დილიმზე
დაღამდა. ლურჯად მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით მოჭედილი ჟრიკჟრიკებდა ევლოგიის სანთლებივით და კავკასიონის ბუმბერაზ მთის მწვერვალიდან მედიდურად ამომავალი გაბადრული მთვარე თვალგულწარმტაცად ასხივოსნებდა ცოდვილ ქვეყანას ცის ტატნობიდან. ათასწლოვანი ციხე-კოშკებიანი მთებით შემოციხული ალაზნის თვალგაუწვდენელი ტურფა ველ-მინდორი დაქანცულ მუშასავით სთვლემავდა მიყუჩებული, სულგანაბული, და ტრიალ მინდვრის შარაგზიდამ მონასმენი ურმის ჭრიალი და გულსევდიანი მეურმის მწარტკბილად მოღუღუნე ოროველას ხმაღა არღვევდა საოცნებო ღამის სიჩუმე-მყუდროებას, რომელიც ადამიანის გულს ისე აჯადოებდა, ჰხიბლავდა და ატყვევებდა, როგორც მშვენიერის ქალწულის მიბნედილი თვალები. ასეთს ადგილას ამგვარი ღამე რა სამოთხე-ჯოჯოხეთის ფიქრებს არ დაუბადებს მაღალგრძნობიერ ადამიანს და რამდენს ცრემლს დააღვრევინებს მეტადრე მაშინ, თუ ნაღვლიანად ამოიმღერებს პოეტის შემდეგს სიტყვებსაც:
გული მიკვნესის, სული ჩემი მწარედ ღონდება,
რა საქართველო დანგრეული მომაგონდება,
რა ფიქრს მომივა: მის ნანგრევნიც იქნება განქრენ.
მათი სახელი და ხსენებაც აღარსად დარჩნენ!..
ერთის ტყის პირას, მთის მოტიტვლებულ ვაკე კალთობზე, რომელიც ამაყად გადაჰყურებს ალაზნის მრავალგვარად მოქარგულ, აჭრელებულს ჭალა-ტყიან მინდორ-ველს, ათი-თორმეტი ურემი იდგა გამოშვებული. გაბადრული მთვარის ნათელით გადაღაღანებულ სერზე გაშლილი საქონელი აბრეშუმივით ურო ბალახს ჰბდღვნიდა მადიანად; მეურმეებს, რომელთაც დილით შეშები უნდა დაედვათ, დიდი ჭახჭახა ცეცხლი დაენთოთ, გარს შემოჰსხდომოდნენ და ვახშმობდნენ. იმათ მახლობლად ფარაჯაში გახვეული ერთი მეურმე განცალკევებულად წამოწოლილიყო ნელის ნიავქარისაგან ტურფა-საამოდ აბიბინებულ ურო-ბალახში და დაჟინებით ოცნებობდა თვალებგაშტერებული, ზეზეაუხედავად. ბევრს ეძახდნენ ვახშმად მეურმეები, მაგრამ ის ისე ღრმად იყო ფიქრებში ჩართული, რომ არც კი ესმოდა მათი ძახილი, ყატყატი, ოხუნჯობა და სიცილ-ხარხარი. დიაღ იგი თვალებგაშტერებით მდუმარებდა ღრმა ფიქრებში, როგორც მგზნებარე გულის უსაზღვრო ტანჯვისაგან დამსხვრეული ჩანგი პოეტისა.
- გიო, ბიჭო! ე, არ გეყურება? მოდი, თორე ჩაგასწრობთ ვახშამს, - ეძახდა შეხუმრებული ტოლ-ამხანაგი.
- გიო! ჰაი, გიოოო! რატო არ ჰდგები, ბიჭო, შენი ანგელოზივით დახატული, ძუძუკოკბებიანი დილიმზე ხომ არ გეჩვენება თავის წითელი კაბით და დიდრონი შავი-ბრიალა თვალებით? - მისძახოდა მეორე.
