემსუბუქება” უფრო სურს! ადუღდუღდა ბუ. – ბაკურ-კიკო, მანქანაში ჩაჯექი, დააქუხე და ერთად მოვწიოთ!

- მანქანასთან ერთად! მანქანასთან ერთად! აჟრიამულდნენ ტყიურნი.

- მახსოვს ზოგი რამ, მამამ მასწავლა... – შეყოყმანდა მოზარდი.

- ვცადოთ! ვცადოთ! ტალახიდან სად გაგვექცევა! – აბუბუნდა დათვი. – თუ მაინცდამაინც... მაგის მოთოკვა ჩემზე იყოს!

ბაკური კაბინაში ჩაჯდა, ყველანი გარს შემოადგნენ. ზოგმა თავიც კი შეჰყო კაბინაში. ბიჭმა გაბედულად აამოძრავა ბერკეტები.

- ჯერ ამას ჩართავდა, მერმე აქ დააჭერდა ფეხს – მანქანა აატუხტუხა ბაკურმა. ყველა შეაფრთხო. – ამასაც მიაყოლებდა, - აბა ჰე! სიჩქარეში ჩააგდო, მანქანა აგუგუნდა, თვლები აბრუნდა.

- აბა, ერთად! ერთად! – ყველა მიაწვა. მანქანა დაიძრა, ტალახი გააპო, გუბეს გასცდა და გზაზე გაგორდა. სვლასაც უმატა.

- - ვეღარ ვაჩერებ! დამავიწყდა! გაჩერება დამავიწყდა! – აყვირდა ბაკური. მაშველნიც აირივ-დაირივნენ. ზოგი ჩამორჩა, ზოგმა განზე მოასწრო გადახტომა, დათვს კი შეაგვიანდა კიდევაც: ზედ მიადგა მანქანა. დათვი აეტოტა, შეახტა და რადიატორს გადააჯდა.

მანქანამ სვლას უმატა, დათვმა – ბღავილს:

- დავიწვი, მეგობრებო!.. ყველაზე უწვავი ადგილი დამეწვა! გამაჩერეთ!

- ვერ გავაჩერებ, ვერა! – გაიძახოდა ბაკური, სხვადასხვა ბერკეტს სინჯავდა და ღელავდა.

მანქანამ რუს შეუჩერებლად გადაუარა, მაგრად შეირხა, ჩაზანყდა. ყველა ყუთს დატეხილი საკეტი ჩამოუვარდა. ქათმებმა და წიწილებმა თავი გამოჰყვეს, გადმოფრინდნენ.

მანქანამ გზაზე გაიქროლა და მინდორზე გავარდა. ახლა ჯაგები გაარღვია, ისევ გზაზე მოხვდა. ქათამ-წიწილები კი მოფრინავენ და მოფრინავენ. ცვივიან მანქანიდან. ჯაგებსა და ბალახებში დარბიან წიავ-წიავით.

ბუჩქებში ჩამალული მელა ხითხითით სდევს წიწილებს, იჭერს და იჭერს... ცაში კი არწივი გაჰყივის მაღალ ხმაზე და თავს დასტრიალებს მანქანას.

ბოლოს, აღმართში გაჩერდა მანქანა. დათვი გადმოგორდა და ხელად წყალსავსე რუში ჩაჯდა.

- ხომ არ დაშავდი? – კაბინის კარი გამოაღო გაფითრებულმა ბაკურმა.

- არა, ბოლოს და ბოლოს კარგიც იყო!.. მოდი აქ ჩამოჯექ რუშია, ალბათ, შენც გეწვის! – წყალში უფრო მოხერხებულად ჩაჯდა, თათებიც მოიშველია.

ბაკურმა ხელი აასავსავა, მანქანას შემოუარა. აღარც ერთი წიწილი აღარ იყო ყუთებში.

- კი, მაგრამ წიწილები?

მალე ჩამორჩენილი ტყიურნიც მოეწივნენ.

შორიდან ტრაქტორის ტუხტუხი მოესმათ.

- ადამიანები მოდიან! – აღელდა დათვა. – ახლა კი კურდღლური!.. არიქა, გავიქცეთ, თორემ ჩვენ დაგვბრალდება ყველაფერი!

ყველა გაფრინდ-გაიქცა. ბაკური და დათვიც ტყეს შეეფარნენ. ბილიკს ჩაჰყვნენ.

უეცრად წაადგნენ ბუჩქის ძირას მიმალულ, ფეხშიშველა ნანას. მის კალთას ამოჰფარვიან წიწილები, ერთად მოჯრილი, გადარჩენილი... დამფრთხალი წიწილები.

- გოგო? – გახევდა ბაკური. – წიწილებიანი გოგო!

- კიკი-ნანა! – წამოიძახა დათვმა.

- კიკი-ნანა! კიკი-ნანა! – აჩურჩულდნენ ირემი და შემოსწრებული ფრინველები.

გოგონა უფრო გადაეფარა განაბულ წიწილებს.

- შენ ბაკურ-კიკო ხარ?

- მე ვარ! – დაბნეულად უპასუხა მოზარდმა.

- მაშინ მე აღარ მეშინია! არწივმა წიწილები დამიხოცა, ბაფთა წამართვა!

- მე ვაჩვენებ იმ არწივს! ის არის ერთადერთი დამნაშავე!

- არა, მელაც...

- მელაც? აბა, დამიძახეთ! წიწილებია დასაჭერი-თქო!

ჩხიკვები და კაჭკაჭები ტყეს მოედვნენ ძახილით:

- არიქა, მელა-კუდავ! წიწილებია დასაჭერი, წიწილები! ბაკურ-კიკო გიხმობს!

მელამ ყური მოჰკრა, დაკლული წიწილები სოროში ჩამალა და ბაკურს მიაშურა:

- მზად ვარ, გემსახუროთ! – მდაბლად დაუკრა თავი ბაკურსაც და ნანასაც.

- რასაც წიწილების დიასახლისი ამბობს, მართალია?

- ჩემი ამაგი რა სახსენებელია... ცოტა არწივს ვებრძოლე, წიწილებს წყალი დავალევინე, - გაიკვანწა მელია.

- მართალია? – ახლა ნანას შეეკითხა ბაკური.

- დიახ, მართალი, - კუდით!

- კუდით? აბა, დამანახე!

მელამ ბაკურს სველი კუდი მოუბრუნა. ბიჭმაც მოსინჯა და ხელი მაგრად სტაცა კუდში.

- აბა, ახლა კბილები დამანახე!

- ჩემს კბილებს კუდი სჯობია! – დაიკლაკნა მელა. – მთელი სიმდიდრე და სილამაზე იქ მაქვს! – ხუმრობა სცადა, კბილებმორიდებულად ჩაიხითხითა.

- კბილები-მეთქი! – გაწყრა ბაკური და წალდს გაავლო ხელი.

- აჰა! ოღონდ კუდზე ხელს ნუ მიჭერ, სული მეხუთება!

მელამ პირი გააღო და სისხლიანი კბილები გამოაჩინა, ბაკურმა ჩაჰხედა და ყველას დაანახა:

- მართლა კუდი ჯობნებია! შენ არც ხარ მაგის ღირსი! – დაჰკრა წალდი და კუდი ხელში შეიტოვა. – ახლა იყავ კუდალა!

- ვაიმე! რა სიმდიდრე დავკარგე! – აკნავლდა მელა. – უკუდო მელია, ეს იგივეა, რაც უთავო ადამიანი!

- ახია! ახი! – მიაძახეს აქეთ-იქიდან ტყიურებმა.

ბაკურმა კი მელიას კუდი ნანას მიართვა,ყელზე შემოაპხვია.

- ბაფთის სანაცვლოდ გქონდეს!

- მადლობთ, ბაკურ!

ნანამ თავი დაჰხარა და მანქანისაკენ წავიდა. წიწილები და სხვა შინაური ფრინველები თან გაჰყვნენ. ტყიურები კი ბაკურთან დარჩნენ.

- უთხარი რამე... დაჰპატიჟე ჩვენთან! – უჩურჩულა ბუმ.

ბაკური შემობრუნდა, თითქოს გამოფხიზლდა და მიაძახა:

- მოდი ჩვენთან, სატირიფოში! მობრძანდი, თუ მოაგნებ! – უეცრად ენა აებორძიკა, მაგრამ დასძლია და თავჩახრილად მიაძახა: - შენ იქ კარგი დიასახლისი იქნებოდი!

- მოვალ... მოვალ... მოგაგნებ! – გზიდან გადმოსძახა ნანამ და ხელები დაუქნია. დანარჩენი მოახლოებულმა ტრაქტორის ხმამ დაჰფარა.

დაბრუნების შემდეგ, ოქროს წყაროსთან, დიდ ქვაზე მიჯდა ბაკური. წალდის ყუითა და რიყეზე ნაპოვნი სასრევი ქვით ჭედვასა და ლესვას შეუდგა. მანქანიდან მოტანილ სპილენძის მილაკს წვერი წაულესა და საისრე ჯოხზე წამოაგო.

ტირიფზე კი კოდალა შემოჯდა. კაკუნ-კაკუნით ქვევით-ქვევით ჩამოვიდა.

- რა ამბავში ხარ! ძამია-კოდალავ! რას დამეძებ? ასე გაშმაგებით რად აკაკუნებ?

- შენ რაღას აკაკუნებ, ბაკურ-კიკო, თორემ მე ოჯახი მყავს სარჩენი. შენსავით მარტო რომ ვიყო?!. ტოლიც რომ არ გყავს!

- რატომ? ესენი ჩემი ტოლები არ არიან?! – ხელი მთელ სატირიფოზე გადაატარა, წერო, წავი და ჩიტი-გვრიტი დაანახვა.

- არა! შენი ჯიშისა და მოდგმისა. ტოლი ადამიანებს შორის, თორემ ესენი თავის გზა-სავალს იპოვნიან.

- ნანა? – თავჩახრილად აღმოხდა ბიჭს.

- მერმე სად არის? – უფრო ააკაკუნა კოდალამ. – როდესაც მოვა, მაშინ თქვი! ადამიანები ასეთები ხართ- მეოცნებენიცა და ტრაბახებიც. ბოროტებაში კი ყველას ხელი გირევიათ! რომ მიმიშვან გამოსარკვევად - უმრავლესობა ჭიანები და ფუტურონი ხართ! – კოდალამ თავი მოიბრუნა და პირდაპირ ჰკითხა: - არა, მაინც რას აკეთებ?!

- ეს ჩემი საიდუმლოა... ადამიანის! – კოდალას ნათქვამი ენიშნა და უფრო ეწყინა ბაკურს.

- შენც გაქვს საიდუმლო? – მოულოდნელად ამეტყველდა გარინდებული წერო.

- როგორ! თქვენცა? – გაიკვირვა ბაკურმაც.

- აბა, აბა, დაუკრეფავში ნუ გადადიხართ! – ღრუდან თავი გამოჰყო ბუმ, ფრინველებს ნიშანსაგულოდ გადაჰხედა. ბაკურმა კი იწყინა:

- აქ ოქროს წყარო ერთად შევსვით, ფიცი დავდეთ და თქვენ კიდევ მიმალავთ რამეს?

- თითო უთქმელ საიდუმლოს ყველა ვიტოვებთ, შენც და ჩვენც! – ფიქრიანად ჩაიდუდუნა ბუმ.

- მე არა! – მოუჭრა ბაკურმა. – მეგობრობა მე ადამიანურად მესმის!

- მაშ ეს სპილენძი? – ფრთით მიუჩვენა ბუმ.

- არწივთან საბრძოლოდ მინდა. ხომ გამოჩნდება!

- არწივს რომ მოერევი, მერმე ჩვენც გაგიმხელთ ჩვენს საიდუმლოს! ჯერ კი, კოდალავ, ბარტყები გამოვკვებოთ, ბარტყები!

კოდალამ განაგრძო კაკუნი. განაგრძო ჭედვა და ლესვა ბაკურმაც.

სატირიფიდან არც თუ შორს, ჩაიქროლ-ჩაიგუგუნა მატარებელმა.

ბილიკზე გამოჩნდა ჩაფიქრებულად მომავალი ნანა. ლიანდაგზე გადმომდგარ წოწოლა კლდესთან შედგა და მიმოიხედა.

- აქ, აქ ვნახე პირველად. აქედანვე ვიწყებ მისი სატირიფოს ძებნას!

ისევ ბილიკს გაჰყვა და მტკვარს თავზე გადაადგა. აქედან იწყებოდა მტკვარში შეჭრილი, ვიწროდ წაგრძელებული კლდის ნიღრი.

- ალბათ, აქ არის სადმე? აქ ტირიფიც ბევრია! – გაიფიქრა ნანამ და ქედი მოათვალიერა. მაღლიდანვე ჩაშლილ-ჩაფრიალებული კლდის ორივე ფერდი პირდაპირ მტკვრის ჩქერში იძირებოდა.

- ჰეჰეი, სატირიფოვ! – გასძახა გოგონამ.

კლდემ გაიმეორა ძახილი. პასუხი კი არავის არ გაუცია.

ღვიარადან თავი გამოჰყო მელამ. თვალები დაკუსა, ნაკუდარზე თავი გადაისვა.

