გოთუა ლევან
გაზიარება

გარეჯულა 

მას, ვინც თავად განიძარცვა და უკვდავი წიგნი ვეფხის ტყავით შემოსა!

ამ ფურცლებს რომ ვწერდი, დავით-გარეჯის თავმონგრეულ კოშკთან ვიჯექი. აქა-იქ ჩაშლილი გვირაბით თითქოს საუკუნეთა სიღრმეს ჩავყურებდი და ქვაბთა საოცარ სამყაროს თვალს ვერ ვაშორებდი. ლაღად ფიქრი აღარ შემეძლო, აღარც დაკვირვებული ჭვრეტა. ყურში, ოდნავი ჩქამით შეფერებული, დიდი სიჩუმე იდგა. და მეც მარცვალ-მარცვალ ხილვებს ვკრეფდი, როგორც მზის გულზე დაყრილ ნამცეცებს ჩიტი მზეწვია...

...უეცრად ცხელმა კორიანტელმა ცოცხალივით, ფეხზე მდგარად გადამიარა. ხელნაწერი გამტაცა და გარეჯის სამყაროში დაფურცლულად მიმოაბნია..

გიცანი, შენ იყავი – გარეჯულავ – ადგილის უკვდავო სულო!

ახლა უფრო გაშმაგებით განვაგრძე წერა. ფურცლებს ქვევით უკვე თავად ვატანდი აღელვებული კაცის სუნთქვასავით უსწორო ნიავს.

როდესაც დავასრულე, თავადაც ჩავედი ფურცლების მოსაგროვებლად და ქარისმიერად როგორც დაეწყო – ისე დავტოვე... დაე სტიქიური ძალის სულჩაბერილად დარჩეს. გარეჯულავ – შენი სახელით ვბედავ შენს დიდ სამყაროში მოკრძალებულად შესვლას!

...

შორეთში – მოჟანგული ცისარტყელა ქანები, რუხჩაკრული ბორცვები, მუქყვითელა ტაფები და ოდრიკალები... დაუჯერებლად ერთად – გამომთვარული ხილვა და გაქვავებულად გადასული საუკუნენი.

ჩემს გასწვრივ კიჩოამაღლებულ ზღაპრულ ხომალდად შესდგომია უმოწყალო მზიან ცას ქვაბებით ამოღეჭილი, ილარიონის უბანი.

სულ ქვევით ჭასავით ჩანს დავით გარეჯელის პირველსადგომი ეზო და ქვაბი. “ჭიდან” ამოზიდული ხეები გარეჯელთა ზეცისაკენ შენაპყარ ხელებს ჰგვანან. მაინც ერთი, ღრმა ქვაბში ნაზარდი, სულიერ არსებასავით გადრეკილა, გარეთ გამოსულა და ცისკენ სამი მძლე ტოტი – ვით სამი ხელი – აღუმართავს! გარეჯულავ – შენს ნიშნად მომემთხვია და ახლა ყველგან გეძებ!

...

მაღლა, წყაროს უბნის თავზე, ვეება გლუვ კლდეზე ამოტეხილი რუები და წყალსაწრეტები შორიდან ამომთავრულ წარწერებს ჰგვანან და მე ამაოდ ვცდილობ მათ ამოკითხვას. გულისხმიერი ხომ სწორედ ის უფროა, რაც ანბანს იქით რჩება უთქმელ-უწერი!

...

ელვასავით ნაკლაკნი ბასრი ნაპრალი, ჩაკვეთილი კლდე და მრავალ ქვაბთა თუ ნაშენთა ზვიადი მდუმარება სულშიაც მყარდება და თითქოს იქაც ქვაბებს აჩენს, გადასული ჩრდილებითა და სახეებით ასახლებს და ჩემი კალამიც უკვე წერაქვია და მეც ქვაბს ვკვეთავ!

ბავშვობიდანვე მიყვარდა კლდესთან ბრძოლა, საფეხურების ჭრა, თავქვეშ, ბალიშის მაგიერ, ქვის ამოდება და ფიქრი. ოცნებასაც ხომ მტკიცე საფუძველი სჭირდება, - ქვაზე უსაფუძვლესი კი უმცდარი და გულწრფელი სიტყვა თუ იქნება, დროზე ნათქვამი!