- არა გრცხვენიან, კაცი არა ხარ? ქუდი არ გახურავს: თითის სისქე გველი ვეებერთელა ბაყაყს ჩაჰყლაპავს და ინელებს და დევგმირივით ვაჟკაცს რა დაგემართა, რო ი პაწაწინა გოგოს სიყვარულიც ვერ მაინელე აქამდის და ემაგრე სანთელივით ჩამოჰდნი ზეზეურ; ფუ, შეგირცხვა ვაჟკაცობა! - დაცინვის კილოთი უსაყვედურა მესამემ.
- რას ამბობ, ე, ჭკვაზე მოდი, ზაქრი! სიყვარულიც ლობიო შეჭამანდი ხომ არალი, რო მაინელოს! სიყვარულმორეულ გულს ქვეყანაც ვერ მეერევაო, შენ ეს არ გაგიგია? მაგაჰ კი არ უნდა, რომ აღარ იტანჯებოდეს დღე და ღამ სამოთხე - ჯოჯოხეთის დამბადებელ სიყვარულის გამოუნელებელ ციავ ცხელებით, მაგრამ განა მაგის ნებაა რა!..
- რას ამბობ, რას! დილიმზესავით დახატულ გოგოს სიყვარულს გამიწებული გულიც ვერ მაინელებს საფლავში და იქაც კი ჯოჯოხეთის გაუქრობელი ცეცხლით დაიწვება და დაიხრუკება ქალმის ჯღანივით! - დაქომაგებით ამართლებდა გიოს ახალგაზრდა მეურმე.
- ბიჭოს, ბიჭოს! ერიჰააა!.. არ დაიჯერებთ, კაცებო, სიკაც სიყვარულის მახეში გაუბამ ვისმე მთის ღაღანა ვარდივით ლამაზ-დახატულ, შავთვალებიან გოგოცკას, ესეც გიოს ტაფაში იხრუკება ტაბაკასავით და იმიტომ ეგრე გულდათუთქული ექომაგება...
- სწორედ მაგრე იქნება! მაგრამ თუ სწორეს მათქმევინებთ, ქალები უფრო ეშმაკებზედაც ათას წილად მეტი ეშმაკები არიან: რაც ერთი ქალი აწამებს და დაჰტანჯავს ამქვეყნად, იმ ენით გამოთქმულ ტანჯვა-წამებას, მთელი ჯოჯოხეთის ქაჯ-ეშმაკებიც ვერ მიარგენენ ადამიანს! აბა, თუნდა, ჩემი სიმართლის გულისათვინ, ყური დაუგდეთ ქვეყანაზე ყველა რჯულის სიყვარულის ლექსებს, სუ ქალებს ემდურიან და უჩივიან:
ქალამზემ დამწვა, მატირა,
დამდაგა და დამხრუკაო,
არც მომკლა და არც მაცოცხლა,
ქუმელივით ამფშრუკაო!..
რა ეს გინდათ, თვრამეტი წელიწადი ჯვარდაწერილი ვარ და არ დაიჯერებთ, კაცებო, წამდაუწუმ, ეხლაც კი, ი დედაკაცი გამენაზებაყე რო გეგონებათ: დღევანდელი ჯვარდაწერილი პატარძალიაო... - ბრაზმორეულად დააბოლოვა მეურმემ და ძალზე დაუწყო ყალიონს წევა.
