ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

ოსიაური 

ერთი წელიწადი თუ მეტი, იმ მწარე დღეების შემდეგ, მამამ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში იმუშავა. ოსიაურში მაშინდელ ვეტინსტიტუტს რაღაც დიდი საცდელი ფერმა ჰქონდა. ძროხები ჰყავდათ და ღორები. ყოველივეს განმგებელი და უფროსი გიორგი ლეონიძის ძმა ლევანი ბრძანდებოდა. ლევანთან, მეზობელ სოფლელ კაცთან, მამა კარგად იყო და იმას ჰყავდა აყვანილი ფერმის მნედა თუ ექსპედიტორად.

ღვინობისთვის ბოლოს, გვიან შემოდგომას მამამ ჩვენც ოსიაურში წაგვიყვანა. ხაშმში მარტო ბებია დარჩა. გზა არ მახსოვს - რა შთაბეჭდილება დატოვა მატარებელმა, არც შემოგარენი, მახსოვს მხოლოდ ფარდაგით მოზარდახული ურემი, ჩვენ რომ დაგვხვდა სადგურში. უღელში შებმული იყო ძალიან დიდრქებიანი ხარები, იმ რქებს შორის ვხედავდით თოვლის ფიფქებსაც. ჩაგვსხეს ურემში, შემოგვახვიეს თბილები და წამოვედით ჟინჟღლში, თხელ თოვაში.

ოსიაურში ერთ დიდ სახლს მივადექით. ფერდობის თავიდან გადაჰყურებდა ღრმა ხეობას. ცოტა იქით საქონლის სადგომები იყო. სახლი ადრე თავადის ყოფილიყო, ახლა ფერმის თანამშრომლები ცხოვრობდნენ. კიბე ქვისა ჰქონდა. დაბლა სართულის გრძელი დერეფანი ღია იყო, აგურის სვეტების ამარა, მეორე სართული კი შუშაბანდით იყო შეკრული. როცა წვიმდა, ან ძალიან ციოდა და ყველა ფანჯარა დაკეტილი იყო, ოდნავ რომ დაგვერტყა ფეხი შუშაბანდში, მთელი დერეფანი გაძლევდა ხმას, ჩვენ სადღაც შუაში ვცხოვრობდით, ერთ ოთახში. ჩვენ რომ ჩაგვიყვანეს, იმ ღამეს უზარმაზარი თევზის თავი მოიტანეს მამამ და მისმა ამხანაგმა. მამა ზედ იჯდა იმ გაზეთგადაფარებულ თავზე და ისე გველაპარაკებოდა. მერე დიდი ცულით დაჩეხეს, როგორც კუნძი. გემრიელი კი აღმოჩნდა ის თავი...

თავადისეულ სახლს დიდი ბაღი ჰქონდა წინ, ჩვენ რომ ჩამოვედით, უკვე კარგა ხნის ფოთოლგაცვენილი, შავადგამომზირალი. კიბის მახლობლად, მაღალ აკაციებში, მავთულით ნაქსოვი რამდენიმე გალია იდგა. შიგ ზღვის გოჭები ისხდნენ, დიდები და პატარები. ახლო რომ მიხვიდოდით, ყველანი შენ მოგაჩერდებოდნენ ანთებული მძივებივით თვალებით და ტუჩების ჩქარი ცმაცუნით. შიშისმომგვრელად საინტერესო იყო: მათ თვალებში თითქოსდა სხვა სამყარო ჩანდა.

რამდენჯერმე დაგვინახავს ყვავებიც. იბღოტებოდნენ ის ყვავები გალიის მავთულებზე, ცდილობდნენ გოჭებისთვის მიეწვდინათ ნისკარტები. მაგრამ ამაოდ. გამოუვარდებოდა ივანიკა, იმერეთიდან ცოლ-შვილით ახლახანს გადმოსახლებული კაცი, ფერმის დარაჯი. წიოკობით გააფრთხობდა ყვავებს.