...

ბჭის მიღმა დიდი ლაკვაა კლდეში. ყველგან რომ ამოშრება, აქ მაინც არის წყალი... და ასეა ათას ხუთასი წელი მაინც!

ამ ლაკვის ქვევით ჩაგანიერებულ ყელში მზეწვიას ბუდე აუწებებია და ყოველ წელს ჩეკავს ბარტყებს. ალბათ, მისი მოდგმაც ათას ხუთასი წლისაა! ქვევით წყალია და იგი ახლაც პირდაპირ მრგვალ ზეცაში აფრენს ბარტყებს... ამო სტვენითაც მზეს იწვევს. უშველებელი მზეც მუდამ ეწვევა ხოლმე – წამოადგება მზეწვიას ლაკვას!

შენი საგალობელიც ასეთია – გარეჯულავ – სამხელა ფიქრო და დარდო!..

“ოქროს ხანის” კუნძული

გარეჯის ირგვლივ უმძიმესი ამბები ტრიალებდა.

მართალია, საქართველოს ამ “შუამდინარეს” ჯერ უშუალოდ არ განეცადა მონღოლური წარღვნა, მაგრამ მტკვრისა და ივრის შორის უდაბნო ზეგანს უმჭიდროესი კავშირი ჰქონდა თავის ქვეყანასთან.

აქ – უმდიდრეს ქვაბ-სენაკებსა და მთლიანად კლდეში ნაკვეთ ტაძრებში – ჯერ კიდევ ჩარჩენილი “ოქროს ხანა” იმ მილამულ კუნძულს ჰგავდა, რომელსაც აღარც ერთი ჯებირი არ გააჩნდა და პირველივე წყალდიდობა გადალეკავდა.

მონღოლთა ურდოები, როგორც მკალი, მიწაზე გართხმულ ღრუბლებად მოედვნენ და სვლეპავდნენ დედამიწის მრავალ მხარეს, მათ შორის კავკასიონის სამყაროსაც. დიდ გზაზე შემდგარი ერი უეცრად დაიმუმლა და დაისახსრა.

ჩვენი აყვავებული ქვეყანა ერთბაშად დასეტყვილ ვენახს დაემსგავსა. ერთიანეროვნული ბრძოლა და ხერხემალი უკვე კარგა ხანია ჩატეხილი და დაქუცმაცებული იყო. ახლა უკვე პიროვნულ თავის შველაზე და ერში დამარაგებულ სტიქიურ გამძლეობაზე იყო მისული საქმე.

საქართველოში ხან სულ უმეფობა იყო, ხან ორმეფობა. დიდი, არეული, წინაუკმო ხიზნობა ხან აღმა მიგორავდა, ხან დაღმა...

დავით გარეჯის განთქმული უდაბნოები, მწიგნობრული კერებითა და დიდებული ტვაბ-ტაძრებით, თავისი, ჩუმად შეშფოთებული, განაბული ცხოვრებით ცხოვრობდა. დაუცადელ ლოცვასა და ფარულ აბჯარში ჩასხდნენ... ხმა უკლეს გალობას. ძელის კვრა, ზარის დარისხება, ღამით დიდკელაპტრიანი ლიტანიები, ცეცხლის ნიშნების ანთება სულ აიკრძალეს.

სახელოვაინი წიგნები, ძლიერი და მდიდრულად შემკული ხატები და სხვა განძ-ჭურჭელი უკვე საცავებში იყო ჩაფლული. სრული გაშიშვლება და ხიზვნა ვერ შეჰბედეს ტაძრებსა და სალოცავებს, მრავალი რამ დრომდე დასტოვეს მაინც მიძინების ქვაბ-ტაძარში, - იგი სულ ახლო იყო კიბისქვედა სამალავთან.

მომრავლებულ ხიზნებს ბერები შველოდნენ, მაგრამ არ აჩერებდნენ, უფრო შორს უჩენდნენ და ურჩევდნენ სამალავს. აქ არც წყალი იყო სამყოფი, არც საკვები. მარტოხელა მამაკაცებს კი შერჩევით იტოვებდნენ, ქვაბებს უფრო მიუდგომლად აკვეთინებდნენ... კედელ-გალავნებს უმატებდნენ... მაგრამ გაიოზ წინამძღვარმა ნათლად იცოდა, რომ ეს ყოველივე ამაო იყო და “ოქროს ხანის” უკანასკნელი კუნძულის გადარჩენას სასწაული სჭირდება, ისე მისი დღეებიც დათვლილი ჩანდა.