—რათა, მაგას ნუ იტყვი, გიგოლი, ვინ იცის, იქნება არც ქალებს უნდათ, რო დაწვან-დახრუკონ კაცები, მაგრამ ალბათ ქვეყნის გაჩენიდანვე ღმერთს მიუცია იმათთვის იგეთი ზნე ხასიათი. ან კი, დაიცა გეთაყვანეთ, კაცებო, იმ გასათხოვარ ქალს რაღა ქალობა ეთქმის და ან როგორღა შეიყვარებს კაცი ენითგამოუთქმელად. თუკი გასათხოვარი ქალი კაცს ქალმის ჯღანივით არ დაჰხრუკავს თავგანაზების ცეცხლში და დანდობილა-მოწეულ პანტასავით დაეცემა შესაჭმელად! მაგრამ ესეც უთქვამთ: უავო, კარგი, ღმერთს არ გაუჩენიაო და კაცმა თუ დედაკაციდან მირგენილი ტანჯვა-წყენაც არ აიტანა, უდედაკაცოდ უფრო მეტად დაიტანჯებაო, და ჩვენს გიოსაც და სიკასაც მეტი რა ჩარა აქვთ, ვაჟკაცურად უნდა აიტანონ ქალებისაგან მორგენილი ტანჯვა-წყენა და ბოლოს ქალებისავე ხვევნა-კოცნა დაავიწყებთ ერთწუთში, რაც კი მთელ თავიანთ სიცოცხლეში ჭირ-ვარამი და ვაი-ვაგლახი უნახავთ, - ეგრე არ არის, ანდრიავ?
- ნამდვილია, ნამდვილი. ყოჩაღ, დიაკვანო, ყოჩაღ! პირფერობაში კი ნუ ჩამომართმევ და, ყველა შენი ჭკვა-მადლიანი სიტყვა გულსა და სულს მაჭარივით ეჭიდება და გონებას აფხიზლებს და ჰწურთნის კაი ოსტატივით, იმიტო, რო შენი ლაპარაკი მზესავით ცხადია, გაზაფხულივით ლამაზია და ია-ვარდივით საამებელია. ზოგიერთი ყბედი კაცი მოუღალავად ლაპარაკობს კაჭკაჭივით და თავი სოლომონ ბრძენი ჰგონია, მაგრამ იმისი უმადლო ცარიელი ყბედობა აგრე არ მიეცხება ადამიანის სულ-გულს, როგორც ქათამი ვერას იპოვნის დამპალ ბზე-ბუქში. მაშ, ალალი იყოს შენზე, დიაკვანო, დედის რძე და კოდის პური და არამი იყოს ორნივ ერთად ჩვენი ნუღნუღა მოძღვრისათვის, რო ოცდათვრამეტი წელიწადია ღვთის ენაპირი ხელში უჭირავს და ის ემაგრე ნათლად ასიათასჯერ გადაკითხულსაც ვერ წაგვიკითხავს.
- ახლა მაგრე რო მაქებ დღეობაში გასაყიდად წაყვანილ ვირივით, ესაც გაიგე და: მინამ ენას ამოვიდგამდი და ლაპარაკს ვისწავლიდი, ყველას უყვარდი, ამოვიდგი ენა, ჩემო ანდრიავ, და გამიწყრა ღმერთი, ყველამ ჭირივით შემიჯავრა: სიმართლეს პირში რათ გვეუბნებიო. აბა ის არა სჯობდა, მუნჯი ვყოფილიყავ, მაშინ ხომ ყველას ათთუმნიან ასიგნაცივით შეუყვარდებოდი და იმთენ ფლავ-ბოზბაშს მაჭმევდნენ, რო ვინც წლით იზრდება, მე დღით გავიზრდებოდი!..