- ოჰ, ჩემი კუდის ახალი პატრონი! ახლა ნახოს ჩემი ოინები! – კვლავ მიიმალა და ფარულად კლდის ნიღრზე შეიპარა.

- ჰეჰეი, ვინა ხარ? რა გინდა? – ხმაცვლილად გაეპასუხა კუდალა.

- სატირიფოს გზას ვეძებ!

- კლდე-კლდე გამოჰყევი! კლდე-კლდე! – ყბამოქცეულად გასძახა მელამ.

ნანა გაჰყვა, კლდე უფრო შევიწროვდა, პირი წაიმახა. ქვის შლამ იმატა. ნანა შედგა და კვლავ მიმოიხედა.

- კარგად მოხვალ! კარგად, ცოტაცა! მერმე კარგი გზა არის! ძახილ-ძახილით გაამხნევა უჩინარმა მელამ. – მე ბაკურ-კიკოს მეგობარი ვარ!

გოგო ახლა უკვე ნიღრის პირზე მიცოცდა.

უეცრად ნიღრს ხოხობმა გადაუარა. ნანა დაინახა, უკან დაბრუნდა და წინ დაუჯდა

- კიკი-ნანა, აქ რა გინდა! ეს ხომ საარწივოა! ბოროტის სამფლობელო! თუ მოგასწრო, თავს დაგესხმის! კლდეზე გადაგჩეხავს!

- ვიღაც მიძახდა, სატირიფოს გზა ასეაო! – ნანამ ქვევით გაიხედა. კლდის ფრიალომ და აქაფებულმა დენამ თავბრუ დახვია და კინაღამ გადაჩეხა. გოგომ თვალები დახუჭა და მობრუნდა.

- ახლავე დავბრუნდები!

მაგრამ არწივის ჩრდილი ჯერ მტკვრის ტანს დაეცა, მერმე კლდის ნიღრს!

- დაწექ... გაინაბე! – ხოხობმა ფრთა-ბოლო გადააფარა ნანას, მაგრამ აბა რას გასწვდებოდა... თანაც კუდალა მელა მაღლა ქიმზე აიპარა და ნანასაგან მოფარებულად არწივს თათი დაუბნია. ნიშანი მისცა. კიკი-ნანა შეამჩნევინა. არწივმა უმალ ყივილი ამოუშვა.

- კრა! კრა! ვინ გაბედა აქ, ჩემს საბუდარში მოსვლა! – უმალ იქით გაექანა, ხოხობი ფრთაშერეულად აფართქალდა და მტკვრისაკენ გადაეშვა.

- არა, არ გაგივა! კიკი-ნანა ათას ხოხობს მირჩევნია! – არწივმა ხოხობს უგანა და გოგონას მიაშურა. – ჩემი ბუდის მოშლა გსურდა?

- არა, სრულიადაც არა... მე სხვას დავეძებდი!

- გიცანი! კარგად გიცანი! – თავზე გადაუარა, ქარიშხალი შეუყენა, ირგვლივეთიც მოათვალიერა მტაცებელმა. – ალბათ, ბაკურ-კიკოს დაეძებ!

გოგონამ ძლივს შეიკავა თავი, ორივე ხელით კლდეთ შეეჭიდა, გამხნევდა:

- დიახ, მას დავეძებ,.. მას!

- მე გაპოვნინებ... კრა! კრა! ახლავე მოგიყვან, მტკვარდაყოლებით არის! – ჩამოუქროლა, ფრთა გაჰკრა და ნაშვავ კლდეზე გადასჩეხა.

- მიშველე, ბაკურ! – ერთი კი აღმოხდა გოგონას და ქვევით ჩასრიალდა, ჩაშლილ ქვებს გადაჰყვა.

მტკვრის სანაპიროზე კი ხოხბის გულშემზარავი კრიახი გაისმა:

- უშველეს! კიკი-ნანას უშველეთ! ბაკურ-კიკო! ბაკურ-კიკო!

ჭალა აგანგაშდა. სხვადასხვა ხმაზე გაისმა ძახილი. უხილავი ტყიურნი შეშფოდნენ. ხან ჩხიკვი იძახდა, ხან კაჭკაჭი, ხან კაკაბი და შაშვი. ხან ირემი ყვიროდა, ხან დათვი ბღაოდა. ძახილი მიჰყვებოდა ჭალას. არწივმა კვლავ ჩაუქროლა გოგონას, ერთიც გაჰკრა მხარი და მტკვარში გადასჩეხა.

არიქა! არიქა! წყალს მოაქვს! უშველეთ! არწივმა გადასჩეხა! არწივმა! უშველეთ – არიქა! – ძახილი უსწრებდა მტკვრის დინებას. სატირიფოშიც ჩაუსწრო, ბაკურის ყურსაც მისწვდა. მანაც ხელად უტია ჭედვა-ლესვას და აღმა-აღმა, ნაპირ-ნაპირ აისწრაფა, კლდიდან კლდეზე გადახტა, მდინარეში დაინახა წყალწაღებული. ახლო, თავზე სატირიფოს ფრინველები დასტრიალებდნენ. მაღლა ცაში კი არწივი უვლიდა და გამომწვევად ყიოდა.

ბაკური უმალ გადახტა კლდიდან და გასცურა, დაეწია, ჩამოშლილ თმაში სწვდა ნანას, მოსწია და ტირიფისაკენ უსწორა ცურვა.

ერთობლივ ცხოველ-ფრინველები მიეშველნენ. ზოგი წყალში შეცურდა, ზოგმა ფრთა გაჰკრა, ტირიფის ტოტებიც კი წყლისაკენ იდრიკებიან. წყალწაღებულსა და მაშველთ ეყიჟინება მთელი უსულო ბუნებაცა და სულიერნიც ბუნებისანნი.

ბატ-კვატები გოგონას ხელებს ამოუდგნენ, წავი საყელოში სწვდა ნანას. ირემი ქვევიდან მოცურდა და ზურგზე მოიქცია გულწასული ადამიანი.

ბაკურმა ხელი სტაცა დადრეკილ ტოტს ტირიფისას და ნანა ზევით აიტაცა. ჩახლართულმა ძირებმა გზა მისცეს. ბიჭმა ბალახზე მიაწვინა გულწასული.

ხელად შემოადგნენ ტყიურნი, აფუსფუსდნენ, აჟრიამულდნენ.

- არ ლაპარაკობს! ხმას არ იღებს! კიკი-ნანავ, შენ გენაცვალე!

ხოხობი ფრთას მარაოსავით უნიავებდა. ბატი ყურებს უწიწკნიდა.

- ვერ ლაპარაკობს და როგორ უნდა ისუნთქოს? სიტყვაა – სუნთქვაც და სიცოცხლეც!

- რას ამბობ? რასა?! – ჩურჩულებდა ირემი და ლოყებს ულოკავდა გულშემოყრილს. დათვი ბუზებს არ აკარებდა. წერომ უხერხულად აწეული კაბა გაუსწორა.

ბუ ზემოდან დაჰყურებდა და ყველას არიგებდა, ჭკუას ასწავლიდა:

გულწასულია, ქა!.. წყალნაყლაპი! ლოყა-ყვრიმალები დაუზილეთ! ხელები აუმოძრავეთ! აი ასე, აი ასე! – თავადაც ფრთების ქნევით აჩვენებდა. – სუნთქვა გაუადვილეთ! სუნთქვაა მთავარი და არა ლაპარაკი, გენიოსავ!

ბაკურმა ხელი მოწიწებით შეახო ნანას, თავი შეუსწორა, ხელები აუმოძრავა.

გოგო გონს მოვიდა... ქუთუთოები ააპარპალა.

- გაახილა! თვალები გაახილა! – წავმა თავისი რბილი კუდით თვალები ამოუწმინდა ნანას.

- გაახილა! გაახილა! – თამაშით შეფრინდა ჩიტი-გვრიტი, შავ-თეთრა ნაპერწკლები აიშალნენ, ცაში შევარდნენ მერცხლები. თითქოს ბალახის სიმწვანე მაღლა აიტაცეს მელეღვიებმა. მთელ ჭალას გადასწვდა სიხარული.

- გოგონამ კი გულზე იტაცა ხელი, თავი წამოსწია.

- სად ვარ?

- სატირიფოში!.. – ერთხმად შესჩურჩულეს.

- არწივი?! - მიმოიხედა ნანამ. - ესენი ვინ არიან?

- ჩვენ ვართ! ჩვენ! ვეღარ გვიცანი?! – შერეულად შეხმიანდნენ ტყიურნი.

- ესენი ჩემი მეგობრები არიან! არწივი კი აქ ვერ მობედავს! – დააწყნარა ბაკურმა. – ნუღარ იჯავრებ!

- ბაკურ! ახლა აღარც მეშინია! აღარც ვჯავრობ! – ალუღლუღდა ნანა. – სატირიფოს გზაზეც არწივმა დამაყენა! ავი სწადდა, ბოლოს კი სიკეთე გამოუვიდა!

- შენ ბედი თქვი, ბედი! – აკრუალდა წერო.

- ჰოდა, ასეა! გოგონა წყალს მიჰქონდაო და გზაც სატირიფოსკენ ჰქონდაო! ჩვენ კი გულები დავიხეთქეთ! – ადუღდუღდა ბუ.

ნანა კი წამოჯდა და მიმოიხედა, ყვავილი დაინახა.

- ეს რა კარგი ადგილია... რა მშვენიერი ყვავილია?! ასეთი არც მინახავს!

ბაკურმა მორცხვად ჩაიღიმა:

- შენი ყვავილია!

- სიყვარულის ყვავილი! – ისევ აქოთქოთდა ბუ.

- სიყვარულის?! რა კარგად გაშლილა, აქ... ამ სიკეთის კუთხეში.

ისევ მიჰხედა ყვავილს, თან ხელი ტანზე ჩამოისვა:

- უი, რა სველი ვარ! კაბაც ტანზე შემომეტმასნა... ნუ მიმზერთ!.. ნურც შენ, ბაკურ, ჩემო გადამრჩენო!

უეცრად დაიმორცხვა ნანამ. ხელები სახეზე იფარა და ქვითინი აუვარდა.

- ვაი დედა! კინაღამ დავიღუპე!

- კი, მაგრამ... ახლა აღა გატირებს?! – განცვიფრდა ბაკურ, სხვებიც.

- მაშ რომ დავმხრჩვალიყავი, მერმე რაღას ვიტირებდი?! – უფრო აზლუქუნდა ნანა.

ფრინველებმა და ცხოველებმა კი ერთი ტკრციალი და ხარხარი შექმნეს... დათვიც კინაღამ გაიგუდა ხარხარით.

- მართალია! ვახახახა! მართალი! მერე რაღასა!..

- აბა ერთი გავამხიარულოთ, გადარჩენის ფერხული ჩავაბათ! – დაბორიალდა, ყველას ფეხი გადააბიჯა წერო-პატიოსანმა. ყველანი ადგილობრივ აროკდნენ, თანდათან გარს შემოადგნენ მტირალ ნანას, ჩამწკრივდნენ და ჩარიგდნენ.

- ნეტა ვისა? ნეტა ვისა? – კაკბებმა გასძახეს ხოხბებს.

- ნეტა რასა? ნეტა რასა? – ახლა კაჭკაჭები შეეკითხნენ ჩხიკვებს.

- ნეტა რაო? ნეტა რაო? – აჟღურტულდნენ და აჭახჭახდნენ შაშვ-შოშიები.

- ერთმა ორბმა გულძერამა... – ბანი და სიტყვა მისცა ბუმ.

- ერთსა გოგოს გულკეთილსა... – აღუღუნდა ჩიტი-გვრიტი.

- ფრთა გაჰკრაო! – შეჰკივლა და აყიყინდა ბატი.

- ფრთა გაჰკრაო! – უფრო აუწია, თავადაც ცალ ფეხზე შედგა წერო.

მათ მიჰყვნენ სხვა ბატ-კვატები, ტყის ქათმები, მოლაღურები.

ახლა ცხოველებიც ჩაებნენ ფერხულში და სიმღერაში.

არწივი ს ჩრდილმა კი ისე გადაუარა მეფერხულეთ... ნანა წამოხტა, ბაკურს მიეტანა.

- ისევ ის!

- ნუ გეშინია! – ბაკურმა წალდს ხელი დასტაცა და ნანას წინ გადაეფარა.

- ამიერით სატირიფოში ან მე, ან იგი!

- წავალ მე... შინ წავალ... აკი ვიყავი შენთან, ხომ გნახე!

- მე მინდა, გულმა მოგიყვანოს, - არა არწივმა! არა მდინარემ ჩამოგატაროს!

- ასეც! უფრო დამშვიდებულადაც გნახავ! თქვენც ყველას გნახავთ, ბაკურის მეგობრებო!

ფერხული კი განაგრძობდა ბრუნვა-რონინს და სხვადასხვა ხმაზე სიმღერას:

დაგვეხსენ, შავო ფრთიანო,

შენ დაგვანებე თავიო,

მაინც ვერ დაგვაზიანო,

ჰაიო – არწივს, ჰაიო!

ფერხულითა და სიმღერით მიჰყვნენ და მიაცილებდნენ მიმავალ ნანას, სატირიფოს ზღვარზე თანდათან ჩამორჩნენ მეფერხულ-მოსიმღერენი.