...

ამას ვწერდი და წყალი მწყუროდა. აქ წყურვილი ისეთივე მოუპირავი გრძნობაა, როგორც ოცნება! დავამთავრებ და დავითის ცრემლის ქვაბში ავალ, მოჭახჭახე შაშვებს გულუნებურად გავაფრთხობ, წვეთ-წვეთად მოგროვილ სველ ალმასებს დავეწაფები. მართლაც, ცრემლივით მლაშეა იგი. წყურვილს ვერ მიკლავს, მაგრამ გარეჯულ გამძლეობას კი მმატებს!

ესეც შენი აბჯარია, გარეჯულავ, ალმასურო ცვარო და წვეთო!

ჯაჭვის თავი

- მამა სად არის? – განცვიფრებით შეეკითხა წინამძღვარი, მოსული ჭაბუკის ვინაობა რომ გაიგო.

- დანგრეულ ციხეში შებრუნდა და მარტო დარჩა! მე წერილი მომცა, ხიზანქარავანს ტფილისისკენ გამომაყოლა... იქიდან კი მარტო მოვალ! – ჭაბუკმა კისერი წაიგრძელა, გულის უბიდან დახვეული ნუსხა ამოიღო და გაიოზ წინამძღვარს, თავის შორეულ ნათესავს გადასცა.

ისედაც ძვალ-ტყავა და მოუშუშებელი, დაღლილი, ძლივს იდგა ფეხზე. მოზარდულად მხრებაჩეჩილს ოდესღაც მდიდრუჯლი სამოსი შემოსცვეთოდა.

მხცოვანს მოაგონდა თავისი ახალგაზრდობა, მაგრამ გულისყური სულ სხვაგან ჰქონდა.

- ასე ადვილი მოსაგნები ვართ?

ბერს მონღოლები ჰყავდა მხედველობაში.

- კითხვა-კითხვით იერუსალიმსაც მივა მცდელი კაცი! თქვენი “გარეჯულა” საქართველოს იერუსალიმი არის!

- მამა გეტყოდა?!. და მაინც დავით-გარეჯი, და არა “გარეჯულა”, ყმაწვილო!

- მითხრა... მომხიბლა! ისე არ ვტოვებდი, არ მოვდიოდი... წვრილად ვიცი ამ სავანეთა დასაბამი და მნიშვნელობა – მე ხომ ვარძიის ქვეყნიდან მოველ! “გარეჯულა” კი ჩემი შერქმეული ნართაულსახელია!

გაიოზ ბერს არაფრად ეჭაშნიკა საერთოდ ზრდილი ჭაბუკის სითამამე. ერთიც მოჰხედა მეტად “დიდურად” მეტყველს. ცოტა შეწითლებული თვალები შეუმჩნია. შიგ თითქოს აღგზნებაც იყო, ნაპერწკალიც, მაგრამ – სატკივარიც. გაშლილ შუბლზე კულულები გადმოშლოდა, დახვეწილსა და შეფითრებულ სახეს ნაადრევი შავი ღინღლი უსევადებდა.

“ეს უკვე მონღოლთ ხანის ქართველი ყმაწვილია – ბევრის მცოდნე და ვერას შემძლე!” – თავისთვის დაასკვნა წინამძღვარმა და ბარათს მიუბრუნდა. შორით დაიჭირა, წვერის ცმაცუნითა და ოხვრით ჩაიკითხა. თვალი უნებურად გაჰკრა თავის შორეულ ნათესავს, მისხის მისხს, პირველად ნანახს. ბერული ფიქრიცა და სათნოებაც ვეღარ იგუა.

ყმაწვილი თავაწეულად, მაგრამ თვალდახუჭული იდგა.

- რა ვქნა!.. ბრმა ხომ არა ხარ?