კიდევ ბევრი ილაპარაკეს და იოხუნჯეს მეურმეებმა და ვახშამ-შემდეგ ყველანი დაგლეჯილ ჩოხა-ფარაჯებში გახვეულნი ძილს მიეცნენ. დედამიწა ნაალად ჰქონდათ გაშლილი და ცა საბნად გადახურული. ნამძინარევ მეურმეთა გატანჯულ გულის სიღრმიდან ამონაწყვეტი გმინვა-კვნესა გამოისმოდა ღამის სიჩუმე-მყუდროებაში და აშკარად ეტყობოდა, რომ ის გულის ჭირისა და პასუხის ამომეტყველი მწარე გმინვა-კვნესა იყო გამრავალკეცებული წყევლა-კრულვა უცოდომადლო ქვეყნის უსამართლობისა, მხეცურის სიმუხთლე ღალატისა, შეუბრალებლობისა, დაუნდობლობისა, გაუტანლობისა, შურ-ღვარძლიანობისა, და გველურმტრობაშხამგესლიანობისა. ღმერთო უფალო! მიკვირს და გამკვირვებია: რით ვერ გაუქრო მხეცური თვისება-ბოროტებანი ადამიანთა გულს რამდენმამე ათასწლოვანმა სარწმუნოებამ, რჯულ-კანონმა, მეცნიერებამ და ხელოვნებამ, და მაშ სხვა რაღა უებარი წამალი უნდა იპოვოს კაცობრიობის სიბრძნე-მეცნიერებამ, რომ მთელის ქვეყნის ადამიანთა შორის გამეფდეს ღვთიური სიმართლე, კეთილი და სათნოება და აღარ იტანჯებოდნენ ადამიანნი ადამიანთაგანვე ქვეყნის დასასრულამდე! ჰო, უკაცრაოდ, არ ეძინა გიოს და მის პირდაპირ მხართეძოზედ წამოწოლილს დიაკვანს. გაბადრული მთვარე მოკაშკაშებული ცის გუმბათისაკენ შემაღლებულიყო და ცხადად სჩანდა მისი ნათლით გაცისკროვნებული ყოველი საგანი და ადამიანის სახის მოძრაობა-გამომეტყველებაც კი.
- მაინც რას გეუბნება? - ეკითხებოდა გიოს მაჭრისაგან მსუბუქად შეზარხოშებული დიაკვანი.
- მინამ ცამეტის წლისა არ გახდება, არ გავათხოვებო, მაგრამ ვიცი, რა ჯადობაზია: მე თავიდამ მისხლტუნებს და მიკიტანი სადიკო როა, იმას აძლევს დილიმზესო.
- მოდი, ერთ რამეს გასწავლი, და თუ ჩემ გიჟ ჭკუას დაუჯერებ, შენი კოჭი ალჩუ დაჯდება. მიატანე კნიაზ გენოს, იმას ბევრი შენისთანასათვინ უშველნია, შენც თუ გიშველის, ის, და სხვა ვერავინ.
- ის როგო მიშველის?
- აიგრე გიშველის, რომ ჯერ შაჰჩივლე. ეგრეეგრე ვკვდები, აღარა ვარ ცოცხალი მავანი გოგოს სიყვარულით-თქო... დედა იმისი უარობს, არ მაძლევს, და თუ მიწამლებ რასმეს, ერთი წელიწადი შენი ყმა გავხდები: გინდა ზვარში მიმსახურე, თუნდა მინდორში-თქო.
- მერე?
- მერე რაღა, დაიბარებს თავის სახლში დილიმზეს დედას, ერთი თავისებურათ თოფის წამალივით იფეთქებს, და დაუბრახუნებს ი ფეხებს, დაუბრიალებს თვალებს და დაუჭყივლებს თითის ქნევით: ქალს და ჩემს მოჯამაგირე გიოს ერთმანეთი ჰყვარებიათ და რომელი კანონი-სტატიით სტანჯავ და არ აძლევ. მე გიბრძანებ, ეხლავ შეუდგე ქალის მომზადებას, რო ჯვარი დაიწერონ, თორე, ხომ იცი ჩემი ხასიათი: მამა არ წამიწყდება და დედაც არ მომიკვდება, აქვე გავაწეწვინებ ბიჭებს შენს თავს და იგრე აგაჭრელ-აგალილავებ მათრახით, რო შენი ცოდვით ქვეყანა იწოდესო; ამასაც არ გაკმარებ და მიწასთან გავანაცარმტვერებინებ შენ ავლადიდებასო და როცა ამ მამაოჩვენოსავით გაზეპირებულ რისხვა-წყრომას წაუკითხავს: მორჩომილი საქმეა. მაშინ თითონვე დაგიწყებს ხვეწნას: წამო, დაინიშნე ჩემს ქალზე და დამსხენ ჩვენი ბატონი გენოს რისხვა-მუქარას და იმის კაცების შინ და გარეთ აკლებასაო.