საინტერესო იყო თვითონ ივანიკას ოჯახი. დაბლა სართულის სულ ბოლო ოთახში ცხოვრობდნენ: ივანიკა, მისი მეუღლე და ორი ბიჭი - გურიკო და ზურიკო. ჯერ რა საოცარ კილოზე ლაპარაკობდნენ! თითქოს ემღერებოდნენ ერთმანეთს. მერე - ყველანი სულ პირღიმილიანები იყვნენ, თითქოს დედამაც კი არ იცოდა წყევლა. კეცში აცხობდნენ მჭადს, დაწითლდებოდა ის მჭადი, ამოიღებდნენ, დატეხავდნენ ცხელ-ცხელს და მხიარულად შეექცეოდნენ ჭყინტ ყველთან ერთად.

ბევრი ჰქონდათ სანთელი და დინდგელი. გურიკო და ზურიკო ამ სანთლისა და დინდგლისაგან ძერწავდნენ პაწაწინა ცხენებს, ხარებს, ურმებს. გამოივლიდა ივანიკა ბიძია, რაღაც შენიშვნას მისცემდა, ბიჭები ერთს შეუღიმებდნენ და შენიშნულის გასწორებას იწყებდნენ. ისინი უკვე იმოდენები იყვნენ, ჭიდან თვითონ იღებდნენ წყალს. მე ამწევდნენ და ჩამახედებდნენ შიგ. ჭა თავზარდამცემი იყო, უძირო, იქ ხანდახან თუ ჩანდა რამე, ღრუბელი ან ვარსკვლავი. ეგ ღრუბელიც და ვარსკვლავიც ჭისა არისო, მოდი და ნუ იფიქრებ ოთხი წლისა მათზე...

ძალიან სანახავი იყო, საქონელს რომ გამოუშვებდნენ და ძგრიალით წავიდოდნენ დაღმართზე წყლისკენ. ის დაღმართი სულ ჩლიქებით იყო ჩატანილი. აქედან ყველა გარბოდა, იქიდან ჭყივილი სჭირდებოდათ, გამორჩევით, ღორებს. ღორები იყვნენ დიდები, ჯიშიანები, დასუქებულები, თითქმის მიწაზე მოახახუნებდნენ მუცლებს.

საქონლის სადგომში, ერთ დიდ ოთახში, ჭერამდე იყო ატანილი სიმინდითა და ქატოთი სავსე ტომრები. იმ სიმინდითა და ქატოთი კვებავდნენ ღორებს, ძროხებს, რა თქმა უნდა, თივითაც. თივის ბულულებიც იქვე ახლოს იდგა. სადგომში თითქმის ყოველ დღეს დაინახავდი თეთრხალათიან კაცებსა და ქალებს. მათ უმთავრესად გრძელ-გრძელი მინის სინჯარები და ვეება შპრიცები ეკავათ ხელში. სინჯარებში ჭანჭყარებდა სისხლი. მბრძანებლობდა ამ ხალხში როხროხა ხნიერი რუსი კაცი - ბეწვის მაღალქუდიანი, სოლისებური წვერით. ის წვერიანი რუსი, სულ მუდამ გაბრაზებული, ჩიბუხის წევით რომ გაივლიდა დერეფანში, ბავშვები ვიმალებოდით.

ცხოვრობდა დერეფნის თავში, ყველაზე დიდ და ნათელ ოთახში. ჰყავდა ქალიშვილი ნატალია, ვერ ვიტყვი რამდენი წლისა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა, ტანწვრილი, მაღალი, ცისფერთვალა, ლამაზი. სქელი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, „ვაჟურად“, ყელ-კისერი სულ სუფთა...