- მირჩევნია, ბრმა ვიყო... ჩემს სანატრელ ქვეყანაში აბა რას ვხედავ?! თქვენთან აქ ჯერ ოქროს ჟამია – თამარისი და შოთაისი! მე კი უკვე დარბეული ვარძია და ტფილისი ვნახე.

ახლა გაიოზ ბერმა დახუჭა თვალები, ყური კი გაიმახვილა.

- ვნახე უარესიც! დამონებული ქიშპობა, ურთიერთ დაბეზღება-შურისძიება! ნუთუ ჩვენს თაობაში კაცი არ ჩანს – წინამძღვარი – ყველაფერი განჭვრიტოს და ჩვენც გაგვიყოლოს?! თორემ მეფე – ორი, გული – ორი, პირი – ორი, სიმართლეც – ორი! გაორმაგდა ყოველგვარი აქამდე ურყევი ჭეშმარიტება! სად გაგონილა?!

- ამას შენ მეკითხები თუ მამაშენი?!

- თაობას რა მნიშვნელობა აქვს, თუ შეკითხვა მართებულია?

- რატომ მამაშენს არ ჰკითხავ? – გაგულისდა ბერი.

- ვკითხე და ვერ მიპასუხა... ვიდრე შეეძლო, თავადაც ბევრი სცოდა... სულ რომ დაიბნა, თანაც მიუძლურდა, დანგრეულ ციხეში ჩაჯდა და ძველი წიგნების გადაწერა იწყო... მე კი სულ აღარ გამიკარა!

- რატომ? ალბათ, ესეც გეცოდინება?!

- ვიცი! როგორც მისი ცოდვების ცოცხალი მოწმე!

ბერმა ახლა უფრო დიდხანს უმზირა ჭაბუკს, მაგრამ გაგულისებას ვერ სძლია.

- აგრე რამ გაგამწარა და გაგაწიორა; ამ წერილის შინაარსი იცი?

- არა, მამას არ უთქვამს... ჩემს გვარისკაცს გადაეციო, გიწინამძღვრებსო!

- დავიჯერო, არ წაგიკითხავს დაულუქავი ნუსხა?

- არ ვიცი კითხვა! – ხმადავარდნილად და თავჩაკიდებულად აღმოხდა მოსულს.

- კითხვა არ იცი? სულ ზეპირად ფილოსოფობ? მამამ არ გასწავლა? ჩვენს გვარში ყველამ იცოდა... შენ კი რა უწიგნო მწიგნობარი ხარ?!

- ვერა... თვალები მტკიოდა! – ახლა სახეც დაენისლა, კისერიც სულ დაუწიორდა. – ბალღობიდანვე ცეცხლში დაგუდული ვარ, მონღოლთ ერთ-ერთი შემოსევისას...

- ახლა კი შეებრალა ბერს, დაწყნარებაც დაუწყო:

- ახლა მესმის შენი ადრე დაბრძენების მიზეზი! არც გვიანი, მაგრამ არც ზედმეტიჩარა სულსწრაფობა ვარგა! ნურც გეშინია... მაცხოვარი გვფარავს! აქ არ მოგვივლენ. ვინც მოაოხრეს და ამოწყვიტეს, აბა რაღა და... დანარჩენებმა უნდა ვითმინოთ და გავძლოთ... ზოგ რამეზე თვალიც დავხუჭოთ!

ჭაბუკს შუბლი შეეკრა, თვალები კი სიმწრის ცრემლით აევსო...

- მე ყველაფერი ვნახე, არც სულსწრაფობით მომდის... არა საშიშ არიან მონღოლები, არამედ ჩვენი ზნეობანი, რომელიც მათ წარყვნეს!

წინამძღვარმა წვერები ჩაიბღუჯა. თვალი აარიდა და სულ დაბალი ხმით შეეკითხა:

- მერე... მამაშენმა იცის ეს თუ არა, ვეჟო?

- მართალი ბრძანებაა, იცის და სცოდავს! აი ეს არის სულსწრაფი ძისათვის ყველაზე მძიმე... მამა – სულიერ მამასაც უნდა ნიშნავდეს ერთად!

ჭაბუკმა თვალის კილოებში ამოისვა ხელი და სულ დახუჭა, მაგრამ ბერს სხვანაირად რომ არ გაეგო, უმალ დასძინა:

- მე მხოლოდ სატკივრის გამო ვხუჭავ თვალებს!