- ბიჭოს! ეგ რა კაი ხერხია და! - სიხარულის აღტაცებით წამოიძახა უცბათ გაცოცხლებულმა გიომ და ცოტას გასწყდა არ წამოხტა და არ აკოცა დიაკვანს.
- კარგი ხერხია, მაშ! კნიაზ გენოს მაგიმეტები კი შაუძლიან! გოჭიკუდაანთ აბრიასაცა იმან არ შართო ი ანგელოზივით დახატული გოგონა, ციდამ მოწყვეტილი ცისკარივით რო ანათებს და ენთება, აი ეგეთი ჩირაღდანივით ქალი ხო ჩალფაჩუნე ფლასიან აბრიას იუბკის ნაგრეჯსაც არ მოუწიწკნიდა წამლად, მაგრამ აბრიამ უღელი ხარი იგეთი მისცა გენოს გასამრჯელოში, რო, აბა, რაღა გითხრა.
- აი, ეკითხოს ქვეყნის ცოდვის მჭამელ გენოს, იმის ცოლ-შვილს ამ ქვეყანათაც და იმ ქვეყანათაც ღიპლიკაანთ ვანოს ცოდვა, პირველად ვანო იყო იმ ქალზე დანიშნულივით, რადგანაც გოგოსაც იგრე ძალიან უყვარდა თურმე, რო ეფიცებოდა: ჩემი სიცოცხლე, იმედი და სიხარული შენა ხარ და მე შენი სიღარიბე თავის დღეში ვერ შემაშინებსო, შენთან ჯოჯოხეთში ყოფნაც ჩემთვინ სამოთხე იქნება და სხვასთან სამოთხეში ყოფნაც კი - ჯოჯოხეთი, და მე შენს გარდა ხელმწიფი შვილსაც არ გავყვები ცოლათო, მაგრამ ის არ იცოდა საწყალმა, რო უკეთური დედ-მამა და ნათესავები ქალს საითაც უნდათ იქით გადიტრიალებენ თასმასავით და გადააგდებენ. როცა აბრიამ ვანოს გულის საყვარელი ხელიდამ გამოჰტაცა ძალიძალად დედ-მამა-ნათესავების უკეთურობით და გენოს ავკაცური დაქომაგებით, ვანომ ვეღარ გაუძლო გულის ნაღველს და თავი დაიხრჩო ალაზანში, ოჰ ღმერთო მაღალო! რა საცოდაობა იყო, როცა დამხრჩვალი ვანო ელდით გაგიჟებულ დედას ურმით მოუტანეს, ქვაც კი სკდებოდა და იმდუღრებოდა მაშინ და ცაც კი ტიროდა და ცხარე ცრემლის ღვართქაფი სდიოდა დედისერთა ვანოს სიბრალულით და იმის დედის ენით გამოუთქმელი საცოდაობით. ვანოს სიკვდილის მერმე ორჯერ მიატანეს აბრიას ცოლს, თავს იხრჩობდაო და ორჯერვე გადაარჩინეს, მაგრამ იგეთი სიჭლექე გაჰჩენია, რო დღეს თუ ხვალ ისიც თავის გულისაყვარელ ვანოს კვალს გაჰყვებაო.
