გოთუა ლევან
გაზიარება

ვეფხვის ქვაბი 

დაწაფებით ვუმზერ გარემოს... საქვაბეთის ყოველ ძგიდესთან, უნებლიეთ, შაშარივით ილესება თვალი და ალღო. ყველაფრის განჭვრეტას ლამობს. თუ გონება და გუმანისყური გიჭრის, აქ ყოველ ბზაში საგალობელს ამოიკითხავ, ხატოვან ხვითოს ჰპოვებ! და თუ გულსაც უწილადებ – ახალ სიცოცხლეს მისცემ!

ჰოი, გარეჯულავ – შემოქმედების, სიყვარულის, კვლავ აღდგენის უბერებელო ძალავ! ვიცი, სამი ხელი გაგაჩნია. ნაკლები არც შენს ახალჟამიერ ძეთათვის კმარა!

აქ ყოველი სიტყვა ნაწერაქვალ ქვასავით ქუხს და ხმიანობს, რამოდენიმე წახნაგიც თავად უჩნდება. წერასა და თხზვას ბევრი რამ აქვს საერთო ქვის თლასთან, გამოყვანასთან... მათ შორის, ვგონებ, სათავეც!

პირველი “წიგნი”, რომელზედაც ასო დაიწერა, ალბათ, ქვა იყო. პირველი კალამიც წვეტიანი ქვა იქნებოდა. ამიტომ ყოველ ქვის მკოდავს მწერლის წინაპრად და ქვის სახლიკაცად ვრაცხ!

დავით-გარეჯში კი ყველაფერი ქვაკუთხურია, წინაპრული და ვეებერთელა. ჯერ ამოუკითხავ წიგნისდარად დევს კაბადონგაშლილი ათასფურცელა!

...

ტახტის კარისა და მიძინების ქვაბტაძრის შორის აიკვლია ადგილი ამბამ.

წინამძღვრის ქვაბიდან ისე გამოჰყვა წიორას, არც მისთვის შეუხედავს, არც სხვა ბერებისათვის.

მიძინების ტაძარში შესვლისას კეფა მიარტყა საძრომს. შიგ რომ გაიმართა, თვალში, ყველაზე უფრო, კანკელის თავზე აღმართული ჯვარი მოხვდა. ერთი ისახა მართლაცდა ამ ჯვრის ზომის პირჯვარი და გამობრუნდა. მიჯნის კლდეს მიადგა და მაშინვე წერაქვი შემოჰკრა... და ვიდრე კარგა არ შეწიაღდა, არც დაეთხოვა.

სულ გახვითქული და თვალ-წარბშემტვერილი გამოძვრა. წიორამ გამოსავალში პური და წყალი დაახვედრა. ამბამ ხმაამოუღებლად იხმია, წაიხემსა და ისევ კლდეში შეძვრა. უფრო აღმა ასჭრა და მოფართოება იწყო.

კვირის სწორს ქვაბი საკმაოდ მოზრდილზე იყო გამოღებული. წიორას მკაცრი ულუფა უკვე შიგ შეჰქონდა. მეცხრე დღეზე, პურსა და წყლის სურას კათხაც შეაყოლა და უკვე გამოყვანილ ქვის თახჩაზე დაუდო.

- ეს რაღა არის? – იკითხა ამბამ, როდესაც ჩაუხედავად და სულმოუთქმელად გამოსცალა, პირიც დაიგემრიელა, - სამარხვო არაფერი შემაპარო!

- ირმის რძე იყო... წმიდა ირმებია, გარეჯულა და რა ვიცი?! – შეჭოჭმანდა ჭაბუკი.

- ირმებიო?! – აზრის მიღმა იკითხა ამბამ, თავისი გულიდან დიდი ხელნაწერი ამოიღო, ქვის თახჩაზე გადაშალა.