- ეჰ, ცხოვრება გასწავლის, შვილო!.. ახლა კი ეს მითხარი – მკურნალობდი?

- ირმის რძითა და მრავალძარღვათი... როდესაც კი გვეშოვნებოდა, მაგრამ ახლა?

- აქ, ჯერჯერობით, ორივე გვეშოვნება... მეტიც. სააქიმო წიგნებიც ვნახოთ, მოგირჩენთ ღვთის შეწევნითა... ხუცურსაც გასწავლით, ცოდნის კარსაც სრულად გაგიღებთ... – და უფრო მნიშვნელოვნად, გადაწურულად დასცინა: - ამიერით მორჩა შენი აზნაურობა, ძველი გვარსახელიც... ჯერ თუნდ – წიორა, თუნდა გარეჯულა გერქვას, ახალმორჩილო! ბინად მიძინების ტაძრის მიჯნის ქვაბი გექნება. ირმების მცირე რემას განდობთ მოსამწყემსავად, რძე შენთვის ალალი იყოს!

- ირმების რემას? ახლაც გყვანან?! – ახლა კი ბალღურად შეხალისდა ახალმორჩილი. – ირემი ხომ აქ ადგილის დედაც არის და გარეჯულას ცოცხალი სახეც!

ბერმა მკაცრად გადაწურა სიტყვა:

- პურის ჭამად კი ჯერ ჩემთან მოდი... მარხვა – თავიდან! იცოდე, აქ აღთქმისა და მდუმარების სავანეა!

გაიოზ წინამძღვარი ისევ თავის ჩვეულ კალაპოტში იყო – აღარც ღელავდა, აღარც ედავებოდა მოსულს. ქვამარილი გაატანა და გაუშვა. წერილი კი ისევ გადაიკითხა...

“გაიოზ წინამძღვარო, მეუფებამან თქვენმან... ჩემი გვარტომისა და სახლის კაცო! შეიხვეწე და შეიფარე ძე ჩემი, ერთადერთი გადარჩენილი, შენი მოსახელე, ოდესღაც შენი განათლული. ფრიადი ნიჭისა, მკვირცხლი გონებისა. სწორედ საოცარი მეხსიერებისა, ხოლო უძლური თვალთაგან და ტან-კისრით წიორა. მე აწ ცოდვაწეულ და სნეულ, მონღოლთა და შურისმგებელთა მიძალებულ, ვერცა დავმოძღვრო და ვერცა დავიცვა იგი. ერთი საქვეყნო მწიგნობრული საქმე ვიტვირთე თავად და თუ კეთილგავასრულე, რაიცა ფრიად მეეჭვის... მეც მანდ შემოვეფარვი კალთას უფლისას. ძე ჩემი – ამიერით შენი ძე არს და ზეციერმა მოგიზღოს მადლი შენი აწ გაწეული. ძის კვალი დავაბნიე და მანდ, ასე შორს, არა ვგონებ, მოგივიდეს შურისმაძიებელი... მაინც არიდე ჩემი ძე ბუბაქარ ერუშელს, მისი სისხლი მმართებს, ყელთამდე ცოდვილი ვარ, გვიან შევიგნე...

თაყა ოთაისძე გეთხოვებით და შენდობას ვითხოვ”.

ქვის ირემი

წიორა დაღლამ დაადინჯა, ყურადღება კი ფხაალესილი დარჩა. ქვაბები ჩამოიარა. ყველაფერს დახარბებულად ჩხრეკდა, ყველა გრძნობით ისრუტავდა.

არა, გარეჯი ერთბაშ კლდესართულებად ავარდნილი, ერთსიბრტყიანი ვარძიის მრავალქვაბეთი როდი იყო. აქ მიდამო ახერგილ-ჩახერგილად გაქვავებულ კორიანტელს უფრო სახავდა. ხან ვეება, მხარშეტეხილ თონის მაგვარად იყო ფრიალო და ზედ შავდამწვარ, კუტიპურებივით ჩაკრულ-ჩავარდნილად ჩანდნენ ქვაბები. ხან პირმიწყობით, ხან ზედადგმულად... აღმა და დაღმა, გაღმა და ჩაღმა, ეზო-ეზო შეკრულად, ფერხულჩაბმულად იყვნენ კლდეში შემძვრალნი.