- რაც კი გენოს ოინები ჩაუდენია, ჩვენ იმთენი თავზე თმაც არ გვექნება, და დღეს ის ციმბირის იქით კიდე სამი თვის სავალზე უნდა იყოს გაცილებული, მაგრამ ე შვილოსა, უშიშარი კაცის თავზე ხელაღებულობას, ბედნას სიტყვას, თვალის ამბმელ პურმარილს და ყოვლის-შემძლე ასიგნაცებს რა არ შეჰძლებიათ ქვეყანაზე. რო იტყვიან: ერთი ჭირი ზოგჯერ მარგებელიც არიო, კაცმა სწორე უნდა თქვას. გენოს ცოდვასთან მადლის ქნაც შეუძლიან: ვანო თუ მოკლა, შენ კი გაგაცოცხლებს, თუ ჩემს ჭკვას დაუჯერებ. ერთი ი წისქვილის ყელში არ გამივლია, თორე სხვა ყველა მიცდია, ვიცი და ცუდს არას გირჩევ, იცოდე.
- რას ამბობ, კაცო, მე მაგაზე უარს ვიტყვი რა! თუკი დილიმზეს ჩემსას გაჰხდის, ერთს კი არა, თუნდაც ოც წელიწადს ვეყმობი თავიან შვილებიანა და იმი სანთელ-საკმელად დავიწვები. მაგრამ ვაითუ ახლა ღვდელმა მაწვალოს და მაწამოს. მინამ ქალი ცამეტი წლისა არ შასრულდება, ჯვარს ვერ დავწერო, და ვაითუ ამასობაში მიკიტანმა სადიკომ დაძლიოს გენო ფულით და წამართვას დილიმზე.
- ეჰ, საქმე გამოგლევნია და ჰლაპარაკობ. უჯვარწეროთაც წინ არავინ დაგიდგება ჩვენს გლეხობაში და სადაც მანათს ბელგას მისცემ, იმ ღამესვე გოგოს გვერდით მოგიგდებენ. ან ეს რა სათქმელია: ღვდელი ჯვარს არ დამწერსო, ფული თუ გექნება, ათი წლისაზედაც კი დაგწერენ ჯვარს. როცა გინდა, დიახ, ფული გქონდეს, თორე დღეში ათასი ყმის პატრონი იქნები!..
- ეგაც კი მართალია, მაგრამ ერთხელ იცი რა თქვა, კაცო, ხალხში შალთაი-ბალთაიმ - აგეი, ექიმმა კარაპეტამ, ყველა თორმეტ-ცამეტი წლის ქალი ვერ აიტანს ქმრიანობას, მალე დასნეულდება და მოკვდებაო: ეს ჯანაოზ ექიმის კარაბადინშიაცა ჰწერია, და ძალიან დიდ ცოდვასა ჰჩადიან ისინი, ვინც თორმეტ-ცამეტი წლის ქალებს ათხოვებენ და ისინიც, ვინც იგეთ პაწაწინებს ირთამენო.
- გაიხანხლოს იქიდაამ! კარაბადინში სწერიაო! მოკვდებაო! იმისმა თავის ხეთქვამ!.. მაშ ეს რაღათ უთქვამ ჩვენს მამა-პაპას: გოგოს ქუდი ესროლე და ქუდმა თუ არ წააქცივა, დრო აქვს გათხოვებისაო. ქალი თუ ჩვიდმეტ-თვრამეტ წელიწადს გადაჰცილდება და ქმარი ვერ შაირთო, დაჭკნება, ჩამოფითრდება და ცეცხლწაკიდებულ კაჭახუნივით გადაიწვება გულის სურვილებისაგან. დილიმზეს რო შეჰხედონ, თორმეტ-ცამეტისა კი არა, ივრის საზამთროსავით მომწიფებულ თექვსმეტი წლის ქალსა ჰგავ, და აბა, მოდი და ჩადგნენ იმის ცოდვაში და მწნილად დაამჟაონ იგეთი მთვარესავით გაბადრული და ალვის ხესავით ასული ვარდივით გოგო! მაგრამ ესაც კია: ბევრჯერ თითონ ქალებივე ამჟღავნებენ თავიანთ თავს უკადრისი ამპარტავნობით. ამპარტავანი მუცელი უჭმელობით კვდებაო.
