ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

განთავისუფლებული წყალი 

ბაღში მილი გასკდა. განთავისუფლებული წყალი გახარებულ შადრევნად ავარდა ცაში; უნდოდა, წასულიყო მაღლა, ძალიან მაღლა, მაგრამ ძალა არ ეყო, წვეთებად დაიშალა და ნიათგამოცლილი დაენარცხა მიწას. მიწამ ხვრეპა დაუწყო, მაგრამ წვეთები არ დანებდნენ, გაგორდნენ, გამოგორდნენ, შეერთდნენ, ქვებშორის გაძვრნენ, თავდაღმართი იპოვეს და დაეშვნენ. ეს წვეთები კი არა, პატარა ნაკადული იყო. ჩაირბინა მწვანიანი ფერდობი, ორმო რამ დახვდა, ჩავიდა იმ ორმოში, აქეთ ეცა, იქით ეცა. გასასვლელი ვერ იპოვა. დატრიალდა ადგილზე, მოკრიფა ჩალაბულა, მოიტივტივა, დააბზრიალა მწყობრად, მიყოლიებით. იტრიალა, იტრიალა, გაბევრდა, გაიბერა, ორმო გაავსო, გადასკდა და ისევ თავქვე დაეშვა. მირბის, მიჩუხჩუხებს. შეძვრა სქელ, ჩაბნელებულ მაყვლიანში. მაყვლიანი თავდიდი, ფიქრია გოჯილებით იყო სავსე. ამ ტომის გოჯილები, აი, უკვე მესამე ათასწლეული მიდის, სხედან, შუბლი ერთმანეთში ჩახლართულ თითებზე აქვთ დაყრდნობილი, რაღაცას ფიქრობენ, ფიქრობენ და არავის კი არ ეუბნებიან, რას ფიქრობენ. ვიღაცამ დაიძახა, - ჰარიქა, წყალი მოვიდა, თავს უშველეთო, - წამოცვივდნენ, ეცნენ მაყვლის ძირებს, ჩამოეკიდნენ ზედ და ახლა იქ განაგრძეს ფიქრი. ჰკიდიან თავდაყირა, ოდნავ ქანაობენ და დროს არ კარგავენ - ფიქრობენ, ფიქრობენ... წყალი კი აქეთ აწყდება, იქით აწყდება და გზას მიიკვლევს. ხმელი ფოთლები ვიშვიშებენ, კვნესიან. აი, გავიდა მაყვლიანიდანაც, ქვიან ფერდობს წაადგა, არ შეჩერებულა, არ მოუხედავს, პირდაპირ გადაეშვა. ასკდებოდა ქვებს, იმსხვრეოდა შხეფებად, იტოტებოდა, ერთდებოდა, ისევ იტოტებოდა, ჩავიდა სულ ძირს... და იქ, სულ ძირს, მწვანე ტბორი დახვდა - დიდი, ხავსმოდებული, ჩაძინებული ტბორი. შეეხო თუ არა, ტბორს გაეღვიძა, პირი დააღო, ჩაისრუტა - ოჰო-ჰო-ჰოო! - ისრუტავს და ისრუტავს, თან თიმთიმებს სიამოვნებით.

მოვიდნენ ბაღში მოსეირნე მამა და მისი ყანჩელა, ცხვირ-ცქვიტა გოგონა. გოგონამ დაინახა:

- უყურე, მამა, ნაკადული!

- ოო, - თქვა მამამ და გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა ნაკადულს. მერე გამობრუნდა, ხმელი ვერხვი დაინახა, ჯიბის დანა ამოიღო, იმ ვერხვს უარა, ბოლოს ხმელი ქერქი ააძრო, ღარი გამოთალა. თან სულ იძახდა:

- ჩვენ ახლა მაგას, ჩვენ ახლა მაგას...

ღარი ფერდობზე ქვასა და ქვას შუა გაამაგრა, წყალს დაურუა და სინდიყივით მძიმე, ლურჯმა ნაკადმა მსხვილი, თახთახა რკალის მოხაზვა დაიწყო ჰაერში.

გოგონაც იცინოდა და მამაც.

ისინი რომ წავიდნენ, ახლა სხვები მოვიდნენ: მამა, დედა და ორი ბიჭი.

ბიჭებმა ღარი დაინახეს:

- უყურე, მამიკო, უყურე!

- ოო, - თქვა იმ მამამაც. ახლოს მივიდნენ, ხელები შეუშვირეს. ხელისგულებზე სასიამოვნოდ უღიტინებდათ ღარიდან გადმომავალი ნაკადი.