ახლა მხოლოდ ორნი მიდიან... ნანა და ბაკური. ღრმა ხევზე გადადებულ ვიწრო ხიდთან ნანა შედგა და ხელი გამოუწოდა თავის გადამრჩენს.

- როდის მოხვალ? – ფიქრიანად შეეკითხა ბაკური.

- როდესაც გული მეტყვის! – გაინაზა ნანა. – შენ რაღაც სხვანაირი ხარ, მკაცრი და კეთილი. ცხოველები და ფრინველები ამას ადამიანზე უფრო მალე გრძნობენ!

- მაინც როდის მოხვალ?

- ახალ კაბას რომ შევიკერავ! – სველ, აქა-იქ დახეულ კაბაზე შეივლო ხელი გოგომ და უკვე შინაურულად, თვალდახუჭულად, გაუღიმა.

- ჩვენზე არავის არაფერს არ ეტყვი!

- კარგი, - არა! ეს ჩვენი საიდუმლო იყოს!

- პირველი საიდუმლო!

- კიდევ ბევრია?

- ბევრი... ცხოვრება ხომ ოცნება და საიდუმლოა!

- მე კი მადლობის თქმაც დამავიწყდა, რომ გადამარჩინე. ჩემი სიცოცხლე ახლა შენ გეკუთვნის! დედა ასე იტყოდა! მაგრამ მე არაფერს არ ვეტყვი დედას! არც გაკოცებ, მაგრამ არც ვეტყვი.

- მე არწივს ვებრძვი. მეტი არაფერი არ ვიცი!

დაბრუნების შემდეგ, ბაკური დაუყოვნებლივ შეუდგა ახალ საქმიანობას. დედა-ენაც გადაშალა, მაგრამ აღარ ჩაიკითხა. წალდი მოიმარჯვა. ტირიფის გადაწოლილ ტანზე ამოსული ერთ-ერთი, მკლავის სისხო, ტოტი გასხეპა, გარს გამოუკაფა, მოჰხარა და სინა ჩამოაბა, ჩამოჭიმა. ხელი ჩამოჰკრა, ჩანგივით ააჟღერა. ახალ ხმის გაგონებაზე შეხმიანდნენ. კილო აუწყვეს მგალობელმა ფრინველებმა. ჩიტი-გვრიტი კი შეეკითხა:

- რას აკეთებ, ბაკურ-კიკო? ესეც დედა-ენაა?

- გამოჩნდება! ვნახოთ, რა გამოვა!

- ჩანგია!.. – დაასკვნა ბუმ.

- იარაღია! მშვილდი!.. – შეედავა წერო.

- ორივეა! ჩემი ჩანგი – ჩემი იარაღია! – ბაკურმა ოთხი ძალი ჩამოაბა და ჩანგივით გამართულ მშვილდს ხმა გამოაღებინა. სატირიფოს ყოველ ფრინველსა და ცხოველს გული აუჟღერა ამ საბრძოლო საკრავმა. უკრავდა ბაკური და ხან არწივული იყო კილოში, ხან ხოხბური, ხან კაჭკაჭური. ერთი-ორი ირმული ხმაც დააბუბუნა... ყველანი თანდათან აჰყვნენ.

- წერომ ხელად წკეპლა აიტაცა და შერეული ხმები შეათანხმ-შეათანაბრა. ბაკურმა ფიქრიანად გადაჰხედა ჩაწყვილებულად მგალობელ ან ჩაყუჩებულ ტყიურთ და ჩანგ-იარაღის სიმთა ჟღერას ხმაც ააყოლა:

ყველას ჰყავნ თავის ტოლ-ფარდი,

შენ სად ხარ – ანა-ბანაო?!

ბუმ გადმოიხედა ბუდიდან, ხმის აწყობა სცადა, სმენამ უღალატა, მიხვდა და გაჩუმდა. უსიმღეროდ ჩაულაპარაკა:

- წერილი მისწერე!

- ვის?! – გაიკვირვა ბაკურმა და სიმები ისევ ააჟღერა.

- შენ თვითონ იცი! ვისაც უმღერის სული! – თავი მოიღერა ირემმა.

- იცის... თვითონ იცის! – აყიყინდნენ ბატ-კვატები, ჩხიკვ-კაჭკაჭები. წერომ წკეპლა მნიშვნელოვნად აიქნია, კილო ისევ ააწყო და განაგრძო.

- მერმე როგორ გავგზავნო? – თავი ჩაჰხარა ბაკურმა.

- შენ დაწერე, ეგ არის მთავარი. თორემ გზას სურვილი აჩენს! – გადმოსძახა ბუმ.

- დაწერე! დაწერე! აჰა, რვეული! – წერომ დედა-ენიდან ამოაძრო დაფურცლული რვეული და ბაკურს გადაუშალა.

- აჰა, კალამიც! – ხოხობმა ბოლო ამოიგლიჯა და ბიჭს მიართვა.

- უი, დამასწრო! – ამოვარდა ბატი, მაინც ამოიძრო ფრთა-კალამი და მიართვა.

- სსსასვენი ნიშნები მაინც ჩემი კალთიმ დასწერე, გეთაყვა!

- მე წაგითლი! მე! – წინ დაუყუყდა წავი და კალმებს კბილი გაჰკრა!

- მელანი ჩვენზე იყოს! აბა, შავჩოხიანებო! – შაშვები აჭახჭახდნენ, ანწლსა და მაყვალს შეესივნენ. მათ სხვა ფრინველებიც მიჰყვნენ. ნისკარტებით მოზიდეს. ტირიფის ძირა ღრმულში ჩაჰყარეს. ბატმა უნრ ნისკარტით, მერმე ფეხებით ჩაჭყლიტა. ტირიფზე გადავლისას შავი ბაჯბაჯა კვალი დარჩა.

- აჰა, ბატონო... ბატიფეხური! – გადმოსძახა ზევიდან ბუმ. – მელანი კი ჩინებულია!

- ახლა კი სიჩუმე, კიკო კიკის წერილსა სწერს! – შეწყრა დათვი და ბაკურის ფერხთით მოკალათდა.

ბაკურმა ჯერ ისევ ჩანგ-იარაღს ჩამოჰკრა მარცხენა, მარჯვენით კი ხოხბის კალამი ამოაწო მელანში და წერას გული მისცა.

უეცრად დაბერილმა ქარმა ფურცელი გასტაცა და მტკვარში გადაუგდო. დინებამ უმალ მიიტაცა. ტყიურებმა ერთი ჟრიამული შექნეს, წამოიშალნენ. მაგრამ ჰაერში ელვის სისწრაფით არწივმა გადაიტროლა და წერილი წყლიდან აიტაცა.

- ჰაიო! ეცი არწივს! – წამოვარდა დათვი. ჩხიკვ-კაჭკაჭები, მერცხლები, კვირიონები და სხვა მარდი ფრინველები, ერთი ჟივილ-ხივილით, ცაში შეესივნენ არწივს, ირგვლივ რკალში ჩააგდეს.

- რა თავს აკლავთ! მეც მაბოროტებთ! უბრალო ფარატინი ყოფილა! მე გეტყვით, წიწილია! აჰა, და თავი დამანებეთ! არ შეჰყარეს მთელი ხიდსაქეთა ქვეყანა! – ქაღალდს კლანჭი გაუშვა და ცას გაეკრა.

ფარატინს ჯერ მერცხლები სწვდნენ, მერმე ჩხიკვები მიეშველნენ. ახლა სხვები. ფრთებით ამოუდგნენ და ისევ ბაკურს მიართვეს.

- ასეთი რა დასწერე, რა მძიმეა? ძლივს ვზიდეთ ამდენმა ფრინველმა!

- აბა, რა ვიცი, ლექსია! მამამ მითხრა – ადამიანის დაწერილი სიტყვა რკინაზე მძიმეაო! სიმართლეს კი ორმაგი წონა აქვსო!

- მართალი უთქვამს! კარგად უთქვამს! – ხმა მისცეს ცხოველებმა.

- ვერ დაინახეთ! არწივსაც გაუჭირდა! – შესძახა ირემმა.

- მდინარემ კი ადვილად წაიღო! მდინარე დროსაივით არის! აბა თუ არა?!

- ბრძენ-ბუ მართალია! აი გზაც გამოჩნდა! მდინარეს გავატანოთ... არმაზამდე ჩაიტანს წერილს! იქ კი კიკი-ნანა დახვდება! – ისევ წერომ წარმართა საქმე.

- ჩვენც გავფრინდებით... გავაფრთხილებთ! ჩვენ ვიქნებით პირველი მერცხლები! – აჭიკჭიკდნენ მარდი ფრინველები. – დიდი წერილი დასწერე, მთელი გული შიგ რომ ჩაეტიოს!

ბაკურმა ისევ სიმებით დაიწყო. ახალი წერილი დაწერა, წყალში გადააგდო. მორევმა დაატრიალა ქაღალდი.

უეცრად ყოველმხრივ თევზები შემოესივნენ წერილს, გასწიეს და გამოსწიეს. ერთი ონავარი კი ქვევიდან ეძგერა და წერილის შუაგულში ამოჰყო თავი.

- ესეც შენი მოკითხვის ბარათი! – გაწყრა და ასისინდა ბატი, წყალში შეცურდა. – მომყევით, ბატ-კვატებო! თევზებსაც ვაჩვენოთ ბატიფეხური, - კალიები და ასოები ვერ გაურჩევიათ!

მაგრამ წერომ დაასწრო:

- ფრთხილად! არწივი! ტირიფის ჩრდილს არ გასცდეთ, არა!

წერილი კი გასწი-გამოსწიეს და ნაკუწ-ნაკუწ წაიღ-წამოიღეს თევზებმა.

- შენი ლექსი თევზებმა შეჭამეს და რა მოუვათ?!- იკითხა მობრუნებულმა ბატმა.

- ჰე, გენიოსავ... რა საკითხავია?! დახე ამ ლექსიჭამიებს! ახია მაგათზე, რაც მოუვათ! – აჩხივლდა კაჭკაჭი. – ასე არ ვარგა! თავიდან დაწერე, მე კი ვიცი, რაში უნდა ჩამდო, არც დასველდეს, ვერც თევზებმა შეჭამონ, ვერც არწივმა მოიტაცოს!

- რა არის ასეთი? – კაჭკაჭს შემოეხვივნენ ყველანი.

- ერთი შავგამჭვირვალე, წოწოლა ნივთია. შიგ ჭუამხიარული წყალი ასხია.

- რა ჭკუამხიარული?! – აყაყანდნენ ტყიურნი.

- იმას რომ დალევენ ხოლმე ადამიანები – ჭკუამხიარულნი ხდებიან, სულ მღერიან და ჩხუბობენ!

- ღვინო? არაყი? – წამოიძახა ბაკურმა. – მერმე სად არის ბოთლი?!

- მე ვიცი, აქვე ლიანდაგის ახლოს, ერთ ხის ძირში მთელი ყუთია. ჭკუამხიარულები ყოფილან!.. დათუნია გამაყოლეთ და მოვიტანთ!

- აბა, დათუნიავ! მე კი ხელახლა დავწერ! – კალამი წავს გაუწოდა ბაკურმა და ახალი ფურცელი აიღო.

მალე კაჭკაჭი მოფრინდა, ოფლი მოიწმინდა და აქოთქოთდა:

- მოგვაქვს! მოგვაქვს! უჰ, დავიღალეთ! ცარიელი ბოთლი რა მძიმე ყოფილა! დაწერილ სიტყვაზე უფრო! – ისევ უკან გაფრინდა და ახლა კი მიწაზე ხტომით შემოუძღვა დატვირთულ დათუნიას. ცხოველს ზურგზე მთელი ყუთი მოედო და მოხრილად მობაჯბაჯებდა.

ყუთი გახსნა თუ არა, ყველა მიესია, შიგ ჩაიხედა. შიგ, მართლაც, შამპანურის მრავალი ცარიელი ბოთლი იდო.

- ერთი კი სავსეა! აი ნახეთ! – ბოთლი მაღლა ასწია დათვმა. – აბა, ვნახოთ რა წყალია – ჭკუამხიარული წყალი?! – ერთი ააჯანჯღარა, მერმე კი კბილებით მავთული და ტყვიის ქაღალდი შემოაცალა, საცობი დასძრა.

დაძრულმა საცობმა ნელ-ნელა იწყო ზევით ამოსვლა. ყველანი განცვიფრებით უმზერდნენ ამ “გაცოცხლებულ” ბოთლს.

- მოცოცავს! მოცოცავს! – აღრიალდა დათვი. – ამოიბურთა!

უეცრად იფეთქა საცობმა და ამოვარდა. შემკრთალი დათვი გადაბრუნდა. მაგრამ ბოთლი თათებიდან არ გაუგვა. წავი წყალში გადახტა, ფრინველები ჰაერში და ხეებზე ავარდნენ, ბატებმა და იხვებმა დაყვინთეს.

- ვაიმე, მომკლეს! – აყვირდა ბუ და საცობი ბუდიდან გადმოაგდო.

- რა მოხდა? – იკითხა დათვმა და ბაკურს აქაფებულ ბოთლზე მიუჩვენა. – გაცოფდა?!