- აი ქრისტემ რა გიყოს, დიაკვანო, რო შენი კვილმიტი სიტყვა მკვდარსაც გააცინებს.
- მა რა ვქნათ, ბიჭო, ზოგჯერ სიცილიც კარგია: ნაღვლიან გულს ამხიარულებს და ავადმყოფსაც ტკივილს უყუჩებს. არა, შენ ეს მითხარ, გიო, და ნუ დამიმალავ, თუ ღმერთი გწამს: იგრე უყვარხარ დილიმზეს, როგორც სიცხე პაპანაქებაში მუშას გრილი ნიავი და ახალ პატარძალს მზის ჩასვლა, თუ იგრე ეჯავრები, როგორც ურიას ღორის ხორცი და ჩვენს მედუქნე პოღოსას სწორე ნიტრა-საწყაო?
- ეჰ, აბა რა ვიცი, კაცო, რა გითხრა, ქალის გულში ეშმაკი რო ჩაძვრეს, ისიც ვერ გაიგებს იმის ფიქრსაო, და მე რა შევატყო. ეს კი ვიცი, რო შველივით მიფრთხის, როცა დამინახავს და ჩემს შუამავალს კიდე სულ არას ეუბნება და ახლოს არ იკარებს ჩემგან გაგზავნილ საჩუქრებს.
- ეგ არაფერი, შენ მაგის ფიქრი ნუ გაქვს, ხშირად მწუხარე დასაწყისს მხიარული ბოლო აქვს. ქალის ენა ყოველთვის არას ამბობს, გული კი ჰოს... ქალმა რო არას თქმა არ იცოდეს და ქალი რო მშიშარა, მორცხვი და შველივით ფრთხილი არ იყოს, ოროველა კამეჩი იქნებოდა და ცალგროშათაც არ ეღირებოდა. ჰაი, შე დასაქცევო, გიო, შენ კი არ იქნები ქეიფში, როცა ი მთის ანკარა წყლის კალმახივით და შველივით ფრთხილ დილიმზეს ბროლის ყელ-გულ-მკერდზე გველივით მეეხვევი და იტყვი, თონემ ბამბიქულასავით თეთრი ლავაში ჩაიკრაო. იგრე მაგრა ჩაიკრავ და ფათალოსავით ჩაიწმახავ მა გულში ი ცისკარივით დახატულ გოგონას!.. მაშინ... მაშინ ხო შენ ამ ქვეყნისა აღარ იქნები და ცა-მზე-მთვარე-ვარსკვლავებსაც კი შენი ბედ-ყისმათი და ნეტარება შაჰშურდებათ!.. მე სუ გამომიცდია ესენი და გულით მინდა შენც მალე გამოსცადო, თორე რა ვიცი, ადამიანი უხანო ენძელაა და სიკვდილიც ყურს უკან გვიზის. ჰე! მეც კი ვიყავ, ბიჭო, ერთხელ ნეფიონი... რა ვარდ-ბულბულის და “ვეფხის ტყაოსნის” ენაზე არ ვეჭიკჭიკებოდი მაშინ ჩემს კალმით ნახატ უქრთამ უმზითვო პატარძალს: შენი ერთი შეხედვაც მთელი ქვეყნის სიმდიდრეს მირჩენია და შენ ტუჩთან ტუჩის შეწებება ზეციურ სამოთხეს-მეთქი! ჩემი მშვენიერი პატარძალი კი საამო იასავით თავჩახრილი იდგა და მორცხვობისაგან ათრთოლებული ბროლის თითებით შოლტივით ნაწნავების წვერებს იძენძავდა სულგანაბული, მაგრამ იმისი შავ-ბრიალა თვალები კი აშკარად მეუბნებოდა: მარტო შენ მიყვარხარ მთელს ცასა და ქვეყანაზე და სიკვდილამდისაც ვერ გავძღები შენი სიყვარულითო!..