ჩამობნელებულ ქვაბში თითქოს ერთბაშად იმატა შუქმა. ამბა მიუჯდა, ფურცლა და ფურცლა, თან პური გაღეჭა, წყალიც დააყოლა და დაბოხებულად ჩაიკითხა:

“მაგრა განბჭე, რა მიქნია სამსახური ტყვესა ტყვისად,

გამოვჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი, ძებნად წყლისად”.

ჭაბუკს გარეჯულა კლდის ბუბუნად მოესმა ლექსი, ელვად დაუარა, ფეხი წარსდგა და წიგნს უფრო ახლო დაჰხედა. მაგრამ ქვაბში მისი მხედველობისათვის მაინც ბნელოდა. თუმცა აქ ბოლო დროს აღარც ირმის რძე აკლდა, აღარც მრავალძარღვა. ზოგი სხვა რამეც უმკურნალა გაიოზ ბერმა და თვალის ანთება დაუცხრო.

- ვისია? – დაბნეულად შეეკითხა და წიგნს ხელი შეახო.

- ვისია და ვეფხისა! თუ კითხვა იცი, - მთელ ქვეყნად არის გადაშლილი, თუ არადა მაინც ბრმა ყოფილხარ და ხელს ნუ ახლებ!

ამბამ კიდევ ჩაფურცლა, აქა-იქ თავისთვის ჩაიდუდუნა და კვლავ წერაქვს მიუბრუნდა. ქვაბის ჭერის ამაღლება, კუთხეების გამოყვანა იწყო. ახლა შიგ თავისუფლად მიმოდიოდა და მუშაობა უფრო მარჯვედ წარიმართა.

წიორა კი მონუსხულივით უტრიალებდა წიგნს და გული საგულეს აღარ უდგებოდა. თითქოს წიგნიც ეცნობოდა, მისი სადა ყდაც, კაბადონებიც... სინგურთაურებიც. ახლა უფრო კარგად არკვევს სტრიქონებსაც, ასოებსაც. ვერ კითხულობს, თორემ არკვევს და ვგონებ, ხელიც ეცნობა... ხელი გადამწერისა! რაღაც მშობლიური იერი და სურნელი ასდის ყველაფერს! მაგრამ საიდან სადა?! შეუძლებელია, მაგრამ ეს შავი გედის ფრთა-კალამი? უტყუარი ნიშანია, უტყუარი! თუ იქნებ თვალი ატყუებს?

ყმაწვილს კანკალი აუვარდა.

- მამა?!

ამბამ ყური მოჰკრა. მოჰხედა ზურგით მდგარს.

- რის მამაო, რა მამაო. ერთი უბნის კლდის მღრღნელიღა ვარ. ვერც შურისძიების მიმგები, ვერც ცოდვების მომნანიები! როგორიც გაბოროტებული ვიყავი, ისეთივე ვარ! ასეთს ვინ მაღირსებს ბერად აღკვეცასა! ან კი ბერობაში რა მინდა. უბირობაში ყოფნა იქნებ მირჩევნია?! – თავის თავს შემოსწყრა ამბა და წერაქვი გაშმაგებით დაუშინა კლდეს.

ჭაბუკი სულ დაიბნა და გარეთ გავიდა, მაგრამ ამის შემდეგ თავდაუღწევლად იზიდავდა წიგნი იგი, “ქვეყნად გადაშლილი”. თავიდანვე მშობლიური გრძნობა-მოგონებით აღსავსე.

ამბამ კი ზედა სარკმელიც გაუჭრა ქვაბს. ახლა შიგ უფრო მეტი სინათლეც ჩადგა და გადაშლილი წიგნის თავთით მუდამ სანთელიც ენთო.

როგორღაც თავისთავად მოხდა, რომ ჯერ მოუმთავრებელ მღვიმეს “ვეფხის ქვაბი” შეერქვა.

