ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

ნაწიბურები გულზე 

მიყიდეს კალოშები. გარედან შავი, პრიალა, შიგნით - წითელი. გარედან ცივი, გალაქული რეზინი, შიგნით - თბილი მაუდი. ძირები დაჭრელებული ჰქონდა - ფეხი რომ არ დაგსხლტომოდა თოვლსა და ტალახში. ჩაიცვამდი ფეხსაცმლიან ფეხზე, ცოტა კი გემძიმებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ფეხსაცმელი არ გეთხუპნებოდა ტალახში. მიხვიდოდი ვინმესთან სტუმრად, კალოშებს გარეთ, აივანზე დაიხდიდი და სუფთა ფეხსაცმელებით შებაკუნდებოდი შინ. თანაც, როცა კალოშები გეცვა, ფეხები ძალიან თბილად გქონდა, არასოდეს გაძრებოდა.

მიყიდეს კალოშები... მე კი პატარა ვარ, პირველკლასელი. ის კალოშებიც პატარებია, მამას კალოშებთან - ბარტყებივით. მომაზომეს, ჩამაცვეს. ცოტა თავისუფლად მქონდა, - არაუშავსო, ქაღალდებს წავუგებთ წინაო. ისეთი ლამაზი კალოშები იყო, არ მოვისურვე გაზეთის დაჭმუჭნილი ქაღალდების წაგება. ცოტათი მეხდებოდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით დავაბიჯებდი. გავივლიდი და გამოვივლიდი აივანზე, გავივლიდი და გამოვივლიდი. ძირსაც ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ ძირს სიმშრალე იყო, მზე ჩახჩახებდა, - დაგცინებენ, ძირს არ ჩახვიდეო. არ ჩავედი, დავიხადე კალოშები, იდაყვი დავუსვი ძირებზე, მერე ზემოდანაც, ხომ პრიალები იყო, უფრო პრიალი დაიწყეს. დასაძინებლად დაწოლილმა, სკამი დავიდგი, კალოშები ბალიშთან ახლოს დავიწყვე. მომწონდა მათი სუნიც. თან ვიძინებდი, თან თვალებმოჭუტული ვუყურებდი.

დილას გამეღვიძა. შემოვარდა ჩემი ბიძაშვილი, - იცი, როგორ გაუყინავს, იცი, როგორი ყინულებია, არხის წყალსაც გაჰყინავდა, ბიჭო, წავიდეთ, ვნახოთო. არხის წყლის გაყინვა ბავშვებს ძალიან გვიხაროდა. დავსხდებოდით ციგებზე, დავიჭერდით აქეთ-იქედან წვეტიან ჯოხებს, დავაწვებოდით იმ ჯოხებს და გავარდებოდა ციგა სრიალით წინ. ვსრიალებდით მთელ დღეს.

სწრაფად ჩავიცვი. ჩავიცვი კალოშებიც. ჩემი ბიძაშვილი როგორღაც მორიდებით დამყურებდა, - რა კარგებია, ბიჭო! დავატყაპუნე სიამაყით ფეხი. ჩავედით ეზოში. მართლაც, გაყინული იყო სველი ადგილები. გუბეებს თეთრი ყინული გადაჰკვროდა. ჯერ იმ გუბეების ყინულები ვამტვრიეთ, მერე ფერდობზე დავეშვით, წისქვილის არხთან ჩავედით. არა, ჩვენდა სამწუხაროდ, წისქვილის არხი ჯერ არ გაყინულიყო. რაღაც ძალიან ლურჯად და მძიმედ მიდიოდა წყალი. მხოლოდ ნაპირებს გასდევდა თხელი, თეთრი ყინული. ჯერ გულდაწყვეტილები ვიდექით. მერე ნაპირის ყინულის მტვრევა დავიწყეთ. ფრთხილად, წინ რომ არ წავყირავებულიყავით, ჩავარტყამდით ფეხს... ჭლახ! - დაიძახებდა ყინული, ჩაიმსხვრეოდა და ნაპირს მოცილებული ნატეხები ტივტივით მიჰქონდა წყალს. ამოიღო ჩემმა ბიძაშვილმა ყინულის ერთი ნატეხი, ააგდო მაღლა, ამოუქნია ფეხი, მოხვდა ფეხი ყინულს და ის ყინული ბრჭყვიალა ნამსხვრევებად გაიფანტა ჰაერში. ძალიან მოგვეწონა ეს ორივეს. მეც ამოვიღე ყინულის ნატეხი, მეც ავაგდე მაღლა, მოვუქნიე ფეხი და... წამძვრა კალოში, ამოტრიალდა ჰაერში და - ტყაპ! - წყალში, ჩავარდა და ჩაიძირა მაშინვე. მივრბოდით მე და ჩემი ბიძაშვილი ნაპირ-ნაპირ, იქნებ სადმე გამოიტანოსო, მაგრამ არ გამოიტანა. მაშინ გამოვბრუნდით და გამოვიქეცით შინ. მე - ტირილით. შინ რომ გაიგეს, რაც მომიხდა - გაგიქრეს ხასიათი, ერთ დღეს მაინც გცმოდაო! - გაიქცა დედა, - იქნებ მე ვნახოო. ხელცარიელი დაბრუნდა. მე ისევ ვტიროდი. - რომ გითხარი, ქაღალდები წავუგოთ-მეთქი, რატომ არ გაიგონე, ეგ გინდოდა, არაო! - მე ეგ როგორ მინდოდა, და ავუწიე ხმას. - გაჩუმდი, გაჩუმდი, შენ არაფრის ღირსი არა ხარ და არც გაგხდით რამის ღირსს ამის შემდეგო.

და ამისრულეს. აღარასოდეს უყიდიათ კალოშები ჩემთვის. როცა მე შევიძელი რაღაცების ყიდვა, მაშინ უკვე გასული იყო კალოშების მოდა. ის ცალი, პატარა კალოში კი ხან სად მხვდებოდა, ხან სად, თანაც დიდხანს. დავინახავდი და შემეკუმშებოდა გული.

ახლა რომ ექიმები მსინჯავენ, მეუბნებიან, ნაწიბურები გაქვს გულზეო. მე არ მიკვირს. ერთი ნაწიბური ხომ ჯერ კიდევ იმ პატარა კალოშის დაკარგვამ დამაჩნია ზედ გულის წვერზე?! მე ისიც კი ვიცი, ის ნაწიბური რას ჰგავს... ის ჰგავს მოჭუტულ, გუგაჩამშრალ თვალს...

??????