- აგრე იცის, აგრე! არაფერია! ნუ გეშინიათ! ოღონდ ნუ დალევ, არ გაწყინოს!

ტყიურნი ისევ გარს შემოადგნენ ბოთლს და მის მპყრობელს. დათუნიამ თათი დაადო ბოთლს, ქაფის დენა შეაჩერა.

- აი ეს იქნება ჭკუამხიარული წყალი, ჭიანჭველებზე უარესი რაღა იქნება?.. რაც იყოს – იყოს! მაინც გავსინჯავ!

თავგადადებულად დაეწაფა და შესვა. დრუნჩი სიამით გაებადრა, თვალები განზე წაუვიდ-წამოუვიდა. სული მოითქვა, თათდადებული ბოთლი გულში ჩაიხუტა და ყველას თვალი ჩაუკრა.

- ტკბილმა ჭიანჭველებმა დამიარეს! – ისევ დაეწაფა და ვიდრე არ გამოსცალა, აღარ მოეშვა. – ახლა – შენია! – ცარიელი ბოთლი ბაკურს დანდიმანდულად გადაუგდო და თათები თავზე წაივლო: - ადამიანების სასმელი მეტკბილა და მემწარა, ხახაში ჩავისხი და სულ ცხვირში ამომკრა და ამომკრა! სისხლში ალმური მომეკიდა... ცეცხლით მთვრალი ვარ... ადამიანი გავხდი და რა მეშველება?! – აღრიალდა დათუნია. – ჭკუამხიარული ვხდები და, ვიდრე ცხოველის აზრის ნატამალი გამაჩნია, მაპატიეთ... ყველასა გთხოვთ, მაპატიეთ... და თუ არ მაპატიებთ, პატრონს გიტირებთ! – უეცრად გაწყრა, შემოტრიალდა, ტირიფს ეტაკა და დააზანზარა.

- რას სჩადი რასა?! – მიაძახეს აქეთ-იქიდან. – მაგას მეტი კი აღარ უნდა!

- დედამიწა უნდა გადმოვაბრუნო!

- რათა?

- იმათა, რომ ზედ ბევრი უთანასწორობა და უმსგავსობა დაბუდებულა!

- მერმე შენ გაასწორებ მთა და ბარს?! – შეეკითხა ირემი.

- რასაც ვერ გავასწორებ – გადავყლაპავ!

- რასაც ვერ გადაყლაპავ? – ეშმაკურად შეეკითხა ბუ.

- მოვსპობ! – აღრიალდა დათვი. – დავაწიოკებ!

- აჰა, ბატონო! ბოროტი და ტრაბახა! ნამდვილი ადამიანია, ნამდვილი!

- უიმე, აი რას ნიშნავს ჭკუამხიარული წყალი! – აჟრიამულდნენ ფრინველები და “გაადამიანებულ” დათვს გაერიდნენ.

დათვი კი ტირიფს აეტოტა, თათი მოსდო ბაკურის ჩანგ-იარაღის სიმებს და უხიაგად ააჟღერა.

- სად მიხვალ? ემანდ არ გამიფუჭო! – მიაძახა ბაკურმა.

- უიმე, სად მიძვრები? – შესძახეს აქეთ-იქიდან.

- უნდა გავფრინდე! არწივს დავედარო!

- რომ არ იცი? – შეეკითხა ბუ.

- ვიცი, მე ყველაფერი ვიცი!

- არ გადმოხტე! დაიმტვრევი! – წერილი მოითავა და საქმეში ჩაერია ბაკურიც.

- არ გადმოხტე! არ გადმოხტე! – აყიჟინდნენ აქეთ-იქიდან.

დათვი მაინც გადმოხტა ტირიფიდან და წყალში ზღართანი მოადინა. ძლივს ამოფორთხდა წყალნაყლაპი და აქოშინებული.

- აკი გითხარით!.. გეუბნებოდით!.. შენი ფრენა ვის გაუგონია?!

- ვიცი... მაგრამ ჰაერი ვერ მიძლებს! – მე მაგას ვუჩვენებ სეირს! – ითათაღმართული დატრიალდა, მაგრამ თავბრუ დაეხვია, სლოკინი აუვარდა. ტირიფს გადააწვა და გული აერია.

- მე ახლა წყალნაყლაპი ვარ.

- მხიარულ... ადამიანურ წყალნაყლაპი! – ჩაუნისკარტა ბუმ.

- მე არა... ეს ჭკუამხიარული წყალია! თუ ესაა – აღარ მინდა ადამიანობა, მეყო... ყელში ამომივიდა!

ბაკურმა კი წერილი დაახვია, ბოთლში ჩასდო, მჭიდროდ დაუცვა, ზედ ხოხბის ფრთა დაასო და წყალში გადააგდო. თავად კი ჩანგ-იარაღს ჩამოჰკრა და კილო გამოაღებინა.

და სულ მალე მტკვარში შეცურდა ფრთააღმართული ბოთლი. დიდ-პატარა თევზები დაეხვივნენ, მაგრამ ვეღარაფერი დააკლეს. ფრთამალი მერცხლები, კვირიონები, ჩხიკვ-კაჭკაჭები ბოთლს აედევნენ და ჰაერში დავლურის ფრენბორბალა დაატრიალეს.

სულ მაღლა, ცის კაბადონზე კი არწივი ფრთაგაშლილად, თითქოს უძრავად ეკიდა და ყველაფერს ავ თვალს უწვდენდა. ტირიფის კენწეროზე უფრავად იდგა წერო-პატიოსანი და ბაკურს ამბავს აგებინებდა:

- მიდის წერილი! სიკეთის გზა მაინც დიდია!

ფრთააღმართული ბოთლი სწრაფად ჩაჰყვა ნაკადს. მან თითქოს ჩანგ-იარაღის კილო აიდევნა. ფრინველებმა ხმა აუწყეს და ჰაერ-ჰაერ მიჰყვნენ.

არმაზის თელნარში, მტკვრისპირა ტყემლებთან ნანა გამოსულა, კალათი და დიდი კაკვი წამოუღია, ტოტებს იწვდის, შემწიფებულ ტყემალს ჰკრეფს. ერთი საზურგე ბალახი და ნამგალი იქვე დაუდვია.

გოგონამ ყური მოჰკრა საამო კილოს, დაინახა კიდევაც მტკვრის თავზე მოჟრიამულე ფრინველები.

ნეტა რა უნდა იყოს? – ტყემლის კრეფას უტია და ნაპირს მიაშურა.

- კიკი-ნანა!.. ნანა-კიკი! – უფრო ახმიანდნენ ფრინველები, კილომაც იმატა.

თქვენთვის არა მცალია, ბაკურისანნო! მე შინაურები მაბარია! წიწილებს ბალახი უნდა მივუტანო. დედამაც ტყემალი დამაბარა! – მაგრამ უეცრად ფრთიანი ბოთლი შეამჩნია, რაღაც ინიშნა. კაკვით მიჰყვა, მოიწადინა და ამოიღო. ფრინველებმა ჟივილ-ხივილსა და კილოს უმატეს.

ნანამ ხოხბის ფრთა ამოაძრო და თმაში გაიკეთა. ბოთლს მზეზე გაჰხედა, ქვეყანა მუქ ლურჯად დაინახა. შიგ ბარათიც შეამჩნია.

- ჩემია! – საცობი ამოაძრო, ბარათი ამოიღო. და უეცრად უფრო ახმიანდა კილო. ბაკურის ხმაც დაირხა გაშლილ ბარათიდან:

ყველას ჰყავს თავის ტოლ-ფარდი...

შენ სად ხარ, ჩემო ნანაო?!

ნეტამცა ერთად გვადარდა,

თუ გულიც გერჩის თანაო,

ერთხელაც ჩამოგვხედავდე

მტკვართან და ტირიფთანაო!

ნანა მტკვარს გადაადგა, პირი აღმა იბრუნა და გადასძახა:

- აი, ახალ კაბას შევიკერავ და გნახავ!.. მოვალ სატირიფოში!

ამის შემდეგ დასჩემდა ნანას, ხშირად, სულ ხშირად, მტკვრის ნაპირზე, თელნარში ჩამოჯდებოდა, ოცნებობდა. ახალ კაბას ქობებს უწყობდა, უქარგავდა. თან მტკვრის ნაჭავლს უთვალთვალებდა. გრძელი კაკვი ან გრძელტარა კალბადე მუდამ თან ჰქონდა.

და მართლაც... როგორც კი მტკვრის ნიავი ნაცნობ კილოს წამოაწვდენდა, მტკვარზე ხოხბის ფრთიანი ბოთლი გამოჩნდებოდა.

აი, ახლაც ბოთლს მოატივტივებს ტალღა.

ნანამ გრძელტარა კალბადე ამოსდო და ამოუსთა, ბოთლთან ერთად თევზებიც ამოჰყვა კალბადეს.

- თევზებიც?! – ხელი დასტაცა ბოთლს, გულში ჩაიკრა, კალბადე კი ამოაბრუნა.

- წადით, იცოცხლეთ, გაიხარეთ! თქვენ რაღას გერჩით?! თქვენ-თქვენ ტოლფარდებს დაუბრუნდით!

ბოთლი გახსნა თუ არა, ბაკურის ხმა ამოსძახა:

- ყველგან მხოლოდ ჩამოელვებით ჩამოიარე, პირველად მატარებლით – ყვავილების მფლობელო.

- ყვავიილების მფლობელო?! – გოგონა ამოეხმაურა ბარათს. – ბაკურ ბუნების მესაიდუმლევ!.. აი ახალ კაბას ამოვქარგავ და მოვალ!

... და ისევ ბოთლი მოცურავს, ფრთას აფრიალებს. ისევ კაბას ჰქარგავს ნანა. ნაყშად და თარგად ყვავილებს აზომებს. ამ რჩევა-რჩევაში ყვავილების ფერი აიკრო კაბამ, შეფერადდა, გასარეცხი გახდა. ისევ გახსნილი ბოთლი და ხმა ბაკურისა:

- მეორედ – მანქანასთან... წიწილების დიასახლისო! არწივმა და მელიამ გაწყენინეს... მაგრამ განა ყველანი ასეთებია?!

- წიწილების დიასახლისო?! – ხმა ააყოლა ნანამ. – ჩემო ბაკურ, ტყიურთ მეგობარო და მბრძანებელო! აი ახალ კაბას გავრეცხავ და უსათუოდ მოვალ!

კაბა მტკვარში ჩაალბო ნანამ, ამორეცხა.

მტკვარი კი ისევ ფრთიან ბოთლს მოატივტივებს. წყალში ჩადგა ნანა, პირდაპირ კალთით დაიჭირა. ისევ გაისმა ხმა ბაკურისა:

- ბოლოს მდინარემ ჩამოგიტანა და თითქოს ისევ წაგიღო!.. ერიდე ბოროტ არწივს, მაგრამ ჩვენც ნუ დაგვივიწყებ, მდინარის დედოფალო!..

- მდინარის დედოფალო?! როგორ დაგივიწყებ, ჩემო გადამრჩენო! ჩემი სიცოცხლე ხომ შენია – სატირიფოს მფარველო! არწივის მებრძოლო!

კაბის გარეცხვას მოუჩქარა, გაწურა და გასაშრობად დაჰკიდა შინდზე.

მდინარეში კი ისევ ბოთლები, ფრთიანი ბოთლები მოცურავენ, მოტივტივებენ... ერთიმეორისაგან ჩამანძილებით და მიყოლებით.

ბაკურის ხმა ისმის მტკვრის უბიდან, მუქლურჯი ბოთლებიდან, წერილებიდან...

- ხმა გაგვეცი... თუ სადმე ახლომახლოდ ხარ!.. მდინარეს წერილებს სულ ვატან და არ არის პასუხი არსაით! ვაითუ, არწივის წერა გახდი! ჩვენ კი ცოცხლები ვართ და არაფერი ვიცით?! იქნებ ხიდს ქვევით – დიდ ცხოვრებაში წახვედი... მე კი გიცდი, გეძებ... და ახლა მთელი სიცოცხლე უნდა გიცადო და გეძებო, ტოლ-მეგობარო! – ჩვენი ყვავილი კი ჰყვავის და ჰყვავის!

- ტოლ-მეგობარო?! მოვალ, უსათუოდ მოვალ და ჩვენს ყვავილს ვნახავ! – მტკვარს უჩურჩულებს ნანა.

უეცრად გაისმა ჰაერის მკვეთრი ზუზუნი და შეოცნებებულ გოგონას არწივმა შხუილით ჩაუქროლა. შინდზე გადაკიდებულ ახალ კაბას კლანჭი ჩაჰკრა და აიტაცა.

- ჩემი ახალი კაბა! – უკან, ბილიკ-ბილიკ, ძახილ-ძახილით გაეკიდა გოგონა მტაცებელს. არწივი კი სულ მაღლა-მაღლა აისწრაფა, კაბაც ცის მიჯნაზე ააფრიალა.

სატირიფოში კი ისევ განგაში ჩამოვარდა. წერომ სარაკუნას შემოჰკრა, ყველა შეჰყარა.

- არწივმა ისევ რაღაცა მოიტაცა.