ნატალია მხატვარი იყო. ოთახში ედგა მოლბერტი. ჰქონდა პალიტრა, ფუნჯები, მრავალნაირი საღებავი. ხატავდა, უმთავრესად, ყვავილებს, ვარდებს, ხილს, თანაც იმდენად ცოცხლად, ხელის წავლება მოგინდებოდა. ზოგჯერ ხატავდა სახეებსაც. ერთხელ დამსვა და დამხატა მეც, ძალიან არასასიამოვნოდ, დიდთავა, რაღაც ცუდად ყვითელი ფერისა. არც დედამ მოინდომა იმ სურათის ქონა, არც მე. ნატალიას ამაზე სულ ეღიმებოდა.

მარტო ვერ ვბედავდი და ვერ შევდიოდი მასთან. არადა საათობით ვწრიალებდი დერეფანში მის მოლოდინში. მე ის უცნაურად მიყვარდა. დავინახავდი და რამდენიმე ხანს აღტაცებული ვიყავი.

უყვარდა ნატალიას რაღაცების გამოგონება. ერთხელ, ახალწლის წინა ღამეს, დერეფანში გამოვიდა თითქმის ჭერამდე ამაღლებული. მოდიოდა თეთრებით შემოსილი, გაცინებული და მოსალმების ნიშნად მოიქნევდა თავს. იმ ღამეს ჩვენს სახლში ბევრნი იყვნენ. გამორბოდნენ დერეფანში და ზოგი ხარხარებდა, ზოგი შემკრთალი ეკვროდა კედელს. თურმე სახე სულაც დახატული იყო, სიმაღლე კიდევ იატაკის საწმენდი ჯოხით ჰქონდა მიცემული, იატაკის საწმენდი ჯოხით და თეთრი ზეწრებით. ერთხელაც მთლად ბებერ ქალად მოგვევლინა, ისეთ ბებრად, მარტო ერთი კბილიღა რომ შერჩენოდა წინ. იმ ქალმა ძალიან შეგვაშინა პატარები.

ზოგჯერ ნატალია ხეებს ხატავდა ბაღშიაც. იქ ბავშვები ვიდექით და ვუყურებდით. მოგვიბრუნდებოდა, გვეტყოდა, წადითო, ცივაო. ზოგი მართლა მიდიოდა. მე არასოდეს. მე სულ ვუყურებდი ბოლომდის. ამხდიდა ქუდს, თითქოს კლავიშებიაო, გადამატარებდა თითებს თავზე და დამახურებდა ქუდს.

თებერვლამდე სულ ოსიაურში ვიყავი. რა თქმა უნდა, მოვიდოდა თოვლიც, მაგრამ მე ყველაზე მეტად წვიმიანი დღეები დამამახსოვრდა. წვიმიან დღეს საოცარი მიმზიდველობა ჰქონდა ფერდობის დაბლა ტყვიისფრად გაპრიალებულ მდინარეს - სურამულას, მის იქით ნელ-ნელა ამაღლებულ და ცაში წასულ მთებს. ო, რა კარგები იყო იმ მთის წვერებზე წვიმისაგან თუ ქარისაგან გადახრილი ხეები! უკვე ვიცოდი, რომ იმერეთში ხშირად მოდიოდა წვიმა. ამიტომ თუ მეჩვენებოდა, რომ იმ მთების იქით, ფერდობებზე, იმერეთი იყო - სულ რომ ღიმილი დასთამაშებდათ ყველას, ლაპარაკითაც წამღერებით ლაპარაკობდნენ, როგორც ივანიკას ოჯახში.

თებერვალში მძიმედ გავხდი ავად. სიცხეებზე ყურების ტკივილიც დამერთო. ცოტა ხანს კი მიმკურნალეს იქ, ხან რას მასმევდნენ, ხან რას მიშვებდნენ ყურებში; რომ არაფერმა მიშველა, წამომიყვანეს თბილისში, მამიდასთან. მოიწვიეს ცნობილი ექიმი ტყემალაძე. ტყემალაძემ მალე მომარჩინა, მაგრამ ოსიაურში მარტო მამა დაბრუნდა, ჩვენ, დედა, მე და ჩემი და, ხაშმს დავუბრუნდით. ეს კარგიც იყო და ცუდიც

??????