დიაკვნის ამ სიტყვებზე გიოს საოცნებო სიამოვნების ღიმილი უთამაშებდა სახეზე და თვალები მორცხვად ეხრებოდა მიწისაკენ. კიდევ ბევრი ილაპარაკა და იოხუნჯა მაჭრით შეზარხოშებულმა, ენა მდიდარმა დიაკვანმა, ბოლოს უცბათ ხვრინვა ამოუშვა და ტკბილად განისვენა, როგორც დაჩაგრულ ერის დაკარგულმა დიდებამ... გიოს კი, ისე გათენდა, რომ თვალიც არ მოუხუჭავს, ღრმად ჩაფიქრებული ხან თავისს ჭკვაგონებას ელაპარაკებოდა გუნებაში: როგო მოვიქცე, ხან დილიმზეს ეხვეოდა ოცნებაში და ნაზად უკოცნიდა შავ-ბრიალა თვალებს და მარწყვივით ტუჩებს და ხან გულით ნატრობდა: მალე ენახა კნიაზ გენო და ეშველნა თავისთვის, თუკი ეშველებოდა რამე.
რეგვენაძეს ქვრივს გაიანეს ერთადერთი თორმეტის წლის გაიამზევარდებული ქალი ჰყავდა და იმაზე ამოსდიოდა და ჩასდიოდა მზე. ქალს მაიკო ერქვა სახელად, მაგრამ რადგანაც მისი ყოვლად სრულქმნილი საარაკო სილამაზე მზესაც კი თავმომწონედ ეუბნებოდა: შენ ჩადი და მე ვიმზევებო, ამისათვის დილიმზე (დილის მზე) დაარქვა სოფლის ხალხმა მეტსახელად. როგორც ღამის პეპლები სანთელს მოუსვენრად ეტრფიან და ევლებიან თავგანწირვით, ისე ევლებოდნენ და ესიყვარულებოდნენ ლერწამ ტანის, მარწყვის ტუჩებიანს და შავ-ბრიალა თვალებიანს დილიმზეს ლამაზ-ლამაზი, სოფლის კოხტა, საცოლო ბიჭები, როდესაც კი ის სადმე დღეობა-წვეულებაში ან სათამაშოდ შეყრილ “ქალის ჯარში” გამოჩნდებოდა. აქ იგი ისე ერჩეოდა ქალებში, როგორც მთვარე ვარსკვლავებში, რის გამოც შურით იხოცებოდნენ და თვალის ეკლად მიაჩნდათ სოფლის ქალებს თავიანთ სილამაზის დამჩრდილავი დილიმზე.
დღეში ორი და სამი მაჭანკალი მისდიოდა დილიმზეს დედას, მაგრამ გაიანე ყველას უარს უთვლიდა და მრავალ მთხოვნელებში მიკიტანი სადიკო ჰყავდა ამორჩეული სასიძოდ...… მინდვრის ხალხი ძაღლუმადლო ცხოვრებით სულს ამოჰხდის და სადიკო კი შინ შაინახავს ჩემს სათუთად გაზრდილ, დედისერთა დილიმზესო, ამბობდა ხოლმე გაიანე თავისს მეზობლებთან და დიდის თავმოწონებით უმატებდა ამასაც: ღმერთო, ერთი მალე მოვიშორო, თორე აპალთია გამტაცებენ: ილაჯი გამიწყვიტეს, კარსა და ბანს აღარ მიგდებენ; დღეს ერთია და მაჭანკალი ათასიო.
გიო საბრალოშვილი, რომელსაც გაგიჟებით უყვარდა დილიმზე, უსახლკარო გლეხი იყო და შორეულ ნათესავების გარდა სხვა არავინ გააჩნდა ქვეყანაზე. გიო ცხრა წლისა დარჩა, როდესაც სახადით ავადმყოფი დედ-მამა მოუვლელობა-უწამლობით დაეხოცა ერთს კვირაში და რაც