ბაკურმა ხელი უშვა წერას, უკანასკნელი ბოთლი მისდო და ზე წამოხტა, მაღლა აიხედა. მერცხლები, ბოლონამგალები და კვირიონები ცაში აიშალნენ.

- ამბავი გაიგეთ! სხვანი აღარ წახვიდეთ! აღარ! – ბაკურმა შეაჩერა წერო, ჩხიკვ-კაჭკაჭები და ბატ-კვატები. – ამბის გაგებას ისინიც ეყოფიან!

ტირიფთან მოგროვდნენ დარჩენილნი ფრთოსანნი და უფრთო ცხოველნი. ცას შეჰყურებდნენ. კაბადონს კი შავი ღრუბელი წამოეფარა.

- ბრძენთა-ბრძენო, - ბუს მიმართა ბაკურმა, - შენ ხომ დღეც ვარსკვლავებს ჰხედავ – რას იტყვი? რა აქვს კლანჭებში არწივს!

- ვხედავ... გაფრთხილებ – გული არ გაიტეხო! კაბაა!..

- კიკი-ნანას კაბა! კიკი-ნანას კაბა! – ზემოდან მოვიდა მერცხლების ჟივილ-ხივილა ძახილი. – ახალი, მოქარგული კაბაა!..

- კიკი-ნანას კაბა! კიკი-ნანას კაბა! – ზემოდან მოვიდა მერცხლების დივილ-ხივილა ძახილი. – ახალი, მოქარგული კაბა!

უეცრად კი საშინელი წიოკის ხმა ჩამოვიდა ზევიდან. არწივის მხარგაკრული ფრინველებიც ჩამოცვივდნენ მტკვარში.

- ნანას ახალი კაბა! კიდევ არწივი! მე ფეხს არ მოვიცვლი სატირიფოდან, ვიდრე არ მოკვლავ ამ ბოროტ მტაცებელს!

არწივი შავ ღრუბელს გაეფარა. დაკორტნილი ფრინველები წაიღო მდინარემ. ბაკურმა თავზე იტაცა ხელი. ბუმ შეამხნევა, შეაგონა კიდევაც:

- ვთქვათ, შენ მოჰკალი არწივი... გგონია, ამით გათავდება ყველაფერი? დიდ ცხოვრებაში უფრო დიდი არწივები დაგხვდებიან. მთავარია, გული არც შეაჯერო, მაგრამ არც გაიტეხო!

- მე ყველგან და ყოველთვის ვებრძვი ავ არწივებს, ხიდს ზევითაც და ხიდს ქვევითაც.

შორიდან სხვა ხმაური მოძლიერდა. სხვა ძახილი ჩამოთავთავდა:

- მოდის, კიკი-ნანა მოდის! არწივი ერჩის გზადაგზა! არ დაამარცხოს! კიდევ არ გადასჩეხოს! კიდევ არ გადასჩეხოს!

ბაკურმა წალდს დასტაცა ხელი და მტკვარდაყოლებით სავალს სირბილით ჩაჰყვა. სატირიფოს ტყიურნი კი ოქროს წყაროსთან შეიყარნენ და შეთათბირდნენ.

- მაშ, მოდის კიკი-ნანა! ბაკურმა, ვგონებ, ბოლომდე არც იცის – ეს რას ნიშნავს! – აკვიმატდა ბუ.

- ალბათ, არც კიკი-ნანამ! – დაეთანხმა წერო. – ჩვენ კი რამე ღირსეული საჩუქარი უნდა მოვუმზადოთ.

- ღირსეული?! რაც ჩვენთვის ღირსეულია, ადამიანისათვის უღირსია და, პირიქით.

- აბა რა?.. ჩვენ ხომ ყველაზე ღარიბები ვართ! – შეღონდა ჩიტი-გვრიტი.

- რატომ ღარიბები?! ვინა თქვა? ჩვენ ყველაზე მდიდრები ვართ! – წამოიძახა წერომ და ცალ ფეხზე შედგა. – ჩვენ თავისუფლები ვართ და სატირიფოც ჩვენია! ერთი მძიმე მანკიცა გვაქვს... თუმცა ადამიანებს სწორედ ეს მიაჩნიათ ყველაზე დიდ სიმდიდრედ!

- ოქროს წყარო?! – შეშფოთდა ირემი. – მართალია! აი, საჩუქარიც!

- დიახ, მართალია! ზოგ ვინმეს, ვგონებ, ფიციც დაავიწყდა! – გაანჩხლდა ბუ.

- ბაკურსაც დავადებინოთ ოქროს ფიცი და გავუმხილოთ! გვეხმარება, ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე სწადს! არწივსაც ჩვენი გულისთვის ებრძვის. ჩვენ კი ბოლომდე არ ვენდობით!

- რატომ, ვენდობით! რქიანო, შენ მართლა რქაში ხომ არ ზიხარ?! – სულ გაკაპასდა ბუ-ბრძენი. – ჩვენ ჩვენს ვენდობით!

- ოქროს წყარო?

- წყარო კი ყველას საიდუმლოა! ადამიანთაგანმა რომ გაიგოს, მერმე გადააბრუნებენ აქაურობას! ეს ჩვენი გადარჩენა-გადაშენების საიდუმლოა! არწივიც კი არავის უმხელს მას და ისე გვჩაგრავს! არწივის ჩაგვრა გვერჩიოს, ამის გამხელას! – ბუმ სიფიცხით თვალები სულ შუბლზე აატრიალა.

- ვაჩუქოთ, მაგრამ ნუ ვეტყვით საიდან! ამას მხოლოდ ადამიანები სდებენ დიდ ფასს, თავს აკლავენ, ციებ-ცხელება ეყრებათ, თორემ ჩვენთვის რის მაქნისია? ღორ-თევზებიც კი არ ჩამენ! – გრძელი ნისკარტი აბრიცა წერომ.

- მიხვდება! ერთ ზოდსაც რომ ვაჩუქებთ, მაშინვე მიხვდება, რომ აქაურია! – უკვე აყვირდა ბუ.

- ვუთხრათ, რომ წყალადიდობამ ჩამოიტანა-თქო! – გამოძვრა წავი.

- ახლა ტყუილები დაგვაწყებინეთ! ამას სულ ართქმა ჯობია! მართალი – ოთხივე ფეხზე მართალი უნდა იყოს, თორემ ცალფეხა, ან სამფეხა სიმართლე – რის მაქნისია?! – გაჯავრდა ირემიც.

- საერთო სიკეთეზე რაღას ბრძანებ, რქიანო ბრძენო?! – ჩაუნისკარტა ბუმ.

- მარტო სატირიფოში ჩახავსებული სიკეთეც აღარ ვარგა, ვეღარც იქნება. ჰოდა, ბაკურის ნიჭი – საერთო სიკეთისათვის ბრძოლაა! ჩვენი ვალია – იგი ცხოვრების ძარღვად გადავუქციოთ!

- თქვენ იკითხეთ, თორემ მე ღამეს ვეღარავინ წამართმევს! – ბუ ღრუში ჩაძვრა და ზევიდან ხავსი და ქერქი გადაიფარა.

- ახლა კარაგია, სანდოც, მაგრამ რომ გაიზრდება ბაკურ-კიკო, ვინ იცის, რა ხასიათს დაიჭერს?.. ხიდსიქითა ცხოვრება როგორ დაამახინჯებს, რა მტაცებლად გამოიყვანს! ჰოდა, მაშინ ოქროს წყარაოს საიდუმლო უსათუოდ მოაგონდება! – ახლა კაჭკაჭმა დაიწყო დავა.

- შენ სიმართლისა და სიკეთის ძალისა აღარც გწამს და აღარც გჯერა! – შეუტია წერომ.

- ქვეყნად სიმართლე და სიკეთე თუ არ იქნება, ჩვენი არსებობა მაინც შეაუძლებელია! ქვეყანა არც არწივეთია, მაგრამ არც საბუე! მე ვენდობი ბაკურსა და ბაკურელებს!

ირმის ნათქვამს ყველა აჰყვა. ახმიანდა სატირიფო.

- აი ეს კი ირმული იყო!

- მეც ვენდობი! მეც!.. ჩვენცა!

- ჯერ ხომ არ მიდის?

- არა, ჯერ მასთან მოდის თანატოლი, ალბათ, მომავალი თანამგზავრიც! ეს უკვე დიდ ცხოვრებაში წასვლის წინამორბედია! – წერომ პაექრობა დამთავრებულად ჩათვალა, მაგრამ ბუმ ხავსი და ქერქი გადასწია და ისევ თავი გამოჰყო.

- რადგან აღარ იშლით, ჩემი რჩევაა, აი იქ, ტირიფის ქვედა ღრუში ჩავუყაროთ და წასვლის წინ, დიდ ცხოვრებაში გავატანოთ!.. არწივსაც რომ მოჰკლავს!

- თანახმა ვართ! თანახმა! – აბღავლდა დათვი.

სხვებიც აჰყვნენ.

- მაშ, აბა, მარდად! – ირემმა რქები გაჰკრა წყაროსპირა კლდეს და ჩამოანგრია. ყველანი ოქროს წყაროს არეში დაბორიალდნენ. ზოგმა ბუჩქის ძირებში ნაშვავები მოჰქექა, ზოგი წყალში ჩადგა – იქ დასძებნა. ბატ-კვატებმა და წავმა წყაროს შესართავში, მტკვრის მორევში ჩაყვინთეს. წერო რიყეს ჩაჰყვა.

მოიტანეს დიდ-პატარა ოქროს ზოდები. ტირიფის გადაწოლილ ტანში, სწორედ იქ, სადაც ბაკურმა ტოტი ჩანგ-იარაღად მოჰხარა, ღრუში ჩასდეს, ამოავსეს. ყველანი მობრუნდნენ, გარდა წავისა. მან არაერთხელ ამოყვინთა, მაგრამ ისევ წყალში ჩაიფარა.

- აბა, მალე! ვგონებ, მოდიან! ყველამ მოიტანა?! წავი არ ჩანს! ნუღარ ველით- ხავსი და ბალახი! ხავსი და ბალახი! დავგმანოთ!

ყველა აფუსფუსდა, ტირიფს გარს შემოადგა, ხავსი და ბალახი მოიტანა.

ტყე კი ყვავილებს ფერხთით უფენდა “ყვავილების დედოფალს”. ნანა მორბოდა, ქარი უფრიალებდა ძველ კაბას.

შავი ღრუბლებიდან კი არწივის ფრთები ჩამოიტვიფრა, ტყის თავზე ჩამოდაბლდა. შეგებებულმა ფრინველებმა შექნეს კრიახი. ნანას ნიშანი მისცეს.

- ჰაიო! ჰაიო! არწივი!

მაღალ ტყეში არწივი წამოაცხრა ნანას, მაგრამ გოგონა არ დაიბნა, ხეს მოეფარა, ნამგალი მოუღერა:

- დამეხსენ, მტარვალო,

არწივი გაერიდა ნამგალს, ხეს მოუარა და ახლა ზურგიდან სცადა მიჭრა. გოგონამ მოასწრო, ხეს მოუარა და ისევ ნამგალი დაახვედრა.

- სად არის ჩემი ახალი კაბა?

- ყველაზე მაღალ მწვერვალზე. ღრუბლებზე უფრო მაღლა... შენც იქ წაგიყვან! – ისევ შეუტია მტაცებელმა.

- არ მეშინია შენი! – ახალ ხესთან გადაირბინა ნანამ.

- არც მე მეშინია შენი ნამგლისა! – მიჰყვა ძახილით ბოროტი.

- მე ვიცი, ვისიც გეშინია შენ!

- ვისი?

- ბაკურ-კიკოსი!

- ისევ იმასთან თუ მიხვალ?

- მისი ტოლ-მეგობარი ვარ! მისივე გადარჩენილი! მას ყველა დაეხმარება და სიცოცხლე სურს, არა როგორც შენ – ბოროტო!

- მე არ გაგიშვებ! მე მინდა, ბევრი ლეში იყოს ქვეყნად, შენც ლეშად იქცე. მაშინ უფრო ლამაზი იქნები ჩემთვის!

- ვერ დამაკავებ, ვერა! – ნანამ ველობი გადაირბინა და კლდის ძირს ამოეფარა, მაგრამ ფრინველებმა და ჭრიჭინებმა გნიასი შექნეს... ზედაც დიდი კუ გამოძვრა ხვრელიდან.

- გაასწარი! გაასწარი! კოლეს ჩამოშლის ვერაგი!

ნანამ ძლივს გადაასწრო ჩამონგრეულ კლდის ჩაგრიალს.

- ირბინე! ირბინე! ზევით არ აიხედო! – შეუძახეს კაკბებმა და როჭოებმა.

გოგონა მირბოდა და ფეხდაფეხ მისდევდა ხან კლდის ჩაგრიალი, ხან მომსკდარი ხე, ხან არწივის ფრთამ ოწურული ჩრდილი.

ფეხიც კი წაიკრა, წაიქცა... ნამგალი პრიალით გადაჰყვა ნაშვავებს. ბილიკზე გადავარდა ნანა. ჩახრამულ ღელეს წაადგა, მის თავზე იყო ხიდად გადებული, ქვევით ხეების კენწეროები ჩანდნენ. გოგონამ ფეხი შესდგა ხიდზე.