ზოგი ქვაბი ზომითაც ვარძიისაზე უდიდე იყო, თითქოს უფრო ძველკეთილიც, უფრო უსწოროც. თითქმის ყველგან ჩანდა შიდამოხატულობა.

ეზო-ხევში ხეხილიც იყო. ნუში, ლეღვი, ზეთისხილი... ვაზი თუ უსურვაზი კლდეზე გასული. ფშატის ყვავილისა და თაფლის სანთლის სურნელი სუფევდა ირგვლივ. მაგრამ ყველაფერი უდაბნოს ხვატითა და გახურებული ქვით იყო დასუნთქული.

თვალსა და გულს მარტოხელად უწყობდა ახალმორჩილი, ამ “აღთქმისა და მდუმარების” სავანეს ეგულისხმებოდა, არავის არაფერს არა ჰკითხავდა.

ქვაბის პირებსა და ორწოხებში ბერ-წვეროსნები შავ ჩრდილებად მიმოდიოდნენ. სამუნჯეთივით უხმო იყო მათი ყოფა. გაჩრდილულად საქმიანობდნენ, ლოცულობდნენ, მზეზე, ქვაში ნაკვეთ კიბეებზე, სთვლემდნენ... ქვაბებს ჰკვეთდნენ, ფურცლავდნენ და კითხულობდნენ თუ სწერდნენ წიგნებს... გალობისა და ლოცვის ხმაც სულ ყრუდ და სულ მხარქცეულად გამოდიოდა.

“...გარეჯულას სული მეტყველებს! კლდე და ქართველი ადამიანი ერთად!” – თავისთვის დაასკვნა ახალმორჩილმა და სვლა განაგრძო. კედლის ტიხარები განვლო, სულ ახლოს ჩაუარა თეთრწვეროსნებს. მაგრამ ისინი ისევე ვერ ამჩნევდნენ ახალმოსულს, ვით აქვე, მათ მახლობლად მოგოგმანე მტრედებსა და კაკბებს... ან, ცოტა ქვერელე, მზეზე გამოსულ ჯოჯოებსა და ანკარებს.

წიორა ამან კი არ შეაკრთო, უფრო ჩააფიქრა და გაათამამა...

აქ არავინ არ უშლიდა არავის! იქ კი, საიდანაც მოვიდა – ყველა ცოფავდა ყველას!

შუა ეზოში კაცის სიმაღლე ქვასვეტი იდგა. ზედ ყელმოღერებული ირემი ამოეტვიფრა ქვის მხატვარს.

ქორბუდა რქებს შორის ქრისტეს სახე. ქვევით ცხენოსანს მშვილდ-ისარი აღემართა საძგერად, მაგრამ ისარი თავიდანვე გაღუნული და მიზანს აცდენილი ეზრახა შემოქმედს.

“გარეჯულავ, აი შენი სახე – ირემი და ღმერთ-კაცი ერთად!”

მიძინების ტაძრის ეხში, მყუდრო ადგილზე – ირმის წველა იყო მადლიანად გამოხატული.

ახლა კი კუშტად ჩაფიქრდა “ზეპირფილოსოფოსი”. ხელში ქვამარილი კი ჰქონდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ქვის ირემი და კლდეზე მიხატული რემა ნახა!.. ხომ არ დასცინა წინამძღვარმა “ზედმეტიჩარას” – “იქნებ მე თავად უნდა ვლოკო ეს ქვამარილი?”

საკმაოდ ვიწრო და გრძელ ქვახვრელს იქით, მთლიანად კლდის წიაღში ამოღებული მიძინების დიდი ტაძარი, როგორც ახალი საოცრება, ისე მოევლინა მოსულს.

კუთხურ-ჩაჭრილად ჩამოღვრილმა ზედა სარკმლის შუქმა და სამი კელაპტრის სხივმა თვალი მოუნუსხა. ირიბ ნათელსვეტი მოოჭვილ, შემკული ხატებით აღსავსე კანკელს ადგა, მის მიღმა კი ბინდბუნდი და ჩრდილ-მაჩინი მეფობდა.

