ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

ჩვენი ხევი 

ჩვენი ხევი მთლად პატარა წყალია. ხუთი წლის ბალღს მუხლამდე ძლივს მოსწვდება. მოდის, მოჩუხჩუხებს ქვაღორღიან რიყეზე, ოქროსფრად ციმციმებს მზეში, ზოგ ადგილას თეთრადაც ქაფდება, შუაში ჩაუვლის სოფელს, გავა სოფლიდან, გაივაკებს და შეუერთდება მდინარეს. სახელიც კი არა აქვს თავისი, ყველა „ჩვენს ხევს“ ეძახის. ჩვენი ხევი ადიდდებაო, ჩვენი ხევი მთლად დაშრებაო. ზაფხულობით მართლაც შრება ხოლმე, ბაღ-ვენახებს აღარც კი ჰყოფნის მოსარწყავად. არის ჩხუბი და თოხების ტრიალი, - არა მე უნდა წავიყვანო წყალი, არა მეო. შემოდგომასა და გაზაფხულზე, წვიმიანებში, მატულობს, ფერიც ეცვლება, ყვითლად იმღვრევა.

- უწინო, შვილოო, - ამბობს ძველი ხალხი, - სმითაც სულ ჩვენს ხევს ვსვამდითო. ეგეთი მარგებელი წყალი მეორე არ იქნება ქვეყანაზეო. ავიტანდით დილაადრიან დიდი კოკებით და სურებით, დავდგამდით სიგრილეში და ვსვამდით და ვსვამდით, როცა ძალიან ამღვრეული იყო, მაშინაც. ჩავაყრიდით სულ ცოტა დაფქულ შაბს და დაწმინდავდებოდა ხელდახელ. ახლა, რაკი ეს მილის წყლები გვაქვს, ხევის წყალს აღარა კადრულობენ, მაგრამ ტყუილად! ჯერ მარტო საიდან მოდის, ერთი გახედეო!

გახედავ და დაინახავ ღონივრად აზიდულ მთას. ჯერ ტყიანია ეს მთა, ტყით დაბურული, მერე ბალახიანები იწყება, სამთავა მწვერვალიც ბალახით აქვს გადახავერდებული. შუაში, ყველაზე მაღალი მწვერვალის მარჯვნივ, ხრამი ჩამოდის. ის ხრამი ზამთრობით თოვლით ივსება, მერე დნება თოვლი, დნება და ივლისამდე ძლივს ჩამოიკრიფება. ჯერ იმ თოვლის ნაჟური მოწანწკარებს თიხიანებში, მერე, ტყეში შემოსულს, სხვა ნაჟურებიც უერთდება, თანდათან იზრდება, ხმასაც იმაღლებს, თქრიალებს. შფოთავს, შხეფებით სწვდება ბალახებსა და ფოთლებს, პატარა მდორეებში ილექავს წმინდა სილას. მოფრინდებიან ფრინველები და სიამოვნებით სვამენ, ბანაობენ, ჩაჰკრავენ თავს წყალში და გადაივლებენ მხრებზე, ათახთახებენ ფრთებს შიგ. გამოვა თვალხატულა შველი და ისიც დაეწაფება წყალს. გამოვლენ ღორები, მიურ-მოურევენ დინგებით, ჩაწვებიან, აამღვრევენ, აატალახებენ, მაგრამ წყალი მალევე იწმინდება, ასიოდე ნაბიჯზე ისევ წმინდა მოდის, ჩამოივლის ტყეს, მერე ვენახებს. ვენახებში, თუ ცხელი ზაფხულია, მიმოუკადებენ აქეთ-იქით, ვაზსა და ბოსტნეულს რწყავენ. წყალს უხარია, მწყურვალ მიწას რომ გულს უგრილებს. შემოვა სოფელში და სოფელი ხვდება... როგორ ხვდება სოფელი?! რაღა არ ჩაუყრია შიგ: თუნუქის დაჭეჭყილი ღუმელი, მანქანის დაფაშვული საბურავები, რკინის სალტეები, დაბრეცილი ზედადგარი, ნავთქურა, ძირგახვრეტილი ქვაბი, რეზინის ჩექმები, ფეხსაცმელი, მკვდარი ქათამი, აყროლებული მლაშე თევზი, კიტრი, კომბოსტო, ბოთლები, კონსერვის ყუთები, ტოტმოხეული შარვალი, თივა... ყველაფერი გაფუყულია, გალორთხილი. წყალი მაინც წყნარი ღუღუნით მიდის, ბევრს იტანს კეთილი. მაგრამ როდემდის? უმატებენ და უმატებენ ნაგავს.

და აი, ერთ დღეს ეს წყნარი წყალიც ამბოხდება. ხმაურით დაიძვრება მთიდან, წამოიყოლებს კოკისპირულ წვიმას. წამოიღებს ლოდებსა და ხეებს, გამოიხვეტავს ნაგავსა და ნაყარს, ჩახერგავს ვიწროებს, გადავა აქეთ-იქით, შევარდება ახლო მცხოვრებთა ეზოებში, დააფეთებს, დააწიოკებს ადამიანებს, საქონელს, ფრინველს. შავყვითლად გავეშებული და მგრგვინავი, დანგრევას უქადის ქვეყნიერებას, მთელი სოფელი მისკენ მორბის. ზოგნი ებრძვიან კიდეც ნიჩბებით და ბარებით, ზოგნი დგანან და გაკვირვებულები იქნევენ თავს.

წყალი მაინც ბოლომდე ვერ გაიმეტებს სოფელს. იბობოქრებს, იბობოქრებს, მერე თანდათანობით დაიკლებს, დაპატარავდება, ჩაწყნარდება, ჩაწყნარდებიან ადამიანებიც, ცხოველებიც, ფრინველებიც, აქეთ-იქით დარჩენილ გუბეებში პატარა ბავშვები დატყაპუნობენ.

მეორე-მესამე დღეს ხომ ისევ ჩვეულებრივი, უწყინარი წყალია - ღუღუნა, ალერსიანი. მიდის გარეცხილ, გასუფთავებულ რიყეზე. მზეზე ბრწყინავენ გაპრიალებული, გაღვრეჭილი ქვები. ხალხი შინისკენ ეზიდება წყლის მოტანილ ხეებს.

სულ მალე კი თავიდან დაიწყება ყველაფერი, გამოიტანენ და ზედ გადმოაყრიან ნაგავს. წყალს გუნება ემღვრევა. მაინც ითმენს, თამაშ-თამაშითაც კი მიაქვს მსუ-ბუქი რაღაცები, მძიმეებს ფსკერზე იტოვებს...

თითქოსდა გაუგონარია, არა, ადამიანს წყალი ეცოდებოდეს? მე ძალიან მეცოდება ჩვენს ხელში ჩვენი ხევი.

??????