- არ გახვიდე! ჯერ არ გახვიდე! ჩასაფრებულია! ჩქარა, უკან! აქ მოდი, აქა! – შესძახა კოკო-ხვლიკმა და ხიდქვეშ ამოეფარა. ნანამაც მოასწრო ამოფარება.

არწივმა შხუილით, ელვასავით ჩაუქროლა საცალფეხო ხიდს, ფრთა გაჰკრა, ცალფა მოაჯირი გადაუგდო. ცარიელ-ტარიელი ხეღა დარჩა სავალად.

- არიქა, ახლა ახტი! გადაირბინე, ვიდრე შემობრუნდება! – ხიდზე ამოხტა ჯოჯო-ხვლიკი და წინ წაუძღვა.

ნანა მიჰყვა და შევარდა საცალფეხოზე. წონასწორობა ძლივს დაიცვა, გაირბინა, შუა ხიდს გააღწია.

- არიქა, მოჰქრის! – მოაძახა ხიდსგაღწეულმა ჯოჯომ.

არწივმა ახლა ქვევიდან ამოუქროლა, ხიდის ლატანს მხარი ჰკრა, ააყირავა. ნანას კაბას მოედო ხე. კაბა უფრო გაუხია. ქვევით, ხევში გადააგდო ლატანი... ნანამ კი გადაასწრო, ახლა დაბურულ ტყე-ჯაგნარში მოხვდა. აქ კი ირემი მოეგება, დაცვად დადგა. მერმე დათვიც მოიჭრა... სატირიფოს სხვა მცხოვრებნიც.

- მოდის, მოდის!.. ყვავილების მფლობელი, წიწილების დიასახლისი!.. მდინარის დედოფალი!

ნანა დახეული კაბის ხარვეზებს დარცხვენილად იფარავდა, დამალვას ლამობდა. მაღლა მთაზე კი ბაკური გადმოდგა.

- უი, ქა, ასე როგორ იქნება! ასე არ გამოუჩინოთ ბაკურ-კიკოს... სირცხვილია! – აკრუალდა წერო-პატიოსანი.

- კიკი-ნანას კი ჯვარი სწერია, მაგრამ ადამიანებმა პატიოსნებაზე უფრო სირცხვილი იციან, ქაჯან! – აქოთქოთდა დატიშულად მოფრენილი ბუ.

ფრინველები გარს შემოადგნენ კიკი-ნანას.

- არიქა, ტყის კაბა შევუკეროთ! შევუკეროთ!

ყველანი დატრიალდნენ, ფოთლები და ყვავილები ააშრიალეს.

ბაკურმა კი ხეობიდან ამოქროლილ არწივს შესძახა:

- ჰეჰეი, შავ-ბოროტო! აქ ვარ! შენი გამბედაობაც ვნახოთ! – წალდმოღერებულად მიეტანა.

აღარც არწივი შეეპუა. ქვასავით დაეცა ზევიდან.

- მომისწარ და დამხვდი! ესეც შენ! – ჭვანგი შემოუქნია.

ბაკური მარჯვედ გაუხტა და წალდის ამოქნევა მოასწრო. ბუმბულიც წაჰგლიჯა. სისხლიც იდინა, წალდიც შეასისხლიანა.

არწივმა შემზარავად დასჩხავლა და აფრინდა:

- კრა! კრა! შენ ჯერ არ იცი არწივის სისხლის ფასი! ახლა მხოლოდ შენი ლეშით გამოისყიდი! კრა! კრა!

ჩხიკვ-კაჭკაჭებმა, კაკაბ-ხოხბებმა და სხვა ფრინველებმა, წეროსა და ბუს ხელმძღვანელობით, ნისკარტებითა და სუროს ძაფებით, ცოცხალი ფოთლებიდან და ყვავილებიდან სამოსი შეუკერეს კიკი-ნანას და მხოლოდ მაშინ მიჰგვარეს ბაკურს.

ნანამ სისხლი შეაამჩნია მიწაზე?

- სისხლი?

- არწივისაა? – ბაკურმა შეფერილი წალდიც აჩვენა.

ყველანი სატირიფოსაკენ გაეშურნენ. ხოხბებმა თავისი ფრთა-ბოლოებით შემკული გვირგვინი მოართვეს კიკი-ნანას. მწყერებმა და შაშვებმა ხორბლისა და სუროს ნაყოფ-ტოტებით შეწნული გულამბარი დაჰკიდეს მკერდზე.

ცოტაც და სატირიფოც გადაეშალათ ფერხთით. მის მიჯნაზე დათვი საფეხურად დაუწვა. ბაკურმა ხელი მისცა და გოგონა ირემზე შესვა. ასევე შევიდნენ სატირიფოში.

- ესენი ჩემი განუყრელი მეგობრები არიან, ჩვენო ახალო მეგობარო!

- ჰმ! განუყრელნი?! ახლა იწყება ჩვენი გაყრა! – განზე ჩაილაპარაკა ბუმ.

- ნუ შიშობ, უჯერ-მაჯერავ! აი ყველა აქ ვართ... – მიმოიხედა ბაკურმა, - მაგრამ წავი-წანწალა სად არის?

ბუმ დამალული ზოდების მისავალი მოათვალიერა.

- უი, ქა, ის ჯერაც არ დაბრუნებულა?! ხომ არ გადაჰყვა “მძიმე მანკს”?

სწორედ ამ დროს მტკვრის მორევიდან წავმა ფრუტუნ-ფრუტუნით ამოყვინთა, ტირიფისაკენ გამოსცურა, - კბილებში ოქროს მოზრდილი ზოდი ეჭირა, ნაპირზე გამოსხლტა.

- ძლივს მოვღრღენი... დამაგვიანდა!

- სსუ! წანწალავ! შენ აგერია თავ-ბოლო! ახლა აჩუქე და გაათავე! – ადუღდუღდა ბუ.

ყველანი გაჩუმდნენ.

- ოქროს ზოდი! – ხელში აიტაცა, შეათამაშა ბაკურმა. – როგორ ბრწყინავს! სად გააჩინე, წავო?

- ნურას კითხულობ! სხვას ნურცვის აჩვენებ! – თავი დაჰხარა ბუმ. სხვებმაც.

- არ მენდობით! რაღაც საიდუმლო გაქვთ ჩემგან?!

- ბუნებას ყოველთვის რჩება რაღაც საიდუმლო! თქვენ კი მაინც ადამიანები ხართ! დიდ ცხოვრებაში, ვინ იცის, რა ზნეს დაიჭერთ!

- დიდი ცხოვრება – მართალი ცხოვრებაა! მე ეს წყარო მისვამს, დედის შემდეგ – ბუნების ძუძუც აქ მიწოვია! როგორც არ უნდა დამამახინჯოს ცხოვრებამ, თქვენს სიყვარულსა და საიდუმლოს მაინც წმიდად შევინახავ!

ბაკურმა ერთი პეშვი კვლავ შესვა. ახლა კი ნანა დაეწაფა წყაროს და შესვა.

- ესეც ჩემი ფიცი იყოს,

- ეს კი პირველი ოქროს საჩუქარი! – ბაკურმა ზოდი ნანას გადასცა.

- ოქროს ნიშანი! – ახმიანდნენ ტყიურნი.

- ადამიანები ამას სხვა სახელსაც უწოდებენ! – გადაურჩურჩულა წეროს ბუმ.

- მაგათ ჯერ არაფერი არ იციან, არც ნამდვილი სიყვარულისა, არც შეუპოვარი ბრძოლისა, ან წამლეკავი წყალდიდობისა! ახლა ჩვენი საერთო საჩუქარიც მივცეთ!

- მივცეთ! მივცეთ! – ახმიანდნენ ტყიურნი.

წერო მივიდა ტირიფთან, ხავსით ჩაფარული ღრუ მოჩიჩქნა და ოქროს ზოდები ააბრჭყვიალა.

- აქ ოქროს მადანი ყოფილა! – წამოიძახა ბაკურმა.

- არ ვიცით! არ ვიცით! – თავჩაქინდრულად ამეტყველდნენ ტყიურნი.

ტირიფის კენწეროს კი უეცრად არწივის მხარი გაეკრა და ააშრიალა:

- ეგეც თქვენ, ბედოვლათებო! ახლა დაიღუპეთ თავი! მტაცებელს მე მიწოდებთ, ახლა ნახეთ ადამიანის მტაცებლობა!

არწივი მძიმედ ჩამოჯდა კენწეროზე და ჩამოდრიკა. კლანჭებში ნანას კაბაც გამოუფრიალდა.

- ჩემთვის თითო ბარტყსა და ჭუკს ვერ იმეტებდით, ერთ ტრაბახა და გარეწარა ბიჭბუჭასა და კაბადაკარგულ გომბიოს კი დედაბუდიანად მთელი სიმდიდრე და სიცოცხლე მიუძღვენით! ვაი თქვენს საცოდავ გულსა და ჭკუას!

- ჩემი კაბა! – წამოიძახა ნანამ.

- ჰეი, შენ გირჩევნია, კაბა ჩამოაგდო და გაგვეცალო! – შესძახა ბაკურმა.

- წადით აქედან, წადით, და ჩამოგიგდებთ! ორივენი გაგვეცალენით!

სატირიფოში სიჩუმე ჩამოვარდა. არწივმა ითმინა, ითმინა და თავი გაიქნია:

- მაგრამ ახლა რაღას წახვალთ, ოქროს წყაროს საიდუმლოება რომ იცით! ან შეიძლება კია მათი ცოცხლად გაშვება?! ვისაც სატირიფოს სიკეთე სწადს, დავკორტნოთ და ჩავქოლოთ თვალთმაქცურად შემოპარულნი, თუ არა გსურთ, ყველა ჩაიქოლოთ თქვენივე ნაჩუქარი ოქროს ზოდებით!

სატირიფოში შეიქნა ერთი ჩუმი მითქმა-მოთქმა და ყრუ ჩურჩული.

- ახლა კი მართალს ამბობს არწივი! ადამიანს კიდევ ეგ გვერჩიოს! – ასივილდა შემოპარული უკუდო მელა. – დათვო, ირემო, თქვენ რაღას ფიქრობთ, მაგათ ფრთები მაინც აქვთ! ჩვენ კი? ჩვენ რაღა ვქნათ?!

- ნუ მაცდურობ, კუდის შურის მაძიებელო! – შეუტია ირემმა.

- თქვენ კუდებიც არ გაგაჩნიათ, თავს მოგჭრიან და ორივეს საყასბოში ჩამოგკიდებენ!

მელა ახლა ხოხბებსა და ბატ-კვატებს მიეპარა, მაკვილაკი სიტყვა ჩამოუგდო:

- გაულესეთ, გაულესეთ... თქვენივე დასაკლავი დანა, ოქროს ზოდებით გაულესეთ ადამიანებს! ჰიჰი... ჩახოხბილი და ბატი ჩურჩით სწორედ მათი მოგონილია!

ტყიურების ჩქამი მოძლიერდა, ახლა ისინი მხოლოდ თავთავიანთ ხმებზე ჩხავიან, ჭახჭახებენ, კრიახობენ, კაჭკაჭობენ... და ყველას ჰფარავს არწივის გამყინავი ხმა:

- კრა! კრა! კრა! შეუპოვრობა და გამბედაობა! კრა! კრა!

ბაკური წინ წამოდგა და მკერდი მოიღეღა:

- ვისაც არწივისა გჯერათ, აჰა, მკარით ქვა, ჩამქოლეთ! მერმე მისი წერა გახდით! თქვენი ოქრო კი მე არა მჭირდება... აი, მეცა მაქვს! – გაღაღილ მკერდზე გამოაჩინა ძეწკვზე ჩამოკიდებული ოქროს საათი და ბეჭედი. – მამის საათია... ომში წავიდა და დროის ეს ოქროს მთვლელიღა დაგვიბრუნდა... აბა მოუსმინეთ?!

ყველა გაინაბა, თითქოს მტკვარიცა და ტირიფიც, არწივიც კი კისერჩამოდრეკილად გაქვავდა.

სატირიფოში მკაფიოდ გაისმა საათის დაზომილი წიკწიკი, მერმე შორეული გრგვინვა. ყველამ ცას აჰხედა. ზედ შავი ზლაზნია ღრუბლები დიოდნენ და დიოდნენ. საათი კი წიკწიკებდა და წიკწიკებდა.

ბაკურმა ხმას დაუკლო. ფიქრივით თქვა:

- დედა სულ უსმენდა და უსმენდა. დარდს გადაჰყვა... აი მისი ბეჭედიც – ესეც პატიოსანი ოქროა!.. უპატიოსნო და სხვისი სიცოცხლის ხარჯზე მე არც ოქრო მინდა!

მოზარდი გაჩუმდა. ყველა სმენად გადაიქცა. მერმე უფრო მოძლიერდა საათის ხმაცა და გრუხუნიც.

- ნეტა ვისთვის ქუხს ცა და ვისთვის ძგერს საათი?! – ჩაიდუდუნა ბრძენმა ბუმ და ჩამოშავებულ ღრუბლებს შიშით აჰხედა.