- გამოდით აქეთ, არ დასველდეთ, ფეხები არ დაისვაროთ! - შფოთავდა დედა.

მაგრამ მამამ და ბიჭებმა არ დაუჯერეს.

- მოდით, იცით, რა? იცით, რა ვქნათ ჩვენ?! - იძახდა მამა და აქეთ-იქით იყურებოდა, რაღაცას ეძებდა. მერე გაახსენდა. ჩანთიდან ვაშლი და დანა ამოიღო, ვაშლს თავი მოჰკვეთა და შეჭამა, ბოლოც მოჰკვეთა და ისიც შეჭამა, ჩაკუნტდა, პაწაწინა სოლები დათალა, ის სოლები თავბოლოწაკვეთილ ვაშლში ჩაასო (წისქვილის ბორბლისებურად), გაუყარა სწორი, სწორი ჯოხი, მერე გამოჭრა ორი თავკაპა ბოწკინტი, ღარიდან გადმომავალ ნაკადს აქეთ-იქიდან დაუდგა, ზედ ბორბლიანი ჯოხი გადაადო და - წავიდა!.. - ღარიდან გადმომავალი წყალი ბორბლის სოლებს ეცემოდა, ბორბალი ბზრიალებდა და შხეფებს მაღლა-მაღლა ისროდა.

ყველანი იცინოდნენ: მამაც, დედაც. ბავშვები ხომ იცინოდნენ და იცინოდნენ!

მერე ისინი წავიდნენ.

მოვიდა საღამო.

მაყვლის ძირებზე ჩამოკიდებული თავდიდი გოჯილები დარწმუნდნენ, რომ წარღვნა არ იყო. ჩამოვიდნენ მიწაზე, დაჰყვნენ ნაპირ-ნაპირ წყალს, შუბლზე ხელშემოდებულნი, - „ერთი ვნახოთ, სად მიდის, რას აკეთებსო, „- დაჰყვნენ და... ღარი და ბორბალი დაინახეს. მაშინ ცალ ხელს მეორეც მიაშველეს შუბლთან. უყურებდნენ და დიდ ფიქრში იყვნენ: მხოლოდ ლამაზი რაღაც იყო ეს, თუ სასარგებლოც. მაგრამ სანამ ყველაზე ბრძენი გოჯილაც კი რაიმეს გადაწყვეტდა, წლები უნდა გასულიყო... ისევ ერთმა პატარა, მთლად უჭკუო გოჯილამ ისაზრა. წყალში შეცურა, ბორბალს მოეკიდა და აჰყვა. ადის და ჩადის, ადის და ჩადის, თან სულ კისკისებს. იმ ერთს მეორე პატარა გოჯილა მიჰყვა, მეორეს მესამე... ისინიც ჩამოეკიდნენ ბორბალს. წყალს უჭირს, მაგრამ მაინც ატრიალებს, ასდევენ და ჩასდევენ, ასდევენ და ჩასდევენ.

ამ უჭკუო გოჯილების დედ-მამა კი ნაპირზე დგას და ბრაზობს:

- გესმით თქვენ, თუ არა! ახლავე გამოეთრიეთ მანდედან! გესმით, თუ არა!

უჭკუო გოჯილებთან ერთად მთელ ღამეს სხივებით ეთამაშებოდა წყალსა და ბორბალს ნაღვლიანი მთვარე.…

როცა გათენდა, გახეთქილ მილთან მივიდა შავი, მო-ღუშული კაცი. ფიცრის ყუთიდან ნელ-ნელა ამოაწყო რკინის იარაღები. იმ ადგილს, სადაც გახარებულ შადრევნად სცემდა განთავისუფლებული წყალი, ჯერ რეზინის სქელი ტყლაპი დაადო, მერე რკინის სალტე შემოუჭირა და წყალი მილში ჩაკეტა. ფერდობზე მიმავალი ნაკადული ცოტა ხანს კიდევ ფეთქავდა გადაჭრილი ძარღვივით, მერე და-წვრილდა, დაწვრილდა და გაქრა. გაჩერდა ბორბალიც. თავდიდი, ფიქრია გოჯილები უკვე მაყვლიანებში შემალულიყვნენ, მთვარეც წასულიყო. ვერხვის ქერქის ღარიდან ერთხანს კიდევ ჩამოდიოდა წკრიალა წვეთები, მერე ისინიც შეწყდა...

??????