ქვაბ-ტაძარი სავსე იყო ბერ-მლოცველებით. ახოვანი და გასაკვირად მრავალფეროვანი მრევლი იყო... მათ შორის შუბოსანი მხედრებიცა და ჯვროსანი მანდილოსნებიც... ვგონებ, გვირგვინოსნებიც... კელაპტრების შუქის კანკალი თითქოს მათაც ამოძრავებდა.

მაგრამ სიჩუმე კი სწორედ “მიწისქვეშ” სუფევდა.

წიორამ უსწორ ჭერზე გაჰლანდა რკალში ჩასმული შავი ჯვარი, შავფრთიან ანგელოზს მხარზე რომ ადგა. ბოლოს თვალიც შეაჩვია და მერმეღა მიხვდა, რომ ქვაბტაძარში არავინ იყო.

უხვფეროვანი, განცდილი მოხატულობა და შესაფერისი შუქის შერწყმა აცოცხლებდა და აცხოველებდა კედლის მხატვრობას.

ერთიც სულ ბოლოს შეამჩნია გულშეძრულმა ხიზანმა. კანკელის თავზე კაცის სიფართოვისა და სიმაღლის ჯვარი იყო აღმართული. ზედ ჯვარცმული ეხატა. ეკლის გვირგვინი კი თითქოს იმ ბარდიდან იყო მოჭრილი, რომელიც სარკმლის კლდეზე ამოსულიყო და ჭაღივით შიგნით ეკიდა. ჩანს, მას განზრახ არც ჭრიდნენ ბერები. სვეტი შუქის მიღმა სტოვებდა ჯვარცმულს. სხივშეცრილი ბინდი გამოტვიფრულად სახავდა მის შიშველ ტანს.

წიორამ შეამჩნია, რომ წამებულსაც, მასავით, გრძელ კისერზე ჰქონდა ჩამოგდებული თავი... არც შავხუჭუჭა, მეჩხერი წვერი ჰქონდა მის ღინღლზე მაინცდამაინც დიდი.

ახალმა მწყემსმა კიდევ ბევრი საკვირველება ნახა იმ დღეს... აქვე ახლოს მეორე საკვირველება გარეჯისა – ღვთისმეტყველის ტაძარი. ქვედა ეზოში – ყველა უდაბნოთა მთავარი სალოცავი – დავითისა და ლუკიანეს ს აფლავი – ფერისცვალების ქვაბში.

ყველგან იყო ირმების კვალი.ნ.. ქვაში, ნახატში, ერთგან რქებიც კი ნახა, მაგრამ ცოცხალი ირმები კი არსად ჩანდნენ.

უკვე დაისის ჟამს, გარელაკვასთან, ერთ-ერთ დიდ ქვაბს მიატანა წიორამ.

ირმის რემა უკვე მოსული დახვდა. ხარირემი ლაკვასთან, გლუვ ქვის გორაკზე იდგა და რქების ჩხაში ჩამავალი მზე გარჩენოდა.

ჭაბუკს ისევ ქვის ირემი წამოესახა... “გარეჯულავ, შენ ხარ!” – მზეც შეგემატა!” მერე შეეჭვდა... “შენ ხარ მზიანი, თუ მზეა რქიანი?!”

თავისმა ჩურჩულმა შეაკრთო და მიმოახედა... იქვე ჩეროში ფური და ნუკრები ცოხნიდნენ და მას უმზერდნენ.

წიორამ კისერი უფრო წაიგრძელა, უხერხულად მოუფრუტუნა და ქვამარილი ხარირემს გაუწოდა. მან თავი დაჰხარა, მაგრამ არ გალოკა. ფურმა კი მეტი ნდობა გამოიჩინა, ხაოიანი ენა ხელზეც აუსვა და მარილზედაც. ჭაბუკმა შარშანდელ ნუკრს ბალახი და ფშატის ტოტი მოუკითხა, წლევანდელს ქეჩო მოუქავა და ხელად დაიმეგობრა. ახლა მზეწვიას ლაკვადან წყალი ამოუღო, თავის სამწყსოს ასვა და საღამიოდ ირმის ქვაბს კარი გამოუხურა.

??????