- ყველასა და ყველაფერს აქვს თავისი დრო-ჟამი! – ირემმაც მაღლა ასწია თავი.

- ნუთუ სატირიფოს დრო-ჟამიც მიიწურა?! – შემკრთალად აკნავლდა წავი.

- ნუთუ თავდება სიმშვიდე და იწყება წყალდიდობა?! – ჩაქურუხებულ, შემღვრეულ მტკვარს გაჰხედა წერომ.

- ეჰ, თქვენ მშვიდობიანნო! ბრძოლისა და ძალაობის მეტი რჩება კია რამე ცხოვრებაში?! – ზევიდან გადასძახა არწივმა.

- ცხოვრება თუ მარტო ბრძოლა არის, მაშინ მხოლოდ ძლიერი ყოფილა მართალი! მაგრამ შენ ძირშივე მტყუანი ხარ! ამაშია შენი მარცხი! – უკვე რიხიანად ასძახა ბაკურმა.

- სიყვარულია ნამდვილი ცხოვრება... სიკეთე და სიყვარული! – ნანა სულ ახლო მივიდა ბაკურთან, თვალებში შეხედა, ხმადაბლა დასძინა: - მაშ შენ სულ ობოლი ხარ?! უახლოესი არავინა გყავს?!

- რატომ... აქ ყველა ჩემი მეგობარია, გარდა გაბოროტებული არწივისა და გაიძვერა მელასი!

- მეც შენი უახლოესი მეგობარი ვიქნები! – მიიწია და სულ უბრალოდ აკოცა.

ბიჭი აირია... გოგონამ შეატყო დაბნევა.

- ხომ არ გეწყინა?

- არა, მეუხერხულა... მერმე იქნებ შევეჩვიო... მე ახლა უფრო მოვკლავ არწივს! – მთელი სხეულით მობრუნდა და შესძახა: - კაბა ჩამოაგდე-მეთქი, და მშვიდობით გაგვეცალე!

- მაინც სად მისტუმრებ? – ღჯუდ შეეკითხა და კენწეროდან უფრო დაიდრიკა.

- სადაც გწადს... თუნდაც ხიდქვევით... იქ ხომ დიდი ქვეყანაა... ლეშიც ბევრი იქნება!

- დიდი... ბევრი... მაგრამ იქ არწივებიც ჩემზე უფრო დიდები და ძლიერები არიან!

- შენ გავიწყდება – მკვდარი არწივიც ლეშია! გირჩევნია კაბა ჩამოაგდო!

- არა, არ მავიწყდება! მე მინდა, მთელი ქვეყანა ჩემი სალეშეთი იყოს. კაბას კი ნაწილ-ნაწილ ჩამოგიგდებ – გასკდი ჭიჭინაზე! – არწივმა სახელო წაგლიჯა და ქვეჩით გადმოაგდო. მტკვარში ჩავარდა ნახევი.

ფრინველები და ცხოველები შემოძრავდნენ, მაგრამ ბაკურმა დაასწრო:

- უკან! არავინ დაიფრას!

ყველა გაშეშდა!

- კეთილი... და მაინც არ გავსკდები ჭიჭინაზე... მე შენზე მეტი სულგრძელობაც მქონია და მოთმინებაც!

ბაკური დინჯად, დაზომილი ნაბიჯით მიუახლოვდა ტირიფის გადაწოლილ ტანს, ზედ ჩანგ-იარაღად მოშვილდულ ტოტს, ოქროების ღრუს.

არწივმა შეამჩნია.

- შენ მანდ ოქროები დათვალე! ადამიანებს ლეშზე უფრო გიყვართ! ამისთვის გაქვთ ომი და ჩხუბი!

ბაკურს სიბრაზისგან სახე დაეცრიხა, ღრუდან ოქროს ზოდი ამოიტაცა და არწივს სტყორცნა. ვერ მიაწვდინა. ზოდი წყალში ჩავარდა.

- შენ კი სულ ღლაპი ყოფილხარ. არც ზოდის ფასი გცოდნია! მე კი ვერ მომაწვდენ, ვერა! აჰა, კიდევ ნახევი იმ გოგოს კაბისა – შენ გგონია, ამას აქვს ოქროს ფასი! – კაბა დაწიწკნა და ნაფლეთ-ნაფლენ გადაუყარა.

- აჰა, კიდევ!.. აჰა!..

ბაკურმა თავის მოშვილდულ ტოტს ხელი შეავლო, წელიდან წალდი შეუმჩნევლად ამოაძრო და მისი ნიღრი სულ შიდა სიმს ამოჰკრა.

სიმი მაღალხმიანად აჟღერდა და გაწყდა. მთელი სატირიფოს ტყიურთ გულში მოხვდათ სიმის ნაჟღერი. შეტოკდნენ და გაიძგიფნენ.

ახლა მეორეს ამოსდო წალდის ნიღრი ბაკურმა. უფრო დაბალი ხმა გამოიღო სიმმა, ისიც გაწყდა და კვლავ ყველას შეაჟრჟოლა.

- მე კარგად მესმის, - როგორ გაწყდება გულის სიმები. აჰა, კიდევ! ძონძები! სიკეთის უძლურო მქადაგებელო, ჭამე ჯავრი და მოინელე! შენი ხერხი მხოლოდ თავდაცვაა. შენ ვინ მოგცა შემტევი ძალა, თუნდაც სიკეთის გასამარჯვებლად, უბრძოლველად კი შიდა მშვიდობაც არ შეიძლება! ცრუმარქვია კეთილშობილო!

ბაკურმა მესამე სიმიც ააჭრა ჩანგ-იარაღს. ახლა იგი მშვილდი იყო და არა ჩანგი. არწივისაგან თვალმოუშორებლად, ბაკურმა იქვე ჩაარჭობილი ისარი გააწყო უკანასკნელ ლარზე და დაუმიზნა დაოკებით, მიბეჯითებით.

მოდრეკილი ტოტი მოსწია, რაც ძალა და ღონე გააჩნდა.

ესმოდათ ტყიურთ დაძაბული სუნთქვა და მამის საათის წიკწიკი. მერმე შორეული გრგვინვაც მოესმა. ისრის ფრთაზე და სამიზნეში თვალზუსტად არწივი იჯდა და იფაფრებოდა.

ბაკურმა სტყორცნა ისარი... მოარტყა... გულ-მხარში გაუყარა. შეიძრა არწივი. ერთიც შესძახა შემზარავად და გადმოქანდა. ცალი ფრთა გაშალა, ტირიფის ტოტები ჩამოფარცხა. მოწყვეტილად მტკვარში ჩავარდა.

- მოხვდა! მოარტყა! აწვდინა! – ზეიმურად ახმიანდა სატირიფო. არწივი კი ერთხელაც შეებრძოლა მტკვრის ტალღას, ააქაფა, მაგრამ თავი ჩაჰკიდა და მდინარეში ლეშად ამოტრიალდა.

- ვაშა ბაკურ-კიკოს! დიდი ვაშა! – ძახილად ადგა, ფრთა გაშალა, თავი ასწია მთელმა სატირიფომ. ვაშათ ვაშა!

და სწორედ ამ დროს საარმაზოს მხრიდან მოისმა უცხო ყიჟინი:

- ჰეჰეი! ჰეი! ჰეჰეი!

ყველამ მიაყურადა... სატირიფოში ისევ გაისმა საათის წიკწიკი და შორეული გრგვინვა. ძახილიც უფრო აახლო განმეორდა.

- ვაი ჩვენ! ადამიანის ხმა! ადამიანი! – აჩურჩულდნენ ტყიურნი.

- ჰეჰეი... ნანა... სადა ხარ! ნანა!

შორიდან უკვე გარკვევით მოისმა სიტყვები.

- ნანა, შენ დაგეძებენ! – შემოტრიალდა ბაკური. – ჯერ ხმა არ გასცე! აქ ნუ მოიყვან! ნურც ოქროს წყაროს ამბავს ეტყვი!

ტყიურნი შემოესივნენ, ვედრება დაუწყეს. ძახილი კი უფრო ძლიერდებოდა.

- არა... არ ვეტყვი... არა-მეთქი...

- ღრუბელიც მატულობდა. სულ ჩამოშავდა და ჩამოილურსა ცა. გრგვინვაც ზედ წამოადგა სატირიფოს. ელვა თითქოს ნაარწივალ ტირიფის წვეროზე წამოიკლაკნა. სულ ახლო გავარდა მეხი.

- ფიცი არ დაგავიწყდეთ! ფიცი! – შეჰკივლა ბუმ და ღრუში შეძვრა.

- მე არწივი იმიტომ არ მომიკლავს, რომ ახლა უფრო დიდი მტაცებლის ხელში ჩაგაგდოთ! – ხმა აღიმაღლა ბაკურმა და ნანას მოჰკიდა ხელი. – წავიდეთ! სატირიფოს იქით გაგიყვან! თქვენ აქ დარჩით, ახლავე მოვბრუნდები!

ბაკური სირბილით წაუძღვა ნანას.

- მალე მობრუნდი. იქნება დიდი ავდარი და წყალდიდობა! – გასძახა წერომ.

- ჰეჰეი, ნანა! – კიდევ გაისმა კაცის ძახილი.

- ახლა ხმა გაეცი... ხმა! – სირბილ-სირბილ მოაძახა ბაკურმა.

- აქა ვარ... აქა! ახლავე მოვალ! – სირბილში ხმაშეფერხებულად გასძახა ნანამ.

- ნანა ხარ! ნანა?!

- მე ვარ! მე!..

ჩავარდნილ ხიდს ჩაუარეს. ღელესთან შედგნენ.

- ახლა კი მარტო წადი. არწივმა კინაღამ დამამარცხა-თქო!

- შენ?..

- მე აქ დავრჩები... დიდი ავდარი იქნება! უჩქარე!

- მერმე წყალდიდობა! დიდი წყალდიდობა?!

- არ მეშინია, არა! ტირიფზე ავალ!

მძიმე წვეთები უკვე ნამავენ ბილიკს. შრიალებს და ღელავს ქარდაკრული ტყე. ბურუსი ეუფლება სატირიფოს მისავალს. ლიანდაგის მცირე ხიდზე გრუხუნით გადადის მატარებელი. ქარისაგან იცრიცება გოგოს “ტყის კაბა”.

ნანა ისევ ახლოს, სულ ახლოს მივიდა და თვალებში აჰხედა ბაკურს. მოზარდმა კი ხელი აღმართა.

- ახლა არა... არ მომეკარო... არწივის სისხლი მაქვს ხელზე! იქნებ, წყალდიდობამ გამბანოს!

- ჰეჰეი, ნანა! – სულ ახლოდან გაისმა კაცის ძახილი.

გოგონა გატრიალდა, ღელეზე გადახტა და იქით გაიქცა. თან “ტყის კაბა” შემოიცალა. ისევ ძველ, დახეულ კაბაში დარჩა.

ქარმა და წვიმამ იმატა, გრგვინვამაც. გამობრუნდა ბაკურიც. სირბილით გაარღვია ჯაგნარი.

სატირიფოში საერთო შეშფოთება დახვდა. ტყიურნი გარბოდნენ. შორდებოდნენ შემღვრეულსა და ქაფავარდნილ მდინარეს. გარბოდნენ ირმები და შვლები, დათვები, მაჩვები და კურდღლები. დაფეთებულად მიფრინავდნენ ხოხბები და კაკბები, კვირიონები და მოლაღურები.

- რა ამბავია, რა? – ყველას ეკითხებოდა ბაკური.

- იქნება დიდი ავდარი და წყალდიდობა! წალეკავს ჭალას! – შემობღავლა ირემმა. – წამო, გამომყევი!

- შავტალახიან წვიმას შავტალღიანი ნამქერიც მოჰყვება! – მოაკივლა ხოხობმა.

- გავერიდოთ მტკვარს! შემოდგომის წყალდიდობამ სულ უეცრად იცის მოვარდნა! – გაიძახოდნენ კაკბები, მწყერები.

ბინდში უკვე გაბმულად ელავდა და ელავდა. სულ უწყვეტი გუგუნ-ქუხილი იყო. გალუმპული ბაკური თავის ქოხთან მივარდა. ქარსა და თქეშს უკვე ჩაეფარცხა მისი ფაცხა. იგიც უკვე ნადირის ნაბუნაგარს ჰგავდა.

მიუხედავად თავსხმისა, მაინც დასძებნა, იპოვნა დედა ენა, დასველებული და თავფურცელ აგლეჯილი. უბეში სათუთად ჩაიდო და ტირიფის ქვეშ თავი შეაფარა. მტკვარი უკვე ქაფსა ჰყრიდა და ჩაქუფრულად მოძრაობდა. ოქროთი სავსე ღრუ კი, ყოველ ელვის გადაკლაკნისას, თვალისმომჭრელად კიაფობდა, ტირიფის ტანს მფეთქავ ჭრილობად ედო.

ბაკურმა მტკვრის ჩამოტანილი ხერგის ნატკეჩი დაიჭირა და ღრუ გამოგმანა. ტალღა უკვე ტირიფის გადაწოლილ ტანს სწვდებოდა. ბიჭი უფრო მაღლა ტირიფზე შეცოცდა და ბუს ბუდესთან მონახა მყუდრო ადგილი.