წიორას აბა რა გამოეპარებოდა, თავისი უკვე განკურნებული თვალებით არა ერთგზის უნახავს, როგორი ფარვითა და კრძალვით შედიოდნენ ბერ-მამანი ვეფხის ქვაბში. ერთმანეთს აცლიდნენ, თვალს არიდებდნენ. შორიახლო თავის რიგს ელოდნენ...

ჯერ ჯვარს ისახავდნენ უხატო ქვაბში, მერმე სასოებით ხელს შეახებდნენ წიგნს. შრიალიც სმენია ჯადოქრული ფურცლებისა. ყველას თავისი კაკბის ფრთა, პრტყელპატრუქიანი სანთელი ან ჯვრის თასმა ჰქონდა სანიშნოდ ფურცლებშუა დატანებული... შავი გედის ფრთა კი ერთადერთი იყო! ვერ იქნა, ვერ დაიმარტოხელა, რომ კარგად, მზის სინათლეზე გაესინჯა.

ამბა შორეულ კუთხეში სარეცლებს ჰკვეთავდა, მოსულნი კი თავისთვის ჩაჰყურებდნენ ხელნაწერს. ზოგი ჩუმად, სანთელმინთებით კითხულობდა, ზოგი ნახევარი ხმით – ლოცვასავით, ჩამღერებით.

წიორას ერთობლივ კლდისა და ჩანგის ხმად გამოესმოდა ლექსი და თითქოს შიგნიდანაც რაღაც დიდი ხმარხეული დაეძრებოდა, სმენად აქცევდა, თვალებს კი სულაც ახუჭვინებდა.

ზოგს, ალბათ, თვალთ აღარ უჩანდა. კლდეში აჭრილ სარკმელთან მოსწევდა თავის საკითხავს. მაშინ ნათლის სვეტი დაადგებოდა ამ საოცარ “ქმნილთა ქმნილებას”, რომელიც არც ხატი იყო და სანთელ-საკმეველის უფაქიზესი შვება-სურნელი ასდიოდა, არც აბჯარი – და გულს უმაგრებდა ყველა მოსულს, არცა ზედაშე – და ყველას აღაფრთოვანებდა, დაკუტულ ბერსალოსებსაც აღაგზნებდა და აქ თავჩახრილად და თვალშრეტილად მოსულნი, უკან უკვე ამაყად და თვალბრიალად მიაბიჯებდნენ. ახლა უსიტყვოდ, მაგრამ სრულგასაგებად სხვებსაც უთხრობდნენ “წიგნის სასწაულის” ზიარებისა და ვეფხის ქვაბის ადგილსამყოფელს.

ჭაბუკი ისე მიეჩვია ამას, რომ ბერ-მამანი სხვაგანაც რომ ენახა სადმე, თითქმის უმცდარად ხვდებოდა – ეს ბერი “ნავეფხარი” იყო თუ არა!

ამ ხელნაწერის არსებობა თანდათან ყველამ გაიგო დავით-გარეჯში და მის ირგვლივ უდაბნოებში. ყველამ იცოდა, რომ საჯაროდ არ “უმხელდნენ” ურთიერთს და იყო ასე – ფარულად და გამეფებულად! არც ვინ იწერდა – ეს უკვე წაწყმენდას ნიშნავდა. მაგრამ წაკითხვით ყველა კითხულობდა, იხიბლებოდა და მერმე ხშირად ლოცვის დროს “მამაო ჩვენოში” თუ საგალობლებში “ვეფხის” ტაეპს ურევდა და ურთიერთმალვით ღიმილი ჩაურბენდათ წმიდა მამებს.

ამბა “ცეცხლაბერი” კი სულ ადიდებდა და აპირკეთებდა ვეფხის ქვაბს, თან ცოდვებს გაბუსუნებულად ინანიებდა. წიგნზე უფრო ახლოს კი არვის იკარებდა, გარდა “ირმების მწყემსისა”, იმისგანაც მხოლოდ საჭმელს იღებდა, თორემ ხეირიანად სახელიც კი არ უკითხავს.

??????