- აქა ხარ, ბრძენო? – ელვის ნაშუქზე ძლივს გალანდა გაბუსუნებული ბუ და მისი დასაფრენად დაზრდილი ბახალები! – რა მოგველის?

- მოსავალი ჯერ წინაა! ხვალ დილას გეტყვი!

მთელი ღამე იყო თავსხმა და ქუხილი. ელვის ჭიაკოკონა ენთო. ბორიალობდა ბუქნაქარი. კვნესოდა და გმინავდა სატირიფო, ააზანზარა ბერ-ტირიფი. ბაკური უფრო მჭიდედ ჩაეკრა მის ტანს და მიმოიხედა.

ჩიტი-გვრიტის ბუდე ჩაესეტყვა, ჩაეცრიცა ავდარს. გვრიტები ბუსთან შემძვრალიყვნენ ღრუში. წყალდაფარულ ძირებთან მიყუჟულიყო ფესვებში ჩახლართული წავი. ტირიფის წვერთან კი წეროს თავი ტოტებში დაემალა.

წალეკილი სატირიფოს მიღმა, ლიანდაგისი მოსაბრუნებთან, კლდეზე ავარდნილი ირემი გადმომდგარიყო და ხმაზარიანად ყვიროდა. უფრო ქვევით ბღაოდა დათვი.

... ძირფესვიანად იძროდა ტირიფი. მისი ტანი უკვე წყალს დაეტორა, მაგრამ ხე-დედა იდგა და იბრძოდა.

- ვეღარ გაუძლებს! მე ვგრძნობ კვნესა-ცახცახს! წავიდეთ, გავერიდოთ ტირიფს! – აფუსფუსდა დედა ბუ და უკვე დაზრდილი ბახალები ამოაძვრინა.

- არა, მე არ წავალ! გაჭირვებაში არ დავაგდებ ტირიფს! – უეცრად გაკერპდა ბაკური. – ჩემი სიბრძნე ასეთია.

- ჩვენც აქ დავრჩებით, შენთან ერთად! სულ შენთან! განუყრელად! – აჟღურტულდნენ ჩიტი-გვრიტები, ჩამოქვეითდა წერო, ხეზე შემოძვრა წავი.

- უგნურებო! ყველას თავისი გზა და წარსავალი აქვს! ვეღარც დარჩებით, ვერც საშველს მისცემთ! ძველს ძირები აწყდება... ახალი კი, შენ რომ დარგე, აი, როგორი გახდა... ქარსაც უძლებს და ტალღასაც! იქ მოდით ყველა! თქვენ, ახალგაზრდები, მუდამ ებრძვით ცხოვრებისეულ სიბრძნეს! თავად აკეთებთ და ებრძვით კია! – წარმოთქვამდა ბუ და ძველ ტირიფიდან ახლისაკენ თითო-თითო ბარტყს აფრენდა.

- არა, ჩვენ წყალდიდობას არ გავურბივართ! – უკვე ყიჟინობდა ბაკური.

- ნეტავ რისთვის ან ვისთვის არის ეს უდროო წყალდიდობა?! – აკრუალდა წერო. – ვისი დრო დადგა, ვისი გათავდა?! რა უნდა მოხდეს?!

- წყალდიდობა განა მარტო გაზაფხულის ხილია, და ახალგაზრდობა განა მარტო შემოდგომით შედის სიმწიფეში! – ბუმ ყველა ბარტყი გადააფრინა, ახლა ისინი ახალდარგულ ტირიფის ტოტზე სხედან.

- აბა, კარგად ყოფნასა და კეთილ გზას გისურვებთ, ახალგაზრდებო! – დედა ბუმაც ფრთები გაშალა და ბეცი ფრენით თავის ნამრავლს მიაშურა.

ზედაც ნაპირის კბოდე გამოუშვავდა ტირიფს, ძირები უფრო გამოუვშიშვლდა... ტკაცატკუცით დააწყდ, აღმა აღიმართა ძირა ფესვი. ერთიც იქუხა და ლიწინ-ლიწინით ჩაშიშინდა მთელი საძირე. ბერ-ტირიფი ცოცხალივით შეტრიალდა და მოზათქებულ მტკვარში სიგრძივ გადაწვა.

ძირებში შეჭუჭკული ბატ-კვატები უმალ აფრინდნენ. წავი წყალში ჩავარდა და გაცურდა. ჩიტმა-გვრიტმაც თავს უშველა, ბარტყებიანად ნიავქარს მიენდო. წერომ ძლივს აასწრო ჰაერში და კრუალით თავს დაუარა მომსკდარ-მორღვეულ ბერ-ხეს.

ტირიფი წევით ფესვებ-ფოთლებიანად წყალში ჩაიძირა, ამოტრიალდა და ამოტივტივდა, შუატანზე გამოჩნდა ტოტებში ჩამჯდარი ბაკური. იგი მჭიდედ ჩაჰკროდა ტირიფის ტანს და ჩასჩურჩულებდა:

- მე შენთან ვარ, ჩემო ტირიფო, შენა ხარ ჩემი სიყრმის ბრძოლისა და მეგობრობის პირველი მოწმე და მონაწილე! შენ იმდენი კეთილ-საოცნებო და სამოქმედო მომეც, რომ, ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე მეყოფა! წყალდიდობისა კი არ მეშინია! მშვიდობით, ჩემი ობოლ ბავშვობის სამყაროვ და სამყოფელო!

- მშვიდობით! მშვიდობით! ბაკურ-კეთილო! – ხმა მიაწვდინეს ტყიურებმა.

... ნაპირის ბილიკებზე, კლდეზე, ჰაერში, წყალში მოცურავენ, მოფრინავენ, მორბიან შემობრუნებული სატირიფოელნი. წყვილ-წყვილად თუ ოჯახ-ოჯახ... თავის ნამრავლითა და ნამატით... ცაზე წეროები მოფრინავენ... მათკენ კრუალ-კრუალით მიფრინავს წერო-პატიოსანიც.

უფრო ზევით კი, ქედიდან ქედზე, მტკვრის ცას ხიდად გადასდგომია გამოდარების ცისარტყელა.

ბაკურმა ერთი დიდი ტოტი მოაჭრა ტირიფს, გასხეპა, თავი გაუთალა, ორთაყვირად მოარგო და ტირიფს წყალდაყოლებით გეზი მისცა, დიდ ტალღას მიაყოლა.

სავსე კალაპოტად დიოდა მტკვარი... ზოგან ჭალები წაელეკა, გზებზე და ბილიკებზე გავარდნილიყო, რიყის პირები მიეხერგა.

აი, საარმაზოს თელნარიც. ბილიკზე ახალ კაბაში გამოწყობილი ნანა. დაინახა ტირიფი, ეცნაურა, ნაპირს მიაშურა, კლდე-კლდე ჩამოირბინა.

- ბაკურ! ბაკურ! შენა ხარ? შენ?! – გასძახა.

გოგონას ხმამ ერთი წეთით დაჰფარა მდინარის ზათქი და ბაკურის გულისყურს მისწვდა.

- მე ვარ! მე! ნუ გეშინია! – და ორთაყვირით უფრო ახლოს, კლდესთან მისდრიკა ტირიფის გეზი.

- სად მიხვალ? სად?! – კვლავ მოაძახა ნანამ.

- წინ!.. ქვევით!.. ხიდს ქვევით, ახალ სატირიფოში... დიდ ცხოვრებაში!

- გაჩერდი! გაჩერდი! მომიცადე! ჩემთან გამოდი! მეც წამოვალ! – მიაძახა გულამომჯდარმა გოგონამ.

- რომც შემეძლოს, არ შემიძლია! წყალდიდობაა, წყალდიდობა!

- მე რაღას მეტყვი, რას?! – ძლივს აწვდინა ხმა ნანამ ჩავლილ ბაკურს.

- არ მესმის! არ მესმის! – ხელები აასავსავა ბაკურმა და პირი იბრუნა.

- მოვდივარ! მეც მოვდივარ!.. ხიდზე მოგისწრებ!

ბილიკი კლდესთან მიიჩიხა. მტკვარმა დიდ მუხლად მოუხვია. ბაკური ორთავ ხელით შეებრძოლა ორთაყვირს, გეზი უსწორა ტირიფს, თანდათან მოერია – მოიმორჩილა... უფრო გაშლილ დენაში გავიდა.

და ჰა, აქეთ-იქით გამოჩნდნენ შენობები. უფრო ქვევით, დიდი ხიდი ცისარტყელად ადგია მდინარეს.

ხიდზე ხალხი, დიდძალი ხალხი გადმომდგარა. დაინახეს ბაკური, ერთი ხმაურ-გნიასი ასტეხეს:

- იხრჩობა, იხრჩობა! უშველეთ! უშველეთ! – ხალხის ძახილი ბაკურსაც მოსწვდა.

- არა! არ ვიხრჩობი! ყელამდე სავსე კი ვარ! ახალგაზრდობით, ლტოლვით სავსე! თქვენთან მოვალ დიდ ცხოვრებაში. მე არ მეშინია თქვენთან მოთარეშე არწივებისა! სატირიფოდან განძად მომაქვს ბუნების მეგობრობა და ადამიანის სიყვარული!

ხიდი საოცარი სისწრაფით გაიზარდა, უკვე სახეების გარკვევაც კი შეიძლება. ბაკურმა ხელი უტია ორთაყვირს.

- აჰა, მე თქვენთვის მომაქვს, არცა მშურს... თუ ვინმე ხართ ღარიბ-ღატაკნი, მე მდიდარი ვარ! – თავი ამოუშალა ღრუს და ოქროს ზოდები ორივე ხელით ხიდზე აჰყარა. კიდევ და კიედევ მოუნაცვლა, ვიდრე ჩაუვლიდა ხიდს.

ოქრო ზოგი ხიდზე დავარდა, ზოგიც უკან მდინარეში ჩამოცვივდა.

ხალხი დასწვდა ოქროს ზოდებს, აირია. ერთი ღრიანცელი და ორომტრიალი შეიქნა, წყალდიდობის ზათქი დაჰფარა.

- ოქროს ზოდები! ოქრო! ოქრო!

ბაკური კი სწორედ ხიდქვეშ იყო, უკან, ხიდის თაღში ჩასმულად მოჩანდა ადიდებული მტკვარი, ჭალა, კლოდეები და ცხოვრების ზურგს უკან დარჩენილი სატირიფოს თავზე გადამდგარი ცისარტყელა.

- მშვიდობით, ჩემო ბავშვობავ და ჩემო ზღაპრულო სატირიფოვ! მშვიდობით, ჩემო სიყრმის მეგობრებო და აღმზრდელებო! ბრძენი ბუ მართალი ყოფილა – ყველას თავისი გზა აქვს, ალბათ, თავისი სიკეთეც! მე ფიცი დავდე და შევასრულებ ამ ფიცს – ადამიანები არც ისეთი ცუდები არიან, როგორც თქვენ გგონიათ!

ხიდზე კი, ხალხში შემოვარდა აღელვებული ნანა. გასწი-გამოსწია ხალხი, იძალა და ხიდის ზედამხარის მოაჯირს გადაადგრა. მაგრგამ დააგვიანა, ტირიფი და მისი მგზავრი აღარ ჩანდნენ. ნანამ ისევ იძალა, გაარღვია ხალხი და ახლა ქვედა მხრის მოაჯირთან მიიჭრა.

ტირიფი სწორედ ჩამოსცდა ხიდს. ბაკურმა ერთიც მოჰხედა ზედ გადმომდგარ ხალხს.

- მაშ გამარჯობა, დიდო ცხოვრებავ... აქედან რომ იწყება და, ალბათ, ათას ხიდსა და წყალდიდობას შეიცავს! ყველას გეუბნებით, ყველას, ვინც კეთილია!

- მე რაღას მეტყვი, ბაკურ?! მე რაღას?! – საოცარი ძალით გასძახა თვალცრემლიანმა ნანამ.

ბაკურმა ხიდზე, ხალხში ნანა გაარჩია:

- შენ კი... მელოდე! მე მოვალ, უსათუოდ მოვბრუნდები და თან წაგიყვან! შენ ჩემი სიყრმისა და წყალდიდობის მეგობარი ხარ! ახლა ვიცი, რომ ცხოვრება იწყება წყალდიდობით!

მღვრიედ მოდიდებულ წყალს მიჰქონდა დიდი ტირიფი... ბაკური უკვე მტკიცედ მართავდა ორთაყვირს. ამობრუნებულ ტოტზე ჯერ კიდევ ეკიდა და თავისთავად ხმიანობდა სატირიფოს სარაკუნა.

უმზერდა შეუფროსებული მოზარდი მარჯვნივ და მარცხნივ ნაპირებზე გაშენებულ დამბებს, ანძებს, ამწეებს, სპილენძისა და რკინის დანადგარებს, ბაგირებს, გზატკეცილებზე წამდაუწუმ მქროლავ მანქანებს, დაქსელილ ლიანდაგებსა და ელექტრომავლებს. ეგულისხმებოდა აკვამლებული ქარხნების ბუღსა და ბუბუნს, საყვირების ხმას, რთულსა და წყალდიდობასავით მღვრიე ხიდქვეითა, ახალ ცხოვრებას.

1962. არმაზი

??????